Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ დოლიძე: რუსეთთან ურთიერთობას დიდი ოპტიმიზმით ვერ ვუყურებ

ვიქტორ დოლიძე: რუსეთთან ურთიერთობას დიდი ოპტიმიზმით ვერ ვუყურებ

562

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. გავრცელებულ ხმებს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით, საერთშორისო საზოგადოების მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ევროკომისრებმა საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს, ხოლო ევროპული გამოცემები ღიად ურჩევენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, «სააკაშვილი ციხეში არ ჩასვას».  რატომ არ იყო ასეთი მკაცრი საერთაშორისო საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების მიმართ და რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ახალი ხელისუფლება, უცხოელები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს, «საქართველო და მსოფლიოს» საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე ესაუბრება.

 

_ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა, რომელმაც სააკაშვილის წარმატებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ «პოლიტიკური პრობლემა პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს და არა სამართლებრივი მეთოდით. ველოდებით, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს შეასრულებს»…

აღნიშნული ვიზიტი და ბაროზოს განცხადებები უკავშირდება თუ არა გავრცელებულ ხმებს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლო იყო, სააკაშვილი დაეპატიმრებინათ და ახლა მან გარკვეული გარანტიები უკვე მიიღო? 

_ ბატონ ბაროზოს ვეთანხმები, ჩვენ პოლიტიკურ პრობლემას, როგორც პოლიტიკურს, ისე აღვიქვამთ, სამართლებრივს კი, სამართლებრივ კონტექსტში განვიხილავთ, როგორც ეს სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება, ამიტომ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასეც უნდა იყოს. ბატონ ბაროზომდე ევროპარლამენტმა მიიღო, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ძალიან წარმატებული რეზოლუცია. ამიტომ ამ საკითხში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. რაც შეეხება დანარჩენს, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არც ყოფილა საუბარი. იმ სპეკულაციებზე კი, რომლებიც «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუნდაც საპარლამენტო სხდომების დროს, კომენტარების გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ.

_ ევროპული გამოცემები უკვე ღიად წერენ, რომ «ევროკავშირი საქართველოს დაჟინებით ურჩევს, სააკაშვილი ციხეში არ ჩასვას» («ევრობსერვერი»), ევროკომისრებმა პირდაპირ მოუწოდეს გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ, ხოლო აშშის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის განცხადება, რომ «ნაციონალური მოძრაობა» უმთავრესი ოპოზიციური ძალაა, ნიშნავს თუ არა მათი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას და დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევას?

_ ასე მძაფრად ნუ შევაფასებთ. ის მოწოდებები, რომლებიც ოპოზიციასთან თანამშრომლობას, სამართლებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას შეეხება, ნორმალურია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებულები ვართ. იმ წარმოდგენებმა, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი თავისი პოპულისტური გამოსვლებით, მერწმუნეთ, თავისი დრო მოჭამა და იმავე ევროპარლამენტის რეზოლუცია ამას ადასტურებს.

მარტივ მაგალითს მოვიყვან: «ნაციონალური მოძრაობის» ძალისხმევის შედეგად,  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდესო, ერთი კვირის შემდეგ ევროპარლამენტმა აბსოლუტურად სხვა რეზოლუცია მიიღო, რაც ჩვენი სერიოზული ძალისხმევის და მუშაობის შედეგია.

_ ეს ყველაფერი, ასევე რიჩარდ ნორლანდის განცხადება «ნაციონალური მოძრაობის» უმთავრესი ოპოზიციურ ძალად აღიარების შესახებ ნიშნავს თუ არა, რომ ხელისუფლების დაპირება (არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია შეწყდებოდა) არ შესრულდება?

_ ამ საკითხს ასე ნუ განვიხილავთ. ოპოზიციასთან კოაბიტაცია, თანაარსებობა, ჩვენ გვინდა თუ არა, გარდაუვალია. როგორ შეიძლება, ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებამ ოპოზიციასთან არ ითანამშრომლოს? სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა, ამასთან დაკავშირებით კითხვა არ უნდა ისმებოდეს. საერთოდ არ მესმის, თავიდანვე რა საჭირო იყო მოწოდება კოჰაბიტაციისკენ, ჩვენ არც მაშინ გვჭირდებოდა ეს მოწოდებები, მაგრამ აქ საუბარი სხვა კოჰაბიტაციაზე იყო. მაშინ, როდესაც სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იყო, თავად დაირქვა ოპოზიციონერი, აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში კოაბიტაციასაც არაერთგვაროვანი ფუნქცია ენიჭებოდა. ჩვენი ქვეყნის სასიკეთო, მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ ოპოზიციასთან თანამშომლობას მომავალშიც ვაპირებთ.

_ გერმანიის ელჩის _ ორთვინ ჰენიგის ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ «კვირის პალიტრაში». იგი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო ვერ გახდება ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი, სანამ რუსეთთან კონფლიქტი გვექნება და ევროკავშირში სტაბილურობას საქართველოს გამო ვერ შეელევიან. «თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს», როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

_ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, გერმანიის ელჩის აღნიშნულ განცხადებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები სხვა საკითხია და რუსეთთან ურთიერთობა _ სხვა, და ეს არანაირად არ უნდა შეეხებოდეს თუნდაც ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობას. ეს არაერთხელ განაცხადა როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ასევე პარტნიორი ქვეყნების ყველა უმაღლესმა წარმომადგენელმა. ამიტომ ეს, ალბათ, მისი პირადი აზრია.

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთში, ახალი პრეზიდენტის პირობებში, საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას ოპტიმისტურად უყურებენ. როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის დარეგულირება, რა იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით?

_ მიუხედავად იმისა, რომ, ერთის მხრივ, სასიამოვნოა ამგვარი განცხადებები, მე დიდი ოპტიმიზმით ვერ ვუყურებ რუსეთთან ურთიერთობას, რადგან მხოლოდ განცხადებებს ვერ დავეყრდნობი და კონკრეტული ქმედებები გვჭირდება. დღეს საოკუპაციო ზოლზე რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია; უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველი მექნება, თუ რუსეთი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here