Home რუბრიკები პოლიტიკა რა ღირს ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე?

რა ღირს ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე?

2284

ბოლომდე ისიც ვერ გაუგია ყველას, რატომ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში და ახლა ირკვევა, რომ ქართული კონტიგენტი ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ეს  ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიხილა, მოიწონა და 21 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ მოუწოდა მთავრობას, რომ ქართულ საჯარისო ნაწილებს ამის ნება დართონ.

 

ვიდრე უშუალოდ იმას მოგახსენებთ, სად იმსახურებენ ჩვენი ბიჭები, გეტყვით, რომ ანალოგიურ შეთავაზებაზე არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ თქვა უარი და ამით საკუთარ მომავალს გაუფრთხილდა, ჩვენ კი უშურველად ვუშვებთ ქართველ ჯარისკაცებს იქ, სადაც ამას წინათ ქუჩაში მიმავალი ადამიანი მაჩეტეებით აჩეხეს და იქვე შეჭამეს, ანუ ჯარისკაცები ამ ქვეყანაში არა მხოლოდ აჯანყებული ადამიანების, არამედ რიგითი კანიბალების სამიზნეებიც იქნებიან და სულ არ დაგიდევენ, ვისი ხორცის ჭამა მოუწევთ _ მთავარია, დანაყრდნენ.

ახალმა ხელისუფლებამ ავღანეთში მყოფ ქართულ დანაყოფს ჯამაგირი მალევე გაუზარდა. რიგითებს 40%-ით გაეზარდათ სარგო და 715 დოლარის ნაცვლად 1001 დოლარი აქვთ; კაპრალებს, 780 დოლარის ნაცვლად, _ 1040 დოლარი; უმცროს სერჟანტებს, 845 დოლარის ნაცვლად, _ 1079 დოლარი; სერჟანტები, 910 დოლარის ნაცვლად, 1118 დოლარს მიიღებენ; უფროსი სერჟანტები,  975 დოლარის ნაცვლად, _ 1157 დოლარს; მასტერ-სერჟანტები, 1105 დოლარის ნაცვლად, _ 1235 დოლარს; მთავარი სერჟანტები, 1170-ის ნაცვლად, _ 1300 დოლარს; ლეიტენანტები, 1274 დოლარის ნაცვლად, _ 1391 დოლარს; უფროსი ლეიტენანტები, 1300 დოლარის ნაცვლად, _ 1417 დოლარს; კაპიტნებს ჯამაგირი  1430 დოლარიდან 1547 დოლარამდე გაეზარდათ; მაიორები, 1690-ის ნაცვლად, 1781 დოლარს მიიღებენ; ვიცეპოლკოვნიკებს 1950 დოლარიდან 2041 დოლარამდე გაუზარდეს ჯამაგირი; პოლკოვნიკების ანაზღაურება კი, 2210 დოლარის ნაცვლად, 2301 დოლარი იქნება. ეს ყველაფერი ასე დეტალებში იმიტომ მოგიყევით, რომ აფრიკაში წასასვლელად გამზადებული კონტიგენტიც ანალოგიურ ხელფასს მიიღებს.

ძნელია, დაიჯერო ის, რომ ქართველი ადამიანი ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს იმის გამო ტოვებს და იმიტომ მიდის ტყვიასა თუ კანიბალის მაჩეტეზე, რომ ეს სამშობლოს სჭირდება. საქმე აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ ეხებოდეს, კიდევ _ ჰო, მაგრამ აფრიკის გავლით ნატოს გზაზე დადგომა, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდს ჰგავს. რეალურად საქმე ხელფასშია, იმ ხელფასში, რომელიც საქართველოში მოსახლეობის 70 პროცენტს არ აქვს და სწორედ ოჯახის წევრთა შესანახავად «მიეფიცხებიან» აფრიკულ მზეს ქართველები და სწორედ ოჯახების გამო დადიან ავღანურ ხრიოკებზე. თუ არ გჯერათ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ, იგივე ანაზღაურება საქართველოში სამსახურისთვის დაუნიშნეთ ჩვენს ჯარისკაცებს და მერე ნახავთ, რამდენს გაუჩნდება ავღანეთსა და აფრიკაში წასვლის სურვილი. არც ერთს, ბატონებო, არც ერთს!!! და ეს მწარე რეალობაა.

კი დავიჯერებდით იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა, ეს ჯამაგირი იხადოს და მით უფრო, რომ მინისტრებსაც კი ხელფასები შეუმცირდათ და, 6300 ლარის ნაცვლად, 5000 ლარს იღებენ, თუმცა…

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 3540 ლარი, სტაჟის დანამატი _ 25%, ანუ 885 ლარი, საიდუმლოს დანამატი _ 15% (531 ლარი), პრემიერმინისტრის ბრძანებით, დანამატი _ 4335 ლარი, საკლასო ჩინის დანამატი 35% _ 1239 ლარი, პრემია _ 4335 ლარი, სულ დარიცხული ხელფასი _ 20090.32. აქედან საშემოსავლოა 4018,06 ლარი, ხელზე კი აიღო 16072,26 ლარი.

16072,26 ლარი _ ეს არის თავდაცვის მინისტრის ერთი თვის ჯამაგირი. მინისტრს ნორმალური ჯამაგირი უნდა ჰქონდეს, კორუფციაზე რომ არ იფიქროს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს თანხა იმაზე ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც ტყვიას შუბლს უშვერენ და რომელთა თავდადებითაც ევროპასა თუ ამერიკაში ვიწონებთ თავს.

წლებია, ასე გრძელდება და სანაცვლოდ მხოლოდ დაპირებებს ვიღებთ, რომ, ადრე თუ გვიან, იბერია გაბრწყინდება და დიდი და მყარი ნაბიჯებით შევალთ ნატოში. ძალიან რთულია, ეს ყველაფერი დაიჯერო და დაიჯერო იმის ფონზე, როცა ხედავ, რომ რეალური ძვრები არ არის და, რაც მთავარია, ხელისუფლებაც მხოლოდ სასწაულის იმედზეა.

საუბედუროდ, ცხელი წერტილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველთვის იქნება და, თუ ყველგან ქართველები წავლენ წესრიგის დასამყარებლად, საჭირო დროს და საჭირო მომენტში თავის დაცვა რიგით ადამიანებს მართლა ჯიბის დანებითა და ჩანგლებით მოგვიხდეს.

და ერთიც _ თუ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ქართული ჯარი აფრიკაში უნდა წავიდეს, აეროპორტში ჰიმნის ნაცვლად «მამა აფრიკა» დავუკრათ, ევროპელებს გაუხარდებათ.

დავით მინდიაშვილი

 

3 COMMENTS

  1. ეგენი გმირები კიარა გაყიდული მოგალატეებია. გმირობის სტატუსს რაგატო არცხვენენ

  2. ისინი არიან მოღალატეები?
    სახელმწიფო თუ ხალხს ღალატობს ეს ჯარისკაცის ბრალი არ არის!
    ჯარისკაცები არ ღებულობენ იმას რასაც იმსახურებენ და სისხლის და ოფლის ფასად ხელფასის თუ სახელის გამო აკეთებენ იმას რაც საჭიროა და ცდილობენ შეცვალონ საქართველო და სრულიად მსოფლიო უკეთესობისკენ..(პს თქვენ ლაყბობთ სამოქალაქო სუფრებიდან დღესასწაულების ან და ქუჩებიდან…მოღალატეს უწოდებ კიარა დალოცე თვითონ ხარ მოღალატე!)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here