Home რუბრიკები პოლიტიკა იდენტიფიკაცია დასრულდა, «ნაცმოძრაობისა» და «ოცნების» პოლიტიკური დნმ-ი იდენტურია

იდენტიფიკაცია დასრულდა, «ნაცმოძრაობისა» და «ოცნების» პოლიტიკური დნმ-ი იდენტურია

749

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური მდგომარეობა დღითიდღე კომიკური ხდება; კომიკური მათთვის, ვისაც ჩვენი უბედურება უხარია, თორემ კეთილისმსურველის პოზიციიდან თუ ვიტყვით, საქართველოს საქმე, დიდი ხანია, უკანუკან მიდის. ივანიშვილის ჩანაფიქრი უკვე ყველასთვის დღესავით ნათელია: ხელისუფლება _ რესპუბლიკელებს, ოპოზიცია _ «ნაცებს». საზოგადოება პროცესებიდან გარიყულია, საარჩევნო ყუთთან ერთჯერადი გამოყენების შემდეგ კოალიციის «ქორმა» ამომრჩეველი მოვლენების მიღმა დატოვა.

 

მარტივად რომ ვთქვათ, «რევოლუციაწარმატებით განხორციელდა, ამერიკის სტრატეგიული ორბიტიდან გაუსვლელად ერთი ძალა მეორემ ჩაანაცვლა. ვაშინგტონმა მინიმუმ კიდევ 10 წლით ჩაკეტა ქვეყანა იმ მოჯადოებულ წრეში, რომელსაც პროდასავლური ორიენტაცია და ევროატლანტიკური სივრცისკენ შეუქცევადი სწრაფვა ჰქვია. პოლიტიკურად ჩაციკლული და დაკომპლექსებული საქართველოს მომავალი ისევ ერთი პოლუსის სატელიტობით განისაზღვრა.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის წინ ხაზგასმით აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია და იგივე «ნაცმოძრაობაც» აქტიურად ცდილობდა მისთვის კრემლის აგენტობის დაბრალებას, მაგრამ აგერ უკვე «აისბერგის» დანარჩენი ნაწილიც გამოიკვეთა _ მოსკოვთან დიალოგის საკითხით მანიპულირება მხოლოდ ფორმალური რიტორიკის ნაწილი აღმოჩნდა (რითაც, სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილმაც დაიწყო), ხოლო ოპონენტების მხრიდან აგენტის იარლიყის მიკერება _ საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობა, თითქოს «ოცნება» იმავე ძალის მიერ არ იყო მართული, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას მართავდა. საუბედუროდ, «ნაცბანდის» სიძულვილით დაბრმავებულმა მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დროულად ვერ ამოიცნო ეს სატყუარა, მაგრამ, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, საბოლოო ჯამში მაინც «არა არს დაფარული, რომელი არა გამოჰსჩნდეს». არჩევნები დასრულდა და კოალიციის ფსევდოლიბერალურმა ძალებმა თავი ქუდში იგრძნეს თუ არა, ყველაფერი გაცხადდა _ ივანიშვილსააკაშვილის პოლიტიკური დნმ ერთმანეთს ასი პროცენტით დაემთხვა.

საერთოდ, პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილისთვის ერთგვარი ფარდის ახდა აღმოჩნდა. მანამდე მას ყველა იცნობდა, როგორც კეთილშობილ მეცენატს, ქველმოქმედს, ასეულობით ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელს და სამშობლოს მოამაგეს. მიმდინარე პროცესებში ჩართვამ იგი არა მხოლოდ ფიზიკურად გააცნო საზოგადოებას, ხალხი მის შინაგან ბუნებაშიც ჩაახედა. ახლა კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ოლიგარქის მხოლოდ ნიღაბს ვიცნობდით, რომლის მიღმაც კარდინალურად სხვა პიროვნება იმალებოდა; ამ «კარდინალურად სხვაში», უწინარესად, მსოფლმხედველობას ვგულისხმობ. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს მისი დამოკიდებულება ეკლესიისა და სულიერებისადმი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც კი თქვა, სულის არსებობის არ მჯერაო, თუმცა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მეტს იმთავითვე მისი გარემოცვა ცხადყოფდა. თავისთავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკაში მოსვლისთანავე მან წყალგამყოფი გაავლო და გამოყო კონკრეტული პარტიები, რომლებთანაც არ ითანამშრომლებდა, უამრავ კითხვას აჩენდა, ხოლო შემდეგ უკვე კოალიციის წამყვან ძალად რესპუბლიკელების წარმოჩენამ ბევრ რამეს ავტომატურად გასცა პასუხი.

«ყოვლისმცოდნე» მილიარდერმა ისიც კარგად გაითვალისწინა, რომ მარტო ხიდაშელუსუფაშვილის იმედად ფონს ვერ გავიდოდა. ამიტომ საზოგადოების თვალის ასახვევად კოალიციაში თითოოროლა მეტნაკლებად ეროვნული ცნობიერების მქონე სუბიექტიც შეიყვანა, მაგრამ დღესდღეობით მათი ყოფნა პარლამენტში უძაღლო ქვეყანაში კატის ყეფას ჰგავს. მოკლედ, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ქართველ ხალხს მაგრად აჭამეს, «ნაცმოძრაობა» თითქოს პოლიტიკურ მოუსავლეთში გაასტუმრებინეს და ზედ მის ნანგრევებზე აბუქნავეს. სინამდვილეში აი, რა მოხდა: სააკაშვილის კრიმინალურ ხროვას 40-პროცენტიანი უმცირესობა «გაუპრავესთვით სათავეში კი ისევ კარგად შეფუთული და განახლებული «ნაცელიტა» მოვიდა.

ახლა რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკას რეალობაში: უახლოეს მომავალში ჩვენ უსათუოდ პროვოკაციული ქმედებების მომსწრე გავხდებით, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთის მიმართ ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რომლებიც ტაქტიკურად, შესაძლოა, წინამორბედის სტრატეგიასთან შედარებით უფრო დახვეწილი იყოს, მაგრამ არსობრივად იმავე დატვირთვის მატარებელი იქნება. ამის ნიშნები უკვე აშკარად იკვეთება მთავრობის და განსაკუთრებით პარლამენტის მუშაობაში; კერძოდ, იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომლებიც საბჭოთა ე. წ. გადმონაშთებთან ბრძოლის სახელით მკვეთრად ანტირუსულ შინაარსს შეიცავს. ამის მკაფიო გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე წინა კვირას «ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა» და «თავისუფლების ქარტიაში» შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წამოყენებული საკანონმდებლო ინიციატივაც. იგი კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკის განთავსების აკრძალვას გულისხმობს და 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ალბათ, არც ერთ თქვენგანს არ გაუკვირდებოდა იმის გაგება, რომ აღნიშნული კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები _ ლევან ბერძენიშვილი და თამარ კორძაია არიან. ერთი თავის დროზე ილია ჭავჭავაძეს ხელაღებით გმობდა, მეორე კი დღესაც გამოდის და საპატრიარქოზე ფინანსური კონტროლის განხორციელებას ითხოვს.

უცნაური და ალოგიკური აქ მაინც ერთი რამაა _ კონკრეტულად რა აუცილებლობითაა განპირობებული კანონში ამ ცვლილების შეტანა? კომუნისტური სიმბოლიკა დღესდღეობით ისედაც აღმოფხვრილია, ფაქტობრივად, არ არსებობს დაწესებულება, თუ მაინცდამაინც ვინმე ფანატ სტალინელს არ შევუვარდებით საძინებელში, რომლის ფასადზეც ნამგალი და ურო ან რამე მსგავსი ნიშანი იყოს გამოსახული (სამაგიეროდ სექსუალური უმცირესობების მრავალფეროვან დროშას გვაჩვევენ ყოველდღიურად). მაშ, კიდევ ვიმეორებ: რა მიზანს ემსახურება რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის ძალისხმევა? მიზეზი ისევ და ისევ პოლიტიკაშია საძიებელი; პრობლემას თავისთავად სიმბოლოები კი არ წარმოადგენს, არამედ, პირველ რიგში, იდეა და იდეოლოგია. აი, ზუსტად ამ იდეოლოგიის არსებობას ებრძვიან ეს ძალები არა ბოძებზე, ფასადებზე, არამედ თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში. რა გამოუვათ მათ საბოლოოდ, ძნელი სათქმელია, ერთი რამ კი ამთავითვე ცხადია: რუსეთი, რომელიც თავიდან ბოლომდე, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს, ჩვენთან დაკავშირებით სრულიად პრაგმატულია. იმის თქმა მინდა, რომ, თუკი ჩვენ ადრინდელივით ისევ ამერიკელების დაკრულზე ვაგრძელებთ ცეკვას, არ უნდა გვიკვირდეს არც დიალოგის არარსებობა და არც მავთულხლართების გავლება. სანამ ქვეყანაში 3-პროცენტიანი, ფსევდოლიბერალი რესპუბლიკელების მმართველობა გრძელდება და ამერიკის ელჩები მთავარმართებლის როლში გვევლინებიან, მათგან მეგობრული ხელის გამოწვდას ტყუილად არ უნდა ველოდოთ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საერთოდ ფიქრიც ზედმეტია, იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში ტრადიციების დამცველ ეთნიკურ უმცირესობებს, ცხადია, დაბრუნება არასდროს მოუნდებათ…

ჯაბა ჟვანია

P.S. საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა «ბიბისის» რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა: «ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელთანაც ჩვენი აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეები მოინდომებენ ცხოვრებას». სულ მცირე ხანში კი მას თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხირთბა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა: «რამდენი შეიძლება ისაუბრო აფხაზური პრობლემის განხილვის ქართულრუსულ ფორმატზე? და ყველაზე მთავარი: არ მოუნდებათ აფხაზებს საქართველოში ცხოვრება, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლისთვისაც საქართველო არა მხოლოდ მტრული, არამედ სრულიად უცხო სახელმწიფოა. დამოუკიდებელ აფხაზეთს ალტერნატივა არ აქვს».

«მეოცნებეთა» რეალური პოლიტიკა ყველაზე ზუსტად სწორედ მხარეების პასუხებში, მათ რეაქციებში იშიფრება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here