Home რუბრიკები პოლიტიკა შავი და თეთრი ყირიმში გამოჩნდება

შავი და თეთრი ყირიმში გამოჩნდება

553

მშფოთვარე 1979-ში ცნობილმა რუსმა მწერალმა ვასილი აქსენოვმა დაწერა რომანი «კუნძული ყირიმი», რომელიც გვიანდელ სსრკში ძალზე პოპულარული იყო. მან მკითხველს შემდეგი ისტორიული ალტერნატივის განხილვა შესთავაზა: დავუშვათ, რომ ყირიმი კუნძულია და არა ნახევარკუნძული და, ამ გეოგრაფიული წინაღობიდან გამომდინარე, წითელმა არმიამ 1920-ში მისი დაკავება ვერ მოახერხა.

 

რომანში აღწერილია თეთრგვარდიელების მიერ შექმნილი კაპიტალისტური სახელმწიფო, რომელსაც ბრეჟნევის მმართველობის წლებში საბჭოთა კავშირი იერთებს, რასაც ხელს უწყობს გაერთიანების იდეის პოპულარობა ყირიმის მოსახლეობაში. როდესაც ყირიმში ხელისუფლების სათავეში მოვიდა ამ რომანის ავტორის მოგვარე სერგეი აქსენოვი, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკისგან ერთგვარ (გეო)პოლიტიკურ «კუნძულს» ქმნის, ლიტერატურის მოყვარულებმა ამაში არა მხოლოდ ბედის ირონია, არამედ ისტორიის სარკაზმიც დაინახეს.

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ყირიმზე. ელვისებური ოპერაციის ფარგლებში შეიარაღებულმა პირებმა, რომელთაც მოსკოვი ადგილობრივ მოხალისეებს, ხოლო დასავლეთი რუს სპეცრაზმელებს უწოდებს, ნახევარკუნძულის საკვანძო ობიექტები დაიკავეს და ავტონომიური რესპუბლიკის სათავეში ზემონახსენები აქსენოვი და მისი თანამოაზრეები მოვიდნენ. ამ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ არ სცნობენ ახალ ხელისუფლებას კიევში და უკრაინის პრეზიდენტად კვლავინდებურად  იანუკოვიჩს თვლიან. მათ რუსეთს დახმარება სთხოვეს და 30 მარტისთვის დანიშნეს რეფერენდუმი, რომელზეც ყირიმის მომავალი სტატუსი უნდა განისაზღვროს. რუსული წყაროების ცნობით, ყირიმში მყოფმა ათასობით უკრაინელმა სამხედრომ «ყირიმის ხალხის ერთგულების» ფიცი დადო, იგივე გააკეთეს უკრაინის საზღვაო ძალების ახალდანიშნულმა სარდალმა და ავტონომიის უშიშროების შეფმა. კვირის მიწურულს «კუნძული ყირიმი» რუსეთის (ფაქტობრივი) პროტექტორატის ქვეშ რეალობად იქცა.

გეოგრაფიული ფაქტორების გამო, ყირიმში შეჭრა უკრაინის ხერსონის ოლქის მხრიდან ძალზე რთულია და ეს გასული საუკუნეების ომებში არაერთგზის დადასტურდა. ახალ მთავრობას ამისთვის აუცილებელი რესურსი არ გააჩნია. «მშვიდობიანი შტურმის» ტაქტიკა, სხვა რეგიონებიდან აქტივისტების ჩაყვანით და «ევრომაიდანის» მოწყობით, ყირიმში, დიდი ალბათობით, ვერ იმუშავებს, ნახევარკუნძულისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელ მაგისტრალებზე გაძლიერებული ბლოკპოსტებია, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი შესაბამისი იდეების მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას არ ავლენს. რაც შეეხება უკრაინელ ძალოვნებს, უპირველესად, პოლიციელებს, მათი დიდი ნაწილი, მაიდანის ეპოპეის შემდეგ დემორალიზებულია და ყველანაირად არიდებს თავს მოქმედებას, რომელმაც შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანოს. ასე რომ, ისეთი დაჯგუფების ფორმირება, რომელიც ყირიმში შეღწევას და იქ მყოფი რუსული კონტინგენტის დამარცხებას შეძლებს, პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანსშეიქმნა სიტუაცია, როდესაც მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ კრემლი და ყირიმის ახალი ხელისუფლება კიევში მყოფ მთავრობას პუტჩისტებს და ლამის ფაშისტებს უწოდებს და მასთან დიალოგზე არ მიდის.

პრობლემა ყირიმით არ შემოიფარგლება, სისხლიანი დაპირისპირების კერა ნებისმიერ წუთს შეიძლება უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონებშიც გაჩნდეს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პარლამენტისგან მიიღო სანქცია მთელ უკრაინაში (და არა მხოლოდ ყირიმში) შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე. იმ დღეს, რაღაც მომენტში, ბევრს მოეჩვენა, რომ რამდენიმე საათში ევროპაში ახალი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება, ზოგს კი ბარბარა ტაკმანის გენიალური ფრაზა გაახსენდა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინარე პერიოდს ეხებოდა: «ომი არავის უნდოდა. ომი გარდაუვალი იყო».

ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა პროცესებზე შეიძლება მოახდინოს არა ყირიმმა ან სამხრეთაღმოსავლეთმა, არამედ იმ გაურკვევლობამ, რომელიც კიევში, უკრაინული პოლიტიკის ავანსცენაზე სუფევს. ორშაბათს ეუთოს თავმჯდომარის სპეცწარმოამდგენელმა უკრაინაში _ ტიმ გულდიმანმა საკმაოდ საგულისხმო განცხადება გააკეთა: «დღევანდელ ვითარებაში მონოპოლია ხელისუფლებაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში სრულად გარანტირებული არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ქუჩებში წესრიგს უზრუნველყოფენ მოძრობა «მაიდანის» მიერ შექმნილი უსაფრთხოების ძალები. ესაა გამოწვევა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, მათ ხელისუფლება უნდა დაიბრუნონ». იმავეს თქმა, ალბათ, უკრაინული პოლიტიკის უკლებრივ ყველა ასპექტზე შეიძლება. პარლამენტარებს კიევში მუშაობა «ქუჩის» მუდმივი ზეწოლის ქვეშ უწევთ, ხოლო რადიკალები ამ მომენტისთვის «ზომიერებზე» უფრო სერიოზულ ძალისმიერ რესურსს ფლობენ, მიუხედავად იმისა, ფორმალური თვალსაზრისით, ოფიციალურ სტრუქტურებს სწორედ «ზომიერები» აკონტროლებენ.

იმისთვის, რომ სიტუაცია კიევში უკეთ აღვიქვათ, ალბათ, მეხსიერებაში 2004 წლის «კულუარული ომი» უნდა აღვადგინოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ერთმანეთს, ერთი მხრივ, «კოლექტიური სააკაშვილი», მეორე მხრივ კი, «კოლექტიური ჟვანიაბურჯანაძე» უპირისპირდებიან. თუ რადიკალები, უხეშად რომ ვთქვათ, «უკრაინელი სააკაშვილები» გაიმარჯვებენ, რუსეთის შემდგომი ძალისმიერი ჩარევის ალბათობა, სავარაუდოდ, გაასმაგდება.

ვინაიდან დასაწყისში ალტერნატიული ისტორიის ჟანრი გავიხსენეთ, ალბათ, ურიგო არ იქნება იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ოპოზიცია 21 თებერვლის შეთანხმების ერთგული დარჩებოდა და იანუკოვიჩს კიევიდან არ გააძევებდა. დღეს ყველას როდი ახსოვს, უკრაინაში აშშ-ის ელჩის _ ჯეფრი პაიეტის რეპლიკა, რომელმაც ბევრი გულმხურვალე «მაიდანელი» გააღიზიანა: «ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას, მან უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და პოლიტიკური წყობა». როგორც ჩანს, ამერიკელები კარგად აცნობიერებდნენ საფრთხეებს, რომელიც პროცესების რადიკალიზაციას მოჰყვებოდა. 21 თებერვლის შეთანხების რეალიზებას, დიდი ალბათობით, მოჰყვებოდა «უკრაინული კოაბიტაციის» პერიოდი, როდესაც დაუძლურებული და დისკრედიტებული იანუკოვიჩი (როგორც სააკაშვილი 2013-ში) თანდათან გადააბარებდა ოპოზიციურ მთავრობას სახელისუფლო ბერკეტებს, არ მოხდებოდა რადიკალების სახიფათო გაძლიერება და პროცესი, სავარაუდოდ, პრეზიდენტად იულია ტიმოშენკოს არჩევით დაგვირგვინდებოდა.

კრემლი თანახმა იყო ამ ვარიანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი თამაშის დაწყება საკმაოდ რთულ სასტარტო პირობებში უწევდა და, პაიეტის კომენტარს თუ დავეყრდნობით, ის ობამას ადმინისტრაციასაც აძლევდა ხელს. მაგრამ ოპოზიცია, რადიკალების ზეწოლით, გამწვავებაზე წავიდა და იანუკოვიჩი კიევიდან ისე გაიქცა, რომ გადადგომას ხელი არ მოაწერა. შედეგად შეიქმნა ბუნდოვანება ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც კრემლმა გამოიყენა. იანუკოვიჩი, რომელიც საკუთარ თავს კვლავინდებურად ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის, შეურთდა ყირიმის ახალი ლიდერის, აქსენოვის, თხოვნას მოსკოვისადმი, დახმარება აღმოუჩინონ და, დიდი ალბათობით, ხელს მოაწერს ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ახლო მომავალში შეიძლება კრემლს დასჭირდეს.

სავარაუდოდ, სწორედ 21 თებერვლის შეთანხმების დარღვევის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჩათვალა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერესების სრული უგულვებელყოფა ხდება და გაცილებით ხისტად ამოქმედდა.

დღეს, როდესაც უკრაინაში განვითარებულ პროცესებს ვუყურებთ, ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი სავსებით მართალი იყო, როდესაც ქართველ ამომრჩევლებს მოუწოდებდა, მოთმინება გამოევლინათ, სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესში ყველა წამოსადგენი პროცედურა დაეცვათ და კანონის ჩარჩოებიდან ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არ გასულიყვნენ. ამის გამო ქვეყანამ საკმაოდ ბევრი დრო დაკარგა, თუმცა ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ მის მოსისხლე მტრებსაც კი არ დაუყენებიათ, რომელმაც საქართველოს უამრავი საფრთხე აარიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკრაინაში ძალზე რთულია, ზოგიერთ რეგიონში კი თითქმის უმართავი, საბედისწერო ზღვარი, რომლის მიღმა დეესკალაცია შეუძლებელი გახდება, ჯერჯერობით გადალახული არაა. ძნელი სათქმელია, მოახერხებენ თუ არა გარე მოთამაშეები კონსენსუსის მიღწევას, რომელიც უზრუნველყოფს რადიკალების გავლენის ეტაპობრივ შეზღუდვას და ხელისუფლებაში იულია ტიმოშენკოს ან სხვა (შესაძლოა, ნაკლებადსიმპატიური, მაგრამ საკმარისად პრაგმატული) კომპრომისული ფიგურის მოყვანას. ერთი რამ კი ცხადია, «კუნძული ყირიმი», დიდი ალბათობით, რუსულ პროტექტორატად ჩამოყალიბდება, სადაც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციას სიმბოლური ხასიათი თუ ექნება; ვარიანტი, რომლის ფარგლებში, კრემლი იძულებული გახდება ყირიმზე კონტროლი დათმოს ან თუნდაც შეასუსტოს, დღესდღეობით ძნელი წარმოსადგენია.

დღეს ბევრს საუბრობენ «ახალ ცივ ომზე», რომლის დაწყება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და პეკინს სტრატეგიული ალიანსის შექმნისკენ უბიძგებს, რაც აშშ-ის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. დღეს ვაშინგტონში, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, ორი ძირითადი იდეა გამოიკვეთა, რომლებიც ყველაზე ლაკონურად, ერთი მხრივ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა, მეორე მხრივ კი, გამოჩენილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ჩამოაყალიბეს. მაკკეინმა თქვა, რომ უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდეს, ხოლო ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ მან, ფინეთის მსგავსად, ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს და არ გაწევრიანდეს ალიანსებში, რომელთაც რუსეთი მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ამ თემაზე დღეს, როდესაც წინასადეფოლტო უკრაინაში სრული ქაოსია, ნაადრევი ჩანს, მასზე ყურადღების გამახვილება, ალბათ, მაინც მნიშვნელოვანია. უკრაინის მოვლენებმა რუსეთი, ფაქტობრივად, სამობილიზაციო რეჟიმში გადაიყვანა; აქ იგულისხმება არამხოლოდ სამხედრო ღონისძიებები, არამედ ზოგადად მზადება ყოვლისმომცველი დაპირისპირებისთვის დასავლეთთან (და «საუკუნის ალიანსისთვის» ჩინეთთან). ჩვენ თვალწინ იბადება რუსეთის მოდერნიზებული საგარეო პოლიტიკა და, შესაძლოა, ახალი სახელმწიფო იდეოლოგიაც კი. ეს «დიდი რუსული მობილიზაცია», ამა თუ იმ ფორმით, უდავოდ მოახდენს გავლენას ურთიერთობაზე ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან.

ბჟეზინსკი, პუტინის რუსეთის მიმართ უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ფრთხილობს, კრემლის დამშვიდებას ცდილობს და დასავლეთის ლიდერებს კომპრომისისკენ მოუწოდებს; მაკკეინი კი მიიჩნევს, რომ კომპრომისების დრო დასრულდა. ორ ბანაკად გაყოფილი ამერიკელი პოლიტიკოსები ამ ორ მიდგომას და კრიზისში ჩარევის კონფრონტაციულ და «რბილ» სცენარებს შორის მერყეობენ. ამ კონტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმპულსებს, რომლებიც ევროკავშირიდან, უპირველესად, გერმანიიდან წამოვა (ყირიმთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიციაც). ალბათ, სასურველია, რომ ამ ბუნდოვან, საშიშ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდეს პროცესებს, სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად, არ შეეცადოს თავი «პაპზე დიდ კათოლიკედ» წარმოაჩინოს და მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედოს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here