საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პერსპექტივაზე, მის სამომავლო შედეგებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე.
_ ბატონო ალექსანდრე, ხელისუფლების რიტორიკას თუ დავუჯერებთ, ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ისტორიული არჩევანის ხორცშესხმაა. თუმცა არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, რომლებიც ამ ყველაფერს ჩვენსავე საზიანოდ იყენებენ. მაგალითად, წინა კვირას სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმა განაცხადა: «თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჯავახეთში აჯანყება გარდაუვალიაო». როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს საფრთხე და ხდის თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ჩვენი დაახლოება ჯავახეთის რეგიონს ფეთქებადსაშიშს?
_ ფეთქებადსაშიშს, რა თქმა უნდა, ხდის და ამაში მალე დავრწმუნდებით. მათ სჭირდებათ ერთი ელემენტარული მიზეზი ამისთვის და ეს მიზეზი იქნება თურქეთის ბაზების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის _ ჯავახეთშიც. ისე, ამის წინააღმდეგი მეც ვარ იმიტომ, რომ თურქეთის ჯარები აქ თავისთავად გამოიწვევს სერიოზულ პროცესებს ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ. პირველ რიგში, ეს ნიშნავს რელიგიურ ინტერვენციას და წინააღმდეგობას, რადგან არსებობს დღეს იმის რეალური საფრთხე, რომ ისლამური წრეები საქართველოში გააძლიერებენ მაჰმადიანობას. არაფერს ვამბობ ისტორიულ მტრობაზე, რაც დღემდე მოუშუშებელი ჭრილობებია ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, თუ კი ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყველაფერთან ერთად თურქეთის სამხედრო ბაზად გადაქცევასაც გვიქადის, მეც, ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ქართველი, ბუნებრივია, ყოველგვარი ინტეგრაციის წინააღმდეგი ვარ.
_ თქვენ ეროვნული ცნობიერება ახსენეთ. ხელისუფლება (წინაც და დღევანდელიც) ევროკავშირს ისტორიულ არჩევნად გვიცხადებს. როგორ ფიქრობთ, არის რეალურად ეს ის ოჯახი, რომელშიც შევძლებთ ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას?
_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ევროპას და ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ზოგადად, ქართველები უბედური ერი ვართ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. აქ არის ცივილიზაციათა დაპირისპირების ერთ-ერთი ცხელი წერტილი, ამიტომ გადარჩენის ერთადერთი გზა შეიძლება იყოს მხოლოდ გონივრული, დაბალანსებული პოლიტიკა, ანუ ეს გულისხმობს ნორმალურ ურთიერთობას დასავლეთთან და ამავე დროს აუცილებლად საერთო ენის გამონახვას რუსეთთან. სხვანაირად წარმოუდგენელია, ან იმ ეროვნულ ოჯახს როგორ დაუახლოვდები, თუ ის მართლა საშველია, ან როგორ დაიცავ და შეინარჩუნებ სახელმწიფოს.
_ ბალანსის პოლიტიკა, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე რთულად განსახორციელებელი პროცესია. თქვენი აზრით, გვყავს დღეს ჩვენ ხელისუფლება, რომელიც ამას შეძლებს?
_ ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, თუკი ქართველებს ჯერ კიდევ შეგვრჩენია რაიმე ძალა და ეროვნული შეგნება, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ დღევანდელი ხელისუფლება. კი, ბატონო, «ნაციონალური მოძრაობის» გასტუმრება დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ ესენი არაფრით გამოდგნენ უკეთესები. პირიქით, ამათაც ზუსტად იგივე გზა გააგრძელეს, იგივე პოლიტიკა შეინარჩუნეს.
_ საზოგადოებაში არსებული მზარდი უკმაყოფილება ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ «ნაცმოძრაობა» დაბრუნდეს ხელისუფლებაში?
_ ის, რომ მოსახლეობაში სერიოზული უკმაყოფილება არსებობს, რა თქმა უნდა, საფრთხეა. არ მგონია, ხელისუფლება ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ესენი შეთანხმებულად მოქმედებენ. ამიტომ ვამბობ, დროზე უნდა მოვიშოროთ-მეთქი, თორემ თავიანთი გეგმები და ჩანაფიქრი ბოლომდე თუ მიიყვანეს, ქვეყანა შემოგველევა შაგრენის ტყავივით. მერე ამას ვერ უშველის მიტინგი და გულზე მჯიღისცემა.
_ მოშორებაში რას გულისხმობთ, რა ფორმით შეიძლება გავისტუმროთ ხელისუფლება?
_ თავის დროზე, როდესაც «ნაციონალები» მოვიდნენ სათავეში, ვამბობდი, საქართველოს ყვავ-ყორნები შემოესივნენ-თქო. დღეს კი, როცა უკვე სხვა ხელისუფლებაა, იმავე აზრზე ვარ. ივანიშვილისა და მისი ხროვის სახით ახალი ყვავ–ყორნები შემოგვესივნენ. ახლა როგორ მოვიშოროთ ისინი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უქომაგო ერი ვართ მსოფლიოში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთიანი ძალისხმევით ბევრი რამაა შესაძლებელი. უბრალოდ, ქართველმა ხალხმა ერთი რამ უნდა იცოდეს: ვინც უნდა იყოს, რამდენი მილიარდიც უნდა ჰქონდეს და რამდენ ენასაც უნდა ფლობდეს, ეროვნული სულის გარეშე ადამიანი ქვეყნის მეთაურად ვერ გამოდგება. ასეთი იყო სააკაშვილი, ასეთია ივანიშვილი და შედეგიც სახეზეა. ასე რომ, ვფიქრობ, საჭიროა ხელისუფლების ხშირი ცვლა, ვიდრე ჭეშმარიტად პატრიოტი ხალხი არ გამოჩნდება.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტს, მოთხრობიდან «კაცია ადამიანი?!» სუტკნეინა ხომ გახსოვთ, თავადობას რომ ეძიებდა და ვერ მიაღწია, აი, ზუსტად ასეა მარგველაშვილიც, ის არის სუტპრეზიდენტი. ეს «სუტ» სომხური სიტყვაა და ნიშნავს ცრუს, მოჩვენებითს, ყალბს. ასევე მთლიანად ეს კოალიციაც სუტხელისუფლებაა იმ თვალსაზრისით, რომ, ჯერ ერთი, დამოუკიდებელი არაა არაფერში და მეორე, უმთავრესი, _ ქართულ ეროვნულ საქმეს საერთოდ არ აკეთებს.
პირადად ივანიშვილს რაც შეეხება, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: ისიც, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ძალიან შორს დგას სულიერებისგან, ეროვნული ცნობიერებისგან და ამას დიდად არც მალავს. სხვათა შორის, ცალკე სასაუბრო თემაა, სინამდვილეში რა ფენომენია ამ ადამიანში ის თვისება, რომელიც ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, რომ გულახდილი და პირდაპირი კაცია, თუმცა ამაზე _ სხვა დროს…
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოებას საბოლოოდ მაინც გამოსავალი აინტერესებს. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე, ევროინტეგრაციის საფრთხეებზე და ა. შ. რა შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური გზა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად?
_ საზოგადოება, ერი თუ არ გაჯანსაღდა და ეროვნული იდეოლოგიით არ წავიდა ქვეყანა, სხვა გამოსავალი არ ვიცი. მაშინ ჩვენ უნდა გადავგვარდეთ და აღარ დავრჩებით. ვფიქრობ, პირველ რიგში, ისტორია უნდა დაიწეროს სწორად და ხალხმა მიიღოს ობიექტური ცნობა, ინფორმაცია თავის წარსულზე. სხვანაირად აქ ზედმეტია რამის გადარჩენა-შენარჩუნებაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ, თუ ერმა არ იცის, ვინ არის, საიდან მოდის და საით უნდა წავიდეს, ის ერი განწირულია ან დაცემა-გადაგვარებისთვის, ან საერთოდ გაქრობისთვის და განადგურებისთვის.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია