Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი და გიორგი არაბრწყინვალე

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი არაბრწყინვალე

595

პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარებამ და უკრაინის დრამატულმა მოვლენებმა საინფორმაციო სივრცეში უკანა პლანზე ჩააჩოჩა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა _ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილის მიმართ, რომელიც შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებზე მიანიშნებდეს. არაერთმა კომენტატორმა, უბრალოდ, «გაატარა» ეს ეპიზოდი, შესაძლოა იმიტომ, რომ ვერ გაიგო, რა უნდოდა ივანიშვილს მის მიერ შერჩეული პრეზიდენტისგან, ისევე, როგორც სრულიად საქართველოსგან.

 

ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებული კომენტარების ქვეტექსტი, პრინციპში, ერთ მოკლე რეპლიკამდე დაიყვანება: «რას გვერჩით, ბატონო ბიძინა?!». არჩევნებამდე მტერიც და მოყვარეც ეუბნებოდა, რომ მარგვლაშვილის გაპრეზიდენტება მცდარი გადაწყვეტილებააო. მაგრამ ივანიშვილი ჯიუტად საპირისპიროს ამტკიცებდა: «ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტი, ასეც ვიტყოდი. თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თანაც ამ პოსტზე, ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად. განათლება, მეცნიერება, კრეატიულობა, კრიზისულ სიტუაციაში უნიკალურია გიორგი, მენეჯმენტი, კარგი პრაქტიკა აქვს გავლილი, ამაშიც გამოცდილია, პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსია, კარგი ექსპერტია» (მარგველაშვილის კანდიდატად დასახელებისას). შემდეგ ივანიშვილმა გააჟღერა ფორმულა «მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს» (19 სექტემბერი, სპორტის სასახლე), ხოლო როდესაც დაინახა, რომ «ოცნების» ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილი მაინც უკმაყოფილოა მარგველაშვილის წარდგენით, უპრეცედენტო მანიპულაციაზე, ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლების შანტაჟზე წავიდა და მარგველაშვილს ურჩია, კანდიტატურა მოეხსნა, თუ პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვებდა. თან იმუქრებოდა: «თუ იქნა მეორე ტური, აგერ ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად მიშას წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ, ძველი ტაშფანდურა გექნებათ ისევ» (17 ოქტომბრის შეხვედრა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან). ახლა კი ივანიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ «უნიკალური გიორგით» გაოცებული და იმედგაცრუებულია.

ცხადია, ძალაუფლებამ შეიძლება გააგიჟოს ნებისმიერი პრეზიდენტი, რაც მარგველაშვილის წინამორბედმა ხუთ თვეზე გაცილებით მცირე პერიოდში დაამტკიცა. ადამიანი ასეთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. თუმცა ვიდრე ამ თემას მივუახლოვდებით, ალბათ, უკეთესი იქნება, გავერკვეთ _ კონკრეტულად რა არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს (იგულისხმება ის, რაც მან 19 მარტს ტელეკომპანია «იმედის» ეთერში თქვა, თორემ რეალურად «საბრალდებო დასკვნა» შეიძლება გაცილებით ვრცელი იყოს).

ივანიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი გახდა («ნაცმოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერის _ მიხეილ მაჭავარიანის ძმა; ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში) და განაცხადა, რომ წარსულში ის უმსგავსოდ მოიქცა. კერძოდ, თავისი მეგობრის _ გიორგი მარგველაშვილის პროტექციით, ივანიშვილის გუნდში მივიდა, თუმცა მალევე საპარტნიორო ფონდში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადავიდა. ივანიშვილის აზრით, მაჭავარიანი «ქართულ ოცნებაში» მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ «ნაცმოძრაობა» გაებრაზებინა და იმის სანაცვლოდ, რომ «ოცნებასთან» აღარ ითანამშრომლებდა, ყოფილი მმართველი პარტიისგან მაღალანაზღაურებადი სამუშაო მიეღო.

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ვარაუდები ვანო მაჭავარიანის მოტივებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც უმნიშვნელო ეპიზოდები «ოცნების» შიდა სამზარეულოში (მივიდა, წამოვიდა და მერე რა?) საზოგადოებისთვის, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ მარგველაშვილის საკადრო გადაწყვეტილებამ მართლაც შეიძლება გარკვეული კითხვები გააჩინოს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არცთუ შორეული წარსულის ერთი სახალისო ეპიზოდი, როდესაც მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც იაპონიაში საქართველოს ელჩმა ვანო  მაჭავარიანმა მინისტრის მოადგილეს _ გრიგოლ ვაშაძეს მისწერა: «გიგზავნით, იაპონიაში რუსეთის ელჩის, ამხანაგი ბელის მიერ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებული წერილის ასლს, რომელშიც იგი მომმართავს, როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს (მგონი, ვერ არის, ტავო). რა უქნა?». ეს წერილი, ისევე, როგორც თავად ვანო მაჭავარიანი იმ პერიოდში იქცა «ნაციონალური» დიპლომატიის არაპროფესიონალიზმის და ზოგადი გონებაშეზღუდულობის სიმბოლოდ; სოციალურ ქსელებში მაჭავარიანს დასცინოდნენ, როგორც კლოუნს. ამასთანავე (ეს კი უკვე სერიოზულია), ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, «ნაცმოძრაობის» ლიდერები ერთგვარ «პარალელურ საგარეო პოლიტიკას» აწარმოებენ და ყველაფერს აკეთებენ უცხოეთში საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რის გამოც, საბოლოო ჯამში ქვეყანა ზარალდება. ასეთ სიტუაციაში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად «ნაციონალებთან» დაახლოებული პირის მუშაობა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება (ინფორმაციის გაჟონვა, პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანა და ა. შ.). რა თქმა უნდა, იმ ფაქტიდან, რომ ვანო მაჭავარიანი, «ნაცმოძრაობის» ლიდერის ძმაა, სულაც არ გამომდინარეობს, რომ ის არ შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდეს; კანონი არ უკრძალავს მარგველაშვილს, ის ნებისმიერ პოსტზე დანიშნოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიტუაცია ერთობ ორაზროვნად, თითქმის საეჭვოდ გამოიყურება. ალბათ, სწორედ ესაა მთავარი ამ ეპიზოდში და არა ვანო მაჭავარიანის ხანმოკლე კარიერა «ქართულ ოცნებაში».

მეორე თემა ასევე ეხება «ერთიან ნაციონალურ მემკვიდრეობას» _ ივანიშვილმა გააკრიტიკა პრეზიდენტი იმისთვის, რომ იგი ავლაბრის რეზიდენციას იყენებს, მაშინ, როდესაც არჩევნებმდე (ივანიშვილის თქმით) აცხადებდა, რომ ის ძალადობის, სიბოროტისა და გარყვნილების სიმბოლოა. კაცმა რომ თქვას, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციაზე დგას და მარგველაშვილის შეხვედრა ელჩებთან ავლაბრის რეზიდენციაში, სავარაუდოდ, მტკივნეულად აღიქვა. ამ სავსებით ბუნებრივ ემოციებს თავი რომც დავანებოთ, ავლაბრის რეზიდენციის (ისევე, როგორც ქუთაისის პარლამენტის) გამოყენება წინა ხელისუფლებასთან სიმბოლური კავშირის განმტკიცება და მემკვიდრეობითობის თავისებური აღიარებაა, რომლიდანაც, საბოლოო ჯამში, გამომდინარეობს ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო არა ამაზრზენი დიქტატურა და მანკიერი მოვლენა, რომელიც უნდა ამოიშანთოს ქართული პოლიტიკის მატიანიდან თავის იდეურ მემკვიდრეობასთან ერთად, არამედ საქართველოს ერთი ჩვეულებრივი, რიგითი, შესაძლოა, ოდნავ ავტორიტარული მთავრობა (მოკლედ, არაფერი ექსტაორდინალური). ეს მიდგომა, სავარაუდოდ, პრინციპულ წინააღმდეგობაში შევა «ქართული ოცნების» ამომრჩევლების უმრავლესობის პოზიციასთან.

ივანიშვილის თქმით, სასახლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა თავი იმით იმართლა, რომ კანცელარიაში ამგვარი  ცერემონიებისთვის შესაფერისი სივრცე არ იყო. საინტერესოა, სად და როგორ იღებდა ელჩებს ედუარდ შევარდნაძე მაშინ, როდესაც ავლაბრის რეზიდენცია ბუნებაში არ არსებობდა და რა დაუშავდა ამით ჩვენს საგარეო პოლიტიკას? თუ მარგველაშვილმა მართლა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომელი სივრცეა შესაფერისი და რომელი შეუფერებელი მისი აღმატებულებისთვის, გამორიცხული არაა, რომ «დიდი ფილოსოფოსის» სულის სიღრმეში «პატარა გოიმმა» გაიღვიძა (არა უშავს, ხდება ხოლმე). მთავარი კი ამ ეპიზოდში, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმთან სიმბოლური კავშირის გაწყვეტაარგაწყვეტის პრობლემაა.

ივანიშვილი ასევე შეეხო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე ვეტოს დადების მცდელობას (საბოლოოდ, მარგველაშვილმა ამის გაკეთება ვერ გაბედა), ანუ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ისევ და ისევ «ნაციონალების» პოზიციას შეესაბამებოდა. თუ სამივე ბრალდებას ერთად განვიხილავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად აწუხებს მარგველაშვილის ზედმეტი დაახლოება «ნაციონალებთან». ახლა კი, ურიგო არ იქნება, ამ სიტუაციას უცხო სახელმწიფოების თვალით შევხედოთ, რომელთაც ადგილობრივი პოლიტიკის ნიუანსები ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ ნამდვილად უნდათ იცოდნენ, რას ფიქრობს საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და ვის განიხილავს თავის მთავარ წარმომადგენლად და, ასე ვთქვათ, «ავატარად».

არცთუ დიდი ხნის წინ სპონტანურად დაიწყო დისკუსია საქართველოს პირველი პირის შესაძლო შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროს მხარეები ძირითადად მსჯელობდნენ იმაზე, უნდა შედგეს თუ არა ეს შეხვედრა საერთოდ. ყველამ როდი მიაქცია ყურადღება იმას, რომ ამ დროს შეიქმნა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მსგავს სიტუაციებში _ ირაკლი ღარიბაშვილი თუ გიორგი მარგველაშვილი, ვინაა საქართველოს პირველი პირი და ივანიშვილის «წარმომადგენელი #1»? «იმედისთვის» მიცემული ინტერვიუს შემდეგ ცხადი გახდა, რომ ივანიშვილი ასეთად ერთმნიშვნელოვნად ღარიბაშვილს განიხილავს. ამასთანავე, გამორიცხული არაა, რომ ერთის ქებით და მეორის დემონსტრაციული გაკიცხვით ივანიშვილი ქმნის ფიქტიურ ოპერატიულ კონტექსტს იმ უცხოელი მოთამაშეებისთვის, რომელნიც ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის ახალ საყრდენ წერტილებს ეძებენ და, ფაქტობრივად, სთავაზობს, დაიწყონ დაგეგმარება და ისრების ხაზვა იმ (შესაძლოა, განგებ დამახინჯებულ) პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც თვითონ მიაწოდა. იქნებ ივანიშვილი ცდილობს, მარგველაშვილი «მიზიდულობის წერტილად» აქციოს, რომლის გარშემო ხელისუფლების შეცვლაზე თუ საფუძვლიან გადაფორმატებაზე მეოცნებე ძალების კონცენტრირება მოხდება («ნაცმოძრაობის» ნარჩენები, მმართველი კოალიციის ე.წ. პროდასავლური ბლოკის ნაწილი, «ცნობადი» არასამთავრობოები და ა. შ.). ეს, იდეაში, უფრო პროგნოზირებად და იოლად სამართავ სიტუაციას შექმნის, ვიდრე მმართველ ძალაში განხეთქილების ცენტრალურ ფიგურებად ღარიბაშვილისა და ალასანიას გადაქცევა. მარგველაშვილი, მაღალი თანამდებობის მიუხედავად, პოლიტიკური ნულია, მისი ამბიციები მოკრძალებული და (თუ შეიძლება ასე ითქვას) ფრთხილია და ის, დიდი ალბათობით, გაცილებით წარმატებულად ჩააფლავებს მასთან ალიანსზე წასული ძალების გეგმებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ლიდერი. ივანიშვილთან ურთიერთობების (მეტწილად წარმოსახვითი) დაძაბვის მიუხედავად, ის, სავარაუდოდ, 100%-იან კონტროლს ექვემდებარება; მარგველაშვილი ძალიან სწრაფად დაკარგავს თანამდებობას, თუ ივანიშვილი ამას მოისურვებს.

მოკლედ, უნდა არსებულიყო სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილი კიდევ ერთხელ წავიდა ამომრჩეველთა გაღიზიანებაზე, რომელთაც მშვენივრად ახსოვს «იძულება მარგველაშვილისადმი» და მისი კანდიდატურის გააფთრებული ლობირება ივანიშვილის მიერ. რასთან გვაქვს საქმე _ რთულ თამაშთან, რომლის მიზანი ხელისუფლების პოზიციების განმტკიცება და დესტაბილიზაციის (როგორც შიდა, ისე გარე) ფაქტორების გავლენის შემცირებაა თუ უბრალოდ ემოციებთან, ბანალურ ადამიანურ შეცდომებთან და მათგან გამომდინარე იმედგაცრუებასთან? პასუხს ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, ძალიან მალე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გავიგებთ, როდესაც, დიდი ალბათობით, მმართველი კოალიციის დეფრაგმენტაცია დაიწყება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here