Home რუბრიკები პოლიტიკა ოქრო, სამართალი და მეხუთე კოლონა

ოქრო, სამართალი და მეხუთე კოლონა

557

გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე სრული კონტროლის დამყარებას მიუახლოვდა. ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია და, ალბათ, გაცილებით საინტერესო იქნება, ვისაუბროთ არა უკვე გაკონტროლებულ, არამედ ჯერაც გაუკონტროლებელ, ივანიშვილისთვის პრობლემურ ზონებზე ქართულ პოლიტიკაში, რადგან ბრძოლა მათ გარშემო უახლოესი მომავლის დღის წესრიგს განსაზღვრავს.

 

მიშა, სადაა პარტიის ოქრო?

მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის დონეზე ახალი ხელისუფლების ყველაზე საშიში ოპონენტი ყოფილი მმართველი პარტიაა, მისგან მომავალი საფრთხე თანდათან მცირდება. «ნაციონალური მოძრაობის» ხელმძღვანელ რგოლში არაერთი ლიდერი თანახმაა, შეეგუოს იმას, რომ საქართველოს  (ფორმალური თუ არაფორმალური) ხელმძღვანელი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იქნება და საკუთარი მომავალი (ხმაურიანი, მაგრამ არასაშიში) ოპოზიციის როლს დაუკავშიროს. მაგრამ მათ ხელს უშლიან სწრაფ რევანშზე, ხელისუფლებასთან მუდმივ კონფრონტაციასა და საბოტაჟზე ორიენტირებული ლიდერები. ამ დაპირისპირების კონტექსტში წინა პლანზე ძალიან ბანალური, შეიძლება ითქვას, მერკანტილური საკითხი გამოდის _ რა წყაროდან მიიღებს ფულს «ნაციონალების» ფრიად ხარჯიანი პროპაგანდისტულლობისტური მანქანა, ვინ გამოკვებავს პარტიის აქტივისტებს და, საერთოდ, ვის ხელში აღმოჩნდება «ერთიანი ნაციონალური ობშჩაკი»? ცალკე აღებული «ნაცმოძრაობა» მის დღევანდელ მდგომარეობაში ნაკლებად საშიშია, მაგრამ ისეთ სუსტ, ღარიბ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, დესტრუქციაზე დახარჯულმა დიდძალმა ფულმა შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნას.

მას შემდეგ, რაც «ნაციონალებმა» პრაქტიკულად დაკარგეს შესაძლებლობა, პარტიული მიზნებისთვის საბიუჯეტო სახსრები გამოიყენონ (ისინი ვეღარაფერს გადაუხდიან ლობისტებს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან, ვეღარ გამოიყენებენ საპრეზიდენტო ფონდს და ა. შ.), «შავი სალაროს» საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მისგან მომავალი საფრთხის ნეიტრალიზება ახალი ხელისუფლებისთვის, სავარაუდოდ, ერთერთი მთავარი ამოცანა გახდება და ჯერჯერობით გაუგებარია, ითანამშრომლებს თუ არა მასთან ამ პრობლემის გადაწყვეტის პროცესში (და რის სანაცვლოდ?) ამ საქმეში, სავარაუდოდჩახედული ორი მაღალჩინოსანი პატიმარი _ ვანო მერაბიშვილი (საქართველოში) და დავით კეზერაშვილი (ჯერჯერობით საფრანგეთში). მნიშვნელოვანწილად ამაზეა დამოკიდებული, რომელი ჯგუფი მოექცევა «ნაცმოძრაობის» სათავეში _ რადიკალური თუ ზომიერი და რამდენად დიდი იქნება მისი გავლენა მომდევნო წლებში; მთავარია ფული, ძველად რომ იტყოდნენ, «პარტიის ოქრო», ყველაფერი დანარჩენი ბელეტრისტიკაა. სხვათა შორის, პერუს გამოცდილება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაგასამართლებაც კი საფრთხეს არ ანეიტრალებს. ყოფილი დიქტატორი ალბერტო ფუხიმორი და მისი გარემოცვის საკვანძო წარმომადგენლები ციხეში სხედან, მაგრამ ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათ მიერ მიტაცებული მილიარდების დაბრუნება (მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებდა და იმიტომ), რევანშის და ძველი რეჟიმის რესტავრაციის საფრთხე ქვეყანას ყორანივით ათი წლის განმავლობაში დასტრიალებდა. 2011-ში ალბერტო ფუხიმორის შვილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის ხმების სულ რაღაც 3% დააკლდა.

ცხადია, «ნაციონალები» მსგავს შედეგზე წლების განმავლობაში ვერ იოცნებებენ, მაგრამ, თუ ადგილობრივ არჩევნებზე ისინი ძალისხმევის კონცენტრაციას რამდენიმე რეგიონზე მოახდენენ (მაგალითად, სამეგრელოზე, სადაც სხვაობა მარგველაშვილისა და ბაქრაძის შედეგებს შორის დრამატულად მცირე გამოდგა) და, ამასთანავე, ამოქმედდება «პარტიის ოქროს» ფაქტორი, მათ ნამდვილად შეეძლებათ, ხელში ჩაიგდონ ნაწილობრივი კონტროლი კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონზე, რაც, სავარაუდოდ, სტარტს უმწვავესი კრიზისების მთელ სერიას მისცემს და, შესაძლოა, უცხო ქვეყნებს საქართველოს საქმეებში მორიგი უხეში ჩარევისკენ უბიძგებს. ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, კარგად აცნობიერებს ამ ფულისგან მომავალ საფრთხეს (სხვათა შორის, ყველაზე კარგად მისი გარემოცვიდან ამ პრობლემატიკაში ირაკლი ღარიბაშვილი ერკვევა) და ამ საკითხს, დიდი ალბათობით, უყურადღებოდ არ დატოვებს. ეს, სავარაუდოდ, ძალიან დრამატული და დეტექტიური რომანივით საინტერესო ბრძოლა იქნება, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას მის შესახებ საზოგადოება, სავარაუდოდ, ვერასოდეს მიიღებს. თუ მთავრობა ამ ფაქტორის ნეიტრალიზებას მოახერხებს, «ნაციონალებისგან» მომავალი საფრთხე მხოლოდ თეორიულ ხასიათს შეიძენს.

მეხუთე კოლონა დამოკლეს მახვილით

კიდევ ერთ «პრობლემურ ზონას» ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში უცხო ქვეყნების გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსების უხვი წარმომადგენლობა ქმნის. მართალია, უცხო ქვეყნები (პრინციპში, ჩვენ ერთ დასავლურ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, მაგრამ, კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, გვარს არ დავასახელებთ) დღეს არ იყენებენ ამ კონტინგენტს ახალ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის, მაგრამ ყველაფერი შეიძლება წამში შეიცვალოს, თუ (ივანიშვილის არაფორმალურ დაქვემდებარებაში მყოფი) მთავრობა მათთვის არასასურველი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. ზოგიერთი გულანთებული, მაგრამ, სავარაუდოდ, გონებასუსტი პატრიოტი სთავაზობს ივანიშვილს, ეს «ორმაგი დაქვემდებარების პოლიტიკოსები» ხელისუფლებას მოაშოროს და ვერ აცნობიერებს, რომ ეს უმძლავრეს უცხო სახელმწიფოსთან დაპირისპირებაზე წასვლა იქნება, რისთვისაც საქართველო მზად ნამდვილად არ არის. ამიტომ ივანიშვილი, სავარაუდოდ, არ შეეხება ამ პოლიტიკოსების თანამდებობებს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი რეალურ გავლენას მოკლებულ ე. წ. «სვადებნი გენერლებად» გადააქციოს, რომელთა ერთადერთი რეალური ფუნქცია შესაბამისი გეოპოლიტიკური ორიენტაციის თვითმავალი ილუსტრაციის როლის შესრულება იქნება და გამოაცალოს ხელიდან შესაძლებლობა, რამდენადმე საშიში კრიზისი შექმნან. 

საერთოდ, ამ პოლიტიკოსებს შეიძლება გაცილებით სერიოზული საფრთხე დაუკავშირდეს, ვიდრე «ქაღალდის ვეფხვად» ქცეულ «ნაცმოძრაობასდა ივანიშვილი, ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, არ შეეგუება იმას, რომ ამ დამოკლეს მახვილმა მას და მის მთავრობას მუდმივი საფრთხე შეუქმნას (იგივე შეეხება უცხო ქვეყნების დასაყრდენს არასამთავრობო სექტორში და ზოგიერთ აღმასრულებელ სტრუქტურაში); ეს საკმაოდ რთული, დანაღმულ ველზე სიარულის მსგავსი ფარული თამაში იქნება.

ყოველივე თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, შეცვალოს საქართველოს ორიენტაცია ნატოსა და დასავლეთზე ზოგადად, ორიენტაცია და მსოფლმხედველობა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. დღეს შექმნილი სიტუაცია შეიცავს სუვერენიტეტის შეზღუდვის ელემენტებს და საქართველოს მმართველს, ფაქტობრივად, ზედმეტი მოძრაობის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს. სააკაშვილს, რომელიც მარიონეტის ქცევის მოდელს ეყრდნობოდა, ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, არ შეეგუება იმას, რომ მანევრის შესაძლებლობა რეალურად წართმეული აქვს. მან, შესაძლოა, აქტიურად შეუტიოს «ორმაგი დაქვემდებარების პოლიტიკოსებს» და არა იმიტომ, რომ ისინი კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ, არამედ იმის გამო, რომ მისთვის (და მისი მთავრობისთვის) ერთგვარი «პოლიტიკური ხელბორკილების» როლს ასრულებენ. ის, დიდი ალბათობით, არ შეცვლის საქართველოს ორიენტაციას, მაგრამ შეეცდება სტრატეგიული პარტნიორებისგან მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

ამ ხალხს რას უპირებს?

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რადიკალები, რომელნიც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა მკაცრ, უსწრაფეს დასჯას მოითხოვენ, ალბათ, მაინც არ ქმნიან უშუალო საფრთხეს ახალი ხელისუფლებისთვის და, ჰაერში მუშტების ქნევის მიუხედავად, უმეტესწილად მისდამი ლოიალურობას ინარჩუნებენ.

 მაგრამ კრიზისი მათი მონაწილეობით გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მთავრობა, სააკაშვილის დასავლელი მეგობრების ზეწოლის გამო, ყოფილი მაღალჩინოსნების ტოტალური ამნისტირების გზას დაადგება. თუ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ არ გაჭრის კალაპოტს, რომელშიც მათი (ისევე, როგორც სხვა იმედგაცრუებულთა) ენერგია მოექცევა, ის დესტაბილიზაციის სერიოზულ ფაქტორად გადაიქცევა. მსჯელობა ამ თემაზე, სავარაუდოდ, ისევ «ახალი ოპოზიციის პრობლემამდე» მიგვიყვანს; ცალკე აღებული ნინო ბურჯანაძე მის გადაწყვეტას, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებს. მის ელექტორატსა და «ქართული ოცნების» რადიკალურად განწყობილ ამომრჩევლებს შორის რჩება თავისუფალი სივრცე, რომელიც ახალი მოთამაშის გამოჩენას მოითხოვს; ივანიშვილს კი შეუძლია ხელი შეუშალოს მის გამოსვლას ასპარეზზე ან პირიქით, შეუწყოს. ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის (არ)მონაწილეობის საკითხი გადაწყდა ასე და არა სხვაგვარად, არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი მომავალშიც აპირებს, ეს მიმართულება დაბლოკოს; ეს, ალბათ, უფრო ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. 

ამ საკითხის განხილვა ცალკე, მმართველი კოალიციის გარდაქმნის  პრობლემის გათვალისწინების გარეშე, არ შეიძლება. ფორსმაჟორულ ვითარებაში შექმნილი ამ ერთობის შენარჩუნება უსასრულოდ ვერ მოხერხდება, ეს არანორმალური იქნება (ადგილობრივ არჩევნებამდე _ კი, ბატონო, მაგრამ იმის იქით ეს, სავარაუდოდ, უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე სიკეთეს), თუმცა იმისთვის, რომ მისცეს სიგნალი კოალიცია «ქართული ოცნების» დაშლას, ივანიშვილმა უნდა გააძლიეროს პარტია «ქართული ოცნება» (ის შეეხო ამ თემას მიმართვაში, რომელშიც გადადგომის მიზეზი ახსნა). ჯერჯერობით ძნელი ამოსაცნობია, რა სცენარით და როდის მოხდება მმართველი ძალის გადაფორმატება, მაგრამ რადიკალების ენერგია, ნებისმიერ შემთხვევაში უმართავი, ასე ვთქვათ «უპატრონო» არ უნდა დარჩეს, მარტივად რომ ვთქვათ, მათ ამ პროცესში «თავისი პარტია» უნდა იპოვონ. იმ თავისუფალ, თითქოსდა ცარიელ სივრცეში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შეიძლება დაგროვდეს კრიტიკული მასა, რომელიც მთელი სისტემის დესტაბილიზაციას მოახდენს.

რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება სრული მოცულობით შემჭიდროებულ ვადებში შეასრულებს სამართლიანობის აღდგენის დაპირებას და ყოფილ მაღალჩინოსნებს არც ერთ სავარაუდო დანაშაულს არ აპატიებს (ამის სულ უფრო ნაკლებ ამომრჩეველს სჯერა), მის ფარგლებში, «განრისხებული რადიკალების» უმრავლესობა გარკვეული დროით ხელისუფლების საიმედო მოკავშირედ გადაიქცევა. მაგრამ იდეალური გამოსავალი არც ეს იქნება, რადგან ისინი სწრაფ და მარტივ გადაწყვეტილებებს მომავალშიც, სხვა პრობლემებთან დაკავშირებითაც მოითხოვენ. მოკლედ, საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილი კიდევ ერთი «პრობლემური ზონაა», რომელშიც ივანიშვილს წინდახედული მოქმედება მოუწევს.

თუმცა ყოველივე ჩამოთვლილი, თუნდაც ერთად აღებული, არაფერია იმ სირთულეებთან შედარებით, რომლებიც შეიძლება ახალი ხელისუფლების შიგნით მისი წარმომადგენლების თავაშვებულობის გამო შეიქმნას. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ქცევის ნორმები, არ არის გავლებული მკაფიო «წითელი ხაზები» («აქ მთავრდება ნეპოტიზმი», «აქ მთავრდება კორუფცია» და ა. შ.) და საზოგადოება ხედავს, რომ ზოგიერთი ხელისუფალი თავს ზედმეტად არხეინად გრძნობს. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავის მოღვაწეობას პრემიერმინისტრის პოსტზე საჩვენებელი «წმენდით» დაიწყებს, მაგრამ ეს პრობლემის გადაწყვეტისთვის არასაკმარისია. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოება დაიღალა პოლიტიკური ელიტის ღორობისგან, რომელსაც უკვე ათწლეულებია ხედავს, მის შიგნით მომწიფდა მოთხოვნა თამაშის ახალ წესებზე, რომელნიც მმართველთა მადასა და თავხედობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს; თორემ «ჩვენ «ნაციონალებზე» უკეთესები ვართ, იმიტომ რომ ხალხს ცოცხებით არ ვაუპატიურებთ» ტიპის არგუმენტები უსასრულოდ ვერ იმუშავებს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების საკითხი გაირკვა და ცხადი გახდა, რომ ივანიშვილის პირველკაცობას განსაკუთრებული არაფერი ემუქრება, საზოგადოების ნაწილი მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ თითქოს თვლემის რეჟიმში გადადის, თანაც საკმაოდ სწრაფად, თითქოს საქართველოში ისტორიაც დასრულდა (ფუკუიამას თქმის არ იყოს) და პოლიტიკაც. არადა, ყველაფერი გრძელდება, უბრალოდ, პროცესი ზედმეტი ისტერიკისგან გათავისუფლდა, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს კი უახლოეს პერსპექტივაში, სავარაუდოდ, ივანიშვილის (კულისებში გადაბარგებული)  და მისი მთავრობის მიერ ჯერაც გაუკონტროლებელი «პრობლემური ზონების» ათვისება განსაზღვრავს. შემდეგ კი ჩვენ უკვე სულ სხვა რეალობაზე ვისაუბრებთ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის კონტროლი ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტზე აბსოლუტურთან მიახლოებული გახდება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here