Home რუბრიკები პოლიტიკა «მხურვალე სალამი» მზიური საქართველოდან თუ ტესტი ადეკვატურობაზე?

«მხურვალე სალამი» მზიური საქართველოდან თუ ტესტი ადეკვატურობაზე?

613

უკრაინაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. მთელი მსოფლიო დაკვირვებით ადევნებს თვალს კიევში, მაიდანზე მიმდინარე მოვლენებს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს არც საქართველო ჩამორჩება. ეს გასაკვირიც არ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერები, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სწორედ ის ხალხი, რომელიც არათუ გულგრილად, არამედ აღტაცებითაც კი ადევნებდა თვალს საქართველოში 7 ნოემბრისა და 26 მაისის სასტიკ დარბევებს, დღეს უკრაინელი ხალხის გულანთებულ გულშემატკივრად მოგვევლინა.

 

როგორც ჩანს, ფარისევლობას საზღვარი მართლაც არ ჰქონია. რა თქმა უნდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოჩენილი სისასტიკისთვის ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფალი ადრე თუ გვიან პასუხს აგებს, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო იმ ხალხის ვითომ გულისტკივილს და აჟიოტაჟს რომ უყურებ, რომელსაც საქართველოში არც ერთი აქციის დარბევის, არც ერთი უსამართლო მოვლენის დროს არათუ ხმა არ ამოუღია, უხაროდა კიდეც, როცა ქართველი ქართველს აწამებდა და სცემდა, რთულია, მათი გულწრფელობა დაიჯერო. მით უფრო, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სისასტიკესთან უკრაინის ხელისუფალთა ქმედება ახლოსაც ვერ მივა. ხოლო ის არგუმენტი, რომ 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს გამოსულ ადამიანებს ვიღაცისგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ, არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა ეწამებინათ, ეცემათ და დაეხოცათ. სამწუხაროდ, ზოგიერთი თავისუფლების «უანგარო» გულშემატკივრისთვის ეს მარტივი დემოკრატიული ჭეშმარიტება გაუგებარი აღმოჩნდა.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელსაც დეპუტატების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. იმ დეპუტატების სიაც კი გამოქვეყნდა, რომლებმაც მაიდანზე შეკრებილი მომიტინგეების მიმართ სოლიდარობის გამოცხადების დოკუმენტს ხმა არ მისცეს. ესენი არიან:  ვიცესპიკერი მანანა კობახიძე, ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, ერეკლე ტრიპოლკსი, ელისო ჩაფიძე, გუბაზ სანიკიძე, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, როსტომ ხალვაში, ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე, ვალერი გელაშვილი, თენგიზ ხუბულური, ოთარ ჩრდილელი, დათო ლორთქიფანიძე, ომარ ნიშნიანიძე, გიგლა აგულაშვილი, დავით ონოფრიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, ზვიად ძიძიგური, ალე მამედოვი, ალექსანდრე ქანთარიაბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შალვა კიკნაველიძე, თემურ მაისურაძე, პაატა ბარათაშვილი, თამაზ არდალიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზურაბ ზვიადაური, თეიმურაზ ჩხაიძე, თეიმურაზ ჭკუასელი.

თუმცა «ქართული ოცნების» დეპუტატები «ნაციონალებს» სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატებიდან რამდენიმე მათგანს კომენტარი ვთხოვეთ.

მანანა კობახიძე, «ქართული ოცნების» ვიცესპიკერი:

_ ჩემი პირადი მსოფლმხედველობა თუ ვინმეს, მათ შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აინტერესებს, რომელმაც სამარცხვინო დეპუტატთა სიაში შემიყვანა, მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად სოლიდარული ვარ იმ ხალხის მიმართ, რომლის არჩევანიც დემოკრატიისკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვაა. გარდა ამისა, ძალადობა ყოველთვის დასაგმობია და ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას, იყო ეს 26 მაისი თუ 7 ნოემბერი, მე საქართველოშიც ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი და შესაბამისად, ამჯერადაც სოლიდარული ვარ.

ამას გარდა, მინდა აღვნიშნო: უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი დოკუმენტი მოამზადეს არა «ნაციონალებმა», არამედ ევროინტეგრაციის კომიტეტმა და მას 86 ხმით დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, იმ ოთხშაბათს, მე პირადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნულ სხდომას ვერ ვესწრებოდი და კარგი იქნებოდა, სანამ განცხადებას გააკეთებდა, ეს ინფორმაცია ქალბატონ სალომესაც გადაემოწმებინა.

რაც შეეხება, «ნაციონალების» ვერსიას, არ შეიძლება ქვეყნის პარლამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რაღაც დოზით მაინც, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქმებოდეს. ჩვენ ხომ არ ვართ ოპოზიცია, მედია, ჩვენ ვართ ხელისუფლება, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო და ყველა განცხადება, რომელიც სხვა ქვეყანას ეხება, იმ ჩარჩოში უნდა მოაქციო, რომელიც დიპლომატიურ, საერთაშორისო სტანდარტებს არ დაარღვევს.

_ «ნაციონალების» მიერ მომზადებული განცხადება შუღლის გამომწვევი იყო?

_ მიმაჩნია, რომ მათი განცხადება ცოტა არადიპლომატიური იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ იმ განცხადებას, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე გამოვეხმაურეთ ვილნიუსის სამიტს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდეთ, მხარი დაეჭირა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის. უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მჯერა, რომ დაიძლევა ის კრიზისი, რომელიც ხალხსა და ხელისუფლებას შორის არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით.

_ ქალბატონო მანანა, თუ პარლამენტმა მოამზადა უკრაინის მხარდასაჭერი დოკუმენტი, რატომ გახდა საჭირო «ნაციონალების» მხრიდან ასეთივე მეორე დოკუმენტის მომზადება, მით უმეტეს, თუ შეიძლებოდა ეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და შუღლის გამოწვევად აღქმულიყო?

_ მათ შემოგვთავაზეს რაღაც ალტერნატიული ვარიანტი, სადაც თუნდაც რუსეთის მიმართ იყო ზუსტად იგივე ტონალობა, როგორიც «ნაციონალებს» წლების განმავლობაში ჰქონდათ და ვფიქრობ, ამ ტონალობამ საქართველოს არაფერი მოუტანა; პირიქით, ქვეყანას ომი ვერ ააცილა. ამიტომ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ უფრო დიპლომატიურ ჩარჩოებში მოვაქციეთ. ისტერიული ტონი, როგორიც «ნაციონალებს» რუსეთის მიმართ ჰქონდათ, საერთაშორისო ურთიერთობებში საერთოდ არ არის მიღებული და, «ნაციონალური მოძრაობისგან» განსხვავებით, ჩვენ ამ სტანდარტს ვიცავთ. მიმაჩნია, რომ თუნდაც იმავე რუსეთთან მიმართებაში, ცოტა ზომიერების გამოჩენა იყო საჭირო.

_ ეთანხმებით თუ არა ამ დღეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ახლა საქართველოს ბედი გარკვეულწილად უკრაინაში წყდება?

_ საქართველოს ბედი მხოლოდ საქართველოში წყდება და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ჩვენ სად და როგორ ვიქნებით. ასე გაზვიადება, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, არა მგონია, მთლად მართებული იყოს. უკრაინელი ხალხი, რა თქმა უნდა, იმსახურებს სოლიდარობას, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, მას შესწევს ძალა, თავისი პრობლემები თავად გადაწყვიტონ.

დეპუტატი შოთა ხაბარელი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს:

_ ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ეს ჩვენს განცხადებაშიც დავაფიქსირეთ. სიცრუეა, თითქოს ვიღაცებმა, მათ შორის მეც, არ მივეცით ხმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ განცხადებას. ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული დოკუმენტი მოამზადა პარლამენტმა და ჩვენც მხარი დავუჭირეთ.

_ როგორ ფიქრობთ, მაშინ რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დეპუტატების ნაწილმა და მათ შორის თქვენც მხარი არ დაუჭირეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ დოკუმენტს?

_ ასეთ ტყუილებს შეგნებულად ავრცელებენ. «ნაციონალები» ყველაფერს იტყუებიან და რა გასაკვირია, ესეც მოეტყუებინათ?! როდესაც «ნაციონალებმა» პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და  ბუტია ბავშვებივით გაიქცნენ,  ჩვენ იმ დღესვე მივიღეთ დოკუმენტი და უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭირეთ. აღნიშნულ დოკუმენტს მე პირადად მივეცი ხმა. ასე რომ, ეს იყო მცდარი, «ნაციონალების» მიერ შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

ელისო ჩაფიძე, პარლამენტის წევრი:

_ «ნაციონალურ მოძრაობას» თავისი დეკლარაცია ჰქონდა მომზადებული; ასეთივე დეკლარაცია ჰქონდა მომზადებული ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს _ ვიქტორ დოლიძეს. «ნაციონალების» მიერ შემუშავებული დოკუმენტის კენჭისყრის მიმდინარეობისას, მე არ ვიმყოფებოდი დარბაზში, თორემ, სავარაუდოდ, ამ დოკუმენტსაც ხმას მივცემდი, ვინაიდან შემეძლო, ორივე დოკუმენტისთვის დამეჭირა მხარი. თუმცა იმ დღესვე ჩვენ მივიღეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი დოკუმენტი. ამას გარდა, მე არაერთხელ გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

_ ვინ ავრცელებს ასეთ ცრუ ინფორმაციას?

_ იცით, ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი საინფორმაციო სააგენტო დაარსდა, რომლებიც რაღაც საეჭვო ინფორმაციებს ავრცელებენ. აღნიშნულ პრობლემას ჯერჯერობით არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ, გავერკვე, ვის რა ინტერესები ამოძრავებს და რატომ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. ვინაიდან რთულია, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იყო ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც შენ არავითარი ურყოფითი წვლილი არ მიგიძღვის. საოცარ ინფორმაციებს ავრცელებენ და შემდეგ თავი უნდა იმართლო, რომ დამნაშავე არ ხარ.

_ საერთოდ, რა აუცილებლობას წარმოადგენდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდასაჭერი ორი დოკუმენტის ცალცალკე მომზადება?

_ ვერ გეტყვით, ჩემი აზრით, ალბათ, პროვოკაციის მიზნით გაავრცელეს ეს ინფორმაცია, რათა ეთქვათ _ აი, ნახეთ, «ქართული ოცნება» ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს და რუსეთუმეები არიანო. ეს არის «ქართული ოცნების» წინააღმდეგ აგორებული მორიგი შავი პიარი. ამას აკეთებენ ცალკეული ჟურნალისტები და მასმედიის საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, «თავისუფალი ზონა» და სხვები, რომლებიც საოცარ ინფორმაციებს ავრცელებენ ხოლმე. ჩემი აზრით, ვიქტორ დოლიძის მიერ მომზადებული ტექსტი საუკეთესოა, მასში კარგადაა ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის სწრაფვას და კარგი იქნებოდა, სანამ სამარცხვინო დეპუტატებად და მოღალატეებად გამოგვაცხადებდნენ, ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here