Home რუბრიკები საზოგადოება რა პერსპექტივა აქვს დასავლურ ინტეგრაციას და რა სიგნალი მიიღო თბილისმა 19 დეკემბერს...

რა პერსპექტივა აქვს დასავლურ ინტეგრაციას და რა სიგნალი მიიღო თბილისმა 19 დეკემბერს მოსკოვისგან?

645

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინასთან დაკავშირებით სრული კრახი განიცადა, დღის წესრიგში საქართველოს საკითხი დადგა _ ბებერ კონტინენტზე უკვე ღიად მსჯელობენ იმაზე, რომ ოფიციალურ თბილისთან, შესაძლოა, დაჩქარებული წესით გააფორმონ ასოცირების ხელშეკრულება. პარალელურად გააქტიურდა რუსეთიც. 19 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სიტუაციის ისე განვითარება, როგორსაც ახლა ვხედავთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესაძლებლობას იძლევა.

 

მისივე თქმით, მას საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა, თუმცა ქართველი ხალხისადმი ისევ იგივე შეხედულებები აქვს. კონფერენციაზე კრემლის მესვეურმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს. რა გზავნილებს შეიცავდა ვლადიმერ პუტინის განცხადებები და რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება ჩვენი მხრიდან გადაიდგას _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიომ» აზრის გამოთქმა კომპეტენტურ ადამიანებს სთხოვა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ვლადიმერ პუტინს არაერთხელ გაუკეთებია პოზიტიური განცხადებები საქართველოს მისამართით, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ხელისუფლება, ისე ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არ აღმოჩნდა მზად ამისთვის. კერძოდ, რას ვგულისხმობ: ჩვენთან რატომღაც დამკვიდრდა ისეთი შეხედულება, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, რომ ის არის ბოროტი სახელმწიფო და მასთან საერთო ენის გამონახვაზე ფიქრიც ზედმეტია. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ ნდობა სრულიად დაკარგა, იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს კი, რომელსაც დგამს ჩრდილოელი მეზობელი, ხალხი იმთავითვე უყურებს ეჭვით. ეს არის სიტუაცია, რომელსაც პირობითად შეიძლება მოჯადოებული წრე დავარქვათ. უკვე 20 წელია, ამ წრეზე ვტრიალებთ და ვერ გამოვდივართ; საუბედუროდ, არც ნება არსებობს ამის და არც შემსრულებელი. საქართველო, ფაქტობრივად, გახდა რაღაც დაკონსერვებული სახელმწიფო, პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელთაც ვიღაცას აქვს პარტნიორობის ექსკლუზიური უფლება, ვიღაცას _ არა.

_ თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად რუსეთიდან წამოსული პოზიტიური სიგნალებისთვის. კონკრეტულად რაში გამოიხატა ეს?

_ ეს ჩანს იმ განცხადებებში, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ ირიბად. მათ რიტორიკაში აშკარად იკვეთება ის, რომ ისინი რაღაც მზაკვრულს ხედავენ ოფიციალური მოსკოვის პოზიციაში. ანალოგიურ აზრზეა ე. წ. ქართული პოლიტოლოგიაც, რომელსაც თეთრი და შავი ვერ გაურჩევია. ჯამში კი ამ გაუთავებელ ვაკქანალიას მივყავართ ისევ იქ, სადაც 20 წელი ვიტრიალეთ სრულიად უშედეგოდ.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ პუტინის განცხადების შემხვედრ ნაბიჯად ჩაითვალოს?

_ კარგის მთქმელს კარგი გამგონე უნდა, _ პუტინმა გააკეთა ძალიან მკაფიო მინიშნებები, რაც საერთოდ ახასიათებს მას, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არანაირად არ არის მზად რუსეთთან დიალოგისთვის. მეტსაც გეტყვით, მას არ აინტერესებს მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება და, რაც გვესმის განცხადებების დონეზე, რომ თურმე მზად არიან თანამშრომლობისთვის, ეს, უბრალოდ, სიტყვის მასალაა.

_ ქართული პოლიტოლოგია ახსენეთ და კონკრეტულად ვის ან რას გულისხმობდით?

_ მოისმინეთ სულ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები, რომლებიც გააკეთეს ჩვენმა ე. წ. პოლიტოლოგებმა; მაგალითად, ცისკარიშვილმა, სოსო მყავს მხედველობაში, კიდევ გოგოლაშვილია ერთი, ვიღაც სულელი და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში არიან დაბადებულნი, გაზრდილები და საბჭოთა ძუძუ უწოვიათ, ისეთ სისულელეებს ამბობენ, შეიძლება გაგიჟდე…

_ პოლიტოლოგების პოზიცია, ალბათ, ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, ხელისუფლება იყოს მოწოდების სიმაღლეზე?

_ ხელისუფლება, რომ თავის დონეზე იდგეს, იმ სისულელეს კი არ იტყვის, რაც მაია ფანჯიკიძემ ბრძანა, _ რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკება არ დაიწყება, ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში იქნება მათი საელჩოებიო. რუსეთის საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში კარგა ხანს იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ აპირებს მეზობელ სახელმწიფოსთან დიალოგს.

_ როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?

_ სავიზო რეჟიმი თავის დროზე, რუსეთმა კი არა, საქართველომ შემოიღო. ეს გააკეთა «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდულმა ფრთამ, კერძოდ სააკაშვილმა, ჟვანიამ და სხვებმა. სხვათა შორის, იმ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ჩემთან მოვიდა რუსეთის მაშინდელი ელჩი საქართველოში ფელიქს სტანევსკი, რომელმაც გაოცებით მკითხა, _ რად გინდათ ქართველებს ამ სავიზო ხელშეკრულების შემოღებაო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, მაგრამ რა ხდებოდა, იცით, მაშინ იყო ასეთი მოარული ფრაზები მომავალ «ნაციონალებში»: რუსეთთან სავიზო ხელშეკრულების დადება იმის გარანტია იქნება, რომ საქართველო გამოვიდეს კრემლის ორბიტიდანო. აი, ამგვარმა მიდგომამ წარმოშვა უამრავი პრობლემა და დაღუპა სახელმწიფო.

_ ვის ინტერესებში შედიოდა ეს ყველაფერი?

_ ადრეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს მარტო «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდულ ფრთას არ მოუაზრებია. ამის უკან იდგა დასავლეთი, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ვინაიდან ისინი დაბეჯითებით ითხოვდნენ საქართველოს რუსეთთან დისტანცირებას და დაშორებას.

_ რა მიიღეს საქართველოში მოქმედმა პროამერიკულმა ძალებმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებით?

_ მიიღეს ის, რომ ორი ქვეყანა დაშორდა ერთმანეთს, გაწყდა ეკონომიკური და, რაც მთავარია, ნათესაური კავშირები. ამან, ბუნებრივია, უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში ჩააგდო მთელი საქართველო და ვფიქრობ, ეს ისეთივე დანაშაულია, როგორიც სხვა მრავალი, რომლებიც ჩაიდინა შემდგომში სააკაშვილმა და მისმა «ნაციონალურმა» ბანდამ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, გამუდმებით რომ გვიკიჟინებს ეს სულელი ხელისუფლება, ჩვენი გზა არის ევროკავშირი და უნდა შევიდეთ ევროპულ ოჯახშიო, ჯერ ერთი, იქ არავინ გიღებს და მეორეც, რომც მიგიღონ, რას გვაძლევს ეს ჩვენ?! მე გულახდილად შემიძლია გითხრათ ერთი რამ _ ამ ასოცირებული წევრობის მთავარი მიზანი არის ის, რომ სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანა _ ბელარუსი, უკრაინა, საქართველო _ დააშორონ რუსეთს, დააყენონ რიგში და ეს რიგი იყოს სამარადისო, ანუ დაიახლოვონ, მაგრამ ბოლომდე არ დაიახლოვონ.

ირინა სარიშვილი, პარტია «იმედის» თავმჯდომარე:

_ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტის ის განცხადება, რომელიც წინა კვირას გაკეთდა და შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგების პერსპექტივას, ამის არა ნაბიჯი, არამედ მინიშნება. ლაპარაკია იმაზე, საით შეიძლება წავიდეს რუსულ-ქართული ურთიერთობები, თუ საქართველოს მხრიდანაც იქნება კონკრეტული ადეკვატური ქმედებები. თავის მხრივ, პუტინის განცხადება ამ შემთხვევაში უკვე დაგეგმილი ნაბიჯის გადადგმას არ ნიშნავს და ეს უფრო ინფორმაციული სიგნალი იყო, რომელიც უნდა მოესმინა ყველას. აწი დანარჩენი _ რას გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, ძნელი სათქმელია, მაგრამ დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული «ოცნების» რიგითი წევრით, არც ერთი მათგანის განცხადებით არ შეგვიძლია რამე კონკრეტული შეფასების გაკეთება.

_ ისე, ამ ხელისუფლების მიმართ ოპონენტების მხრიდან იმთავითვე ისმოდა «ბრალდებები» მის პრორუსულობასთან დაკავშირებით.

_ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ რეალურ ქმედებებში და, ბრალდებებს რაც შეეხება, პრორუსულობის თაობაზე ეს, შესაძლოა, თვითონ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს, რომ ბუნდოვანი გახადოს საკუთარი ნაბიჯები, ძალიან ძნელი საპროგნოზოა, რა მიმართულებით განვითარდება პროცესები. ჯერჯერობით ყველაფრიდან ჩანს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს «ქართული ოცნება», ანუ პირებს ისევ შეერთებული შტატების პარტნიორობას და ევროკავშირის გაუგებარი გზით სვლას, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ნატოში და არც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

_ საქართველოს რას მისცემს  დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან დაახლოება?

_ რუსეთთან დაახლოებაზე კი არაა საუბარი, თვითონ ეს ტერმინიც შესაცვლელია. აქ, უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ისეთ დაჯგუებებში, იქნება ეს, უბრალოდ, ნატო თუ ევროკავშირი, რომლებსაც ჩვენი გამოყენება უნდათ რუსეთის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ესაა მოსაგვარებელი და შემდეგ ამას ავტომატურად მოჰყვება კრემლთან ურთიერთობის დარეგულირება. ისე, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გადაიდგმებოდა ასეთი ნაბიჯები, ზარალი ნაკლები გვექნებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ასეთი ნაბიჯების გარეშე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან რეალურად ურთიერთობის მოგვარება არის სრულიად წარმოუდგენელი.

_ როგორ ფიქრობთ, თუ კი საქართველო შეეცდება რუსეთთან რეალური დიალოგის დაწყებას, ხომ არ გაგვირთულებს ეს ურთიერთობას დასავლეთთან? როცა ამაზე საუბრობენ, ხშირად მოჰყავთ ხოლმე უკრაინის მაგალითი

_ საქართველომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, ვინ რა პოზიციას დაიკავებს მის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე. ახლა რაც შეეხება უკრაინას: ჩვენ, ჯერ ერთი, არ გვინახავს იქ მიმდინარე პროცესების დასასრული და მეორეც, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ანუ ქვეყნის გაყოფა ინტერესების სფეროებად, ეს უკვე მოხდა საქართველოში 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა მიიღო მონაწილეობა წინასწარ წაგებულ ომის გათამაშების დანაშაულებრივ შეთქმულებაში ამერიკელებთან. სხვა დანარჩენი, კიდევ ვიმეორებ, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ ხელისუფლების მოქმედებები ბუნდოვანია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იცოდეს ერთი რამ _ არ შეიძლება, შენი ერის უსაფრთხოებაზე, მის ინტერესებზე მაღლა დააყენო სხვისი რაღაც სტრატეგიული ამოცანა. ამას ყოველთვის მოსდევს ქვეყნის დასუსტება, დაუძლურება და სულ უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველა ვხედავდით.

გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარე:

_ რამდენიმე დღის წინ ვიყავი გორში, სადაც უნდა დადგმულიყო სტალინის ძეგლი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ყაზახეთიდან ჩამოვიდა ისტორიკოსი-აკადემიკოსი ცოლ-შვილით და ისეთი გაწბილებული დარჩა იმის გამო, რომ ძეგლი არ დაიდგა, აღშფოთებას ვერ მალავდა. მე რისი თქმა მინდა: არც სტალინის ძეგლი დაბრუნდება თავის ადგილზე, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდება, არც ჩვენი კულტურა და ხელოვნება აყვავდება და არც ჩვენი სახელმწიფო რელიგია შეგვრჩება, თუ რუსეთის ორბიტას არ დავუბრუნდებით. ახლა რას ნიშნავს რუსული ორბიტა: ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს საზღვარი აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთან, რუსეთთან და უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც გვიცხოვრია. სვანებმა იციან თქმა: გზა უნდა გავიყვანოთ ნაგზაურზე და ხიდი გავდოთ ნახიდარზეო. რაც უფრო მალე გავა გზა ამ ნაგზაურზე და რაც უფრო მალე გავდებთ იმ ხიდს, რომელიც ჩვენ ჩავტეხეთ, მით უფრო ბედნიერ ცხოვრებას ეწევა საქართველო. რაც შეეხება პუტინის განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის კეთილი ნებაა, ამიტომ ყველა ქართველმა უნდა ავიტაცოთ და ვიაროთ ისე, როგორც გვივლია ისტორიულად.

_ რამდენად გაქვთ იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს გადადგამს?

_ ყოველ შემთხვევაში ამ ხელისუფლების იმედი იმდენად არ მაქვს, რამდენადაც მაქვს რუსეთის ძლიერების. ის არსად წამსვლელი არაა კავკასიიდან, რამდენიც არ უნდა ასავსავონ ვიღაცებმა ხელები და მე მაინც მჯერა, რომ რუსულ-ქართულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გვაკავშირებს დიდი ხნის ძმობა და ერთობა, ამიტომ ვერავინ ამ ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლობაში ვერ ჩაერევა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ხალხის მანიპულაცია ძალიან ადვილია, განსაკუთრებით თუ ეს წლობით გრძელდება,მაგრამ სწორ გზაზე დაყენებაც არ არის ძნელი თუ სიმართლეს ეტყვით.
    ევროპას უყვარს თავაზიანი და ჰუმანური ურთიერთეობები სხვა ხალხებთან, ევროპას შეუძლია სასარგებლო რჩევების მოცემა, მაგრამ ევროპას ფული არ აქვს!
    შეხედეთ უკრაინის მაგალითს.მათ უნდოდათ უკრაინა გამოეყენებინა თავის ი ინტერესებისათვის,ევროპელებისათვის ბაზარი უკრაინაში მომგებიანი იყო მხოლოდ ევროპელებისთვის!!!
    როცა იაკუნოვიჩმა იქით ფული მოითხოვა თავისი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის, უარი მიიღო,იმიტომ რომ ევროპას ფული არ აქვს და ნუ ოცნებობს ზოგიერთი ქართველი, ხვალ რომ სასწაული მოხდეს და ევროკავშირში შევიდეს, 1% -ით მაინც გაუმჯობესდება საქართველოში მდგომარეობა.

  2. ევროპა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ამერიკა ან რუსეთი, მაგრამ ეს დამოკრატია ევროპელებმა თვითონ ააშენეს, ჰუმანიზმის ბაზისზე და რელიგიიდან გამომდინარე დოგმების საფუძველზე,სხვა ქვეყნების დაუხმარებლად,
    განა ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია ავაშენოთ ჩვენი დემოკრატია, ქართული დემოკრატია. ამოს ყველა საშუალება გვაქვს თუ ჩვენს ყველა რესურსებს გამოვიყენებთ და სულელებივით არ ვიმეორებთ–ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ამერიკა! თქვენ გქონდათ ევროპა-ამერიკა ეს 9 წელი და მიიღეთ ის, რისი გაცემა ევროპა-ამერიკას შეეძლო თქვენთვის, 5 დღიანი სამარცხვინო სპექტაკლი!
    ისიც დაინახეთ რა გააკეთა ევროპა-ამერიკამ თქვენთვის ამ პერიოდში.
    ხვალ რომ ანალოგიური შემთხვევა განმეორდეს, იგივეს მიიღებთ ევროპა-ამერიკისგან, რადგან ისისნი არასდროს დაუპირისპირდებიან რუსეთს.

  3. დღეს თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ 2014წლისთვის საქართველომ ამერიკელებისგან სამხედრო ვერტმფრენები უნდა შეიძინოს.
    რა არის დანიშნულება ამ ვერტმფრენების???–თუ რუსეთის ან თურქეთის წინააღმდეგ მოგიხდებათ ამ ვერტმფრენების გამოყენება, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი ამ „ვერტმფრენებთან ერთად გადაყლაპავს“ ჩვენს თავდაცვის მინისტრს!!! ამის გამოცდილებაც უკვე გვაქვს!
    მაშ რა საჭიროა ამდენი დანახარჯები შეიარაღებისთვის???
    ესეც იმ ცრუ იდეოლოგიის შედეგია, რითაც წლების მანძილზე იკვებებოდა ჩვენი საზოგადოება!
    სიცრუეა როცა გეუბნებიან,რომ ხვალ ევროკავშირში შეხვალთ, ევროპა ამას არ დაუშვებს, მსგავს ცირკებს კი მოგიმზადებთ რაც ვილნიუსის სამიტეზე მოგიწყოთ, ამის დიდი ნიჭი გააჩნიათ, ისინი ამით არიან ცნობილები!!!!

  4. 3-წელია სირია სისხლიანი დიქტატორის ბაშარის ტერორის ქვეშ არის. ათი ათასობით მოკლული, ამდენივე დასახიჩრებული-დაჭრილი, მილიონობით დევნილი, რას აკეთებს ევროპა-ამერიკა???!!!- ბაშარის ხელისუფლების
    ოპოწიციის წაქეზება,იარაღით მომარაგება. აი ის, რისი გადწყვეტილების მიღებაც მათ შეუძლიათ როცა ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა.
    ამერიკა-ევროპა ვერ ბედავს რისეთთან მოლაპარაკების წამოწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათ არ უნდათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება სირიის ინტერესების გამო.
    არის თუ არა ამერიკა-ევროპის ფავორიტი სირიის ოპოზიცია ბაშარის ხელისუფლებაზე დემოკრატიული, ან თუნდაც უკეთესია, რა თქმა უნდა არა!!!, აბა რატომ ერევა სირიის შიდა საქმეში ამერიკა, მხოლოდ იმიტომ რომ ამით რუსეთისადმი თავისი ოპოზიციური განწყობა გამოხატოს!

  5. რა მოაქვს ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩვას სირიის მაგალითზე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
    ხოლო ჩვენთან რა მოჰყვა ამ ორად გაყოფას უახლოესი წარსულიდან უკვე ცნობილია!!!
    რაც შეეხება დღეს საქართველოში–ის ვინც ფარცხალაძე მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინც მის ინტერესებს იცავს, ქვეყანა ანარქიამდე მიჰყავს და ამას გეგმაზომიერად აკეთებენ!!!. ამ არეულობით ისევ ნაციონალები ისარგებლებენ, თუ ამერიკა მესამე ხელისუფლებას მოიყვანს ამაზე უნდა დავფიქრდეთ. წინა ხელისუფლებამ სამარცხვინო დიქტატურა შექმნა,ახლანდელი ხელისუფლება სამარცხვინოდ სუსტია, როცა ამბობს, რომ ფირცხალაძე ესაჭიროებათ ნაციონალების საქმეების გასარჩევად.

  6. _„ ხელისუფლება, რომ თავის დონეზე იდგეს, იმ სისულელეს კი არ იტყვის, რაც მაია ფანჯიკიძემ ბრძანა, _ რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკება არ დაიწყება, ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში იქნება მათი საელჩოებიო“- ეს შენიშვნა სრული სიმართლეა!
    –ეს იგივე მაია ფანჯიკიძეა,რომელიც სამიტზე ხელშეკრულებას ყოველგვარი წაკითხვის გარეშე აწერს ხელს და მე მგონი ის ათასფურცლიანი პროგრამა დღესაც ბოლომდე არ აქვთ წაკითხული, ვფიქრობ არც ფანჯიკიძეს და არც დანარჩენებს.
    მეორე საკითხია, ფანჯიკიძე ზოგიერთ სხვა მინისტრთან შეთანხმებით ამბობს და აკეთებს ამ სისულელეებს თუ მიზანდასახული ქმედებებია ქვეყნის ანარქიამდე მისაყვანი!!!
    –ქვეყნის არეულობა, რითაც დაინტერესებულია მესამე ძალა, უფრო საშიში, ვიდრე აქამდე ყოფილა საქართველოში!

  7. ვეთანხმები პოლიტოლოგს,
    ის სისულელეები რასაც მინისტრი-ფანჯიკიძე ამბობს და აკეთებს,
    ის სისულელეები რასაც მინისტრი-ალასანია ამბობს და აკეთებს,
    ერთი მხრივ გვაგონებს „ვიტვიტა და ბათურას“ მინისტერიალს, ხოლო მეორე მხრივ,საკმაოდ საშიშ, მიზანდასახულ ქმედებებია, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა და რომ მესამე ხელისუფლება მოვიდეს სათავეში უფრო სასტიკი,ვიდრე ოდესმე ყოფილა!!!
    შეგიძლიათ შეახსენოთ ალასანიას ანდაზა–ძაღლი შინ არ ვარგოდაო…. როცა მოხსენებას აკეთებს, რომ მას სურს მალიში ჯარისკაცების გაგზავნა/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here