Home რუბრიკები პოლიტიკა რა პირობა მისცა «საქართველო და მსოფლიოს» შს მინისტრმა ჭიკაიძემ?

რა პირობა მისცა «საქართველო და მსოფლიოს» შს მინისტრმა ჭიკაიძემ?

588

ორიოდე დღის წინ სასტუმრო «რადისონ ბლუ ივერიაში» შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც «საქართველო და მსოფლიო» იყო მიწვეული. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, 2014 წელს გაგრძელდება სამინისტროს სისტემის რეფორმა, შენარჩუნდება შს სამინისტროს დეპოლიტიზების კურსი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას.

 

შს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასაზღვრო უსაფრთხოება, მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, ტერორიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კორუფციის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე პოლიციის განვითარება, მისი ტექნიკუროპერატიული აღჭურვა. 2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პოლიციელთა გადამზადების დონის ამაღლებასაც, რადგან ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში პროფესიონალიზმის სერიოზული ნაკლებობა იყო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ «საქართველო და მსოფლიოს» შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

_ ბატონო ალექსანდრე, რამდენიმე დღის წინ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს…  ოფისის ხელმძღვანელის _ ზურაბ კვარაცხელიას განცხადებით, ეს აპარატურა იქ ახალი ჩამონტაჟებული იყო. გარდა ამისა, ადვოკატი ირმა ჭკადუა ამტკიცებს, მის ტელეფონს უსმენენ და საერთოდ, კატასტროფულად ბევრი ნომერი ისმინებარა ხდება: შს სამინისტრო ისევ უკანონოდ უსმენს მოქალაქეებს?

_ ალბათ, აჯობებს, ჯერ დაადგინონ, ეს მოსასმენი აპარატურა რა ვითარებაში შეიტანეს იმ ოფისში და ზუსტად როდის დაამონტაჟეს. პირადად  ვარ იმის გარანტი საზოგადოებისთვის, რომ არანაირი უკანონო ვიდეო და აუდიომეთვალყურეობა, ვიდეოთვალთვალი, ხმის ჩაწერა და მიყურადება არ ხდება და არც მოხდება. დღეს ჩვენი სამინისტრო მთლიანად გადართულია სახელმწიფოსა და მოქალაქის ინტერესებზე, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და არა მოქალაქეების დევნაზე, ჩაგვრაზე, შანტაჟსა და შევიწროებაზე. 

_ საზოგადოების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ნაციონალებისდროინდელი ზონდერები, სისხლის სამართლის დამნაშავეები, გახმაურებულ უკანონო სადამსჯელო სპეცოპერაციებში მონაწილე პირები შს სამინისტროში თქვენი მოსვლის შემდეგაც მუშაობენ, მეტიც, საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან. როგორია თქვენი კომენტარი?

_ პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, გამოძიება მიმდინარეობს. დამერწმუნეთ, ჩვენს სამინისტროში მკვლელები არ მუშაობენ, ჩვენ მკვლელებს არ ვნიშნავთ, არავის ვკლავთ და არც მკვლელს ვტოვებთ თანამდებობაზე. თუ მომავალში გამოძიებით დადგინდება, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, ყველა სათანადოდ დაისჯება, პირადად გაძლევთ ამის გარანტიას.

_ იური ვაზაგაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თქვენ მფარველობთ ქალაქის პოლიციის უფროსს _ გიორგი დალაქიშვილსა და მის მოადგილეს _ ოთარ მირზოევს, რომლებიც მისი შვილის მკვლელობის თანამონაწილენი არიან. რა პასუხს გასცემთ ამ ბრალდებებზე?

_ თუ გამოიკვეთა გიორგი დალაქიშვილისა და ოთარ მირზოევის დანაშაული, ისინი აუცილებლად დაისჯებიან, გაძლევთ ამის პირობას.

_ ახლო წარსულში, ხშირი იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე პოლიციელი მოქალაქის დაკავების დროს მძაფრ ზეწოლას ახდენდა დაკავებულ პირზე, სისტემატური სახე ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ერთი წელი არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ეს მავნე პრაქტიკა ბოლომდე აღმოიფხვრას. როგორ უნდა მოახერხოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ თავის დაცვა, როცა რამდენიმე პოლიციელი აკავებს მას ასეთი ფორმით და როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიციელებმა თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს მასთან დაკავშირებით?

_ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს გენერალური ინსპექცია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პოლიციელის მხრიდან მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში; გენერალური ინსპექცია გამოიკვლევს აბსოლუტურად ყველა დარღვევას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

P.S. ბევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ძირითადად, მათი ტონი არ იცვლებოდა, ყველა საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, დასავლურ ფასეულობებზე და მოქალაქის უსაფრთხოებაზე. მოგვიანებით ირკვეოდა, რომ თურმე ამ მინისტრებს ელიტურ კორუფციაში იღლიამდე ჰქონდა ხელი ჩაფლული, ხოლო ზოგი მათგანი «ორ გვამსაც» მოითხოვდა თანამშრომლებისგან მსუყე პრემიის სანაცვლოდდრო გვიჩვენებს, აღმოჩნდება თუ არა ჭიკაიძე გამონაკლისი მინისტრების ამ სიიდან და რამდენად შეასრულებს «საქართველო და მსოფლიოსთვის» მიცემულ პირობას ახალი მინისტრი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here