Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ დიაკონიძე: შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირმა» დაგვაქცია და ივანიშვილის «მოქალაქე» რატომ აგვაშენებს?!

ელიზბარ დიაკონიძე: შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირმა» დაგვაქცია და ივანიშვილის «მოქალაქე» რატომ აგვაშენებს?!

800

უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანი ელიზბარ დიაკონიძე გვესაუბრება:

 

_ თბილისში ახლა კაცს რომ ჰკითხო, როგორ ხარო, გეტყვის _ ვარ ქართულ დემოკრატიასავითო. ფურცელზე რომ წერიხარ და რომ არა ხარ სინამდვილეში, ასეთ მდგომარეობაში ვართ და უკრაინის დემოკრატიულობას ვიცავთ. ძაღლი შინ არ ვარგოდა და ეზოს გარეთ გარბოდაო, _ ისეა ჩვენი საქმე.

რატომ ვფიქრობთ ისეთ სისულელეზე, რომ რუსეთი 60-მილიონიან უკრაინას დათმობს? ეს ორივე სლავური წარმოშობის, ერთმანეთის მონათესავე მართლმადიდებელი ერია და არ უნდათ ევროკავშირი, არ უნდათ გეიაღლუმები და მაკკეინი. უფლის წყალობით, უკრაინა არ ცდილობს ამ თავლაფდამსხმელი კავშირის ეგიდით თავისი ერისა და ჯიშის შერყვნას, გადაშენებას, თავისი ქვეყნის შეურაცხყოფას, რა არის ამაში გასაკვირი?

ევროპა და ამერიკა თვლის, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა დამარცხებულია, შერყვნილი და გაუბედურებულია ხალხი, ეს ქვეყანა მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს და ახლა უკრაინას მიადგნენ, შემდეგ ბელარუსს და სხვა ქვეყნებსაც ჩამოუვლიან და ამით რუსეთს მოახრჩობენ, თავიანთი ჭკუით. ევროპის ცუდად ჩარევა ამ მოვლენებში სასიკეთოდ არავის მოგვიბრუნდება, ასეთი მეთოდებით ბრძოლა აუცილებლად მასშტაბურ სამოქალაქო ომს ააგორებს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც თავისთავად ახალი ხელისუფლების გამართლებას ეხმაურა, იმ ორი მღვდლის დაპატიმრების გამო, რომლებმაც გეიაღლუმის წინააღმდეგ გაილაშქრეს. არ შეიძლება დღეს ერთი ხელისუფლების საამებლად ტკბილუბნობდე, ხვალ _ მეორის, რადგან სიმართლე ერთია მხოლოდ და ეს არის უფალი. ეკლიანია სიმართლისკენ მავალი გზა, მაგრამ ვალდებულნი ვართ, ამ გზით ვიაროთ!

_ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ სათანადო თანადგომას არ იჩენს. აკრიტიკებენ გიორგი მარგველაშვილს, იმის გამო რომ კიევში არ ჩავიდა

_ რა უფლება აქვს თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტს, სხვა ქვეყანაში ჩავიდეს და მას თითი უქნიოს ან რჩევები შესთავაზოს, მიიწვია ვინმემ? საკმარისი არ იყო, რომ ჩვენს ქვეყანას ზნედაცემული გიჟი მართავდა? ახლა მარგველაშვილს მოუწოდებენ, რომ ჩატრიშინდეს იქ და «რადა _ უკრაინა» იძახოს?! სჯობს, მარგველაშვილმა ჩვენს გაბითურებულ და გაპარტახებულ ქვეყანაზე იზრუნოს, რადგან, ახლა რომ დღეში ვართ, ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ რომელიმე სახელმწიფოში ხდებოდეს. არ არსებობს სტრუქტურა, რომლისგანაც შენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს მიიღებ.

მთელი ხმით გავყვირით, რომ უდიდესი კულტურის მატარებელი ერი ვართ, ამ დროს ჩვენზე უკულტურო და უსაქმური კულტურის სამინისტრო არსად მეგულება. რას წარმოადგენს ასეთს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, რომ მთელი წლის განმავლობაში მის კართან დგანან და ჯერაც მის კაბინეტში ვერ შეუღწევიათ? ხმამაღლა ვამბობ ამას და მომკითხოს პასუხი! ბოლობოლო, ბიძინა ივანიშვილი, ვისი ხელის ბიჭიც ხართ, ბატონო გურამ, ხომ აწყობდა შეხვედრებს ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან? მოდი, ერთხელ შენც გარისკე და გადადგი ეს ნაბიჯი და, თუ კონკრეტულად ვინმე ელიზბართან არ გინდა შეხვედრა, შეკრიბე ხალხი და შეხვდი, რომ ზოგადად მაინც შეიტყო რამე მათ პრობლემებზე, გაიგო, რას გთავაზობენ, იქნებ მისაღებია შენთვის და ქვეყნისთვის? ასეთი სიტუაციაა ყველა სხვა სფეროში…

აქტიურად განიხილება, ვინ უნდა იყოს თბილისის მერი _ ნარმანია თუ გულჭრელაშვილი და პრობლემა თურმე მხოლოდ ისაა, დაბადების მოწმობაში თბილისი უწერია მომავალ მერს თუ ჩუმლაყი…

დაფიქრდით, ხალხნო, როდემდე შეიძლება ჭაობში ფშვინვა, როდემდე? ნურც დითირამბებს დაუგდებთ ყურს და ნურც ვიღაცის ხელის ბიჭობით შეაფასებთ ვინმეს, საკუთარი გონებით გადაწყვიტეთ, რადგან შემდეგი ოთხი წელი ამის შანსი აღარ გექნებათ.

_ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსიდან დაბრუნებისთანავე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მართლმადიდებლური ეკლესიის პარალელურად ქვეყანაში არსებული კიდევ 4 კონფესია დააფინანსოს, მათ შორის ისინიც, რომელთაც მართლმადიდებლები მწვალებლურს ვუწოდებთ, საპატრიარქომ კი მთავრობის ინიციატივა მოიწონა

_ ერთ-ერთ ინტერვიუში «საქართველო და მსოფლიოსთან» ვთქვი, რომ  სახელმწიფოს მართავს გიჟი, ეკლესიას მართავს შიში. ეკლესიაში, როგორც მოგახსენეთ, შიში კვლავ მეფობს, სახელმწიფოს კი ამჯერად დადამბლავებული, მშიერმუცელა, უნიფხვო მონები მართავენ _ უჯიშო და უსულგულო ჯოგი! თორემ როგორ შეიძლება, სადაც სამი კაცი შეიკრიბება და სექტად გამოაცხადებს თავს, სახელმწიფომ მათზე ფული ფლანგოს, მაშინ, როცა ხალხი მშიერი უკვდება, და ეს ეკლესიამ მოიწონოს!  4 მილიონ-ნახევარი ლარი შენს მშიერ მოსახლეობას ცოტა მაინც ხომ წაადგება?

სიკვდილივით არ სურთ, საკუთარ ხალხს გააცნონ პარაფირების ტექსტი. რაღაცას გვიმალავენ, მაგრამ ტექსტის შინაარსს კი არა, _ თავიანთ უდღეურობას და უსუსურობას! შემდეგ, როცა რომელიღაც «ჭკვიანი» აღმოაჩენს, რომ თურმე ხელი მოგვიწერია გეიაღლუმებზე, რეგიონული ენების დამკვიდრებაზე, სხვა რელიგიების მართლმადიდებლობასთან გათანაბრებაზე და .., ვეღარაფერს გავაწყობთ, რადგან უკვე ხელშეკრულება გაფორმებული იქნება.

საპატრიარქო იმ სიმაღლეზე უნდა იდგეს, რომ მისი ლოცვაკურთხევისა და რეკომენდაციის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ უნდა იღებდნენ. ეს უნდა ხდებოდეს ქართული ეკლესიის საღი აზრისა და მსჯელობის შედეგად და არა ისე, სოსო თოფურიძე რომ ადგა თავზე და აწერინებდა ხელს, რაზეც უნდოდა.

კარგი რამ წამოსცდა ერთხელ ბიძინა ივანიშვილს: რაც ბერიო, ის _ მრევლიო! რა მდგომარეობაც ქვეყნის პარლამენტშია, იგივეა სინოდში და ქვეყნის აღმშენებლობა სწორედ ეკლესიის გაწმენდით უნდა დავიწყოთ. როცა ეკლესიაში იტყვი შენს გულისტკივილს, კი არ უნდა გამოგაგდონ გარეთ, უნდა დაგიძახონ და გკითხონ _ რაშია საქმე, შვილო, რამ დაგწყვიტა გულიო; იქნებ აქვე, სახლში გადავწყვიტოთ პრობლემა. მაგრამ ჩვენთან პირიქითაა, სიმართლისთვის მაღლა კი არ აჰყავხარ ვინმეს, _ ისჯები, მაგრამ, თუ რაღაც მაქინაციებით მაღალ ეშელონებში მოხვდები, მაშინ ხარ «მართალი».

_ მამა ელიზბარ, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქე» ჩამოყალიბდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საზოგადოებაში გადასვლის შემდეგ მეტს გააკეთებს ხალხისთვის, ვიდრე პოლიტიკაში. რას ველით ამ ორგანიზაციისგან?

_ იმას «ოცნება» დაარქვა, ამას _ «მოქალაქე». გენინსპექცია ბრუნდება საქართველოში თუ რა ხდება? «მოქალაქევ!» _ ასე მოგვმართავდა მილიცია თავის დროზე და ქუჩაში გვაჩერებდა. გარდა ამისა, შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირმა» დაგვაქცია და ივანიშვილის «მოქალაქე» რატომ აგვაშენებს? იქნებ, ბატონი ბიძინა ერთ წელიწადში იმიტომ გაიქცა პოლიტიკიდან, რომ გაცილებით მალე მიხვდა, ვის ხელში გვტოვებდა, ვიდრე წარმოიდგენდა?! ვატყობ, მალე მივიღებთ უწინდელი «მოქალაქეთა კავშირის» სინთეზს და უკან, შევარდნაძის ხანაში დავბრუნდებით.

«ოცნებამ» ჩაილურის წყალი დალია და სჯობდა, «მოქალაქისთვის» «ნატვრა» დაგვერქმია, ნატვრაში მაინც ამოგვძვრებოდა სული, რადგან ადამიანმა კი არ უნდა იოცნებო, რეალისტურად უნდა მიუდგე საქმეს და შენი გასამარგლი უნდა გამარგლო. თუ თავად მარგლავ შენს ყანას და ვერ აუდიხარ საქმეს ბოლომდე, მაშინ ჩამოვა მეზობელი მოსახმარებლად, მხართეძოზე წამოწოლილ მეოცნებეს კი თავის გასაკეთებელს არავინ გაუკეთებს. ეს არის ცხოვრების რეალობა.

ესაუბრა

ნონა ქარქაშაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here