Home რუბრიკები პოლიტიკა ვის ესიზმრება თბილისური «მაიდანი»?

ვის ესიზმრება თბილისური «მაიდანი»?

536

კიევში განვითარებული მოვლენების კვალობაზე, ზოგიერთ პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს მკვეთრად გამოხატული მოლანდებები დაეწყო. ალბათ, თითოეული ჩვენგანი მოვალეა, ყურადღება მიაქციოს მათ მდგომარეობას, მითუმეტეს, რომ გაეროს კონვენცია სულიერად დაავადებულთა უფლებების დაცვის შესახებ ცალსახად მოგვიწოდებს, შესაბამისი პრობლემების მქონე ადამიანები განსაცდელში არ მივატოვოთ.

 

გასულ კვირას «ნაციონალური მოძრაობის» ზოგიერთი ლიდერის გულში დიდი იმედი დაიბადა (ამას არაერთი პუბლიკაცია ადასტურებს), რადგან უკრაინაში მკვეთრად გაძლიერდა იმ პოლიტიკოსების პოზიციები, რომელთაც თავიანთ მოკავშირეებად აღიქვამენ. რამდენად რეალურია ეს მოკავშირეობა, ცალკე საუბრის თემაა, მთავარია, მის სიმტკიცეში დარწმუნებულნი არიან და მათ გადარწმუნებას, სავარაუდოდ, ცხონებული ავლიპიც კი ვერ მოახერხებდა. არაერთი ჩანაწერი სოციალურ ქსელებში მიანიშნებს იმაზე, რომ მათ თვალწინ დგას თბილისური «მაიდანი», ციხიდან ტიმოშენკოს მსგავსად გამოსული მერაბიშვილი, რევოლუციური მასები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან და ფანტაზიის ამ აღმაფრენამ ნამდვილად შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, რომ საქართველოში გალოპერიდოლის მარაგი ამოიწურა.

ძალიან ძნელია, მოახდინო იმ ლოგიკური ჯაჭვის რეკონსტრუირება, რომელიც პაციენტს უბიძგებს, ნაპოლეონის ან ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ ხელში სამართებელი აიღოს. ყველასთვის ცხადია, რომ ის ვერ შექმნის დიად იმპერიას, მაგრამ რამდენიმე ადამიანი შეიძლება სერიოზულად დააზიანოს, ვიდრე წააქცევენ და სამართებელს წაართმევენ. აქედან გამომდინარე, საჭიროა წინდახედულობა და გარკვეული პრევენციული ზომების მიღება, რათა ექსტაზში შესულებმა არც გარშემომყოფთ, არც საკუთარ თავს არაფერი დაუშავონ. ამისთვის, როგორც მინიმუმი, აუცილებელია მათი ლოგიკის გაშიფრვა, ეს წარმოუდგენლად რთული ამოცანაა, მაგრამ ქვეყანაში, რომელსაც ესოდენ დიდი ფსიქიატრიული ტრადიციები აქვს, ამ გამოწვევამ, წესით, არ უნდა შეგვაშინოს.

2012 წლის არჩევნების შემდეგ განვლილმა პერიოდმა ნათლად აჩვენა (ამას ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს), რომ «ნაცმოძრაობა» იზოლირებულია ერთგვარ «ელექტორალურ რეზერვაციაში», რომლის საზღვრების გაფართოება არ ძალუძს. ახალი ხელისუფლების აშკარა შეცდომებისა და ზეინტენსიური პროპაგანდის მიუხედავად, ის ვერ ახერხებს იმ რაოდენობის მხარდამჭერთა მობილიზებას, რომლებიც არჩევნების მოგებაზე თუნდაც მორიდებული ოცნების შესაძლებლობას მისცემს. ამან შეიძლება დააფიქროს ყოფილი მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერი პროვოკაციებზე, რომლებიც ხელისუფლების რეიტინგს მკვეთრად დასცემს და რომელსაც შეიძლება მოჰყვეს «უკრაინული ტიპის» გადატრიალების მცდელობა.

ბევრს გაუჭირდება სააკაშვილის მომხრეთა წარმოდგენა «მოლოტოვის კოქტეილებით» ხელში და ამ ვარაუდისთვის შეიძლება დაგვცინოს კიდეც,  რადგან, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მამაცი «ნაციონალი» ისეთივე იშვიათობაა, როგორც ტანზანიელი მოციგურავე. მაგრამ აუცილებელი არაა, ქუჩის მებრძოლების როლი პარტიულმა აქტივისტებმა შეასრულონ. ჯერ ერთი, საქართველო ძალზე ღარიბი ქვეყანაა და აქ საკმარისზე მეტი ახალგაზრდაა, რომლებიც, რამდენიმე ასეული ლარის სანაცვლოდ, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებენ. ამასთანავე, არ უნდა გამოვრიცხოთ «მოწვეული სტუმრების» გამოყენებაც, თუნდაც იმავე უკრაინიდან ან ჩრდილოეთ კავკასიიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს სტიქიური ნაციონალიზმის ან მილიტარისტული აღტკინების ნიადაგზე შექმნილი ჯგუფებიც, რომელნიც ხშირ შემთხვევაში ვერ აცნობიერებენ, ვის ინტერესებს ემსახურებიან სინამდვილეში სხვადასხვა ინციდენტის დროს. მათი მომზადება ქუჩის შეტაკებებისთვის შეიძლება უკრაინულ ბანაკებში მოხდეს. უკრაინაშივე შეიძლება «შავი პარტიული ფულის» დატრიალება და ლეგალიზება მრავალფეროვანი საშუალებების გამოყენებით. მართალია, დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედზე გაცილებით წინდახედული ჩანს და ნაკლებად სავარაუდოა, მან დამოუკიდებელ ტელეკომპანიებში შევარდნა, მშიდობიანი დემონსტრანტების ხოცვა და პატიმრების გაუპატიურება დაიწყოს, მაგრამ უამრავი მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ძალზე გამოცდილ და ძლიერ სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ ისეთი სცენარების ნეიტრალიზება, რომელთაც პირობითად შეიძლება «უცნობი სნაიპერები» ეწოდოს.

ცხადია, არც ფული, არც კომპრომატი, რომელიც (ხელისუფლების ცუდ საკადრო პოლიტიკასთან ერთად) აღმასრულებელ სტრუქტურებში «მეხუთე კოლონის» შენარჩუნებას უზრუნველყოფს, არც კავშირები უკრაინასთან არაა საკმარისი იმისთვის, რომ ყოველივე ჩამოთვლილზე მეოცნებე ლიდერებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა შეძლონ. ამისთვის, დღევანდელ სიტუაციაში საჭიროა მძლავრი უცხო სახელმწიფოს დახმარება, ხოლო არც ერთ მათგანს ივანიშვილის მთავრობასთან პრინციპული უთანხმოება არ აქვს. მაგრამ ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თანაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სხვათა შორის, გასულ კვირას ყირგიზეთიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიდა. უკრაინის ამბებმა, როგორც ჩანს, აღაფრთოვანა იქაური პოლიტიკოსები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2005 და 2010 წლების გადატრიალებებში, ხოლო შემდგომ ხელისუფლებიდან წასვლა მოუწიათ; მათ ახალი ოპოზიციური მოძრაობა ჩამოაყალიბეს. იმ მომენტში, როდესაც არაფერი იყო ცნობილი ამ ახალი გაერთიანების სახელწოდებასა და იდეოლოგიურ პლატფორმაზე, მათ დაიწყეს საუბარი ქუჩის საპროტესტო აქციებზე, ხოლო კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს ორგანიზაციის «საბრძოლო ფრთას». შესაძლოა, საქმე ეხება «ამბოხის ინფრასტრუქტურის» წინმსწრებ შექმნას, იმ იმედით, რომ მაშინ, როდესაც უცხოელი მოთამაშეები ყირგიზეთში ხელისუფლების შეცვლით დაინტერესდებიან (2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება ეს თუ უფრო ადრე), ამ პოლიტიკოსებს ყველაფერი უკვე გამზადებული ექნებათ. მარტივად რომ ვთქვათ, იმ გარემოებიდან, რომ ამბოხი დღეს ძნელი წარმოსადგენია და უცხოელები ამით დაინტერესებულნი არ არიან, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ სამზადისს არავინ დაიწყებს.

ხელისუფლებას, იდეაში, შეუძლია ფარული დახმარება აღმოუჩინოს «ზომიერ ნაციონალებს», რათა მათი ხელით სისხლიან რევანშზე მეოცნებე რადიკალები მოგუდოს. თუმცა არის მეორე, «შედარებით მაკიაველისტური ვარიანტი»: ფარულად დაეხმაროს რადიკალებს «ზომიერების» მოშორებაში, შემდეგ კი ამ უკანასკნელებს მოუმზადებელი პუტჩისკენ უბიძგოს (და, შესაბამისად, მიწასთან გაასწოროს). ხელისუფლებას შეუძლია საერთოდ არაფერი გააკეთოს, რაც ამ სიტუაციაში ყველაზე დემოკრატიული ვარიანტია და დაელოდოს, თუ რით დასრულდება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი «ნაცმოძრაობის» შიგნით. «ქართული ოცნებისთვის» გაცილებით აქტუალური დღეს სხვა რამ ჩანს _ ხელი შეუშალოს შესაძლო ალიანსს «ნაცმოძრაობის» ნარჩენებსა და თავის კოალიციურ პარტნიორებს (ალასანია-რესპუბლიკელებს) შორის, რომლებიც დღესდღეობით ასევე ძნელი წარსადგენია, თუმცა მასზე რატომღაც სულ უფრო მეტს საუბრობენ.

ცხადია, საზოგადოების რეაქცია სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის თუნდაც მოკრძალებულ მცდელობაზე უაღრესად მწვავე იქნება. სიძულვილი «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ ძალიან დიდია და არაერთი ადამიანი (მაგალითად, ისინი, ვისაც წინა ხელისუფლებამ ნათესავები მოუკლა), პუტჩის თუ სახალხო რევოლუციის იმიტაციის შემთხვევაში, უბრალოდ, გავა ქუჩაში, პოლიციას გვერდზე გაწევს და ცეცხლს ყველა კალიბრიდან გახსნის. ამ და მთელი რიგი სხვა მიზეზების გამო, ფიქრი «უკრაინულ სცენარზე» ყოფილი მმართველების მხრიდან სრული უგუნურებაა. მაგრამ ის, რაც ცხადია ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის, შეიძლება გაუგებარი იყოს რევანშის და შურისძიების სურვილით შეპყრობილისთვის, რადგან ამ შემთხვევაში წინა პლანზე არა პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური (თუ არა ფსიქიატრიული) ფაქტორები გამოდის. ამ მხრივ უკრაინულმა მოვლენებმა «ნაცმოძრაობის» ზოგიერთი ლიდერისთვის შეიძლება სერიოზული მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს.

ხალხი, რომელიც რევანშზე ოცნებობს, მთელი არსებით ორიენტირებულია დიქტატორული რეჟიმის რესტავრაციაზე და სკამების დასაბრუნებლად ხელს ნებისმიერ არაკაცობას მოაწერს, ძალზე საშიშია ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ ამით არ შეიძლება მათი უფლებების ნებისმიერი შეზღუდვის გამართლება. აქედან გამომდინარე, მუდმივი სამოქალაქო კონტროლი ფიგურანტებზე, ალბათ, ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც სავარაუდო საფრთხეების თუნდაც ნაწილობრივი ნეიტრალიზება შეუძლია.

ყოველივე თქმული არ ნიშნავს იმას, რომ უშიშროებამ ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოს და დაკავდეს «ნაციონალი» ლიდერების ურთიერთობის მონიტორინგით მათ უკრაინელ კოლეგებთან ან კიდევ, სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფის წევრში პოტენციური ბოევიკი დაინახოს. ეს სააკაშვილის გზა და მისი ხელისუფლების პარანოიდული პრაქტიკაა; პოლიტიკური პოლიციის გამოყენება, თუნდაც ყველაზე მარგინალური ჯგუფის წინააღმდეგ, კარგს არაფერს მოგვიტანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვარაუდი მათ დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით სავსებით ლოგიკურია. თუ აშკარა კანონდარღვევას ადგილი არ აქვს, სახელმწიფო მანქანის ჩარევა მინიმალური უნდა იყოს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საუბარი ეხება საერთაშორისო ტერორისტებთან ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო თანამშრომლობას, რომელზეც ლაფანყურის ინციდენტის შემდეგ არაერთმა ექსპერტმა მიუთითა. მაგრამ კერძო პირებსა და მათ მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნამდვილად შეუძლიათ განხილული პრობლემატიკით დაინტერესდნენ და გამოიკვლიონ «ნაციონალი» ლიდერების საეჭვო კავშირები და შესაძლო სამზადისი «უკრაინული ვარიანტისთვის»; ეს, ალბათ, გაცილებით კონსტრუქციული იქნება, ვიდრე მათი პერმანენტული ცემა რესტორნებში.

ამ წერილის მიზანი «კუდიანებზე ნადირობის» პროვოცირება ნამდვილად არ არის. სააკაშვილის მომხრეების უფლება, ილოცონ თავიანთი ბელადის პორტრეტზე, გამოაცხადონ მეგის ქარდავა ეროვნულ გმირად და მოაწყონ რიტუალური ცეკვები ცოცხებით (და ა.შ.), გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე, როგორც უფლება _ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, (მეტიც, გაიმარჯვონ არჩევნებში, თუ შეძლებენ). «ნაცმოძრაობის» ლიდერების დიდ ნაწილს სავსებით აკმაყოფილებს კოაბიტირებული საპარლამენტო ოპოზიციის როლი, მშვენივრად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და არანაირ ძალისმიერ ვარიანტზე არ ფიქრობს. თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ლიდერების ნაწილი სკამების დაბრუნებისთვის ხელს აბსოლუტურად ყველაფერს მოაწერს, იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ, ალბათ, აჯობებს, ვიხელმძღვანელოთ პრინციპით «სიფრთხილეს თავი არ სტკივა». ვიწრო დარგის სპეციალისტების ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, საქმე პაციენტის მიერ სამართებლის აღებამდე არ უნდა მივიყვანოთ. კაცმა რომ თქვას, გალოპერიდოლის დამრტყმელი დოზები გაცილებით სწრაფ თერაპიულ ეფექტს მოიტანდა, თუმცა პრეპარატის მიღებაზე, როგორც ჩანს, უარს ამბობენ და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება მოგვიწევს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here