Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო და გლობალური პროცესები ყირიმის ნახევარკუნძულზე

საქართველო და გლობალური პროცესები ყირიმის ნახევარკუნძულზე

760

12 მარტს თბილისში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით «გლობალიზაციის პრობლემების კვლევის» ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე გლობალურ კონტექსტში განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოსთვის შესაძლო შედეგები აღნიშნული მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთსაქართველოს ურთიერთობა, რუსეთის როლი უკრაინის მოვლენებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ჩართულობა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე. დისკუსიამ 2 საათზე მეტ ხანს გასტანა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გლობალურ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, შესაბამისად, რა სცენარითაც უნდა განვითარდეს ისინი, დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე და ქართულრუსულ ურთიერთობაზე.

ვიქტორ ცაავა, «გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი»:

_ ბოლო დროს უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უმნიშვნელოვანესია ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ეს პროცესები სარკისებურად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ამიტომაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ქართველ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე ფართო მსჯელობა გაგვემართა.

ჩემი აზრით, უკრაინის მოვლენები გლობალურ ასპექტში უნდა იქნეს განხილული და უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით რა სცენარითაც უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოს სხვადასხვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად დიდი ძალისხმევა, სიფრთხილე და გონიერება დასჭირდება.

მიმაჩნია, რომ მსგავსი მსჯელობა აუცილებელია იმისთვის, რომ ამ გლობალურ პროცესებში საქართველო უვნებლად გადარჩეს.

ზვიად მირგატია, «გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი»:

_ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყანა ევრაზიულ კავშირში უნდა იყოს, რადგან ევროპული ღირებულებები ხელოვნურია, ჩვენ ვეკუთვნით ევრაზიას. მართლმადიდებლური ღირებულებების შენარჩუნებას მხოლოდ ევრაზიულ კავშირში ყოფნით ვხედავთ. რუსეთი არის მართლმადიდებლური ცივილიზაციის წამყვანი ძალა ყველა პარამეტრებით _ ტერიტორიით, სიმდიდრით, ბირთვული იარაღით, მაგრამ რუსეთს, სამწუხაროდ, თითი თითზე არ დაუკარებია იმისთვის, რომ ქართველების ელემენტარული სიმპათია დაემსახურებინა.

ახლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გეტყვით. რუსული და უკრაინული ეთნოსის განცალკევება წარმოუდგენელია, ისინი დიდ კავშირში არიან ერთმანეთთან. ყირიმი რუსეთს შეუეთდება, მაგრამ მთავარია, ამის მერე რა მოხდება? ხომ არ დაიწყება ტერორისტული აქტები, ზიზღი რუსეთის მიმართ? ხომ არ დამთავრდება ეს იმით, რომ დანარჩენ უკრაინას რუსეთი სამუდამოდ დაკარგავს? უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ყველა ასპექტში საქართველოზეც აისახება. საქართველო ჩიხშია მოქცეული. გამოსავალს ვერ ვხედავ. სწორედ ამიტომაც შევიკრიბეთ, ამიტომაც ვცდილობთ, ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიზეზებსა და შედეგებზე.

ნანა დევდარიანი, «გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელი:

_ გლობალიზაცია შემდგარი პროცესია და, როცა დასავლეთმა გაფართოება გადაწყვიტა, ეგონათ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ პირიქით აღმოჩნა. პოპულისტურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც სექსუალური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერაა აუცილებელი, თავი დავანებოთ, გლობალიზაცია არის ფინანსური ნაკადების შეუზღუდავი გადაადგილება, რამაც უკრაინის პროცესები გამოიწვია.

დასავლეთი, რომელიც გლობალიზაციას განიხილავდა, როგორც წყალს, რომელშიც კარგად ცურავს, წამოკიდებული აღმოჩნდა, რადგან გლობალურ პროცესებში რუსეთიც ისევეა ჩართული, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო. სწორედ ამიტომაც უჭირს დღეს მთელ მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება. ეს იგივეა, რომ საკუთარ თავს სანქციები დაუწესონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ გაზი გადაიკეტონ და ამით საკუთარი თავი დააზარალონ, არ ვიცი, ასეა ბევრ სხვა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ დღეებში ძალიან საინტერესო რამ მოხდა, როგორც კი რუბლის კურსი დაეცა, საგრძნობლად მოიმატა ფასმა ნავთობზე, გაზზე და, ფაქტობრივად, რუსეთმა დიდი ზარალი ვერ ნახა. ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც რუბლი მინიმალურ ზღვარზე დავიდა, უცხოელმა აქციონერებმა პანიკისგან კუთვნილი აქციების გაყიდვა დაიწყეს იაფად, რუსეთმა კი  დამატებით საკუთარი დიდი კორპორაციების 30% უკან დაიბრუნა.

გლობალიზაცია მისი ავტორების წინააღმდეგ მუშაობს.

ყირიმის საქმეში რუსეთის გამტყუნება არაფრით შეიძლება, რადგან ის მჭიდრო კავშირშია რუსეთთან. ყირიმის აღებით მოსკოვმა თავის დროზე ევროპა ისლამიზაციისგან იხსნა. თურქები ვენამდე იყვნენ ჩასულები. ისტორიულ ასპექტში რუსეთი მართალია.

როლანდ ჯალაღანია, გაზეთ «ილორის» მთავარი რედაქტორი:

_ თუ საკითხს დავსვამთ ასე _ რა უნდა რუსეთს ყირიმში? მაშინ ამას აქვს მეორე მხარეც, რა უნდა ამერიკას ყირიმში? რუსეთს არ აქვს გახსნის უნარი და რაციონალურად ჩამოყალიბების კულტურა, თორემ ამის უნარი რომ ჰქონდეს, მის სიმართლეს ყველა ნათლად დაინახავდა. რუსეთს სურს, რომ საზღვართან ჰყავდეს ისეთი სანდო მეზობელი, რომელიც ცეცხლს არ გაუხსნის და ამაში მიუღებელი არაფერია.

საქართველო ამ სიტუაციით სარგებელს ეძებს, ხელისუფლება ამბობს, რომ, თუ რუსეთი კიევში შეიჭრება, საქართველოს მაპს აუცილებლად მისცემენო. მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით ყველანი და რაიმეს განსაზღვრა ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია. რაც შეეხება ყირიმელ თათრებს, 1609 წელს ტაშისკართან ბრძოლისას საქართველოს ასაოხრებლად შემოვიდნენ.

ტარიელ გაგნიძე, სსიპ «ისტორიული მემკვიდრეობის» ხელმძღვანელი:

_ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი პრეზიდენტი გახდა, დასავლეთისკენ ილტვოდა, მაგრამ არჩევნებიდან ერთი თვის თავზე უკრაინა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილების შეძენისთვის გამართულ შეხვედრას არ დაესწრო. გარეშე თვალისთვის ის მაინც სულ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთის მომხრე იყო. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, იანუკოვიჩმა მიიღო გადაწყვეტილება და მან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. მოგვიანებით კი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ხელის მოწერამ ყველას დაანახა მისი რეალური პოლიტიკის სახე.

იანუკოვიჩის არჩევანი ასეთი იყო _ ერთი მხრივ, ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავდა ეკონომიკურ კრახს, რუსეთისგან კი მიიღო 15-მილიარდიანი კრედიტი, იაფი გაზი, წარმოების განვითარება და რუსეთში პროდუქციის გასაღების ბაზარი. ჭკუათმყოფელი ხელმძღვანელი ასეთ არჩევანს გააკეთებდა. ამის მერე არეულობა დაიწყო. ნოემბერში ხელშეკრულებაზე უარის თქმამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, ხოლო დეკემბერში რუსეთთან ხელმოწერამ ვითარება გაამძაფრა. რა ხდება ამის შემდეგ? იანუკოვიჩი ცდილობს, სისხლისღვრამდე არ მიიყვანოს საქმე, ის არ აკეთებს ამას, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინაში სისხლიანი რეჟიმის არსებობა დაედასტურებინათ, დაიქირავეს სნაიპერები, დაახოცინეს ხალხიც, პოლიციაცსნაიპერები ვისი დაქირავებულებიც იყვნენ, ყველამ იცოდა, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ერიდებოდნენ.

უკრაინაში რუსეთის როლზე და მისი ქმედებების მიზანშეწონილობაზე გავამახვილებ ყურადღებას. უკრაინა პოლონეთს ესაზღვრება, პოლონეთი გადის ბალტიის ზღვაზე, არ არის შემთხვევითი, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა პროცესში მონაწილეობს. ამის უკან დგას ის, რომ დასავლეთს სურს, უკრაინას მართავდეს ტერორისტულ-ფაშისტური რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე სახეზეა და სწორედ მასთან გაერთიანდება პოლონეთი არა ტერიტორიულად, არამედ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად, რითიც იკვრება ჯაჭვი ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ვექტორისა. შავ ზღვაზე საქართველოა.

2010 წელს სააკაშვილმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა. რა მიზანს ემსახურებოდა მისი ეს აღიარება? შავი ზღვისპირეთის პატარა, მოკლე მონაკვეთი, რომელიც რუსეთს რჩება, კრასნოდარზე გადის. ზუსტად ამ მონაკვეთზე აცხადებენ პრეტენზიას გენოციდმოწყობილი ჩერქეზები, რომ შემდეგ შეიქმნას იდეოლოგიური საფუძველი ამ ტერიტორიის ანექსიისთვის. მაგრამ ვისი ხელით? ერდოღანს რომ ახლა გაახსენდა თავისი ქართველობა, ეს ისე, უბრალოდ არ მომხდარა. მას სურს, ასეთი გზით თავი მოგვიქონოს და საქართველომ ვერ გაიგოს, გარშემო რა პროცესები მიმდინარეობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს _ ორი ქვეყანა, ერთი ხალხი, ერთი არმია. რა მდგომარეობაშია საქართველო? პროცესები შეუქცევადი თუ გახდებოდა, იქ უკვე ქართველის, როგორც მართლმადიდებლისა, და საქართველოს, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნის ადგილი აღარ იქნებოდა.

რუსეთის არასწორ პოლიტიკაზე საუბარი უკრაინასთან მიმართებაში უხერხულია, რადგან ხშირ შემთხვევაში თავად ხელისუფალნი აკეთებენ საკუთარი ქვეყნისთვის ცუდს და მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი დააზარალონ, რაც უზნეობად მიმაჩნია. რუსეთი მართალია და, თუკი ის ასე არ მოიქცეოდა, გლობალურ ომს მართლაც ვერ ავცდებოდით, რუსეთის ყველა ნაბიჯი უსაფრთხოებისკენ არის გადადგმული. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გლობალური ომი ხელს არ აძლევს, რუსეთია.

ვალერი კვარაცხელია, პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერი:

_ ამერიკელებმა გლობალიზმის მცნება ძალიან ოსტატურად გამოიყენეს. გლობალიზაცია მიისაკუთრეს და ამერიკანიზაციასაც გლობალიზაცია დაარქვეს. ამერიკანიზაცია კი, გლობალიზაციისგან განსხვავებით, ბუნებრივი პროცესი ნამდვილად არ არის. ერთპოლუსიანი სამყარო ამერიკის პოლიტიკური სამხედრო დოქტრინაა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ნიშნავს მსოფლიოზე ერთპიროვნული ჰეგემონიის დამყარებას. ამერიკელებმა მოხერხებულად ამოაფარეს საკუთარი სურვილი გლობალიზაციას, მაგრამ ამ ყველაფრისთვის რამდენად ჰყოფნით რესურსი, ამას დღევანდელობა გვიჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ქაღალდს ყოველდღიურად ჭრიან, მაინც არ ჰყოფნით არც ფინანსური, არც სამხედრო და არც იდეოლოგიური რესურსი.

საქართველოში ჯერ კიდევ მოდაშია ამერიკა, მაგრამ ხუთივე კონტინენტზე ამერიკის დროშებს სიამოვნებით წვავენ. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, თუ რასთან გვაქვს საქმე. ორი გლობალური ინტერესი ეჯახება ერთმანეთს _ დასავლურამერიკული და რუსული, რომელიც არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და რომელსაც სრულიად სამართლიანად აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს ზესახელმწიფო. თუკი რუსეთი ზესახელმწიფო ვერ იქნება, მაშინ ის, როგორც სახელმწიფო, ვეღარ იარსებებს. ასეთ ვითარებაში კი მოწინააღმდეგის რესურსი გაათმაგდება იმისთვის, რომ შეტევა განხორციელდეს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. არ ვგულისხმობ სამხედრო შეტევას, ეს იქნება ფინანსური, იდეოლოგიური, დივერსიულ-ტერორისტული; მთელი არსენალი არსებობს იმისათვის, რომ რუსეთი გახადონ დაშლადი. ასეთ ვითარებაში კი რუსეთი თუ თავს იცავს, მას ამის სრული უფლება აქვს. რამდენიც უნდა იძახონ, რომ უზნეოდ იქცევა, ის მაინც ისე მოიქცევა, როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად.

ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის რუსეთის ინტერესი, მაგრამ რამდენად შეგვიძლია მის ინტერესებში ჩავეწეროთ, ეს არავის უცდია, დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ უფიქრია. რუსეთთან უნდა მივსულიყავით და პირდაპირ დაგვესვა შეკითხვა: რა არის თქვენი ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში? ორი რამ არის ისეთი, რაზეც თანხმობას ვერ ვიტყვით _ ტერიტორიული ერთიანობის და პოლიტიკური სუვერენიტეტის ხელყოფა. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის ხელის ხლებაზეც ვერც ერთი მთავრობა საზოგადოებისგან თანხმობას ვერ მიიღებს. სხვა დანარჩენზე რუსეთთან დალაპარაკება შესაძლებელი იყო. თუ რუსეთი იტყოდა, რომ არა, ეს ტერიტორიები ჩემთან უნდა დარჩეს, მაშინ უკან უნდა გამოვბრუნებულიყავით. თუ იტყოდა, რომ საქართველომ პოლიტიკური სუვერენიტეტი უნდა დაკარგოს და გუბერნიად უნდა შემოვიერთოო, ასევე გამოვტრიალდებოდით, მაგრამ თუ ის იტყოდა, რომ საქართველო არ უნდა შევიდეს იმ სამხედრო ბლოკში, რომელიც რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი, მაშინ შევთანხმდებოდით. ეს საკითხი განსახილველად ყოველთვის იდგება. ინტერესთა კონფონტაციიდან ინტერესთა შეჯერებაზე არ გადავსულვართ, არც გვიცდია. არადა, ამისთვის უამრავი რესურსი არსებობს. რატომ არ შეიძლება იმ საკითხის განხილვა, რომ საქართველო საბაჟო კავშირის წევრი გახდეს? ყველა ქართველი თანხმდება იმაზე, რომ რუსეთის ბაზარი ყველაზე ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

ინტერესთა შეჯერების რეჟიმზე თუ არ გადავედით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ყველა მცდელობა ნულის ტოლი იქნება. ასევე იქნება უშედეგო საქართველოს გამთლიანებაც. ამ მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან აუცილებლად მოგვიწევს, ოღონდ არ ვიცი, ამას ჩვენი გონიერება გადაგვაწყვეტინებს თუ რუსეთი გვაიძულებს.

ყირიმის საკითხი ლეგიტიმურად წყდება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გვიბიძგებს იქითკენ, რომ ვიყოთ გონივრულები და პრაგმატულები, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიდან არც ერთი გონიერებასთან ახლოს არ არის. ვინ ეკითხება საქართველოს ამ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში თავისი აზრის გამოთქმას?

ქართველი პოლიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად დგანან დასავლეთის მხარეს, დასავლეთის, რომელიც მალე ისე გაშიშვლდება თავისი დამპყრობლურ-მტაცებლური პოლიტიკით, რომ ამ რეგიონში გამოსახედი აღარ დარჩებათ.

დიდი ომი არ მოხდება, რადგან აშშ-მა ვერსად ვერაფერი გააკეთა და არა მგონია, რუსეთთან ომის მოგებას შეეცადოს. რუსეთი შესანიშნავ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე:

_ რა არის გლობალიზაცია? ფინანსური ნაკადების მოძრაობა. გლობალიზაცია თავისი არსით ძალიან მარტივია. 300-400 ოჯახი ინაწილებს მსოფლიოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხშირად გაგვიგია, რომ ამბობენ: რა უნდოდათ, რატომ დაშალეს აშენებული ქვეყანა, ვერ გავიგეთო… ვერც გაიგებდნენ, რადგან ამ პროცესებსაც გარეშე ძალები მართავდნენ. ელცინი იყო ფინანსური კლანის წარმომადგენელი, რომელსაც გვერდით გამუდმებით, ორი ამერიკელი მრჩეველი ედგა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ობამა რამეს ბედავს, ტყუილია. ბოლო დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რომელსაც შეეძლო რაღაც ეთქვა, კენედი იყო.

დასავლური ელიტა მსხვილი ფინანსური კლანების შექმნილია. ის 300-400 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, დედოფალ ვიქტორიას სიკვდილის შემდეგ, რომელიც ფინანსური კლანების სასტიკი წინააღმდეგი იყო, პროცესები უფრო განვითარდა და ისინი არისტოკრატიას დაუკავშირდნენ.

როგორ მუშაობს დასავლური ელიტა? 1949 წელს მათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიმუშავეს გეგმა სახელწოდებით _ «ლიოტე». ვინ იყო ლიოტე? ის იყო ფრანგი მარშალი, რომელიც ალჟირში აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, სადაც ძალიან ცხელოდა. მან იკითხა: _ რა არის, ერთი ხე არ გაქვთ დარგული? იქაურებმა უპასუხეს, რომ ხის გაზრდას 50 წელი სჭირდება. მაშინ, ხე ახლავე დარგეთო! _ გასცა ბრძანება ლიოტემ. ასე რომ, მათი პროექტები გათვლილია 50-100 წელიწადზე. საქართველოში გვეგონა, რომ ქუჩაში თუ მილიონი ადამიანი გამოვიდოდა, რეჟიმი შეიცვლებოდა, არ შეიცვლებოდა იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

დღეს ყველაფრის შეთანხმება ხდება არა სახელმწიფოების დონეზე, არამედ ზენაციონალურ სტრუქტურებთან. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის დანიშვნა «ბილდერბერგის კლუბში» დაგაწყდა.

დასავლური «ელიტა» შეთხვევით არაფერს აკეთებს. უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც შემთხვევითი არ არის, ყველაფერი დანაწილებულია, უბრალოდ, ამის გაფორმება ხდება. უკრაინა დაიყოფა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს. გლობალიზაციის სულიერი გამაერთიანებელი კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც ურთიერთობს ებრაელებთან; როტშილდები კათოლიკური ეკლესიის უდიდესი დამფინანსებლები არიან.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, პირდაპირ მათ გეგმაში ჯდება.

ახალგაზრდებს სჯერათ, რომ, ევროპაში თუ შევლენ, მაშინვე აშენდებიან. ამის პროპაგანდა ძალიან სერიოზულად მიდის. რეფორმები, რომლებიც უნივერსიტეტებში გატარდა, ემსახურება ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვას.  ბავშვებს აჯერებენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს მონები ვიყავით და რუსეთს ჩვენი სიმდიდრე მიჰქონდა, თან ამას ვერაფრით გადაათქმევინებ.

საბჭოთა კავშირი პარტიული ელიტის წარმომადგენლებმა დაანგრიეს, რომლებიც შემდეგ უმდიდრესი ადამიანები გახდნენ. დასავლეთმა ისინი მოატყუა და უთხრა, რომ, თუ დაანგრევთ საბჭოთა კავშირს, თქვენ გახდებით დასავლური ელიტის წევრები, მათ შორის იყო შევარდნაძეც, მაგრამ დასავლეთმა ელიტაში ესენი არ შეუშვა. გორბაჩოვი საერთოდაც «მოიხმარეს» და გადააგდეს.

ირაკლი უბილავა, «გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრი»:

_ ყირიმი ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონია როგორც რუსებისთვის, ისე ანგლოსაქსებისთვის. მათ ყირიმი სჭირდებათ იმისთვის, რომ საზღვაო სივრცე მთლიანად გააკონტროლონ, ამით ისინი ცდილობენ, საზღვაო-საკომუნიკაციო სივრცე გადაუკეტონ რუსეთს. ეს არის დაპირისპირება ზღვასა და ხმელეთს შორის.

არსებობს ასეთი ავტორი ბრუკ ადამსი, ის პირდაპირ ამბობს: «ჩვენი მოწინააღმდეგეა რუსეთი და ის უნდა მოვსპოთ. დედამიწაზე ორი იმპერიის ადგილი არ არის, არსებობს ერთი იმპერია და ეს ვაშინგტონია».

უკრაინაში მიმდინარე პროცესები ამერიკული თამაში იყო, დასავლეთ უკრაინა ისტორიულად პროდასავლური იყო, რაც ამერიკელებმა შესანიშნავად გამოიყენეს, მაგრამ არსებობს აღმოსავლეთ უკრაინაც, რაც ვეღარ გათვალეს. რუსეთი ყირიმს არ დათმობდა, რადგან ეს ნიშნავს რუსეთის განდევნას შავი და ხმელთაშუაზღვის აკვატორიიდან.

დღეს საინფორმაციო საშუალებები აქცენტს აკეთებენ იმაზე, თითქოს უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკები დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იბრძვიან. ეს ფიქციაა, რადგან, თუ ამერიკელ ავტორებს დავესესხებით, ერი-სახელმწიფოს დრო წარსულს ბარდება. დღეს დაპირისპირება ცივილიზაციებს შორის მიმდინარეობს, უკრაინაში მიმდინარე პროცესები უნდა დავუკავშიროთ მინიმუმ ახალი რეგიონული წესრიგის შექმნას, მაქსიმუმ შესაძლებელია ეს აღმოჩნდეს მომავალში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის წინაპირობა. როდესაც ესა თუ ის წესრიგი იცვლება, იცვლება სახელმწიფოთა საზღვრებიც. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ვესტფალის ზავიდან იწყება, მას შემდეგ გადანაწილება რამდენიმეჯერ მოხდა. წესრიგის ხელახალ ცვლას თან ახლავს საზღვრების ცვლილებაც, ამ პროცესს გადის უკრაინაც. როგორ დასრულდება ყველაფერი, ამის განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია, მაგრამ, დიდი ალბათობით, უკრაინის საზღვრები შეიცვლება.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here