Home რუბრიკები პოლიტიკა ვისთვის გაყალბდა არჩევნები, ანუ პოლიტსექსი პრეზიდენტის ტახტზე

ვისთვის გაყალბდა არჩევნები, ანუ პოლიტსექსი პრეზიდენტის ტახტზე

599

საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდაო, ასე ამბობენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამკვირვებელთა არმიაც. ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში მუდამ იმაზე ვჩიოდით, რომ არჩევნები ყალბდებოდა და ეს ასეც იყო. ამის მიზეზად ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა სიების უზუსტობა სახელდებოდა. «ნაცებმა» ამის გასაბათილებლად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სიების დაზუსტების კომისია შექმნეს და მილიონი ლარიც დახარჯეს, მაგრამ იმ პერიოდში ოპოზიციაში მყოფი კოალიცია «ქართული ოცნება» «ნაცების» დაზუსტებულ სიებს არ ენდობოდა, იმის მიუხედავად, რომ სიების დაზუსტებაში კოალიციაში შემავალი მრეწველთა პარტიაც მონაწილეობდა. ასე და ამგვარად, საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდა, არ არსებული ორმოცი პროცენტი «ნაციონალებმა» გამარჯვებული «ოცნების» დასტურით დაიმტკიცეს და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. უფრო მეტიც, როგორც ყველაზე «წარმატებული და სამართლიანი» არჩევნების ჩამტარებელი ხარატიშვილი პრეზიდენტობის დაფინანსებული კანდიდატიც კი იყო.

 

საპრეზიდენტო არჩევნებისას კი დაუზუსტებელ სიებზე «ნაცებმა» და პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ ერთდროულად დაიწყეს საუბარი და მთავრობას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდნენ, გაყალბების დიდი შანსი მას მერე გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა საქვეყნოდ ფაქტობრივად მითითება გასცა, რომ მარგველაშვილისთვის 60% უეჭველი ჭირდებოდა, ასევე საუბარი იყო ადმინსტრაციული რესურსის გამოყენებაზეც, რაც პრემიერის განცხადების შემდეგ გაათმაგდა, მათ პრემიერის მითითების შესრულება დაიწყეს. მცდელობის მიუხედავად, ყველა კარს მიღმა დარჩენილ ოპოზიციას არაფერი გამოუვიდა, ყველაფერი ძველებურად დარჩა.

არჩევნებიდან მეორე დღესვე ფრთხილად, მაგრამ მაინც, საუბარი კვლავ დაიწყო იმაზე, გაყალბდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები. გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ თემა მაინც აქტუალური რჩება. ვის გამო გაყალბდა არჩევნები?!

თუ გავიხსენებთ ლევან ბერძენიშვილის ამასწინანდელ სატელევიზიო გამოსვლას, მაშინ დიდი ფიქრი არ არის საჭირო იმისთვის, თუ ვის სჭირდებოდა არჩევნების გაყალბება _ კვლავ «ნაცებს», ოღონდ ამ შემთხვევაში _ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები ბევრს საუბრობენ ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტობაზე და მართალიც არის, ასეთი არჩევნები ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს, რადგან ამბის გამომტანი ადამიანი არ იყო, კომისიაში მხოლოდ კოაბიტირებული პარტიები, ანუ 13-ვე  წევრი მხოლოდ «ნაცების» და «ოცნების» წარმომადგენლები იყვნენ. არც საზოგადოებას და არც პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს მათი დიდი ნდობა ისედაც არ ჰქონდათ, მაგრამ არჩევნების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო საჭირო.

თუ ერთხელ მაინც ვინმე საარჩევნო კომისიაში ყოფილა, ყველას გაახსენდება, საარჩევნო კანონების ზედმიწევნით მცოდნე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები. მათი იქ ყოფნა ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ ასეთი არაპროფესიონალურად გაყალბებული ოქმი არამცდაარამც გარეთ არ გამოვიდოდა. არჩევნები ყალბდებოდა, მაგრამ ისე, რომ გარეშე თვალისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო

იყო თუ არა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული და, თუ იყო, ვის სასარგებლოდ? ამ ერთადერთი შეკითხვით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა კაკაბაძეს, რომელიც არჩევნების მონიტორინგს აქტიურად აწარმოებს; ასევე ვესაუბრეთ მოძრაობა «სოლიდარობის» ერთ-ერთ დამფუძნებელს _ მამუკა არეშიძეს.

_ ეს არჩევნები მეტყველებდა იმაზე, რომ ორი ძალა ერთმანეთს გაურიგდა, ვგულისხმობ «ნაციონალებსა» და «ქართულ ოცნებას». ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე  საუბარი იყო იმაზე, რომ მეორე ადგილზე «ნაციონალები» გავიდოდნენ, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.

_ ჩვენ, განსაკუთრებით რეგიონებში, თითქმის ყველგან კოორდინატორები და დამკვირვებლები გვყავდა მივლენილი. ნინოწმინდაში, წალკაში და საერთოდ, ისეთ რეგიონებში, სადაც ქართველები უმცირესობაში არიან, ერთ ღამეში შეიცვალა სიტუაცია, ჩადიოდნენ «ნაციონალები» და ადამიანებს შეხედულებას აცვლევინებდნენ. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ფულის გადაცემის ფაქტები, მაგრამ ვისაც ამის საშუალება ჰქონდა, რომ ფაქტები მოეძიებინა, ისინი არ დაინტერესებულან.

ასევე, ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ კომისიაში წარმომადგენელი მხოლოდ და მხოლოდ ორ ძალას ჰყავდა «ნაციონალებს» და «ოცნებას», რაც არასწორი იყო; უფრო მეტიც, ვერც გაარჩევდით, რომელი რომლის წარმომადგენელი გახლდათ. უბნებზე საოცარი ჰარმონია სუფევდა. ჩვენი დამკვირვებლები, რომლებიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი იყვნენ საარჩევნო ვითარებაში, გაოცებულნი ყვებოდნენ, თუ რა სიმშვიდე და თბილი ატმოსფერო იყო არჩევნების დღეს. ხოლო ისინი, რომელთაც ცოტა გამოცდილება ჰქონდათ, ამბობდნენ, რომ არავითარი კონკურენცია არ შეიმჩნეოდა და ამით ძალიან განსხვავდებოდა დანარჩენი არჩევნებისგან.

ასეთი ინფორმაციის შემდეგ ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი უკვე  შეთანხმებული, დალაგებული სქემით მიმდინარეობდა.

გაყალბება იყო, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ ამის ინგორირებას ის იწვევს, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო.

_ ქალბატონო ნანა, გაყალბება არ ჭირდებოდა მარგველაშვილს, ბაქრაძის სასარგებლოდ გაყალბდა? იმის გამო, რომ «ნაცებს» 20% ჰქონოდათ?

_ დიახ, რაც მოხდა, «ნაციონალების» მეორე ადგილისთვის მოხდა.

მამუკა არეშიძე:

_ გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მაქვს. რაც მონაყოლ ამბად ვიცი, იმაზე არ ვილაპარაკებ. ვიცი, უტყუარი ინფორმაცია მაქვს, თუ რა მოხდა დიდუბეში. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩევლები მოისყიდეს არც თუ მცირეოდენი თანხით _ 300 ლარით. ამას «ნაციონალები» აკეთებდნენ, თანაც ჩარიცხვით. ეს _ რაც შეეხება თბილისს, აღარ ვისაუბრებ მარნეულზე, სადაც ტოტალური მოსყიდვები და გაყალბება ხდებოდა. გარდაბანში, ვინც არჩევნებს ხელმძღვანელობდა, ის ადამიანი ორ ფრონტზე თამაშობდა, ეხმარებოდა «ქართულ ოცნებასაც» და «ნაციონალებსაც». ეს ხელმძღვანელი კი ამჟამინდელი დეპუტატია.

აზერბაიჯანულ სოფლებში დიდი სხვაობით ზოგან მარგველაშვილი იგებდა, მაგალითად, ჯანდარაში, ხოლო ვახტანგისში დიდი უპირატესობით ბაქრაძე იგებდა. ეს, ძირითადად, ყველგან ასე ხდებოდა. არაფრის დამტკიცება  არ შემიძლია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს გაურიგდა.

«ქართული ოცნების» კომისიის წევრებს, «ნაციონალებისგან» განსხვავებით, გამოცდილება აკლიათ. მაგალითად, ბათუმში 5 ათასი ადამიანი უმისამართოდ აღმოჩნდა. ბათუმი არ არის საიმისოდ დიდი ქალაქი, რომ 5 ათასი ხმის იგნორირება მოახდინო. თან ამ ადამიანებს წინა არჩევნებში მისამართი ჰქონდათ და ახლა გაუქრათ. მათი ნაწილი ბურჯანაძის მომხრე იყო, ნაწილი კი _ მარგველაშვილის, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ამბობენ, რომ კარდაკარ მოსიარულეებთან ჩვენს მოსაზრებას ვაფიქსირებდით და ამან გამოიწვია ჩვენი სიიდან ამოღებაო. კარდაკარის პროგრამას ვინც ატარებს, ვიცით. ამას გადამოწმებულ ინფორმაციას გაწვდით. «ნაციონალების» პროცენტი თითიდან გამოწოვილი იყო. მათ არჩევნების გაყალბების მეთოდები სისხლში აქვთ, იქნება ეს მოსყიდვები, მუქარა, დაპირება, ორ-ორი საბუთის დარიგება, ყალბი საბუთის დაბეჭდვა თუ რაც გინდათ.

წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როცა რედაქციაში მოვიდა ინფორმაცია, რომელიც მამუკა არეშიძის სიტყვებს ადასტურებდა. მოქალაქე ლილუაშვილმა გაყალბებული ბიულეტენის ასლი მოგვაწოდა. დარიგებულია ორორი ბიულეტენი, ერთი და იგივე პიროვნება რეგისტრირებულია სხვადასხვა ნომრით, რაც აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ სიები გაორებულია. მოქალაქე ლილუაშვილი ამბობს, რომ ასეთი ბიულეტენები ძალიან ბევრ ოჯახში მივიდა.

პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრაზე «საქართველო და მსოფლიომ» არჩევნების გაყალბებასთან და დაუსჯელ ადამიანებთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა, მან დაადასტურა, რომ არჩევნები ყალბდებოდა.

ამ არჩევნების გაყალბებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილს ვერავინ ხედავს, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთხელ მაინც რომ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საქმეში იწვრთნებოდნენ, ასეთი რეალობის წინაშე არ დავდგებოდით. მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი და მიშა მაჭავარიანი თავლთახედვიდან კი არ უნდა მოეშორებინათ, პირიქით, სახალხოდ უნდა დაესაჯათ.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლების ძალისხმევით «ნაცების» სასარგებლოდ წარმატებით გაყალბდა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here