Home რუბრიკები საზოგადოება უნიკალური ფრაგმენტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან

უნიკალური ფრაგმენტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან

999

აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის ახლახან გამოცემული წიგნის «სხივი წყვდიადში» (წიგნში შეტანილი მასალების უმრავლესობა პირველად გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებზე გამოქვეყნდა.) წაკითხვა, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე და, დავრწმუნდი, რომ საქართველოში 1980-90-იან წლებში განვითარებული მოვლენების აღწერა მისი აქტიური მონაწილის მიერ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წიგნის სახელწოდება სრულად ვერ ასახავს იმ ისტორიული პერიოდის პერიპეტიების მასშტაბებს. მას უფრო შეეფერება «უნიკალური ფრაგმენტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან», ამიტომაც ჩემი წერილის სათაურადაც ეს გამოვიტანე.

 

ხმამაღლა ვაცხადებ: დადგება დრო და წიგნში ნაამბობი და სამზეოზე გამოტანილი უცნობი ისტორიული ფაქტები საქართველოს უახლეს ისტორიაში დაიდებს ბინას. რატომ? იმიტომ, რომ ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძე 1970-80-იანი წლების აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ქართული მხარის სათავეში იდგა და მას დააწვა აფხაზეთში ქართული სულის შენარჩუნების უმძიმესი ტვირთი.

არავინ იფიქროს, ნაპოლეონ ქარქაშაძე მარტოოდენ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი იყო. იგი აფხაზეთის «ეროვნული ერთიანობის საბჭოს თავმჯდომარე» გახლდათ. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთის ხელმძღვანელობის ელიტა. სწორედ ეს საბჭო წყვეტდა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთა სასიცოცხლო საკითხებს. სამწუხაროა, რომ ამ თემაზე ავტორს ბევრი არაფერი აქვს ნათქვამი მხოლოდ იმიტომ, რომ «ვინმემ განდიდებად არ ჩამითვალოსო», მაგრამ სწორედ ამ საბჭოს მუშაობის დეტალები არის საქართველოს უახლესი ისტორიის ოქროს ფურცლები.

სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა და მათ შორის ინტელიგენციის დიდმა ნაწილმაც სრულყოფილად არ იცის ბატონ ნაპოლეონ ქარქაშაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, სიმართლე და პოლიტიკური წონა.

ნაპოლეონ ქარქაშაძეს, უმეტესწილად, აღიქვამენ, როგორც ცნობილ მეცნიერს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების საპატიო დოქტორს, პროფესორს, ასევე,  წარმატებულ რექტორს.

მაგრამ, ამასთან ერთად, იგი არანაკლებ გამორჩეული სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეა.

მე მონაწილე ვარ 1980-იანი წლების დასაწყისში სოხუმში გამართული იდეოლოგიური დარგის მუშაკთა თათბირ-სემინარებისა, როცა ბატონი ნაპოლეონი ახალი გადაყვანილი იყო სოხუმში და უკვე აფხაზეთში მცხოვრები ქართველების აღიარებული ლიდერი გახლდათ. მის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ საღად მოაზროვნე აფხაზებისა და აფხაზეთის უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებისაც კი.

ამის დამამტკიცებელ საბუთებს ბევრს აღმოაჩენთ, თუ ყურადღებით ჩაუღრმავდებით ბატონი ნაპოლეონის ახალ წიგნს «სხივი წყვდიადში».

აბა, გაიხსენეთ მისი საუბარი საოლქო კომიტეტის პირველ მდივანთან _ ბორის ადლეიბასთან.

ადლეიბამ ბატონი ნაპოლეონი იმისთვის მიიწვია, რომ დაედგინა, მართებული იქნებოდა თუ არა მოცემულ მომენტში მისი საოლქო კომიტეტის პირველი მდივნობიდან გადადგომა. ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბატონმა ნაპოლეონმა გადადგომა ურჩია, რის შემდეგაც ადლეიბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და იმ დროს სოხუმში მყოფ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის მისი გადაცემა ისევ და ისევ ნაპოლეონ ქარქაშაძეს სთხოვა.

ამ წიგნიდან შევიტყობთ, რომ ბატონ ნაპოლეონს ტელეფონით ორჯერ უსაუბრია ზვიად გამსახურდიასთან, ორივეჯერ ხაზგასმით ურჩევია, სულით ხორცამდე ქართველთმოძულე სეპარატისტის _ ვლადისლავ არძინბას არჩევას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმებულიყო, სესიის ჩატარების დრო გადაეწია, დანარჩენს სოხუმშივე ჩვენ თვითონ მოვაგვარებთო. სამწუხაროდ, ბატონ ზვიადს არც ერთხელ ბოლომდე არ მოუსმენია (გვ. 67-71). შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. გვიან გაირკვა, რომ თურმე გამსახურდია თვითონაც არ იცნობდა არძინბას.

წიგნში მოთხრობილი ამ ერთი ფრაგმენტიდანაც კარგად ჩანს, რომ ქვეყნის სწორი ხელმძღვანელობა-გაძღოლისთვის მარტოდენ ქვეყნის სიყვარული არ კმარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საიმედო პირველი ხელმძღვანელების გარეშე უფეხო სკამს რომ დაემსგავსებოდა, ვერ გათვალა ცხოვრების გამოცდილებას მოკლებულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ.

აფხაზეთსა და ოსეთში ქართული სულის დასამკვიდრებლად «წყეული კომუნისტური ხელისუფლება» წლობით ამზადებდა ადგილობრივ პერსპექტიულ ახალგაზრდებს.

მე იმ პერიოდში მომიწია კომკავშირის ქალაქკომის მდივნობა ტყიბულში (კომკავშირში მუშაობას არ ვმალავ), როცა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში ერთდროულად გადმოიყვანეს სოხუმიდან ვალერი ხინთბა და ცხინვალიდან ფელიქს სანაკოევი. მუშაობდნენ საორგანიზაციო განყოფილების ჯერ ინსტრუქტორებად, შემდეგ განყოფილებათა გამგეების მოადგილეებად. ამ საფეხურების გავლის შემდეგ აირჩიეს კომკავშირის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნებად: ხინთბა _ აფხაზეთში, სანაკოევი _ ოსეთში.

რამდენიმე წლის შემდეგ ორივე გადაიყვანეს თბილისში კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში პასუხისმგებელ ორგანიზატორებად, შემდეგ კი _ განყოფილებათა გამგეების მოადგილეებად. წლების შემდეგ დააბრუნეს პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნების რანგში.

როგორც ვხედავთ, აფხაზეთსა და ოსეთში ქართული ცნობიერებისა და სულიერების მხარდასაჭერად წლების მანძილზე ამზადებდნენ ხელმძღვანელებს. როცა ამ კატეგორიის ხალხი მმართველობაში აღარ იყო და სულით ხორცამდე ანტიქართულად განწყობილი სეპარატისტების არჩევა გადაწყვიტეს (ვინ გადააწყვეტინა, ესეც გასარკვევია), «ეროვნული ერთიანობის საბჭოს თავმჯდომარესთან» ტელეფონით ბოლომდე საუბარიც კი არ ისურვეს.

ლოგიკური დასასრული სახეზე გვაქვს.

უფრო უარესი კიდევ ისაა, რომ აფხაზეთის პრობლემების განხილვისას ისეთ მაღალპროფესიონალებს, როგორებიც ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძე და სხვები არიან, საკონსულტაციოდ არავინ იწვევს და საქმეს ისევ ისეთი უვიცები განაგებენ, როგორებიც შოთა მალაშხია და ძმანი მისნი არიან.

ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძის ნაშრომი «სხივი წყვდიადში» ამ საუკუნის პირველი ათწლეულის საქართველოს ხელისუფლების მმართველი ელიტის უზუსტესი სარკეა. ნათქვამის დასტურად ყურადღებით წაიკითხეთ 154-160 გვერდები, სადაც აღწერილია მეცნიერიაკადემიკოსის _ ნაპოლეონ ქარქაშაძის თბილისის ციხის ჯურღმულებში ყოფნის პერიპეტიები: როგორი პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან თანამოსაკნე სისხლის სამართლის დამნაშავენიც კი და შემდეგ შეადარეთ 142-152 გვერდებში მოთხრობილი უმაღლესი ხელისუფლებისა და პროკურატურის მუშაკების მოქმედება და გამოიტანეთ დასკვნა: ვის უფრო მეტი ზნეობრიობა გააჩნია _ ციხემისჯილ დამნაშავეებს თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გარშემო შეჯარულ მაღალჩინოსნებს.

ბატონი ნაპოლეონ ქარქაშაძის მიერ წიგნში გადმოცემული ციხის დღეების ქრონიკა ნათლად ადასტურებს, რომ კაცი ყველგან კაცად რჩება, თუნდაც ციხის კედლებში, მაგრამ ზნეობრიობისგან მთლიანად დაცლილი არაკაცი, უმაღლესი ხელმძღვანელის რანგშიც კი, მაინც არაკაცია.

კიდევ ერთ გარემოებასაც მიაქციეთ ყურადღება: საქართველოს დამაქცევარ სააკაშვილსა და მის დამნაშავეთა ხროვას დიდად ავტორიტეტული და სახელმოხვეჭილი მეცნიერები და სახელმწიფო მოღვაწეები სამშობლო-ქვეყნის წინსვლა-განვითარებისთვის არ სჭირდებოდათ, ჭეშმარიტ ელიტას ისინი დაჭერითა და ციხეში ჩასმით აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ; ცდილობდნენ ხალხისა და ბიზნესმენებისთვის რაც შეიძლება მეტი ფული და ქონება წაეგლიჯათ.

წიგნში ისეთი ღირებულებების ფაქტია მოთხრობილი, რომელიც დიდად გამოადგებათ საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარებს.

დასანანია, რომ წიგნის ბაზარზე ეს უნიკალური ნაშრომი არც გამოჩენილა.

ბუხუტი ორჯონიკიძე,

ტყიბული

 

1 COMMENT

  1. აი, მაგალითი იმისა, მუდმივი საიდუმლო სერობები, ინფორმაციული ვაკუუმი მიზანმიმართული საზოგადოების სრული დემორალიზაციისკენ და არც მე ვარ გამონაკლისი, ნაპოლეონ ქარქაშაძე იყო ჩემი რექტორი, გარდა ამისა მის შესახებ რაც ვიცოდი იყო ის, რომ იგი დიდი მეცნიერი და კარგი ქართველი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამე არ მცოდნია. ვიცოდი რომ თბილისში იყო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი. მადლობა ამ წერილის ავტორს. როგორ მოვიპოვო წიგნი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here