Home რუბრიკები საზოგადოება ეკოლოგიური მედიცინის პერსპექტივები

ეკოლოგიური მედიცინის პერსპექტივები

როგორც ჩვენი გაზეთი იუწყებოდა, ამა წლის 22 თებერვალს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამეცნიეროპრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა მედიცინის სრულიად ახალი მიმართულების _ ეკოლოგიური მედიცინის პერსპექტივებს საქართველოში. კონფერენციას უძღვებოდა ადამიანის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, ბატონი თეიმურაზ შენგელია.

 

კონფერენციაზე სიტყვითა და მოხსენებებით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია «ქართული ოცნება _ თბილისელების» თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე, პროფესორი დიმიტრი ხარძაია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლუიზა მარსაგიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ია კავაძე, ექიმი გიორგი დონაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა გიორგობიანი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ტერუნაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ადა მჭედლიძე, პროფესორი იგორ დოლიძე, ექიმიჰომეოპათი შორენა ხარებავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლელა გიორგობიანი, ექიმი თინათინ კობერიძე.

კონფერენციის შედეგების მიხედვით, მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი, რომელსაც აქვე ვთავაზობთ მკითხველს:

კონფერანციის მონაწილენი მივესალმებით ქ. თბილისის საკრებულოს, ადამიანის ეკოლოგიის ინსტიტუტის, ქ. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის, ბიოლოგიური მედიცინის ასოციაციის, ჯანმრთელობის ცენტრ «ნატუროპათის» ინიციატივას, პირველად საქართველოში გვემსჯელა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიც არის ეკოლოგიური, ანუ ალტერნატიული და უსაფრთხო მედიცინა.

მთელი რიგი დაავადებებისა _ ნერვული სისტემის, გულისისხლძარღვთა, ენდოკრინული, მომნელებელი და სხვა სისტემებისა, გამოწვეულია გარემოს, როგორც მთლიან ეკოსისტემასა, და ადამიანის ორგანიზმს შორის კავშირის რღვევით. გარემოს ცვლილებებს ადექვატურად ვერ პასუხობს ადამიანის ორგანიზმი. ადამიანმა დაკარგა თვითრეგულირების ფუნქცია. კლასიკური მედიცინა კი ძირითადად ორიენტირებულია სიმპტომატურ მკურნალობაზე.

ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ვადასტურებთ მთელი რიგი დაავადებების მკურნალობის ეკოლოგიურ მეთოდებს, როგორც უალტერნატივოს და უსაფრთხოს. მკურნალობის ეკოლოგიური მეთოდები ორგანიზმს უბრუნებს თვითრეგულირების, თვითაღდგენისა და თვითგანკურნების ფუნქციას, რაც აფართოებს ადამიანის ცნობიერებას, ზრდის მის შრომისუნარიანობას და თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი წარმატებით გამოიყენება ეკოლოგიურ-ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები, რომლებიც რეგულირდება სახელმწიფოს მიერ.

გაეროს 2001 წლის იურიდიული დოკუმენტი «ხალხური და კომპლემენტარული (ალტერნატიული) მედიცინის სტატუსი» აერთიანებს 120 ქვეყანაზე მეტს. სამწუხაროდ, საქართველო მათ რიცხვში არ არის, თუმცა ხალხური მედიცინის მრავალათასწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მეორე არ გვეგულება.

მოგმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ქ. თბილისის საკრებულოს და მერიას, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, შეიქმნას ადამიანის ეკოლოგიის სააგენტო (დეპარტამენტი) და სამკურნალო-კვლევითი ცენტრი, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:

1. გარემოს მავნე ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედების შესწავლა და სისტემატიზირება;

2. ეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, რეაბილიტაცია და პრევენცია;

3. ეკოლოგიური მეთოდებით მკურნალობის კოორდინირება, რეგულირება და პოპულარიზაცია;

4. ეკოლოგიური აზროვნებისა და ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება საზოგადოებაში;

5. ეკოლოგიური განათლება.

ვფიქრობთ, თავისი ფუნქციების ეფექტურად და დროულად განხორციელებისთვის აღნიშნული სამსახური დაექვემდებაროს საქართველოს მთავრობას, კერძოდ, პრემიერმინისტრს და თავისი საქმიანობა წარმართოს ამ მიმართულებით მსოფლიოს, კერძოდ, ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.»

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here