Home რუბრიკები საზოგადოება თბილისის რომელ საავადმყოფოებს აქვთ უკანონოდ ლიცენზიები და სად ინახება გაყალბებული დოკუმენტაცია?!

თბილისის რომელ საავადმყოფოებს აქვთ უკანონოდ ლიცენზიები და სად ინახება გაყალბებული დოკუმენტაცია?!

704

კლინიკას ფუნქციონირებისა და პაციენტების მიღების უფლებისთვის  ლიცენზია სჭირდება. ამ მიზნით ის სპეციალური განაცხადით შედის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ მაძიებელ კლინიკას ეძლევა სამი სამუშაო დღე საბუთებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ყველაფერი წესრიგშია, 20 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები. 23 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ კი კლინიკაში მიდის სააგენტოს სამუშაო ჯგუფი და ადგილზე ამოწმებს ობიექტს.

 

ასეთია თანმიმდევრობა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა საავადმყოფოზე ლიცენზია. რა ხდება სინამდვილეში და როგორ გაიცემოდა ლიცენზიები საკმაოდ ცნობილ სტაციონარებზე? როგორ კეთდებოდა ფული? ვის მიერ ყალბდებოდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები? «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის» თავმჯდომარე თამარ ღუღუნიშვილი.

_ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უნიკალური დოკუმენტური მასალა გადმოგვცა, რომელსაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვამუშავებდით და რომლის შესახებაც ახალი წლის შემდეგ ბრიფინგის გამართვას ვაპირებთ. საქმე ეხება მთელ რიგ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ლიცენზიების გაცემის კომპონენტში. ჩვენი ორგანიზაციის ხელთ ამ ეტაპზე არის კლინიკებზე 20-მდე კანონდარღვევით გაცემული ლიცენზია.

_ კონკრეტულად რომელ კლინიკებზეა საუბარი?

_ დავიწყოთ «ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის ცენტრი «იუნონა+». საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა დაწესებულებამ 2006 წლის 11 დეკემბერს შეიტანა სალიცენზიო განაცხადი 6 საქმიანობაზე და 28 დეკემბერს სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭა 6 ლიცენზია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ ამ დაწესებულებას საერთოდ არ უნდა მიეღო ლიცენზიები და ეს საქმე საერთოდ არ უნდა განხილულიყო.

_ რატომ?

_ მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველი დარღვევა არის ლიცენზიის გაცემის ვადები. საქართველოს მთავრობის 09.09.2006 წლის #153 დადგენილებით, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიები უნდა გაცემულიყო საჯარო ადმინიტრაციული განხილვით. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად კი, საჯარო-ადმინისტრაციული განხილვა, რომელზეც წყდება ლიცენზიის გაცემის საკითხი, არ შეიძლებოდა 23 სამუშაო დღეზე ადრე გამართულიყო, ანუ ამ შემთხვევაში განხილვა სადღაც 2007 წლის იანვრის ბოლოს უნდა გამართულიყო, ფაქტობრივად, გაიცა 12 სამუშაო დღეში. ამით დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი და «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონი. ამ უკანასკნელის მიხედვით კი, მსგავსი დარღვევა ანალოგიის გამოყენებით 6 თვით თანამდებობრივ დაქვეითებას ითვალისწინებს. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი: სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საჯაროადმინისტრაციულ განხილვას მხოლოდ სამი მონაწილე ჰყავდა (თუ არ ჩავთვლით სხდომის მდივანს) და მათგან 1 იყო მხოლოდ ლიცენზიების დეპარტამენტის თანამშრომელი (11 თანამშრომლიდან). ამ დროს, დეპარტამენტის 11-ვე წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა სალიცენზიო განხილვას. აქვე დავძენ, რომ კანონდარღვევით გაცემული ლიცენზიების «საჯარო» განხილვებსაც ეს სამი პიროვნება ესწრება. მათ ხელს არ აძლევდათ დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობა აღნიშნულ განხილვებში, ვინაიდან მათთვის სასურველ დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.

_ დაგვიკონკრეტეთ, რომელ კლინიკაზე უნდა გაიცეს ლიცენზია და რომელზე არა.

_ «იუნონა+»-ზე საერთოდ არ უნდა გაცემულიყო ლიცენზია, ისევე, როგორც ჩვენ მიერ შესწავლილ სხვა კლინიკებზე. მეორე დარღვევა დაფიქსირდა სალიცენზიო მოსაკრებელზე. «იუნონა+»-მა 2006 წლის 11 დეკემბერს სააგენტოში შეიტანა განცხადება 6 ლიცენზიის მოპოვებაზე. მათ შორის, 5 იყო გენერალური და 1 სპეციალური ლიცენზია. 5 გენერალური ლიცენზიიდან 4 ბავშვთა და მოზრდილთა ლიცენზიებს მოიცავდა, ხოლო ონკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია ოთხ ლიცენზიას მოიცავდა. ჯამში 12 ლიცენზია მივიღეთ. თითოეული მათგანის მოსაკრებელი მაშინდელი მდგომარეობით 20 ლარი იყო, რაც ამ შემთხვევაში ჯამში 240 ლარს შეადგენს. მე-6 ლიცენზიის (ბავშვთა სტაციონარული გინეკოლოგიური საქმიანობის სპეცლიცენზია) მოსაკრებელი 50 ლარი იყო. მთლიანმა ჯამმა შეადგინა 290 ლარი. «იუნონა+»-ს თქვენ მიერ მოწოდებულ საბუთებში კი 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლია წარმოდგენილი, რომელიც გადახდილია რატომღაც 2006 წლის 16 მარტს (9 თვით ადრე) და ამ გაანგარიშებით ეს ვადა მხოლოდ 4 ლიცენზიის აღებას ჰყოფნიდა. გამოდის, რომ პირველი ორი ლიცენზია კანონდარღვევით, მოსაკრებლის გარეშეა გაცემული და საერთოდ არ უნდა გაცემულიყო; უფრო მეტიც, არ უნდა განხილულიყო.

_ როგორც ვიცი, სანამ კლინიკას ლიცენზიას მიანიჭებენ, ადგილზე შესასწავლად ინსპექტირების ჯგუფი მიდის

_ დიახ. მაგრამ სააგენტოს უფროსმა ადგილზე სალიცენზიო პირობების შესამოწმებლად ინსპექტირების ჯგუფი არ გაგზავნა. შესაბამისად, გადაწყვეტილება კაბინეტიდან გაუსვლელად მიიღეს. კლინიკა თვალით არავის უნახავს, ისე გასცეს ლიცენზია. ამაზე სააგენტოს პასუხი არის ის, რომ საქართველოს მთავრობის 18.01.2006 წლის #9 დადგენილება სააგენტოს უფლებამოსილს ხდიდა, მაგრამ არ ავალდებულებდა ინსპექტირების ჯგუფის ადგილზე შესამოწმებლად გაგზავნას. მაგრამ მათ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ: მთავრობის დადგენილებაზე უფრო მაღლა მდგომი არის საქართველოს კანონი «ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის» შესახებ, რომელიც  ავალდებულებდა სააგენტოს: ა) მუხლი 53, პუნქტი 5: «ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან აგრუმენტებზე, რომლებიც არ იქნა მოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს»; ) მუხლი 96, პუნქტი 2: «დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ»; და რაც მთავარია: ) მუხლი 112. პუნქტი 2: «შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა. შემთხვევის ადგილში მოიაზრება ის ტერიტორია მასზე მდგომი აპარატურით და მოწყობილობებით, რომელზეც უნდა გაიცეს ლიცენზია», ანუ საქართველოს მთავრობის 2005 წლის #153 სამთავრობო დადგენილების 4 მუხლის 1 პუნქტში ლიცენზიის მაძიებელი დაწესებულების მხრიდან წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტაციათა შორის საყურადღებოა: ა) სამედიცინო დაწესებულების ფართობის სიტუაციური ნახაზი; ბ) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ინფორმაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ სახელწოდებისა და გამოშვების წლების მითითებით.

ახლა ვსვამ ასეთ კითხვას: ზეპირი მოსმენის ოქმის მონაწილეებმა სააგენტოდან გაუსვლელად როგორ დაადგინეს სიტუაციურ ნახაზზე არსებული მონაცემების თანხვედრა ადგილზე არსებულთან ან კლინიკის მატერიალურტექნიკური აღჭურვილობის დოკუმენტში მოცემული ჩამონათვალის დასახელების რაოდენობის და გამოშვების წლების იდენტურობა ადგილზე არსებულთან, რაც შემდგომ ლიცენზიის გაცემის საფუძველი გახდა? არადა, ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებდა სააგენტოს ამის გაკეთებას. ესეც რომ არ იყოს, როდესაც უფლებამოსილი ხარ, 6 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას, რომელთა შორის 5 გენერალური იყო და საერთო ჯამში 12 სპეციალურ ლიცენზიას უდრიდა, როგორ გასცემ ისე, რომ არ დაინტერესდე, სად მდებარეობს კლინიკა, როგორია ინფრასტრუქტურის განლაგება, აღჭურვა, მდგომარეობა, პალატების რაოდენობა, საოპერაციოები, აპარატურის გამოშვების წლები და ა. შ.

_ კიდევ რომელი კლინიკები მუშაობენ კანონდარღვევით?

_ სამედიცინო აკადემიის დიპლომის შემდგომი მზადების კლინიკა (თბილისი, ლუბლიანას ქ. #5) და სიღნაღის რაიონული საავადმყოფო «ჯანმრთელობა» (წნორი, ევდოშვილის ქ. #12) ისე ფუნქციონირებდნენ ამ ახალ მისამართზე, რომ 2009-2012 წწ-ში საერთოდ არ ჰქონდათ ლიცენზიები. რაც შეეხება წნორს, შეიძლება ვივარაუდოთ, რატომ უხუჭავდა თვალს სააგენტოს უფროსი მის ულიცენზიოდ მუშაობას. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ამ დაწესებულებას 3-ჯერ ეთქვა უარი ლიცენზიაზე, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ემუშავა სრული დატვირთვით და არ დაჯარიმებულიყო უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის. დიპლომისშემდგომი მზადების სახელმწიფო აკადემიის კლინიკა (ჭავჭავაძის #33) აკმაყოფილებდა სალიცენზიო სტანდარტებს და, როგორც ირკვევა, დიღომში ლუბლიანას ქუჩა #5-ში ისე უმუშავია ორი წელი (2012 წლის აპრილამდე) რომ საერთოდ არ ჰქონია ლიცენზია.

ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო არ იძლევა კომენტარს, მაგრამ მისი ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასე გამოიყურება:

«ორი სამედიცინო დაწესებულების _ დიპლომისშემდგომი მზადების სამედიცინო აკადემიის კლინიკა და შპს «იუნონა+» სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ ნებართვების ფლობის თაობაზე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ, «დაწესებულებათა უწყებრივი სანებართვო რეესტრის მონაცემებით, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა #5 (ჩაჩავას ქუჩა #1 ), 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 მარტამდე პერიოდში დიპლომის შემდგომი მზადების სამედიცინო აკადემიის კლინიკა რეგისტრირებული არ ყოფილა».

ესაუბრა

თამარ ნაზღაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here