Home რუბრიკები საზოგადოება ო, ეს ზოროს ნიშანი, ანუ სიურპრიზი ვეებერთელა ინგლისურენოვან სამყაროს… პატარა საქართველოდან!

ო, ეს ზოროს ნიშანი, ანუ სიურპრიზი ვეებერთელა ინგლისურენოვან სამყაროს… პატარა საქართველოდან!

996

სიურპრიზი ფრანგული სიტყვა კია, მაგრამ ქართულადაც და ინგლისურადაც მოულოდნელ საჩუქარს, უფრო ზუსტად, მოულოდნელ სასიამოვნო საჩუქარს ნიშნავს. მოულოდნელი საჩუქარი ნამდვილად გამოგვივიდა, მაგრამ რამდენად იქნება ეს სასიამოვნო მილიონობით ადამიანისთვის, ვერ გეტყვით.

 

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებული აქტიურობითა და ნაყოფიერებით გამოირჩევა, ქართული თეატრისა და კინოს მშვენების, საქართველოს სახალხო არტისტის _ მედეა ჯაფარიძის დაბადების 90 წლისთავის აღსანიშნავად უხვად ილუსტრირებული და ფერადი ფოტოალბომი გამოსცა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ალბომი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და სწორედ ამ გარემოებამ მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება _ ალბომი ხომ უცხოელებისთვის არის განკუთვნილი.

ინგლისურ ენაში, როგორც ცნობილია, 26 ასოა და მავანმა, ალბათ, იფიქრა, მოდი, ცოტას წავუმატებ, თორემ ჩვენ, ქართველებს, 33 გვაქვს და უხერხულიაო. იფიქრა და აღასრულა კიდეც _ ასე გაჩნდა ამ ალბომის ინგლისურ ტექსტში ასო _ Z (ანუ, ზოროს აღიარებული ნიშანი) და ჰაიდა! ტრადიციული ქართული გვარების დაბოლოებაში სულ ჩაწიკწიკებულია ეს ჩვენი ზოროს ნიშანი _ მარტო თვით მედეა ჯაფარიძის გვარში, ყდისა და პირველი გვერდის თავფურცლის გარდა (საოცარია, მაგრამ ალბომს საერთოდ არ აქვს ნუმერაცია!), ყველგან ძ-ია გამოყენებული. ასევე ბევრი სხვა ქართული გვარის (სააკაძე, კიკვაძე, რუხაძე, კაკაბაძე, ჩხიკვაძე და ა. შ.) დაბოლოებაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სახელებშიც (აზიმე, ზაბული, ზევინარ და სხვ.).

მაგრამ ხომ არ გგონიათ, ეს ზოროს ნიშანი მხოლოდ ქართულ გვარებსა და სახელებშია? როგორ გეკადრებათ! თურმე ჩვენი ინკოგნიტო მავანის აზრით,  ამ, 27-ე ასოთი უნდა დაიწეროს ისეთი ინგლისური სიტყვები, როგორიც არის, ვთქვათ, «Prize» (მავანის აზრით, _ «PriZe»), «Citizenship» («CitiZenship») და ა. შ.

სხვა საკითხებიც იპყრობს ყურადღებას:

1. ქართული «ფ» (ჯაფარიძე თუ ფალიაშვილი და ა. შ.) ინგლისურში უნდა გადავიტანოთ არა როგორც «P», არამედ როგორც «Ph», თორემ გამოდის არა «ჯაფარიძე», არამედ «ჯაპარიძე»; არა _ «ფალიაშვილი», არამედ «პალიაშვილი» და ა. შ. სხვა შემთხვევაში თუ მრავალჯერ და, რაც მთავარია, სწორადაა თარგმნილი, ვთქვათ, «ბიოგრაფიული ფოტოები» («Biographical photos» _ დააკვირდით, ორივე სიტყვაშია «ფ» და ორივეჯერ იგი სწორად იქნა გააზრებული), გვარებშიც ასე უნდა გაეკეთებინათ.

2. ქართული «ღ» ერთგან სწორად არის გადატანილი (O. Meghvinetukhutsesi), მაგრამ კინოფილმ «ჯურღაის ფარის» შემთხვევაში კი _ არა (jugai).

3. ასევე: ერთგან «Georgy» (ტოვსტონოგოვი), მეორეგან კი _ «Giorgi» (სააკაძე).

4. არც «Davit» არის სწორი – უნდა იყოს «David».

5. რაღა შორს წავიდეთ, ზოგი ინგლისური სიტყვაც კი არ არის სწორად მოცემული: «Daugter» კი არა, უნდა იყოს «Daughter» («ასული», «ქალიშვილი»).

6. ზოგჯერ აზრობრივად არ არის სწორად თარგმნილი: როცა საუბარია, 1988 წელს მ. ჯაფარიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდაო, უნდა იყოს «Citizen» და არა _ «Citi?enship» («მოქალაქეობა»).

7. ქართული ფილმების სახელწოდებები ყველგან თარგმნილია, გარდა ერთი შემთხვევისა _ «მწვერვალთა დამპყრობნი», რომელიც მხოლოდ ტრანსკრიფციულად არის მოცემული: «Mtsvervalta dampkrobni». ამდენად, ინგლისელი მკითხველისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს «Mtsvervalta dampkrobni».

8. ამავე ფილმის გმირი _ ალიოშა (ანუ მამაკაცი), ინგლისურად თარგმნილია, როგორც «Aleqsandra», ანუ, როგორც ქალი.

9. როცა ლაპარაკია კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრზე, სიტყვა «state» უნდა იყოს დიდი ასოთი, ხოლო ნაცვალსახელი «She» (პირველსავე გვერდზე) _ პატარა ასოთი.

10. მოსკოვის სამხატვრო თეატრი ინგლისურად იქნება არა _ «Moscow Artistically Theatre თჰეატრე», არამედ _ «Mოსცოწ Aრტ თჰეატრე».

ქართული ტექსტი ლაკონიური და დახვეწილია (მშვენიერია დიზაინიც), თუმცა ორიოდე ზოგადი შენიშვნაც უნდა გაკეთდეს:

1. ბუმბერაზი მსახიობის – სერგო ზაქარიაძის მოხსენიება მხოლოდ, როგორც რუსთაველის თეატრის დირექტორისა, უხერხულია.

2. ერთგან მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ფოტოა. აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო შენიშვნა, რომ ისინი ცოლ-ქმარი არიან.

3. ასევე მეტი დაკონკრეტება იყო საჭირო, როცა ნაჩვენებია კადრი ფილმიდან «იყო შაშვი მგალობელი» და მასზე მედეა ჯაფარიძე და ლაშა თაბუკაშვილი არიან აღბეჭდილნი. ეს კადრი ძირითადად იმით არის საინტერესო, რომ მასზე ქალბატონი მედეა თავის ვაჟიშვილთან ერთად არის გადაღებული…

4. ფოტოზე აღბეჭდილ პირთა წარმოდგენასაც თავისი წესი აქვს _ კინოფილმ «ეთერის სიმღერის» ჯგუფურ ფოტოზე კი ვერ გაიგებს მკითხველი, ვინ ვინ არის და ა. შ. და ა. შ.

ერთი სიტყვით, ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო (მივმართავ არქივის თანამშრომლებს, რომლებთანაც, უკვე რამდენიმე ათეული წელია, მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა მაკავშირებს), ძალიან კარგ საქმეებს აკეთებთ და არ იქნება ურიგო, თუ ხანდახან სპეციალისტებსაც შეეკითხებით რამეს, თორემ სხვა დროსაც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით _ ჩვენ ხომ საერთო საქმეს ვემსახურებით

პროფესორი

გოგი დოლიძე,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კონსულტანტი,

აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here