Home რუბრიკები პოლიტიკა იუბილე _ პათეტიკის გარეშე

იუბილე _ პათეტიკის გარეშე

561

«საქართველო და მსოფლიო» ხუთი წლისაა. როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში იუბილე გამოიყენება, როგორც ლეგიტიმური საბაბი მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციისთვის და ნარცისიზმის მორევში უკანმოუხედავ გადაშვებას უკავშირდება. გაცილებით იშვიათად მას განვლილი პერიოდის მშვიდი გაანალიზებისთვის იყენებენ და, ალბათ, უკეთესი იქნება, სწორედ ამ გზით წავიდეთ. კაცმა რომ თქვას, საიუბილეო სადღეგრძელო არ გამორიცხავს მცირე ექსკურსს ისტორიაში, ისევე, როგორც აქტუალური მდგომარეობის აღწერასა და პროგნოზს.

 

საერთოდ, ძველი სკოლის თამადა «დროის მბრძანებლის» იდეალისკენ უნდა მიისწრაფოდეს და თავის მონოლოგში წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჰარმონიულ სინთეზს ისეთივე მონდომებით ეძებდეს, როგორც ალქიმიკოსი «ფილოსოფიურ ქვას». რა თქმა უნდა, ეს პათეტიკაა, თუმცა ქართული იუბილე პათეტიკის გარეშე დაახლოებით იგივეა, რაც უპატარძლო ქორწილი.

ხუთი წელი არც ისე ხანგრძლივი პერიოდია, თუმცა, თუ დრამატული მოვლენების სიხშირეს გავიხსენებთ, ალბათ, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს იყო მთელი ეპოქა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ის, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში ჩვენი გაზეთის თავს ხდებოდა, ნებისმიერი იატაკქვეშა ტიპოგრაფიის მატიანეს დაამშვენებდა. რედაქციის დარბევა, სატელეფონო მოსმენები და მუქარები, თვალთვალი, რომელიც ხშირად დემონსტრაციულ ხასიათს ატარებდა და . . მოკლედ, «საქართველო და მსოფლიოს» ისტორიაში იყო ყველაფერი, რაც გამხეცებულ, მაგრამ ამავე დროს ძალიან მშიშარა და სულელ რეჟიმს შეეძლო დამოუკიდებელი გამოცემისთვის დაეპირისპირებინა.

გულწრფელად რომ ვთქვათ, მაშინ, განსაკუთრებით დასაწყისში, 2009-10 წლებში, ყველას როდი სჯეროდა, რომ გაზეთი ზეწოლას გაუძლებდა. თუმცა დღეს ის საზეიმო ვითარებაში თავის იუბილეს აღნიშნავს, მათ კი, ვინც ჩამოთვლილ პრობლემებს უქმნიდა, ნამდვილად არ ეზეიმებათ. საუბარი იმ ძველ განსაცდელსა თუ განცდებზე, პრინციპში, უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ეს იმ ისტორიკოსებს დაგვამსგავსებს, რომელნიც ერის ისტორიას უწყვეტ ტრაგედიად წარმოაჩენენ და მოვლენების ნათელ მხარეს ყურადღებას არ აქცევენ, მეტიც, უარყოფენ მას. საინტერესოა, რა არის უფრო მნიშვნელოვანი: მძიმე ინციდენტების ის სერია, რომელიც გაზეთს სააკაშვილის მმართველობის წლებში გადახდა, თუ ოპტიმიზმის ის მსუბუქი, ერთი შეხედვით ნაკლებად ლოგიკური განცდა, რომელიც ამის შემდეგ დაიბადა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, ერთგვარი გზაგასაყარი, რადგან გამორიცხული არ იყო, გამოცემა, ხელისუფლების ზემოქმედების საპასუხოდ, მხოლოდ ნეგატივის კონცენტრაციით, ე. წ. ჩერნუხის ტირაჟირებით დაკავებულიყო და თავისი საქმიანობა უწყვეტ სადომაზოხისტურ აქტად გადაექცია, მაგრამ მსგავსი ტრანსფორმაცია, საბედნიეროდ, არ მომხდარა.

მეორე, პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ იმ პერიოდში «საქართველო და მსოფლიო» ნებისმიერი შეხედულების მქონე ადამიანის მიმართ, კონსერვატორი იქნებოდა ის თუ ლიბერალი, «ღია კარის» პოლიტიკას ატარებდა. სააკაშვილის რეჟიმთან აფილირებული ზოგიერთი რედაქციისგან განსხვავებით, ის არ ყოფდა მათ მოსაზრებებს მეინსტრიმულად და მარგინალურად და რესპონდენტების ნათქვამზე საბოლოო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მკითხველს უთმობდა.

სააკაშვილის რეჟიმის კრახის შემდეგ «საქართველო და მსოფლიო», ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გამოცემა საქართველოში, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა (საერთოდ, მთელი ეს პროცესი ძალიან ჰგავს დაუსრულებელ სირბილს ბარიერებით). ჯერჯერობით გაუგებარია, იქნება თუ არა ახალი ხელისუფლების ურთიერთობა მასმედიასთან 100%-ით პატიოსანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი; უხეში ზეწოლა შეწყდა, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ ეს ფაქტი ვერ ჩაითლება სრულფასოვან გარანტიად იმისა, რომ სიტუაცია დროთა განმავლობაში უარესობისკენ არ შეიცვლება. ბევრს გაუკვირდა, როდესაც საექსპერტო საზოგადოებისა და მასმედიის ნაწილმა ძალზე ნერვულად აღიქვა ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ფრაზა, რომლებიც, არსებითად, მათთვის ჭკუის დარიგების ძალიან მსუბუქ მცდელობას წარმოადგენდა. თუმცა ბოლო ათი (ალბათ, მაინც ბოლო ოცი) წლის ნეგატიური გამოცდილება სხვა ტიპის რეაქციას, უბრალოდ, ვერ წამოშობდა. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში იდეალური დემოკრატიული სახელმწიფო რომც ჩამოყალიბდეს, მენტალურად არამდგრად ხელისუფლებასთან ურთიერთობაში შეძენილი ინსტინქტები მაინც შეასრულებს თავის როლს და არაერთი ჟურნალისტი ხელისუფალთა მსგავსი განცხადებების უკან დიქტატის აშკარა მცდელობას დაინახავს. პრობლემა, ალბათ, მხოლოდ მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდება და დემოკრატია გაცილებით მყარი გახდება. იქამდე კი საფრთხისა და წინასამობილიზაციო დაძაბულობის განცდა არსად გაქრება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედის რეპრესიულ ტაქტიკას აღარ მიმართავს.

დღეს, სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ, ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მასმედიისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის იმ ბიპოლარული, შავთეთრი, პირობითი სიკეთის და არანაკლებ პირობითი ბოროტების ყოვლისმომცველი დაპირისპირების იდეაზე დაფუძნებული სამყაროს აღქმის მოდელის დემონტაჟია, რომელსაც წინა ხელისუფლება ყველა სფეროში ნერგავდა და პრაქტიკულად იმავეს მისი მოწინააღმდეგეები აკეთებდნენ. ნებისმიერი მოვლენის განხილვა კოორდინატთა პრიმიტიულ სისტემაში «ჩვენ და ისინი», ნებისმიერი კონფლიქტისთვის სამშობლოსთვის უკანასკნელი ბრძოლის, ლამის საღვთო ომის, ხასიათის მინიჭება, როგორც სრულიად საზოგადოების, ისე მისი ცალკეული წარმომადგენლების ფსიქიკისთვის ერთ-ერთ განსაკუთრებით საშიშ, დამანგრეველ ფაქტორს წარმოადგენს. ეს მოდელი მოქმედებს ყველასა და ყველაფერზე, მათ შორის მასმედიაზე _ შავ-თეთრი დაყოფა, ნებისმიერ ფასად მხარეთა «დაჯახების» სურვილი მისი ფართო, ლამის საყოველთაო გავრცელების ნაყოფია. სააკაშვილის რეჟიმი და შეუწყნარებლობა, რომელიც მან დათესა, იცოცხლებს მანამ, სანამ აღქმის ეს მანიქევლური მოდელი დომინანტური იქნება. სამყაროს აღწერა მთელ მის სირთულესა და მრავალფეროვნებაში, იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერ, თუნდაც ძალიან რთულ სიტუაციაში არჩევანის ორ ვარიანტზე მეტი არსებობს (და საერთოდ, თავისუფალი არჩევანი სამი ვარიანტიდან იწყება) საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ისე მასმედიისთვის და იმედია, «საქართველო და მსოფლიო» ამ პრობლემასთან დაკავშირებულ სირთულეებს ერთ-ერთი პირველი გადალახავს.

ერთხელ, 90-იანებში, ერთმა ძალიან კარგმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ მუშაობის დაწყებამდე 5 წუთით ადრე თვალს ხუჭავს და ცდილობს, წარმოიდგინოს ის ადამიანები, რომელნიც მალე მის წერილს წაიკითხავენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ აუდიტორიას მივმართავთ, თქვა მან, საგაზეთო პუბლიკაცია და ნებისმიერი მედიატექსტი არ არის გამოსვლა აუდიტორიაში ან სტადიონზე, არსებითად ის წარმოადგენს დიალოგს კონკრეტულ პიროვნებასთან. საერთოდ, მიჩნეულია, რომ ყველაზე კარგად აუდიტორიასთან ურთიერთობის ამ ნიუანსს რადიოს წამყვანები გრძნობენ, ნაკლებად _ ტელევიზიის თანამშრომლები, რაც შეეხება გაზეთს… ალბათ, რაც შეიძლება ხშირად უნდა მივბაძოთ იმ ბრიტანელს და წარმოვიდგინოთ ის ადამიანები, რომელნიც ჩვენს გაზეთს კითხულობენ _ პენსიონერი იქნება ის, რომელიც დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, სტუდენტი, რომელიც ავტობუსით სასწავლებელში მიდის, დემონსტრანტი და პოლიციელი, რომელნიც ქუჩაში ერთმანეთის პირისპირ დგანან, საღამოს კი, სახლში დაბრუნებულები, გაზეთს წაიკითხავენ. ფიქრი მათზე არა მხოლოდ ზრდის პასუხისმგებლობას მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, არამედ იმის გააზრებაში გვეხმარება, რომ ნებისმიერი პუბლიკაცია არის არა ავტორის მონოლოგი სცენიდან, არამედ დიალოგი თითოეულ მკითხველთან, რომლის აზრი განხილულ საკითხზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი პოლიტიკოსის, პოპვარსკვლავის ან ჟურნალისტის.

«საქართველო და მსოფლიოსთვის» ყველაზე მძიმე ეპიზოდებში, მაგალითად, 2009 წლის მეორე დარბევის შემდეგ, როდესაც რედაქციის მთელი კომპიუტერული ტექნიკა განადგურდა, არასამთავრობოებზე და მასმედიის წარმომადგენლებზე ადრე (რომელთათვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის) რედაქციაში რეკვა მკითხველებმა დაიწყეს. ისინი გამოხატავდნენ მზადყოფნას, მისულიყვნენ, სადაც კი ეტყოდნენ და შიშველი ხელებით დაეცვათ გაზეთი ხელისუფლების ზეწოლისგან. ეს ძალიან ამაღელვებელი, გადაჭარბების გარეშე, დაუვიწყარი წუთები იყო და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ დაიბადა ის ოპტიმიზმი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, განცდა იმისა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან აუცილებლად აღდგება, და უდიდესი პატივისცემა «საქართველოს და მსოფლიოს» მკითხველების მიმართ. იმისთვის, რომ ყოველივე ეს არ გაქრეს ან არ მინელდეს, აუცილებელია მუდმივი დიალოგი მკითხველთან ყველა აქტუალურ ან თუნდაც, ერთი შეხედვით, ნაკლებად აქტუალურ საკითხზე.

დიქტატურის პირობებში შეძენილი გამოცდილება არ შეიძლება იყოს მხოლოდ ნეგატიური. სხვათა შორის, ყველას, ვისაც ეს თემა აღელვებს, მოწიწებით ვურჩევ, ნახოს ნახევარი წლის წინ გამოსული ფილმი «ღამის მატარებელი ლისაბონამდე” (რეჟისორი ბილე აუგუსტი, მთავარ როლში ჯერემი აირონსი), რომელიც, ერთი მხრივ, საკმაოდ მსუბუქია, მეორე მხრივ კი, სრული ფილოსოფიური სერიზულობით აყენებს ყველა იმ საკითხს, რომლებიც ძალზე აქტუალურია როგორც სალაზარის შემდგომი პორტუგალიისთვის, ისე დღევანდელი საქართველოსთვისაც. იმ პერიოდში ფართოდ გავრცელდა არა მხოლოდ სისატიკე, გაუტანლობა და აგდებული დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ, არამედ ამის საპირისპირო ღირებულებებიც. საბოლოო ჯამში, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო თუ რამდენად დიდი ფასი აქვს თავისუფლებას და ღირსებას და მეორედ მათი ხელყოფის მცდელობას ასე იოლად აღარ შეეგუება. ამასთანავე, ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში თანდათან ეროვნული სოლიდარობის შეგრძნება გაძლიერდეს და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს შევხედოთ არა როგორც მოსისხლე მტრებს, არამედ როგორც თანამემამულეებს, რომლებთანაც ვკამათობთ, მაგრამ ამავე დროს შეგვიძლია ერთად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. სასურველია, რაც შეიძლება მალე მოხდეს «საინფორმაციო სამოქალაქო ომის» ჩანაცვლება ცივილიზებული დისკუსიით და იმედია, «საქართველო და მსოფლიო» ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე გახდება და მის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ახლა კი, ალბათ, დროა, ტრადიციული სადღეგრძელოს ფორმას დავუბრუნდეთ (ქართულ სუფრას კონსერვატიზმი, მეტიც, ტრადიციონალიზმი უხდება). გაუმარჯოს «საქართველო და მსოფლიოს» კოლექტივს და მკითხველს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ჭირსა თუ ლხინში მხარში ედგა! გაუმარჯოს იმ ჟურნალისტს, რომელიც ადრე თუ გვიან გაზეთის ამავე გვერდზე დაწერს: «საქართველო და მსოფლიო» 50 წლისაა»! გაუმარჯოს საქართველოს, რომლის გარეშე ყოველივე ზემოთქმულს არანაირი აზრი არ აქვს!

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი.ყოველთვის მოუთმენლად ველი ახალი ნომრის გამოსვლას.შეიძლება ყოველთვის არცკი ვეთანხმები,მაგრამ ის დანამდვიებით ვიცი,რომ ეს მდარე დონის პრესა არ არის.გილოცავთ და გისურვებთ დიდხანს ყოფილიყოს თქვენი გაზეთი მკითხველისთვის საინტერესო.ამჟამად კი ძალიან გვეხმარება ემიგრანტებს სამშობლოს ნოსტალგიის დაძლევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here