არ ვიცი, რამდენად ეყოფა ჩემი კომპეტენცია, წერილი გაზეთისთვის ღირებული რომ გამოდგეს, თუმცა ნამდვილად მჯერა, იმაზე დიდი სიბრიყვე არ იქნება, რასაც ნაცმოძრაობის პროპაგანდისტული მანქანისა და ნიაღვარად მომდინარე ოკეანისგაღმიდან სერტიფიცირებულ პოლიტიკურ ექსპერტთა ნააზრევია, წლების მანძილზე იძულებით რომ გვატენიან.
ნატოში ინტეგრაციის თემა საქართველოში საფუძვლიანად, სახალხოდ არც არასდროს განხილულა და, დიდი ალბათობით, არც განიხილება. ე. წ. პლებისციტი ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა, უკვე აღიარებულია ქართველი ერის ნების გამოხატულებად. დიახ, გამუდმებით გვაჯერებენ «თავისუფალი» ტელევიზიებიდან ქართველი პოლიტიკოსები, რომ ჩვენ (ქართველმა ერმა) არჩევანი უპირობოდ გავაკეთეთ ნატოს ბლოკში გაწევრიანების სასარგებლოდ. მერე რა, რომ ამ საპრეზედენტო არჩევნებში სააკაშვილმა მეორედ მიიტაცა ხელისუფლება, ამჯერად არჩევნების გაყალბების გზით. აღნიშნული გაყალბება პლებისციტს არ შეხებია, ასე გვაჯერებდნენ მაშინ და დღეს კვლავ ისინი არიან ხელისუფლებაში. ბოლო ერთ წელიწადში მომხდარი პოლიტიკური ამოტრიალება, რომლის შედეგადაც მაშინდელი ოპოზიცია დღეს ზევიდან მოექცა, მოგეხსენებათ, საკითხს ვერანაირად ვერ ცვლის.
რადგან ეს თემა «ვიწრო წრეში» შიგადაშიგ ყოველთვის იხილებოდა, კარგი იქნება, აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა კუთხით თუ შევხედავთ, მსჯელობას თუ გავაფართოებთ. ამასაც ისე _ «შიდა მოხმარებისთვის», თორემ დარწმუნებული ვარ, სხვა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ბრძოლის წყალობით, იმ დროს მოგვადგება ევრაზიული კავშირის მატარებელი კართან, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე ევროატლანტიკური პერსპექტივების მორიგი ილუზორული ბოდვის დაპირებებში რომ იქნებიან.
ნატოს მოწინააღმდეგეთა მხრიდან საკითხის მხოლოდ ასე დაყენება _ რა გვსურს: ერთიანი საქართველო (აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით) თუ ნატოს წევრობა, გამარტივებულად მეჩვენება. სააკაშვილის სამარცხვინო ომის შედეგად, აღნიშნული ტერიტორიებიდან ოფიციალურად დამკვიდრებული რუსული ჯარის გაყვანის მიზეზი ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი შერბილებული რიტორიკა რუსეთის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმის შემცვლელი კაცი კი გამოჩნდა (მადლობა ღმერთს!), თუმცა მანვე ბრძანა, რომ პროკურატურაში ახალ კადრებს (დაახლოებით 300 კაცს) ციდან ვერ ჩამოიყვანდა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად და კვალიფიციურად რომ წასულიყო; მითუმეტეს ციდან ვინ ჩამოიყვანს, უფრო სწორად, ჯოჯოხეთში ვინ განდევნის დღევანდელ თითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ვითომ დამოუკიდებელ ტელემედიას, არასამთავრობო სექტორს, რომელთაც უკვე წლების მანძილზე ფსიქოლოგიური ტერორის, არასწორი და სახელმწიფოებრივად მავნე იდეოლოგიის ქვეშ ჰყავთ მოქცეული საქართველოს მოსახლეობა.
ამიტომ საკითხი ასე დავსვათ: თუ ღმერთი გაუწყრათ იმ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს (უპირველესად, უკრაინას), რომლებიც ჯერ საბაჟო კავშირის წევრები არ არიან და ამ მიმართულებით საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ სვლა გააჩერეს, ამ შემთხვევაში რა გველის ჩვენ? აშშ–დასავლეთის მიერ თუკი რუსეთზე (ევრაზიულ სივრცეზე) მოწოლა გაგრძელდა, რამდენად გვაქვს შანსი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ამ ფარგლებში მაინც შევინარჩუნოთ? ანდა, თუკი რუსეთი კავკასიას დატოვებს, რამდენად მოგვცემენ უფლებას ჩვენი დღევანდელი დასავლელი პატრონები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კვლავ ჩვენი იურისდიქცია აღვადგინოთ? თუ პროცესები ამ შემთხვევაშიც ჩვენ საწინააღმდეგოდ გაღრმავდება?
ანალოგიებით ხშირად მიჩნდებოდა კითხვა: რატომ დასჭირდა დასავლეთს, უკვე დაშლილი იუგოსლავიის ფონზე, სერბეთის დაშლა–გახლეჩაც ბოლომდე მიეყვანა ჩერნოგორიის (მონტენეგროს) ჩამოცილებით. ხალხები, რომლებიც შედუღაბებულნი იყვნენ საერთო რელიგიით, ენით, კულტურით, ეთნიკური ერთობით და საერთოდ არ ყოფილა მიზეზი დაშლისთვის, ერთ დღეს ორ სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ. რეალურად, ორივე რესპუბლიკის სათავეში მყოფმა პროამერიკულმა რეჟიმებმა ზემოდან მოსული დირექტივით ახალი განსაცდელი მოუვლინეს საკუთარ ხალხებს. რეფერენდუმზე ოფიციალურად ჩერნოგორიელთა მხოლოდ 55%-მა მისცა ხმა დამოუკიდებლობას, თუმცა, ჩვენი პლებისციტისა არ იყოს, აქაც ყველასთვის აშკარა იყო, პროცენტები წინასწარ იყო დაწერილი. ნატომ და ეუთომ, რაღა თქმა უნდა, უმალ მიულოცეს ჩერნოგორიელებს დამოუკიდებლობა. ამას გარდა, პერმანენტულად რატომ დგება ასეთივე პრობლემები ეკონომიკურად წარმატებული ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წინაშეც? ხომ არ არის საკითხის გაუბრალოება ის, რომ მიზეზი მხოლოდ ეთნიკურ ან სხვა ყოფით პრობლემებში ვეძებოთ? რადგანაც პოლიტოლოგი არ ვარ, უამრავ ნაშრომს პოლიტიკურ თეორიებში არ და ვერ ვეცნობი, მით უმეტეს ქართული წიგნის ბაზარი (თუ უდაბნო) ამის შესაძლებლობას საერთოდ არ იძლევა. არც თუ დიდი ხნის წინ გავიგე არსებობა აწ გარდაცვლილი ინგლისელ-ამერიკელი პროფესორის _ ლეოპოლდ კორის (Leopold Kohr) თეორიის «ოპტიმალური სახელმწიფოს» შესახებ. მან ეს თეორია გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიმუშავა, სახელმწიფოსთვის მაქსიმალურ ზღვრად ის თვლიდა 10-12 მილიონ ადამიანს. კონკრეტულად საბჭოთა კავშირი პირველ ეტაპზე 12 სახელმწიფოდ უნდა დაშლილიყო. საშუალო სიდიდის სახელმწიფოთა ადგილას, როგორებიცაა ესპანეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი და პოლონეთი, უნდა მიგვეღო ქვეყნები: არაგონი, ვალენსია, კატალონია, კასტილია, გალიცია, ვარშავა, ბოჰემია, მორავია, სლოვაკეთი, რუტენია, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, მაკედონია, ტრანსილვანია, მოლდავეთი, ვალახეთი, ბესარაბია და ა. შ. ისეთი ხელოვნური სტრუქტურები, როგორიც დიდი სახელმწიფოებია (მრავალეროვნული), დიდ ძალისხმევას ხარჯავენ თავისი არსებობის შენარჩუნებისთვის, ამიტომ, მისი აზრით, «ბუნებრივ მდგომარეობამდე» დაბრუნებით, მონოეთნიკური სახელმწიფოების შექმნით (იქნებ ამ გავლენითაც გვიწოდა დასავლეთის მეხოტბემ, დისიდენტმა მეცნიერმა სახაროვმა პატარა იმპერია?) უმცირესობების პრობლემებიც გადაიჭრება და შესაბამისად კონფლიქტებიც აღმოიფხვრება. იდეალად მას მიაჩნდა მე-18 საუკუნის 300 სახელმწიფოდ დაშლილი გერმანია. ასეთ ქვეყნებში, თვლიდა ის, ვიცილებთ რა ეთნოკონფლიქტებს, ამასთან, თითოეულ მოქალაქეს აქვს მეტი შანსი თვითრეალიზაციისთვის.
შესაძლოა, ყოველივე ზემოთქმული ანარქისტი პროფესორის ახირებად მიგვეჩნია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი სიცოცხლის ბოლო წლებში როკფელერების მიერ დაარსებულ სამმხრივ კომისიაში მრჩევლად მუშაობდა, დიდი ალბათობით, უნდა ვივარაუდოთ, მის «ჰუმანიზმს» სულ სხვა მოტივები კვებავდა.
სამხრივი კომისიის მოღვაწეობასა და მიზნებზე ბევრი დაიწერა, ამიტომ იოლი მისახვედრია სახელმწიფოთა დაშლა-დაქუცმაცება, არა კონფლიქტების აღმოფხვრას, კრიმინალის შემცირებას და ცალკეული ინდივიდისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება, არამედ საყოველთაო ჰარმონიის საბაბით, სწორედ პიროვნების წაშლის, საზოგადოების ატომიზაციის, ტრადიციული ღირებულებების ნგრევისკენაა მიმართული. აშშ-დასავლეთის კულტურული მატრიცა ყოველგვარი ტრადიციულის წინააღმდეგაა მიმართული და, რაც იქ იყო გუშინ, დღეს იქნება აქ, ეკონომიკური კეთილდღეობის გამოკლებით (რასაც ასე უცებ ვერ წაართმევენ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ, სოციალისტური მთავრობების მიერ შექმნილ საშუალო ფენას) ქვეყნების დამორჩილება და ერების «ჭკუაზე მოყვანა» კი პატარა სივრცეში უფრო იოლად განსახორციელებელია.
მხოლოდ დიდ სივრცეში, დიდ ტერიტორიებზე აქვთ ადამიანებს შანსი პიროვნებებად დარჩენის, ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნების. აქ არის შანსი, მოსახლეობის უმრავლესობა დატკბეს ცხოვრებით და არა გაბატონებული უმცირესობები, რომლებიც «დემოკრატიულ დასავლეთსა» და მათ სატელიტ ქვეყნებში, დამსჯელი სახელმწიფო აპარატის წყალობით, მოსახლეობის ჯერ კიდევ ნორმალურ უმრავლესობას მორჩილებაში ამყოფებენ.
იქნებ ამჯერად(აც) სხვებმა გადაგვარჩინონ.
როინ გრძელიშვილი