Home რუბრიკები პოლიტიკა ბოცო წიკლაურის დანაპირები

ბოცო წიკლაურის დანაპირები

1331

კომუნისტების მმართველობის პერიოდში საბავშვო ჟურნალში «ბოცოს და გვანცას» ისტორიები იბეჭდებოდა. ეს იყო ერთგვარი პირველი ქართული კომიქსი და მისი გმირები, ბოცო და გვანცა, პატარებში ძალიან პოპულარულები იყვნენ.

 

პოპულარობის რა გითხრათ, მაგრამ არანაკლებ კომიქსური იყო «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის 9 წელიწადი და, რაც მთავარია, ბოცო მათაც ჰყავდათ ბოცო (ნუგზარ) წიკლაურის სახით. მთავარი სწორედ ბოცოა, თორემ «ნაცებს» ისე ჰქონდათ აწყობილი საქმე, გვანცები, «ნაციონალური მოძრაობის» «მთავარი რედაქტორის» გემოვნებისამებრ, მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ჰოდა, სწორედ ბოცომ, ანუ ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა საინტერესო განცხადება და გამოაცხადა: «ჩვენ დავბრუნდებით!»

წყალწაღებული წიკლაურს ეჭიდებოდაო, _ ზუსტად ასეა «ნაციონალების» საქმე. კარგად მოეჭიდეთ, ბატონებო, თორემ იმდენი წყალწაღებული გყავთ, მალე ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩება. ფრაზა «ჩვენ დავბრუნდებით» წიკლაურმა ისე თქვა, თითქოს მირზა გელოვანის ლექსს კითხულობდა. «მე დავბრუნდები, მე დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ»… კონკრეტულად ვის თმაზე აქვს აქცენტი ნუგზარს, ვერ გეტყვით, მაგრამ იმედის ნაპერწკალი, რომლისგანაც შემდეგ ალი უნდა აინთოს, «ნაციონალური მოძრაობისა» და წიკლაურის გულებში აშკარად კიაფობს და ისე უფრთხილდებიან, როგორც კეზერაშვილის მიერ გადმორიცხულ მილიონებს. სხვათა შორის, მირზა გელოვანი «ნაციონალებს» ახლა გაახსენდათ, თორემ მაშინ სულ არ აინტერესებდათ, როცა შავნაბადაზე, ე. წ. კომკავშირულ ქალაქში მდგარი მისი ძეგლი აიღეს და დღემდე არ ამბობენ, რა დამართეს. იმხანად გელოვანი მათთვის საბჭოთა პოეტი იყო და არამარტო მათთვის _ შავნაბადაზე მდგომმა თენგიზ კიტოვანის გვარდიამ გელოვანის ძეგლი სამიზნედ გამოიყენა და მასზე სროლაში ივარჯიშა, აქაოდა, მირზა კომუნიზმის ეპოქის პოეტიაო. კიტოვანმაც, შავ დღეში რომ ჩავარდა, გაიმეორა გელოვანის სიტყვები, მე დავბრუნდებიო, მაგრამ ხელისუფლებაში მისი დაბრუნება არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ქვეყანაში დადის მშვიდად და ესეც დიდი სირცხვილია

შავნაბადაზე კომკავშირული ქალაქის მშენებლობა კომკავშირის მაშინდელ პირველ მდივანს, ჟიული შარტავას, დაევალა და მანაც ჩვეული მუყაითობით დაიწყო პროექტის განხორციელება, თითქმის ბოლომდე მიიყვანა, მაგრამ შემდეგ ქვეყანა აირია და ახალგაზრდული ქალაქიც, სახელად «ბორის ძნელაძე», ჯერ კიტოვანის ხელში აღმოჩნდა, შემდეგ კი სააკაშვილმა მოიწყო იქ ბუდე და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ბუდეში ხდებოდა ყველაზე შავბნელი საქმეები. და ეჭვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული მკვლელობა, რომელიც ჯერ ისევ ძიების პროცესშია, სწორედ შავნაბადაზე განხორციელდა. სხვათა შორის, ჟიული შარტავამ გმირობის მაგალითი აჩვენა და თავი სამშობლოს სამსხვერპლოზე ისე დადო, წამით არ დაფიქრებულა. ის გმირად აღიარეს, ხოლო მირზა გელოვანი, რომელმაც ასევე სამსხვერპლოზე მიიტანა თავის სიცოცხლე, «ნაციონალების» გულებში ისევ საბჭოთა მწერლად რჩება. რჩება მანამ, სანამ მის მიერ დაწერილი საოცარი ლექსები არ დასჭირდებათ ბოცოსა და მის მეგობრებს…  სხვათა შორის, გელოვანს ეს სიტყვებიც უწერია: «მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები»…

რამდენად რეალურია «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნება, თავად განსაჯეთ, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს: ახლა საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, წიკლაური და ძმანი მისნი პარლამენტში ვერ მოხვდებიან. შესაბამისად, განცხადება _ «ჩვენ დავბრუნდებით» _ დაახლოებით ისე ისმის, როგორც მიშას მიერ ნათქვამი, თუ საჭირო გახდება უკრაინელ ძმებს გვერდით იარაღითაც კი დავუდგებიო. როგორ შეუძლია სააკაშვილს ომში გვერდით დოგმა, ყველაზე კარგად საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა იცის, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა გორში ფორთხვით მიატოვა.

ამ პრეზიდენტით ბოცო და მისი მეგობრები დღემდე ამაყობენ. სამაგიეროდ, გვანცები გაქრნენ ჰორიზონტიდან და ეჭვი მაქვს, კარგა ხანს აღარ გამოჩნდებიან. არ უყვართ გვანცებს დამარცხებულები და არ გვგონია, ისინი ბოცოს დაპირებამ დააბნიოს.

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here