Home რუბრიკები საზოგადოება დემურ გიორხელიძე: ეროვნული ბანკი მხოლოდ სპეკულანტურ ინტერესებს ემსახურება

დემურ გიორხელიძე: ეროვნული ბანკი მხოლოდ სპეკულანტურ ინტერესებს ემსახურება

668

ჟურნალისტებთან თუ ექსპერტებთან შეხვედრების დროს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მიცემული ყველა დაპირება შეასრულა, იმავეს ადასტურებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. დემურ გიორხელიძე ერთერთი იმ ექსპერტთაგანია, რომელიც ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამაში აქტიურად მონაწილეობდა. აქედან გამომდინარე, რამდენად შეასრულა ახალმა ხელისუფლებამ ხალხისთვის მიცემული დაპირებები, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

 

_ ბატონო დემურ, 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება. როგორ ფიქრობთ, შესრულდა თუ არა ხალხისთვის მიცემული დაპირებები?

_ მართალია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ყველა დაპირება შეასრულა, მაგრამ სინამდვილეში 2013 წელს მთავრობის საქმიანობა ძალიან დაბალეფექტური იყო. არადა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე ივანიშვილს არანაირი ზეპირი და არარეალური დაპირება ხალხისთვის არ მიუცია. უბრალოდ, ზოგი დაპირება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თუნდაც, მაგალითად, საუბარი იყო ტარიფების ოპტიმიზაციაზე და არა განახევრებაზე და ა. შ. თუ ამ უზუსტობებს გამოვრიცხავთ, გარკვეული ცვლილებები უნდა მომხდარიყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ, როდესაც გამარჯვებულმა კოალიციამ მთავრობა დააკომპლექტა, ეს მოხდა არა კრიზისული მთავრობის პრინციპიდან გამომდინარე, რათა პრობლემები დაძლეულიყო, არამედ კოალიციის პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, შედეგიც ოპტიმალური არ ყოფილა. შემდეგ გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტები, როდესაც მთავრობის ზოგიერთმა წევრმა დაიწყო აბსურდული განცხადების გაკეთება, თურმე შეცდომა ყოფილა დაშვებული დაპირებებში და ამიტომ, მაგალითად, ისინი ტარიფებს ვერ შეამცირებდნენ. წარმოუდგენელია, დასავლეთში ეს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გაბედოს _ სულ სხვა დაპირებებით გაიმარჯვოს და მერე მოწონება გამოხატოს იმ მახინჯი სისტემის მიმართ, რომელიც ხალხისა და ბიზნესის ძარცვაზე იყო აგებული, რასაც «ნაციონალური მოძრაობა» ამ წლების განმავლობაში აკეთებდა.

ბუნებრივია, დაპირებები ვერ შესრულდა და ვერც შესრულდებოდა, ვინაიდან არაფერი მასშტაბურად არ კეთდება, ყველაფერი მხოლოდ ლოკალურ დონეზე ხორციელდება. სისტემის მოდერნიზაცია უნდა მომხდარიყო, მსგავსი კი არაფერი გაკეთებულა. პრემიერმინისტრმა 2013 წელს, მინისტრების მოსაზრებებზე დაყრდნობით, შეიმუშავა პოლიტიკა, ანუ იმის მიხედვით, ცალკეული მინისტრი როგორ ხედავდა ამა თუ იმ სფეროს. ასე შეიძლება გაკეთდეს უკვე განვითარების ორბიტაზე გასულ ქვეყანაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ისეთ სისტემურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

_ თუმცა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მიზეზად დროის სიმცირეს ასახელებენ. რამდენად საკმარისი იყო ეს პერიოდი მოცემული დაპირებების შესასრულებლად?

_ ბუნებრივია, ამ პერიოდში რადიკალურI ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა, მაგრამ ერთი წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ მიმართულებები გამოკვეთილიყო და სიტუაციის შეცვლის იმედი მაინც გაჩენილიყო. ფაქტობრივად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ძვრა ყველა იმ სასიცოცხლო მიმართულებით, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მთავრობის მიმართ კრიტიკული განწყობა ამიტომაც იზრდება.

_ საზოგადოების შეშფოთებას იწვევს ეკონომიკაში არსებული ვითარება. მოგეხსენებათ, ლარის კურსის ვარდნამ ფასების ზრდა გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. თუმცა ექსპერტების ნაწილი გვამშვიდებს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია და თავად ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ «ზომიერი ინფლაცია ახალისებს ეკონომიკას…»

_ მაპატიეთ, მაგრამ ინფლაციით წახალისებული ეკონომიკა საკმაოდ ძველი შეხედულებაა, რომელსაც დღეს სერიოზულად არავინ აღიქვამს. საქმე ისაა, რომ საქართველოს მოქალაქე, 22 წელია, მიჩვეულია, რომ ძარცვავენ, ამიტომ ლარის კურსის ვარდნაუკან შემობრუნებით, რომელიც მთლიანად ეროვნული ბანკის დამსახურებაა, მივიღეთ ის, რომ ბიზნესი და მოქალაქეები კვლავ გაიძარცვნენ. ამ საკითხებს სერიოზულად არასდროს მივუდექით. ფაქტობრივად, ამისთვის ვერ იცლის პარლამენტი, მოსმენა ერთხელაც არ ჩატარდა.

ვფიქრობ, ეროვნული ბანკი სერიოზულად არის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გასატარებელი, რათა მან კეთილი ინებოს და მისი პოლიტიკის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. დღეს ეროვნული ბანკი მხოლოდ სპეკულანტურ ინტერესებს ემსახურება. ეროვნული ბანკის ვერც ერთი მესვეური ვერ მოახერხებს მათი მოქმედებების მიზანშეწონილობის გონივრულ ახსნას,   რაც ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთეს. ეს არის დახურული სისტემა, რომელიც, როგორც ჩანს, ისევ ძველი ხელისუფლების მესვეურების მიერ კონტოლდება. ყველაფერი, რაც გაკეთდა, ეკონომიკასთან არავითარ კავშირში არ ყოფილა.

_ ახალი ხელისუფლების ერთერთი დაპირება სამართლიანობის აღდგენაც იყო. რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ თუნდაც ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება?

_ სამართლიანობის აღდგენა სპეციალურ ღონისძიებებს არ საჭიროებს და სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლების სპეციალური ლოზუნგი არ უნდა ყოფილიყო. თუ ადამიანს, განურჩევლად მისი გვარისა და სახელისა, დანაშაული აქვს ჩადენილი, ის უნდა დაისაჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამნაშავე დაუსჯელი თავისუფლად დადის, ხელისუფლება და სახელმწიფო წარმატებული ვერ იქნება.

თუ ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და გარედან დაინტერესების გამო წყვეტს ვიღაცების დაპატიმრებას და ვიღაცების ხელუხლებელად დატოვებას, ამით, უპირველესად, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს და სამართლიანი ქვეყნის აშენების შანსს ასამარებს. ასე რომ, ამ ნაწილშიც მთავრობას ძალიან უჭირს და ვფიქრობ, ჯერჯერობით რასაც ხელისუფლება აკეთებს, მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან ნამდვილად არ მინდა, ეს მთავრობა წარუმატებელი იყოს. სამწუხაროდ, ყველაფერი ინტენსიურად წარუმატებლობისკენ მიდის. ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დასავლური ტიპის დემოკრატულ სამართალზე აგებულ სახელმწიფოს ვაშენებთ.

_ როგორ შეაფასებთ აწ უკვე სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს?

_ ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი დღეს სერიოზული პრობლემის წინაშეა, ვინაიდან, მას ბრწყინვალე ბერკეტები და ქართველი ხალხის უზარმაზარი ნდობა ჰქონდა, რათა დიდი რეფორმები გაეტარებინა. თუმცა იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც დღეს სახელმწიფოს წინაშეა, წარმოუდგენლად მიმაჩნია და ვფიქრობ, ამოცანები, რომლებიც მან დასახა, უბრალოდ, შეუსაბამოა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, მაგრამ ეს არის სექტორი, რომელიც არ უნდა გავიდეს იმ ფარგლებიდან, რომელიც დასავლეთში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის მოქმედების სფეროდ გვევლინება. ჩვენ რაღაც ახალს თუ მოვიგონებთ, არ ვიცი.

_ ამ ფარგლებიდან მისი გასვლის საშიშროება არსებობს?

_ დიახ, არსებობს. კარლ პოპერი პირდაპირ ამბობს, თუ რა საფრთხეები აქვს თავისუფალ საზოგადოებას. სამ საფრთხეს შორის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ პოპერი ასახელებს, როგორი უდიდესი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდნენ საზოგადოების განვითარებისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები, თუ ისინი კონტროლიდან გავლენ. არსებობს კიდევ მეორე საფრთხე, როდესაც ხელისუფლება ყველაფერში ერევა და ადამიანის პირად ცხოვრებასაც კი აკონტროლებს და მესამე საფრთხე, როდესაც ქვეყანაში მსხვილი ოლიგარქიული გაერთიანებები, ხელისუფლების ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად, ფაქტობრივად, მონოპოლიურ ჯგუფებად ყალიბდებიან. ზემოჩამოთვლილი სამი საფრთხიდან საქართველოში დღეს არც ერთი მოხსნილი არ არის და სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here