Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა ნათელაშვილი: უწმინდესმა მითხრა, ვეძახი ბიძინას და არ მოდის ჩემთან, გაბუტულია ჩემზეო

შალვა ნათელაშვილი: უწმინდესმა მითხრა, ვეძახი ბიძინას და არ მოდის ჩემთან, გაბუტულია ჩემზეო

718

«საქართველო და მსოფლიოსთან» ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავს.

 

_ ბატონო შალვა, «მოქალაქის» პრეზენტაციაზე ივანიშვილმა ჰარი პოტერს შეგადარათ და «ნაციონალების» საკუთრებად მოგიხსენიათ

_ როცა მის ასეთ განცხადებებს ვისმენ, მიჩნდება კითხვა: მე ვაძლევდი მილიარდებს მიშას, მე მოვაწყვე ფერადი რევოლუცია, მე ვაფინანსებდი მერაბიშვილს და მის სპეცრაზმელებს და მე გავაპარე მიშა საზღვარგარეთ?..

 7 ნოემბერს, როცა ოფისში შემომიცვივდნენ, დაჭერას მიპირებდნენ, დაიწყეს ჩხრეკა და დამინგრიეს სახლი, ივანიშვილს დაურეკია მერაბიშვილისთვის და უკითხავს, შალვა რატომ არ დაიჭირეო? მას კი უთქვამს, _ ეგ კიდევ ჯობია სხვებს და თავი დავანებეთო. თან იმდენად ბრიყვია, ამას თვითონ ამბობს ივანიშვილი. არადა, მიჭერდნენ კი არა, მკლავდნენ. ჩემი ლიკვიდაციის გეგმის უზრუნველყოფა ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა დავალებული. ის მივიდა პატრიარქთან და უთხრა, რომ მე გავიქეცი რუსეთში, ოჯახთან ერთად, ცხინვალის გავლით. ამ გეგმის შემდეგი ნაწილი იყო, რომ თითქოს დამედევნენ, მერე ვიღაცამ ცეცხლი გახსნა და შემთხვევით მოხდა ჩემი ლიკვიდაცია.

რაც შეეხება ჰარი პოტერს, როდესაც ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა 100 ათასი დოლარი გადმოგვირიცხა, გვინდოდა, იმ თანხით რეგიონებში ბავშვებსაც დავხმარებოდით ინგლისური ენის სწავლაში და ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის, ლიტერატურის შეძენას ვაპირებდით. ამაზე ველაპარაკებოდი ბადრის წარმომადგენელს და აქედან დაიწყეს _ ჰარი პოტერი და ჰარი პოტერი… როგორც ჩანს, ეს ფარული ჩანაწერი ახლა ბიძინას აქვს, უსმენს და ტკბება, მაგრამ ამის მოსმენას, ურჩევნია, ხალხს მოუსმინოს!

საქართველოს ფინანსური მეფე 90-იანი წლებიდან ივანიშვილი იყო, როცა გამსახურდიას დამხობის საქმე დაასრულა, მხედრიონისა და გვარდიის დაფინანსება დაიწყოივანიშვილმა 6 მილიონი შეუგზავნა ნინო ბურჯანაძეს «ვარდების რევოლუციის» დროს, როცა პარლამენტში შეიჭრნენ, კარგად ვიცნობ იმ ადამიანს, რომლის ხელითაც ფული შეუგზავნა, მაგრამ არ მინდა ახლა მისი დასახელება

რეპრესიული ნიჭით არც ივანიშვილი ჩამორჩება სააკაშვილს. უმიზეზოდ ვყავარ ამოჩემებული და მერწმუნეთ, მას რომ კონკრეტული საფუძველი მიეცეს ვინმეს წინააღმდეგ, უკან არაფერზე დაიხევს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილი აძლევდა პრემიებს მერაბიშვილის ხუთასკაციან სპეცრაზმს ქართველი ხალხის ყოველი დარბევის შემდეგ «ქართუ ბანკიდან»; «ქართუ ბანკის» სახელფასო რეზიდენტი იყო ვანო მერაბიშვილიც, ვიდრე ბიძინა პოლიტიკაში მოვიდოდა. ეს ფაქტები დადასტურებულია და სადავო არაფერია ამაში.

პიროვნულად ძალიან ვძულდი შევარდნაძეს და ასევე ვძულვარ ივანიშვილს, ჩემსა და მიშას შორის კი უფრო პოლიტიკური მტრობა იყო, ვიდრე პიროვნული.

_ როგორც ვიცი, ერთ დროს მეზობლები იყავით, აქედან ხომ არ მოდის თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პიროვნული დაპირისპირება?

_ მეზობლები ვიყავით, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი, ბირჟაზე ეგ არ გამოდიოდა და სამეზობლოში. მის ბიძაშვილებს კი ვიცნობდი, კარგი ბიჭები არიან. სამეზობლოში ამბობდნენ, რომ ეს კაცი ფსიქოლოგიით იყო გატაცებული, პირადი ფსიქოლოგი ჰყავდა და სეანსებს იტარებდა, გარდა ამისა, მოსკოვიდან ფრანგული «დუხები» ჩამოჰქონდა გასაყიდად. როგორც ჩანს, ამ სუნამოებს მეზობლებს აძლევდა ხოლმე გასაყიდად და სანაცვლოდ ფულს ჰპირდებოდა. ერთი მეზობელი გვყავდა, ჟორა ჩხეტია. ერთხელაც მისი მეუღლე მოვიდა და მთხოვა, პროკურატურაში მუშაობ და იქნებ დამეხმარო, ბიძინას «დუხები» გავუყიდე და ახლა დაპირებულ 50 მანეთს აღარ მაძლევსო… ვუთხარი, უხერხულია ჩემთვის ამ საქმეში ჩარევა-მეთქი და ქალბატონი უარით გავისტუმრე. ეს იყო და ეს, ჩემი და ივანიშვილის მეზობლობა ამით შემოიფარგლა. ეს «დუხების» ამბავი თუ ახსოვს ძაღლის ნაკბენივით, არ ვიცი! 

_ ბატონო შალვა, როგორ ფიქრობთ, რა სახის მმართველობა მივიღეთ? სააკაშვილის ტოტალიტარიზმიდან რა ტიპის მმართველობაში აღმოვჩნდით?

_ წმინდა წყლის ოლიგარქატია, წმინდა წყლის ფულის მმართველობა მივიღეთ, სადაც არ არსებობს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი. ვინც რეალურად მართავს ქვეყანას, არანაირი იურიდიული პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ნარიყალას სასახლეშია შემალული და ქვიშაში აქვს თავი ჩარგული სირაქლემასავით. ის არის ქვეყნის დირექტორი, დირექტორი და არა _ დიქტატორი, რადგან დიქტატორობისთვის შესაბამისი ჭკუა, გამოცდილება და კიდევ რაღაცებია საჭირო, რაც ივანიშვილს არ აქვს. «დირექტორობა» მან ღირსებითა და დამსახურებით კი არა, შიშველი დოლარებითა და ხალხის მოტყუებით მოიპოვა. მის მიერ პირველ, მეორე და მესამე პირებად დანიშნული მარიონეტები კი პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობით, არიან სამნეო ნაწილის გამგეები, რომელთაც ივანიშვილის ბიზნესისა და ინტერესების დაცვა ევალებათ და საკუთარი სახე არ გააჩნიათ. არ მინდა, ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მათ შემხედვარეს ფრანგული კომედია «სათამაშო» მახსენდება, როცა ერთერთ პერსონაჟს შეფი შარვლის ჩახდას უბრძანებს და ისიც შარვლის ჩახდას იწყებს, შეფი კი აჩერებს და ეკითხება: ახლა მე უფრო დიდი ნაძირალა ვარ თუ შენო? _ ამ სიტუაციაში ვართ.

_ ბატონი ბიძინა ხშირად ამბობს, რომ გაცილებით მეტიც გააკეთა, ვიდრე დაგვპირდა, როცა შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ

_ ალბათ, იმას გულისხმობს, რომ სააკაშვილი მოგვაცილა, მაგრამ, სააკაშვილმა მაინც ბოლომდე ამოწურა თავისი ვადა და არც იმის საშიშროება იყო, რომ პრემიერად დარჩენილიყო, რადგან ამერიკა არ აძლევდა ამის ნებას. სააკაშვილის მოცილება სისტემის შეცვლას დამნაშავეთა დასჯას ნიშნავდა და არა _ მიშას მშვიდობიან გაპარებას საზღვარგარეთ და მისი კარის მსახურების ივანიშვილთან გადმობარგებას. რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილის მთავრობა იყიდდა 23 მილიონის ჯიპებს თუ ივანიშვილის? «ნაცები» მოიპარავდნენ 21 მილიონს ბიუჯეტიდან თუ «ოცნება» _ 18 მილიონს?

 ერთი დაასაქმებდა ათ ნათესავს თუ მეორე თხუთმეტს? ყოველდღიურად ერთმანეთის პირისპირ ტელეეთერში ზის ეს ორი ერთმანეთის ანალოგი, ხელისუფლებად და ოპოზიციად წოდებული პარტია, ერთმანეთს ადანაშაულებს და ცდილობს, ორპოლუსიანი სისტემა შექმნას ქვეყანაში, რომ ხალხმა იფიქროს, თუ არა «ოცნება», მაშ, ვინ? _ «ნაცებიდა თუ არა «ნაცები», მაშ, ვინ? _ «ოცნება» და გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

მეორდება იგივე სცენარი, რომელიც გვქონდა შევარდნაძის დროს – თუ არა «მოქალაქეთა კავშირი», მაშ, ვინ? _ ასლანი და მისი «აღორძინება»!

თურმე ამისთვის დრუნჩი უნდა ავულოკოთ ივანიშვილს, როგორც მადლიერმა ერმა, მაგრამ უმადურები ვართ, რადგან ვერ დავაფასეთ მისი «სიდიადე».

_ ვერავინ უარყოფს, რომ ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი იყო, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა, თქვენ კი თავიდანვე სკეპტიკურად იყავით მის მიმართ განწყობილი.

_ იძულებით აკეთებდა ყველაფერს. ხომ დარწმუნდით? ის, ფაქტობრივად, ტყვე იყო ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი _ სააკაშვილის. პოლიტიკაში მოსვლაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბევრს «აწერდნენ» და ამით არა მარტო ჩამოიშორა ისინი, ის მილიარდებიც ამოიღო, რომლებიც ქველმოქმედებაზე დახარჯა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თუნდაც ერთი პატარა სვეტი მაჩვენეთ მისი გაკეთებული! მას შემდეგ, რაც სახელმწიფო იყიდა და გამომძალველებიც ჩამოიშორა, ქველმოქმედების სურვილი დაკარგა. ჩვენ კი თურმე იუმორით უნდა შევხედოთ, როგორ ვიღუპებით, როგორ გაირღვა ბიუჯეტი მილიარდით, როგორ გახდა 12-ლარიანი ხორცი 17 ლარი, როგორ დაუკარგეს კურსი ლარს, რომ პროდუქცია გაძვირებულიყო, ცოტა ხანში კი ლარს თავის კურსს დაუბრუნებენ, მაგრამ პროდუქცია აღარ გაიაფდება და მილიარდიანი გარღვევაც ბიუჯეტში ამ გზით შეივსება. ეს ფინანსური მაქინაციაა, რომელსაც ივანიშვილს ვერავინ ასწავლის. იუმორითა და გაგებით უნდა მოვეკიდოთ «ნაცმოძრაობასა» და სააკაშვილს, რომელმაც ისეთივე ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო ამ მთავრობისგან, როგორც შევარდნაძემ _ მისგან, ისე გააპარა ქვეყნიდან ივანიშვილმა, დაკითხვაზეც არ დაიბარეს, ამდენი უბედურება რომ დაგვმართე, ქვეყანა რომ დააპატარავე და დააქუცმაცე, რომ გადაგვიარე, დაგვხოცე და დაგვარბიე, რის საფუძველზე მიიღე ეს გადაწყვეტილებებიო, ხომ უნდა ეკითხა მაინც ვინმეს? მესამე, მეოთხე და მეხუთე პირების დაპატიმრებით კი გულისგადასაყოლებელი სპექტაკლები გაგვიმართეს; ვერაფერი დაუმტკიცეს და ვერც დაუმტკიცებენ მათ, რადგან ორგანიზატორი გაუშვეს და მეისრეებზე გადავიდნენ. იურიდიული პროცედურებიდან გამომდინარე, ორგანიზატორის გარეშე დანაშაულის გახსნა ძალიან ძნელია, მაგრამ იმდენად არაპროფესიონალები არიან, მთავარი პროკურორის პოსტზეც კი ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელიც ნასამართლევი არ იქნებოდა, თან ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც ყაჩაღობაა, თორემ შერლოკ ჰოლმსობას არც არავინ ელოდა მათგან.

_ კი, მაგრამ, ბატონო შალვა, ის მილიარდერად არ დაბადებულა, ღარიბი გლეხის ოჯახში იზრდებოდა

_ ამიტომაც სძულს ორგანულად თავისი წარსული, სძულს ღარიბები, სიღატაკის სიძულვილითა და შეუბრალებლობით სურს, დავოსის ფორმატში აიმაღლოს საკუთარი იმიჯი და თქვას, რომ მაგარი ნეოლიბერალია. ნეოლიბერალი და მხეცი კი ერთი და იგივეა. ნეოლიბერალიზმი ნიშნავს სამასი ოჯახის ბატონობას კაცობრიობაზე, 300-ოდე ოჯახი ფლობს იმ ქონებას დედამიწაზე, რაც 7 მილიარდ ადამიანს სჭირდება. ნეოლიბერალიზმის პროდუქტია პირდაპირი შეტევა ოჯახებზე, როგორც საზოგადოების მთავარ უჯრედზე, რაც ახლა ჰომოსექსუალიზმის დაკანონებით ხორციელდება მსოფლიოში, მიდის სერიოზული ბრძოლა _ ვისი იქნება დედამიწა: ამ სამასი ოჯახის თუ თითოეული ჩვენგანის? ივანიშვილი მათი ოჯახის წარმომადგენელია. ნეოლიბერალიზმი გმობს ტრადიციებს და არ სცნობს ღმერთს, ებრძვის ავტორიტეტებს. ნეოლიბერალმა ვაჭარმა რასელმა დააფუძნა იეღოვას სექტა, რათა თავად მოვლენოდა ღმერთად კაცობრიობას და ამით უკვდავეყო თავისი სახელი. ივანიშვილიც ვერ იტანს, ვისაც ავტორიტეტი აქვს, კონკურენტად თვლის პატრიარქს, რადგან უწმინდესის ავტორიტეტის ფონზე ივანიშვილი მეორე კაცად ითვლება და ამ მეორე კაცობას ძალიან ვერ იტანს. მე და თქვენი კოლეგები კი «მიგვჯირყვნა», მაგრამ პატრიარქის ჩაყენება საკონტროლებელთა სიაში როგორ უნდა იკადრო?!

ვგრძნობდი, რომ ეს კაცი საბედისწერო როლს ითამაშებდა საქართველოს ისტორიაში და ჯერ კიდევ 2004 წელს მივედი უწმინდესთან და ვთხოვე ბიძინასთან შუამდგომლობა, რომ იქნებ მიშას გაძლიერება შეეწყვიტა. უწმინდესმა მითხრა, ორი წელია, ვეძახი ბიძინას და არ მოდის ჩემთან, გაბუტულია ჩემზეო. როგორც გავიგე, სამების მშენებლობისთვის განკუთვნილი ოქრო დაკარგულა და ამის გამო გაბუტვია პატრიარქს…

ესაუბრა

ნონა ქარქაშაძე

 

1 COMMENT

  1. ღმერთო რას არ გაიგებ "სამებისთის განკუტვნილი ოკრო დაკარგულა" და ამის შემდეგ პატრიაქს და მის გარემოცვას მსვიდად ეძინათ და განგაშის ზარი არ შემოჰკრეს. ე.ი. ეს ოკრო ივანშვილს შეაწრს? და ამ კაცს ამტკუნებთ პატრიაქს გაებუტაო? ვაი სირცხვილი იმ ადამიანებს და რა თკმა უნდა პატრიაქს, რომ ეს საქმე მიაჩუმათა. თუ რა თკმა უნდა შალვა ტყუილ ინფორმაციას არ ავრცელებს, ტუმცა ამ კაცს როგორ უნდა დაუჯერო როცა ამბობს რომ გამსაჰურდია ამ კაცის დაფინანსებით გადაატრიალესო- რა ბნელა? სალვა ტკუილებს რომ ლაპარაკობ ვერ ატკობ?

  2. და თქვენ გჯერათ რომ პატრიარქი შალვას უყვება ყველაფერს?
    მისი სახელით ბევრი მოქმედებს,მაგრამ ცოტას თუ ენდობა და ელაპარაკება ესეთ რაღაცეებს..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here