Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული რებუსი

უკრაინული რებუსი

555

გასულ კვირას უკრაინაში ორხელისუფლებიანობის სიომ დაუბერა, რადიკალურ და ზომიერ «მაიდანელებს» შორის აშკარა წინააღმდეგობები გამოიკვეთა. უკრაინელი ოლიგარქების და ზოგიერთი რეგიონული ჯგუფის ამბიციების გათვალისწინებით, საუბარი, ალბათ, სამ, ოთხ და «ხუთხელისუფლებიანობაზეც» შეიძლება.

 

თუ ყოველივე ამას მივუმატებთ პროცესებში უცხო სახელმწიფოების ჩარევას, რომელნიც ერთმანეთს ხელს უშლიან, ალბათ, «მრავალხელისუფლებიანობის» მსგავსი ტერმინის გამოგონება მოგვიწევს, თუმცა, ვინაიდან მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს, ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინაში ჯერჯერობით ბანალური ქაოსია და ის შეიძლება საკმაო ხანს გაგრძელდეს, თუნდაც უკრაინული პოლიტიკური რებუსის რომელიმე ელემენტი ჩამოთვლილთაგან თამაშს გამოეთიშოს ან მისი ადგილი სხვა, უცაბედად გამოჩეკილმა ძალამ დაიკავოს.

ცეკვა ბეწვის ხიდზე

ქართველი კომენტატორების ნაწილს არ ასვენებს დაუოკებელი სურვილი _ ნებისმიერი, მათ შორის უკრაინული, დაპირისპირება პრიმიტიულ, ბიპოლარულ, შავ-თეთრ სქემამდე დაიყვანოს და კრიზისში მხოლოდ რუსეთ-დასავლეთის ესქატოლოგიური დაპირისპირება დაინახოს. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ «დასავლეთის» შემადგენელ ნაწილებს, მაგალითად, აშშსა და გერმანიას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგჯერ დიამეტრალურად საპირისპირო პოზიცია აქვთ. ამასთანავე, იმ უკრაინელი პოლიტიკოსების ბიოგრაფიები, რომლებიც ამ კომენტატორებს «პროდასავლური» ან «პრორუსული» ვექტორის განსახიერებად გამოჰყავთ, ზოგიერთ ეპიზოდში საკმაოდ დამაფიქრებელია. მაგალითად, ფორმალურად პროდასავლურმა ტიმოშენკომ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელმაც უკრაინა «გაზპრომის» წინაშე დააჩოქა. ხოლო ფორმალურად პრორუსულმა იანუკოვიჩმა ჩაშალა რუსეთთან მთელი რიგი შეთანხმებების რეალიზაცია (. . საინტეგრაციო პაკეტი), რის გამოც რუსი ექსპერტების დიდი ნაწილი ბოლო ორი წლის განმავლობაში მოღალატეს უწოდებდა. სინამდვილეში კი უკრაინელი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი «ორმაგი დაქვემდებარებისაა» (თუ არა სამმაგი).

რა თქმა უნდა, დაპირისპირება რუსეთსა და აშშ შორის უკრაინულ არენაზე რეალურად არსებობს, თუმცა მან ხანდახან შეიძლება ძალზე უცნაური ფორმა მიიღოს. მაგალითად, მხარეებმა შეიძლება მიაღწიონ კონსენსუსს ხელისუფლების სათავეში იულია ტიმოშენკოს მოსვლის თაობაზე, მაგრამ ამას სრულიად განსხვავებული მოლოდინი დაუკავშირონ: ამერიკელებმა _ უკრაინის კონსოლიდაცია ანტიმოსკოვური ლოზუნგების ქვეშ, ხოლო რუსებმა _ ტიმოშენკოს დაპირისპირება დასავლეთ უკრაინის რადიკალურ ჯგუფებთან, რომელსაც მოსკოვის უშუალო კონტროლქვეშ მყოფი (ამ კონტექსტში «მესამე») ძალების ბუნებრივი გაძლიერება მოჰყვება. თეთრ სახლს და კრემლს კრიზისის ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებთ, რა ერქმევა ადამიანს, რომელიც უკრაინის ლიდერის სავარძელში ჩაჯდება და რა ლოზუნგებს გამოიყენებს. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია: ა) ვისგან აიღებს ის კრედიტებს; ბ) ვის დაუთმობს ბაზებს უკრაინის ტერიტორიაზე; გ) რა პოლიტიკას გაატარებს მეზობლების მიმართ; დ) კონტროლი უკრაინის ეკონომიკაზე; ე) კონტროლი ტრანზიტზე; ვ) კონტროლი უკრაინულ ელიტაზე და საზოგადოებრივ აზრზე. ყველაფერი დანარჩენი ბელეტრისტიკაა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და მისწრაფებები ამ კონტექსტში მეორეხარისხოვანია, თუ არა მეათეხარისხოვანი. ზოგიერთი ჩამოთვლილი პოზიციის მიხედვით, ლიდერობს აშშ, ზოგიერთის მიხედვით კი _ რუსეთი; ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მათგანი ვაბანკზე წავიდეს და მოწინააღმდეგისთვის მთელი მისი აქტივების წართმევა სცადოს, რადგან ეს შეიძლება ძალიან სახიფათო კონფრონტაციით დასრულდეს. მათი დღევანდელი ჩართულობა უკრაინის კრიზისში ერთობ ჰგავს სიტუაციას კაზინოში, როდესაც მოთამაშეებს ჯერ კიდევ უჭირავთ კარტები, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდა უკვე ააყირავა. ამ პოზიციიდან შესაძლებელია როგორც ბანქოს თამაშის გაგრძელება, თითქოს ინციდენტი შემთხვევით მოხდა, ისე ხელჩართულ ბრძოლაზე გადასვლა.

უკრაინა ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი რესურსების მქონე ქვეყანაა და მის ელიტას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, გლობალური მოთამაშეებისგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი გამხდარიყო, თანდათან გაეფართოვებინა სუვერენული გადაწყვეტილებების სივრცე და აეძულებინა მოსკოვი და ვაშინგტონი, უკრაინის გულის მოსაგებად ძალიან ძვირი გადაეხადათ. მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ: ელიტამ სახელმწიფო კრახის პირას მიიყვანა და საკუთარი თავი ლამის მარიონეტთა თეატრად გადააქცია. საერთოდ, უკრაინული ელიტა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც თავისებური კონფედერაცია, რომელიც უამრავი პატარა, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მისწრაფებების მქონე ერთეულისგან შედგება (პოლიტიკური ჯგუფები, ცალკეული ოლიგარქების გარემოცვა, სხვადასხვა ტიპის მაფიები და ა. შ.) და მისი მართვა ისეთივე რთულია, როგორც ტარას ბულბას დროინდელი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებების.

მიუხედავად იმისა, რომ კრავჩუკსა და კუჩმას უამრავი მინუსი ჰქონდათ და მათი მმართველობის წლებში ქვეყანაში ტოტალური კორუფცია დამკვიდრდა, ისინი ახერხებდნენ ამ მასის შიგნით გარკვეული კონსენსუსის შენარჩუნებას და ამით მოიგეს დრო, როდესაც შეიძლებოდა ამორფული სახელმწიფოს კონსოლიდაციისთვის აუცილებელი იდეების გამომუშავება და ელიტის შიგნით თამაშის ახალ, გაცილებით ცივილურ წესებზე შეთანხმება. მაგრამ ეს არ მომხდარა, ხოლო იუშჩენკომ, ტიმოშენკომ და იანუკოვიჩმა, რომელნიც ფორმალურად კონსენსუსის შენარჩუნების პოლიტიკას აგრძელებდნენ, სცადეს, რადიკალურად შეეცვალათ ძალთა ბალანსი ერთი (საკუთარი) ძალის სასარგებლოდ. ეს დაახლოებით იგივე იყო, ბეწვის ხიდზე მიმავალ კაცს «კაზაჩოკის» ცეკვა რომ დაეწყო, და სიტუაცია ელიტის შიგნით ბუნებრივად აირია, შესაბამისად, გარე მოკავშირეების (ალბათ, უფრო პატრონების) როლი ცალკეული გავლენიანი ჯგუფებისთვის გაიზარდა.

როგორც უნდა დასრულდეს ამჟამინდელი კრიზისი, უკრაინა, დიდი ალბათობით, გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს დესუვერენიზაციისკენ, იმისკენ, რომ გარე ძალების დაპირისპირების კიდევ ერთი, შესაძლოა, სისხლით მორწყული არენა გახდეს. არადა, მას ნამდილად ჰქონდა დიდი და, შესაძლოა, ჯერ კიდევ შემორჩა, მცირეოდენი შანსი რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაქცეულიყო, რომელსაც უცხო ქვეყნები პატივისცემით მოეპყრობოდნენ და ანგარიშს გაუწევდნენ.

ისინი ყოველთვის მოიპარავენ

სროლის დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე ერთმა კიეველმა ბლოგერმა აიღო კამერა და «მაიდანის» სიახლოვეს გაისერნა. ის ეკითხებოდა ხალხს, თუ როგორ დასრულდებოდა დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და როგორი მომავალი ელოდებოდა უკრაინას. საინტერესოა, რომ მის მიერ გამოკითხულ ორ კაცს (ერთი «ევრომაიდანელი» იყო, ხოლო მეორე _ «ანტიმაიდანელი»), როგორც ჩანს, «გულწრფელობის შეტევა» დაემართა და ბლოგერს აბსოლუტურად იდენტური პასუხი გასცა: «როგორც იპარავდნენ, ისევ ისე მოიპარავენ» (თან ორივე გულისხმობდა, რომ გამარჯვება მის ფავორიტ ძალას დარჩება). ეს, ალბათ, ძალზე საგულისხმო შემთხვევაა და ამ პოზიციაზე არაერთი მოქალაქე დგას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.

ხალხი დაიღალა ელიტის გაუმაძღრობით და უსინდისობით, მას რცხვენია, რომ ქვეყანას ისეთი ადამიანები მართავენ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი ფულის შოვნა და ძალაუფლებით ტკბობაა და, უხეშად რომ ვთქვათ, ოქროს უნიტაზის იქით ვერაფერს ხედავენ.

სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული შესაძლებელი, მათ შორის, იმიტომ გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ქვეყანას არ გააჩნდა არანაირი რესურსი (პრაქტიკულად მთელი წიაღისეული ჩრდილოეთშია), ხოლო 1950-53 წლების ომმა ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მიწასთან გაასწორა. რაოდენ უცნაურადაც უნდა გაიჟღეროს, ქვეყანაში მოსაპარი აღარაფერი დარჩა, ხალხი დღედაღამ შრომობდა, ხოლო ელიტა იძულებული გახდა, პატიოსნება გამოევლინა. გენერალი პაკ ჩონ ხი ქვეყნის ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც სასტიკი დიქტატორი და ეკონომიკური სასწაულის მამა, არამედ როგორც უპატიოსნესი ჩინოვნიკი, რომელსაც ერთი ცენტიც კი არ მოუპარავს, უქმე დღეებში პაპისეულ ნაკვეთს ამუშავებდა და იქ მოყვანილ მოსავალს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიირთევდა; ამას მისი მოსისხლე მტრებიც კი არ უარყოფენ.

უკრაინასა და საქართველოში სულ სხვა რამ მოხდა. ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია; ადგილობრივი ელიტა ეცა უპატრონო საბჭოთა მემკვიდრეობას, როგორც ბარბაროსების ურდო _ ანტიკურ რომს და ამით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის უდიდესი ძარცვაგლეჯა უახლეს ისტორიაში. კრიტიკულ მომენტში არ მოიძებნა არავინ, ვინც, იმ სამხრეთკორეელი გენერლის მსგავსად, ელიტას გაჩერებას აიძულებდა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორი სიხარულით შეხვდა საზოგადოების გულუბრყვილო ნაწილი სააკაშვილის დემაგოგიას ჩინოვნიკების თავგასულობის და პრივილეგიების შეზღუდვის შესახებ და რამდენად იმედგაცრუებული დარჩა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ «გაღორების ტემპებით» წინამორბედს გადააჭარბა. იგივე მოხდა უკრაინაში, სადაც ამომრჩეველი ამავე იმედებს კუჩმას შემცვლელ იუშჩენკოს უკავშირებდა. დაახლოებით ასეთივე იმედგაცრუება იბადება დღეს საქართველოში, როდესაც ხალხი ახალი მთავრობის ჩინოვნიკების ხარჯებს და მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერებს უყურებს. გამორიცხული ნამდვილად არაა, მალე მსგავსი რამ უკრაინაშიც განმეორდეს, მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობის წარმომადგენელთა მადა გაიზრდება.

ნებისმიერი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელთა უმრავლესობის მსოფლმხედველობის ქვაკუთხედი ოქროს უნიტაზია, ადრე თუ გვიან ძალიან სამარცხვინოდ დაამთავრებს, რამდენად კარგ ლოზუნგებსაც არ უნდა ამოეფაროს და როგორიც არ უნდა იყოს მისი ხელისუფლებაში მოსვლის ისტორია; ამის ნათელი მაგალითი ახლახან უკრაინაში ვიხილეთ. სხვა საქმეა, რომ ხალხის სამართლიან პროტესტს თავისი მიზნებისთვის 99% შემთხვევაში არანაკლებ უსინდისო ძალები იყენებენ. დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თერაპიული მეთოდებით განიკურნოს სენისგან, რომლის დამარცხებას მომავალში შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. მკაცრი სამოქალაქო კონტროლი ელიტაზე და მისი «იძულება პატიოსნებისადმი» ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ნიჭიერი და პატიოსანი ახალგაზრდები არ დაელოდებიან მინიშნებას «ზემოდან» და დაფინანსებას (ამავე წყაროდან), რათა პოლიტიკაში, სამოქალაქო სექტორში ან პროფკავშირულ მოძრაობაში მოვიდნენ. ეს ელიტის სამომავლო გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ალბათ, აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივების გამოვლენის თვალსაზრისით, ქართველები ძალზე ინერტულები ვართ და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის გვეშინია.

მაქსიმალური სიფრთხილე

თუ კრემლი იგრძნობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინული ოპერაციით სერიოზული საფრთხე შეუქმნეს (სავარაუდოდ, სწორედ ასე მოხდება), ის, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში საერთაშორისო არენაზე ძალიან ხისტად იმოქმედებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული წინდახედულობის გამოვლენა მოუწევს. თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაღრმავდება კონფრონტაცია გლობალურ მოთამაშეებს შორის, ყველა კოზაკს მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ როგორ არ უნდა გაიჭყლიტოს აქლემების ჩხუბში.

ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, სერიოზული შეცდომების მიუხედავად, «ქართულმა ოცნებამ» მოახერხა როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან წინამორბედზე გაცილებით დალაგებული ურთიერთობების დაამყარება, რომელთაც დადებითი დინამიკა ახასიათებს. ახლა მთავარია, რომ ის არ ჩავარდეს ილუზიების ტყვეობაში და სააკაშვილის მსგავსად არ დაიწყოს ახალგაღვიძებული თუ დაჭრილი დათვისთვის ქვების სროლა, რადგან ეს შეიძლება კიდევ უფრო მძიმე შედეგით დასრულდეს, ვიდრე 2008-ში.

ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2004-05 წლები, როდესაც «ფერადი რევოლუციების» წარმატებული მარში გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობაში რიტორიკა (და პოლიტიკა) შეაცვლევინა; თავიდან ის გაცილებით ზომიერი იყო. მაშინ ამერიკელები უტევდნენ, შემდეგ რუსები კონტშეტევაზე გადავიდნენ როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში და ყველაზე მძიმე შედეგით ეს საქართველოსთვის დასრულდა. ახლა, როგორც ჩანს, დაიწყო ამერიკელების ახალი შეტევა (ეს ერთობ ჰგავს ერთსა და იმავე მონაკვეთის დაუსრულებელ გადასვლას ხელიდან ხელში პირველი მსოფლიო ომის დროს), შემდეგ, დიდი ალბათობით, ისევ რუსული კონტრშეტევა დაიწყება და ასე შემდეგ.

ასეთ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ადეკვატურობა შეინარჩუნოს და ილუზიებში არ გადავარდეს, მითუმეტეს რომ ეს, ისევე, როგორც «ქართული ოცნების» შეტოპვა მწვავე კონფორნტაციაში კრემლთან, სავარაუდოდ, «ნაციონალების» ერთერთ ყველაზე დიდ ოცნებას წარმოადგენს.

პოსტსკრიპტუმის ნაცვლად: 1917-20 წლებში ხელისუფლება კიევში 14-ჯერ შეიცვალა. ეს XX საუკუნის რეკორდია და იმის გარანტია, რომ XXI საუკუნეში მისი «გაუმჯობესება» არ მოხდება, ალბათ, მაინც არ არსებობს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. გაიხარეთ,ძალიან ლამაზად გადმოეცით საქმის ვითარება, მაგრამ მეეჭვება რომ ე.წ."საზოგადოების" დიდი ნაწილი მიხვდეს მოვლენათა დრამატულობას…
    საქართველოს მოსახლეობის აზრი პურის პოვნაზეა გადასული და სამწუხაროდ ვერ ხვდება , თუ როგორ დრამატულად ვითარდება მოვლენები და ერთი პროვოკაცია საკმარისი იქნება საქართველოს კუთხეებად დაშლისა. და არა მარტო დაშლისა, არამედ უცხო სახელმწიფოები გაინაწილებენ ჩვენს ქვეყანას!
    ერთადერთი იმედი უფლის წყალობაშია და ღმერთსა ვთხოვ გამოაფხიზლოს სრულიად ქართველი ერი და გააერთიანოს ჭეშმარიტი პატრიოტული მიზნების შესასრულებლად!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here