Home რუბრიკები პოლიტიკა ვიღაცამ ვირის აბანოს გადაუფრინა

ვიღაცამ ვირის აბანოს გადაუფრინა

557

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ფრანგულმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი თქვა. გოგა ონიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს. გიგი უგულავა სასამართლო პროცესისთვის ემზადება. მსგავსი ცნობები ბოლო დროს ერთი მეორის მიყოლებით ვრცელდება და ხანდახან გაუგებარი ხდება, მიხეილ სააკაშვილის პარტიაზე ვსაუბრობთ თუ «მიშკაიაპონჩიკის» ბანდაზე. პოლიტიკური ცხოვრების მატიანე აშკარად კრიმინალური ქრონიკის დაიჯესტს დაემსგავსა. რას მოუტანს ეს ყოფილ მმართველ პარტიას და სრულიად საქართველოს?

 

ტკივილი ხერხემლის არეში

ვანო მერაბიშვილისთვის მორიგი განაჩენის გამოტანა აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს დაემთხვა და ამ ნიადაგზე «ნაციონალების» რიგებში ფართოდ გავრცელდა უცნაური და, ალბათ, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში თეთრი სახლი ჩაერეოდა,  ხოლო საქართველოს ახალი ხელისუფლება შეშინდებოდა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო მერაბიშვილს გაამართლებდა ან მხოლოდ სიმბოლურად დასჯიდა. ამ ხავსს «ყოფილი ხერხემლის» გულშემატკივრები ბოლო მომენტამდე ეჭიდებოდნენ. რაც შეეხება მათ ოპონენტებს, ისინი 26 მაისის ეპიზოდში მერაბიშვილის გამართლებას გამორიცხავდნენ; პროკურატურის ზოგადი უნიათობისა და კოაბიტაციის პერიოდის არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად, საკითხის ზეპრინციპული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამის წარმოდგენა უბრალოდ არ შეეძლოთ.

ვაშინგტონს, ცხადია, ხელს აძლევს, რომ საქართველოში «სათადარიგოთა სკამზე», რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ჯგუფი ჰყავდეს და «ნაცმოძრაობა» ამ მხრივ გამონაკლისი არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილის გამო საქართველოს ახალ ხელისუფლებას დაუპირისპირდება. 26 მაისის, ისევე, როგორც გირგვლიანის, საქმე ქართული საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და უცხოელების ჩარევა მასში ავტომატურად გამოიწვევს ანტიდასავლური ემოციების ამოფრქვევას. ამასთანავე, «ნაცმოძრაობის» სხვა ლიდერები მერაბიშვილს ძალთა ზედმეტი დაძაბვის გარეშე, მეტწილად სიმბოლურად იცავენ, ზოგიერთი მათგანი კი, სავარაუდოდ, კმაყოფილია, რომ კონკურენტი მოიშორა. პროცესი, ასე თუ ისე, გამჭვირვალედ, ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს, ხოლო ბრალდება უკავშირდება მშვიდობიანი დემონსტრანტების სადისტურ ცემას, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი და ასობით თვითმხილველი ჰყავს, რაც არა მხოლოდ ართულებს მერაბიშვილის ადვოკატირებას, არამედ მას უაღრესად არაპოპულარულს ხდის. ამასთანავე, «ორი გვამის მაძებარ» ვანოს, როგორც პოლიტიკოსს, პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს, მისი იმიჯი გასწორებულია მიწასთან და, ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, მისი აქტიური დაცვა ან ზეწოლა ახალ ხელისუფლებაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ერთობ არარაციონალური ხდება.

რაც შეეხება «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებს, გამორიცხული არაა, რომ მათ «განტევების ვაცის» იმპროვიზებული თეორიის ტყვეობაში მოექცნენ. მათ დასჭირდათ საკმაოდ ბევრი დრო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ არანაირი «ტოტალური პატიება» არ იქნება და თითოეული მათგანი შეიძლება დაკითხონ და გაასამართლონ, როგორც «ჩვეულებრივი მომაკვდავი». შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი მივიდა დასკვნამდე, რომ პარტიამ ერთი წლის წინ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც კონსულტაციებზე ახალ ხელისუფლებასთან უარი თქვა შეთანხმებაზე შემდეგი პრინციპით _ «ნაწილობრივი ამნისტია (ჩინოვნიკების ქვედა და საშუალო რგოლისთვის) _ საკონსტიტუციო ცვლილებების სანაცვლოდ (საააკაშვილის დიქტატორული უფლებების შეკვეცა)». მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება ვერ გაათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, ის შექმნიდა პრეცედენტს და შესაბამისად, ნიადაგს მეორე მსგავსი შეთანხმებისთვის, რომელიც უკვე მაღალჩინოსნებს შეეხებოდა. მაშინ, ალბათ, საჭირო იყო სწრაფი თანხმობა, ვიდრე «ქართული ოცნების» მომხრეები გონს მოეგებოდნენ და პროტესტს გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალმა ხელისუფლებამ კანონის უზენაესობის პრინციპით ვაჭრობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ უარმა მაშინ «ნაცმოძრაობას» ტაქტიკური წარმატებაც კი ვერ მოუტანა _ ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც მიაღწია.

შემდეგ დაიბადა პოლიტიკა, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე ოდიოზური ფიგურების გაწირვას, მათი აქტივების გადანაწილებასა და პარტიის ბირთვის შენარჩუნებას გულისხმობს, იმ იმედით, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებას მოითხოვს მერაბიშვილის, ახალაიას (ქარდავას და ა. შ.) დასჯით დაკმაყოფილდება და ამ პრობლემის გამო, ხელისუფლებაზე ზეწოლას აღარ მოახდენს. პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების დაცვამ დროთა განმავლობაში თითქმის ფორმალური ხასიათი მიიღო. შეეძლო თუ არა «ნაცმოძრაობას» განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთან თუნდაც 3 ათასი აქტივისტი დაეყენებინა ან დასავლურ მედიაში გაცილებით მასშტაბური კამპანია ეწარმოებინა? ალბათ, შეეძლო. შეეძლო თუ არა სააკაშვილს, არ ეპასუხა ჟურნალისტებისთვის «თავი დამანებეთ», როდესაც მერაბიშვილზე კითხვა დაუსვეს. სავარაუდოდ, ესეც შესაძლებელი იყო. სოციალურ ქსელებში არც ისე რთულია იმ უკმაყოფილების დაფიქსირება, რომელსაც მერაბიშვილისა და ახალაიას ახლობლები და აქტიური გულშემატკივრები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ გამოხატავენ (ძირითადად _ ქვეტექსტში, თუმცა არცთუ იშვიათად _ პირდაპირ). თუ ჩვენ მშვიდად, ემოციების გარეშე შევეცდებით, ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე «რაში სჭირდება დღეს მერაბიშვილი სააკაშვილს ან ბოკერიას გამორიცხული არაა, მივიდეთ დასკვნამდე, რომ მათ ურჩევნიათ მერაბიშვილმა მეხამრიდის და სიმბოლური «პოლიტპატიმრის» (მათ პოლიტიკურ მითოლოგიაში _ «ქართველი ტიმოშენკოს») როლი შეასრულოს, ხოლო როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და კონკურენტი ნაკლებად სჭირდებათ. გიორგი დანელიას ერთ-ერთი პერსონაჟის თქმის არ იყოს: «სკრიპაჩ ნე ნუჟენ!».

«ნაცმოძრაობის» აქტივისტების ფიქტიური დასაქმებისა და სხვა მსგავსი ეპიზოდებისგან განსხვავებით, 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებული განაჩენი, იმის მიუხედავად, რომ დაისაჯა მთავარი შემსრულებელი და არა მთავარი დამკვეთი, საკუთარ თავში სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების ელემეტს შეიცავს. მისი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ძალზე დიდია და იმედია, ის იქნება გაფრთხილება ყველასთვის, ვინც მომავალში შინაგან საქმეთა მინისტრის ან სხვა მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

ფული, ბაბა, ფული!

ფრანგულმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი თქვა და ეს, ალბათ, უნდა შევაფასოთ, როგორც პროკურატურის მორიგი მარცხი. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ «პროკურატურა აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ დღეს თუ არა ხვალ ბატონი იქნას ჩამობრძანებული ქვეყანაში, იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას», ფრანგული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ კეზერაშვილის ექსტრადირება ევროკავშირის ქვეყნებიდან შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული გახდა, თუმცა ცხადია, დაცულობის 100%-იანი გარანტია მსგავს საქმეებში არ არსებობს.

დავით კეზერაშვილი «ნაცმოძრაობის» «შავი სალაროს» მთავარ მოლარედ მოიაზრება, რომელიც პატიისა და მისი პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის არსებობის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, აქ რამდენიმე ასეულ, მაქსიმუმ, რამდენიმე ათას ლარად შეიძლება დაიქირავო ადამიანები, რომელნიც დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ თანამემამულეს დაასახიჩრებენ ან სულაც მოკლავენ. ამ გარემოში «ნაცმოძრაობის» პარტიული აქტივისტების ან პროპაგანდისტების რეკრუტირება განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ მათი საქმიანობა სავსებით ლეგალურია. ასე რომ, ვიდრე არსებობს «შავი სალარო» იარსებებს პარტიაც, დაახლოებით იმ შესაძლებლობებით, რომელიც დღეს გააჩნია. აქედან კი, რაოდენ უცნაურად უნდა გაიჟღეროს, ბუნებრივად გამომდინარეობს სტაგნაციის საფრთხე ქართულ პოლიტიკაში.

«ნაციონალური მოძრაობის» არსებობა დღევანდელი სახით, ერთი მხრივ, ხელს უშლის კოალიცია «ქართული ოცნების» სავსებით ბუნებრივ დაშლას ლიბერალურ და კონსერვატიულ ბლოკებად და მეორე მხრივ, «რეიტინგების გაყინვას» უზრუნველყოფს. რა სისულელეც უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, «ნაციონალური რევანშის» ჰიპოთეტური საფრთხე მაინც გააერთიანებს მის გარშემო დაახლოებით იმავე რაოდენობის (უხეშად რომ ვთქვათ, «პლუს-მინუს 10%») ამომრჩეველს, რამდენსაც 2012-ში. ეს საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად, მაგრამ მისი შემდგომი გამოყენება პოლიტიკურ პროცესს სრული დეგრადაციის გზას გაუყენებს, რეალობასთან წინააღმდეგობაში შეიყვანს, რის გამოც ადრე თუ გვიან მთელი სისტემა დაიმსხვრევა. «ნაცმოძრაობა», თავის მხრივ, ჩაკეტილია ერთგვარ «ელექტორალურ რეზერვაციაში», რომლის საზღვრებს ვერ აფართოებს, სამაგიეროდ, (უპირველესად, ყბადაღებული «სალაროს» ხარჯზე) ინარჩუნებს გავლენას მომხრეთა ბირთვზე, რომელიც, უსაშინელესი კომპრომატის გამოქვეყნების მიუხედავად, პარტიის ერთგულებას ინარჩუნებს. პარტიის რეიტინგი და გავლენა თანდათან მცირდება, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ «სალაროს» ფაქტორი ამ პროცესს სერიოზულად აფერხებს.

ბიძინა ივანიშვილს, პრინციპში, შეუძლია უშუალოდ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გარისკოს, არ დაელოდოს «ნაცმოძრაობის» საბოლოო კრახს და კოალიცია დაშალოს. თუმცა ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდშეეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური პარტნიორების ის ნაწილი, რომელიც დღეს თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ახალი ეტაპი ბუნებრივად მოითხოვს ლიდერებისგან გამჭრიახობას და მუდმივ აქტიურობას, მასში არ იქნება «სასათბურე პირობები», არამედ მხოლოდ დაუნდობელი კონკურენცია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება ინტრიგებისგან კოალიციის კულუარებში. ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან, დღევანდელ მოდელს არსებობა მაქსიმალურად გაუხანგრძლივონ, ამ მიზნის მიღწევისთვის «ნაციონალური რევანში» რეალურ საფრთხედ წარმოაჩინონ და დაეხმარონ «ნაციონალებს» იმაში, რომ საფრთხობელას როლი უკეთ შეასრულონ.

გამორიცხული არაა, რომ იმ ადამიანების რიგებში, რომელთაც არ სურთ, რომ დავით კეზერაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, არიან არა მხოლოდ ყოფილი, არამედ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმის გათვალისწინებით, თუ რა სავარაუდო როლს ასრულებს მთელ ამ ისტორიაში «ყულაბა» თუ «სალარო», რომლის მნიშვნელოვან ნაწილს, ფართოდ გავრცელებული ვარაუდის თანახმად, კეზერაშვილი განკარგავს. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, იმ შემთხვევაში, თუ «შავ სალაროს» სახელმწიფო დაეპატრონება ან რაიმე ფორმით დაბლოკავს ფულის ნაკადს, ეს ადამიანები ვერაფერს მოიგებენ, ხოლო დღევანდელ (და მსგავს) სიტუაციაში შეიძლება საკმაოდ დიდი ბონუსები მიიღონ. ამ მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ საუბრის დაწყება, ალბათ, საბოტაჟის  ბუნებასა და პათოგენეზზეც შეიძლება.

დიმიტროვის სახელობის პაუზა

ბაჩო ახალაიას ადვოკატის, ონიანის, დაკავებაზე ამ ეტაპზე, ალბათ, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევებში იუველირული სიზუსტით უნდა მოქმედებდეს. ნებისმიერ ხარვეზს შეიძლება ძალიან არასასურველი რეზონანსი მოჰყვეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან საუბარი ეხება იმ ადამიანის ადვოკატს, რომელსაც მისი გულშემატკივრები «პოლიტიკურ პატიმარს» უწოდებენ. იურისტები და უფლებადამცველები ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებით მგრძობიარენი არიან და ნებისმიერ ბუნდოვან სიტუაციაში, ლამის ავტომატურ რეჟიმში, ბრალდების მხარეს უპირისპირდებიან. შეიძლება ამის მოსმენა არცთუ სასიამოვნო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ონიანს ბანალურ ზონდერ-პოლიციელად თვლიან, მაგრამ ეს ფაქტია, რომელსაც არაერთი განვითარებადი ქვეყნის ისტორია ადასტურებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო, ალბათ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის, კომენტარი იყო: «ყოველთვის, როცა არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლებს პასუხისგებაში აძლევენ, ჩვენ გვაქვს ეჭვები და შეკითხვები. კარგი იქნება, რომ ყველა მსგავს საქმეში საერთაშორისო დამკვირვებლები იყვნენ ჩართულნი». დამკვირვებლების ჩამოყვანას, პრინციპში, არაფერი უშლის ხელს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, ეს სიტყვებია: «არჩევნების წინ». საპრეზიდენტო არჩევნების წინ სამართალდამცავებმა პრაქტიკულად მორატორიუმი გამოაცხადეს და ყოფილ მაღალჩინოსნებს აღარ ეკარებოდნენ. გავიდა სამი თვე, რომელთაც საახალწლო პაუზა უნდა გამოვაკლოთ და ბატონი დიმიტროვი მიგვითითებს, რომ ახლა ისევ წინასაარჩევნო პერიოდია. სად გაგონილა, სამართალდამცავები მხოლოდ გარკვეულ თვეებში აქტიურდებოდნენ და მუდამ ფიქრობდნენ «შეიძლება დღეს დაკითხვადაკავება თუ არ შეიძლება»?!

ასეთი მიდგომის დამკვიდრება თანდათან აჩვევს პროკურატურას იმას, რომ მუშაობის პროცესში პოლიტიკური კონიუნქტურა გაითვალისწინოს და ამან აპრიორი არ შეიძლება მოიტანოს კარგი შედეგი. დემოკრატიულ სახელმწიფოში ის საათივით უნდა მუშაობდეს, მიუხედავად იმისა, რა ამინდია გარეთ, არჩევნებია ქვეყანაში, კარნავალი თუ ფეხბურთი. თორემ ასე ნებისმიერი მანიაკი, ბანდიტი და აფერისტი იტყვის, რომ პოლიტიკური პარტიის წევრია და მასთან ურთიერთობაში «ხელშეუხებლობის სეზონების» პრინციპის დაცვას მოითხოვს. ასე რომ, ალბათ, აჯობებს, შემდეგი პრინციპით ვიხელმძღვანელოთ _ კანონის უზენაესობა და არანაირი ტაიმაუტები.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here