Home რუბრიკები პოლიტიკა ირინა სარიშვილი: მალე დაიწყება სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ პოლიტიკაში მის დასაბრუნებლად

ირინა სარიშვილი: მალე დაიწყება სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ პოლიტიკაში მის დასაბრუნებლად

790

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პარტია «იმედის» თავმჯდომარე ირინა სარიშვილი.

 

_ ქალბატონო ირინა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მზადაა, საქართველოს პირველ პირს შეხვდეს, თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თუმცა ერთ რამეში ყველა თანხმდება: ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. თქვენი აზრით, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დღევანდელ ვითარებაში ამ მოლაპარაკებამ და რის შეთავაზება შეუძლია «ქართულ ოცნებას» კრემლის მესვეურებისთვის, რასაც წინა ხელისუფლება ვერ ან არ სთავაზობდა?

_ ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებას საკუთარი აზრი საერთოდ არ გააჩნია და აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი ატარებდა. რაც შეეხება რუსეთის პირველ პირთან შეხვედრას, იმ საკითხებითა და შეთავაზებით, რომლებითაც ესენი მოლაპარაკების წარმართვას აპირებენ, ვფიქრობ, შედეგი იქნება ნული და რამდენიც უნდა ილაპარაკონ «ქართული ოცნების» წარმომადგენლებმა, ჩვენ არ გვინდა რაღაც ფორმალური დიალოგიო, ეს მაინც იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, რომელიც პოლიტიკაში რეალურად არაფერს შეცვლის.

_ რომელ შეთავაზებას გულისხმობთ?

_ ბოლოს რაც გაჟღერდა. გაიხსენეთ, რა თქვა მარგველაშვილმა: უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ნატოში საქართველოს შესვლა მისთვის საშიში კი არ არის, არამედ სასარგებლო. თუ ახლა ამას ვინმე სერიოზულად აღიქვამს, მაშინ შეგვიძლია რაღაც შედეგზე ვილაპარაკოთ, მაგრამ, მგონი, ამ განცხადებას საერთოდ კომენტარი რა სჭირდება. რუსეთს აქვს საკუთარი გეგმა, ჩამოყალიბებული სტრატეგია და, ბუნებრივია, ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო, ის ყოველთვის იმოქმედებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მისი ამ სტრატეგიის საპირისპირო ნაბიჯებს გადადგამენ ან მოწინააღმდეგის სატელიტებად განიხილებიან. ეს ბუნებრივია და, სანამ ეს თანაფარდობა არ შეიცვლება, ჩვენ არა თუ ვერ მოვაგვარებთ კრემლთან ურთიერთობას, ახალ პრობლემებსაც შევქმნით. მოსწონს ვინმეს თუ არა, ეს არის ფაქტი.

_ ამ შეხვედრაზე, თუ ის საერთოდ შედგება, ალბათ, მთავარი სასაუბრო თემა იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, მზად ვარ შეხვედრისთვისო, როგორ ფიქრობთ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის მზადაა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე სალაპარაკოდ?

_ კიდევ ვიმეორებ: რუსეთს აქვს ჩამოყალიბებული და დეტალურად განსაზღვრული გეგმა, რომლის განხილვაც ერთი კონკრეტული განცხადების ჭრილში შეუძლებელია; ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა ვილაპარაკოთ მზადყოფნაზე, ვინაიდან დღეს საქართველოს პრობლემა სახელები და გვარები კი არაა, არამედ ამ ქვეყნის უპირველესი მტერი არის არსებული საგარეო პოლიტიკა.

_ ერთერთ გამოსვლაში მარგველაშვილმა განაცხადა, _ იყო დრო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოში შევიდოდნენ, მაგრამ მათ ეს შეძლესო. ამით მან ხაზი გაუსვა საქართველოს მომავალს და, ფაქტობრივად, მიანიშნა იმ ბარიერზე, რუსეთის სახით, რომელსაც, მისი რწმენით, აუცილებლად გადავლახავთ. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ ეს არის იმ ოცნებების სამყარო, რომელშიც ხელისუფლება ხალხს ამყოფებს, თუმცა არ მგონია, რომ თვითონ ხელისუფლებას სჯერა ამის. მარგველაშვილს რაც შეეხება, მას შეიძლება მართლა აქვს გარკვეული ილუზიები და გულწრფელად ამბობს ყველაფერს. ის კი არა, საერთოდ ეჭვი მეპარება, ეს ადამიანი ადექვატური იყოს თავის მოქმედებებში, როცა პოლიტიკაზეა საუბარი…

_ კულუარებში მარგველაშვილსა და მთავრობას შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ლაპარაკობენ, რომ ის არ აღმოჩნდა მთლად ისეთი პლასტელინი, როგორიც ივანიშვილს ეგონა.

_ ხელისუფლების შიგნით რა ხდება და რა პროცესები მიდის, ამაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მარგველაშვილს იმთავითვე შეეტყო გარკვეული ამბიციები, როდესაც შეიცვალა. ეს იკვეთებოდა მის საუბარში, მიმართვასა და მოქმედებაში. ასე რომ, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ამის დამალვა. მსგავსი ცვლილება არ არის კარგის ნიშანი. კიდევ ვიმეორებ, მარგველაშვილი არის უაღრესად ამბიციური ადამიანი და ძალიან საშიშია ასეთი ამბიციური კაცი იქ, სადაც მისი ადგილი არაა.

_ დასაწყისში თქვით, რომ რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა, დღევანდელ ვითარებაში, უშედეგო იქნება. პუტინის მზაყოფნა გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს შეხვედრა, თუკი წინასწარვე ცხადია, დიდი ალბათობით, რომ რეალური წინსვლა ამ მოლაპარაკებებს არ მოჰყვება?

_ ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად უარყოფითად შეხვდება იმას, რომ ხელისუფლებამ უცებ უარი განაცხადოს შეხვედრაზე. ეს, რა თქმა უნდა, კარგად ესმით «ქართულ ოცნებაში» და კარგად ესმით ამერიკელებსაც, ამიტომ გაკეთდა ასეთი განცხადება: ჩვენ მზად ვართ, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვინდაო. ახლა კონკრეტულად რა როგორ იქნება და რა სცენარით განვითარდება პროცესები, ძნელი სათქმელია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: რაც უნდა გაბადრული სახით და სასიამოვნო გამომეტყველებით დაუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან პუტინს მარგველაშვილი ან ღარიბაშვილი, ეს იქნება მაინც შეხვედრა შეხვედრისთვის. სხვა მოლოდინის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს და ვერც გვექნება, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, იძახო, _ კეთილმეზობლური ურთიერთობა მინდა და მეორე მხრივ, აქ ყოველ მეორემესამე დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტი მეჯდეს, არ გამოდის ეს ლოგიკური.

_ ფაქტია, რომ დღესდღეობით საქართველოში უკმაყოფილების მუხტი იზრდება, მოსახლეობა შეუსრულებელი დაპირებების გამო გაღიზიანებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება, ფაქტობრივად, კონტროლს გარეშეა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ის წყალგამყოფი, რომლის იქითაც საზოგადოების პასიურობა დამთავრდება და დაიწყება კანონის წნეხი მმართველ გუნდზე?

_ ეს გუნდი გარკვეულ წნეხს ახლაც განიცდის, მაგრამ ჩვენთან, ხომ იცით, როგორაა, ხალხი მაინცდამაინც ქუჩაში უნდა გამოვიდეს, რომ ხელისუფლებამ ამა თუ იმ პრობლემის არსებობა აღიაროს; ქუჩაში გამოსვლას კიდევ ორგანიზება სჭირდება. ჯერჯერობით კი ამ ორგანიზატორს ვერ ვხედავ, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი მოცემულ სიტუაციაში, ვფიქრობ, არის მესამე ძალის ჩამოყალიბება, ოღონდ რეალური ძალის და არა ისეთის, ბურჯანაძემ რომ განცხადება გააკეთა და შემდეგ გაკეთებული განცხადებებით ისევ «ნაციონალების» წისქვილზე დაასხა წყალი…

_ მესამე ძალის შექმნის თემაზე დღეს ბევრი საუბრობს. ვთქვათ პირდაპირ: რას იძლევა ეს რეალურად?

_ არ არის აუცილებელი, საწყის ეტაპზევე მოწინავე პოზიცია დაიკავოს ამ ძალამ. დღეს მთავარია, «ნაცმოძრაობა» გამოიდევნოს პოლიტიკური ველიდან და მან დაკარგოს მთავარი ოპოზიციური სუბიექტის სტატუსი, რომელიც თვითონ დაიბრალა და სხვებმა «გაუპრავეს». აი, ესაა მთავარი ამოცანა, ხოლო შემდეგ უკვე, როცა სპექტრი გაჯანსაღდება, ხალხი გადაწყვეტს, ვინ რა ადგილს დაიკავებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მთავარია, რომ ადამიანებს ექნებათ რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება.

_ დავუბრუნდეთ რუსეთის საკითხს, რაც უნდა ოკუპანტი, დამპყრობელი და მტერი ვეძახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, აშკარაა, რომ დღესდღეობით ჩვენც და ოფიციალური მოსკოვიც ერთსა და იმავე იდეოლოგიურ წნეხს განვიცდით დასავლეთისგან. მეტიც, ბევრი თვლის, რომ კრემლი ერთგვარი შემაკავებელია იმ . . ლიბერალური ღირებულებების, რომელთაც ჩვენი დემოკრატი პარტნიორები, 20 წელია, თავს გვახვევენ. იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ვერ გაუძლებს ამ წნეხს და გატყდება, რა ბედი ელის საქართველოს?

_ ჩვენ ვეღარ ვნახავთ, როგორ დაეცემა და გატყდება იდეოლოგიურად რუსეთი. თუ ეს მოხდება, მანამდე ჩვენ მოგვიწევს გაქრობა. ასე რომ, «სამწუხაროდ», საზოგადოების გამოშტერებული ნაწილი იმ სიხარულის განცდას, რომელსაც ელოდება რუსეთის გაქრობით, ვერ ეღირსება.

_ რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თქვენი აზრით, რამდენად ადექვატურია ეს განაჩენი?

_ სიმართლე გითხრათ, არც ის გამიკვირდება, რომ ცოტა ხანში მერაბიშვილი პირობითით გამოუშვან. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვინაიდან არაადექვატური გუნდი გვყავს სათავეში. რომელი საქმე მიიყვანა ხელისუფლებამ ბოლომდე? ცხრა წელი ვიძახდით, რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება, ერთი მოქალაქე მაინც მანახეთ, რომელიც იტყვის ჩემი უფლებები აღსდგაო. ის კი არა, იქამდე მივიდნენ, არჩილ კბილაშვილი გამოდის და პირდაპირ აცხადებს: გასარკვევია, სანდრო გირგვლიანი სირბილის დროს გარდაიცვალა თუ მოკლესო. იურისტი რომ ასეთ რამეს ამბობს, ამის მერე ნამდვილად არაფერი გამიკვირდება. რომელ სამართლიანობის აღდგენაზე და ადექვატურ განაჩენზე ვსაუბრობთ?!

_ რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, _ თუ სააკაშვილს არ დავიჭერთ, ახლა დემოკრატიის მეორე კლასში ვართ და მეოთხეში გადავხტებითო

_ ერთი რამე მაინტერესებს, ახლა რომ ასე დაუფარავად ამბობენ ყველაფერს და ნიღბებს იხსნიან, არჩევნებამდე რატომ არ აკეთებდნენ ბერძენიშვილები ასეთ განცხადებებს?! ან იგივე ივანიშვილი ხომ ამბობდა, როცა მოვალთ, სააკაშვილი დაისჯებაო. ახლა რა თუზეა ლაპარაკი?! საქმე ისაა, რომ ესენი არავის დასჯას არ აპირებენ. პირიქით, ცოტა ხანში სააკაშვილის რეაბილიტაციას დაიწყებენ და ისევ დააბრუნებენ მალე აქტიურ პოლიტიკაში.

_ იქნებ უკვე დაწყებულია კიდეც ეს პროცესი.

_ რა თქმა უნდა, პროცესი მიდის, მაგრამ მხედველობაში მაქვს ის, რომ უფრო აქტიური მუშაობა დაიწყება. ახლა ნელ-ნელა ავიწყებენ საზოგადოებას იმ უბედურებას, რომელიც ცხრა წლის მანძილზე გამოვიარეთ, რაღაცებს ჩქმალავენ და მერე მოხდება რეაბილიტაცია. ესაა გრძელვადიანი გეგმა და ამის უკან დგანან სერიოზული ძალები, თუმცა ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ეს გეგმა, შესაძლოა, უმძიმესი შედეგებით დასრულდეს თვით მისი ავტორებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ის უსამართლობა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში სამართლიანობის არაღდგენის გამო, სერიოზული ბიძგია საზოგადოებისთვის ლინჩის წესით გასამართლებისკენ.

_ ანუ, თქვენი აზრით, რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ადამიანებმა, შესაძლოა, თვითონვე დაიწყონ «სამართლიანობის» აღდგენა?

_ რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას. ჯვარი სწერია ყველას, მაგრამ, მე რომ ვიყო მათ მდგომარეობაში და ვხედავდე, სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამართლიანობის აღსადგენად, ბუნებრივია, თვითონ გავაკეთებ ამას. ეს ჩვეულებრივი ადამიანური რეაქციაა უსამართლობაზე.

_ როგორც ჩანს, ხელისუფლებას მსგავსი შიშები არ აწუხებს. ალბათ, ამიტომაც დატოვეს ზოგიერთი მწამებელი ძველ თანამდებობებზე.

_ არამარტო ძველ თანამდებობებზე დატოვეს, ბევრი დააწინაურეს კიდეც. მაგალითად, ჭიკაიძე, რომელიც 26 მაისის სისხლიან მოვლენებში პირადად მონაწილეობდა და სასტიკად არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია. რაც შეეხება საგამოძიებო სტრუქტურებს, ერთი კბილაშვილი იყო პროკურორი და, რაც აღმოჩნდა, ვნახეთ. შემდეგ ის შეცვალა «ნაციონალების» კადრმა, მაგრამ მათ შიგნით კლანური დაპირისპირება იყო და შეცვალეს; და შემდეგ მოვიდა ისევ «ნაციონალების» კაცი. ახლა, უბრალოდ, გეკითხებით: ამათ ხელში რატომ ელოდებით სამართალს?! სად გინახავთ, ერთი დამნაშავე მეორე დამნაშავეს ასამართლებდეს იმ დანაშაულის გამო, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაში თვითონაც მონაწილეობდა?! მოკლედ, ესაა უმძიმესი სიტუაცია და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, «ნაცები» უნდა გამოვაცალოთ ხელისუფლების თუნდაც ოპოზიციურ შტოს. ეს უკვე იქნება სერიოზული სიგნალი მმართველი გუნდისთვის, რომ ჭკვიანად მოიქცნენ. სხვანაირად პოლიტიკური პროცესები ვერ გაჯანსაღდება, რადგან სანამ ასეთი საფრთხობელა ალტერნატივა ჰყავს ხელისუფლებას, მანამდე «ოცნებაც» მშვიდად იქნება და ყველა ის ცალკეული ბნელი ძალაც, რომელიც დღეს შეკედლებულია კოალიციას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილ-ივანიშვილმა ანუ ნაც-ოცნებამ, გაგვაბოლა,გაგვაბითურა,გადაგვაგდო ანუ დაგვიკიდა ისევ და ისევ ქართველი პატრიოტი და უბრალო ხალხი! საქართველოს პატრიოტებო ანუ უბრალო ხალხნო გთხოვთ გამოღვიდძებას და მოუსავლეთში გადაგდებას იუდა კოჰაბიტაციის სააკაშვილ-ივანიშვილისა და ნაც-ოცნების!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here