Home რუბრიკები საზოგადოება მთელი გულით!

მთელი გულით!

666

პიროვნებების ადგილი კაცობრიობის ისტორიაში განუზომელია, რადგან მათი გაქანებისა და თითქმის მისტიური ალბათობის თეორიის გათვალისწინებით, ნებისმიერი გამოჩენილი მოღვაწის შესახებ მსჯელობისას ჩნდება კითხვები _ ის რომ არა? მას რომ ეს არ ჩაედინა? ან, პირიქით, ასე მოქცეულიყო? და ასე შემდეგ.

 

როგორც ყოველთვის, დედამიწაზე ახლაც ბრძოლა მიმდინარეობს, ბრძოლა არც ისე ახალი იარაღით _ სიტყვით, აზრით, იდეით; ეს წერილი «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციაში უკვე დასაბეჭდად იყო გამზადებული, როდესაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით ხელში ჩამივარდა უზადო პირუთვნელობითა და საგულისხმო სიზუსტით შედგენილი წიგნი «უცნობი პუტინი»; რამდენიმე საათში წაკითხულმა ბიოგრაფიული ქრონიკის ამ კლასიკურმა ნიმუშმა მოხიბლული და გაოცებული დამტოვა _ რუსეთის პრეზიდენტის შესახებ  ინფორმაციულად ასე ტევადი, შინაარსობრივად თითქმის ყოვლისმომცველი და აგებულებით ასე გამართული, საინტერესო ნაშრომი _ სიამოვნებით უნდა გავუსვა ხაზი _ პოსტსააკაშვილისეულ საქართველოშო ჯერ არ მეგულებოდა.

წიგნის ავტორთათვის გულითადი მადლობის გადახდის შემდეგ, ისღა დამრჩენია, მკითხველს ვურჩიო, აუცილებლად გაეცნოს ამ წერილსაც და, განსაკუთრებით «უცნობ პუტინს». ვინაიდან ილუზორულისტერიული წლების მერე, ყველამ ერთად გასაოცარი მოთმინებით რომ გამოვიარეთ, ვფიქრობ, დროა, სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი და გავიცნოთ «რუსი მართლმადიდებელი ლიდერი», როგორც მას «თვით დიად დასავლეთშიც» უწოდებენ და, რომელიც უახლოეს მომავალში ქართველი ხალხის ისეთივე ბუნებრივ მეგობრად და საიმედო ვითარების მიერ (სტრატეგიულ) მოკავშირედ წარმოჩინდება, როგორც მალევე გაცხადდება, რომ ჩვენი ქვეყნები სიყვარულისა და მეგობრობისთვის არიან გაჩენილნი, ეს როგორც ღმერთის, ისე ადამიანების კანონია _ გიყვარდეს და არა გძულდეს, მეგობრობდე და არა მტრობდე; განსაკუთრებულად ეს მეზობლებს ეხება, მეტადრე, თუკი მეზობელი იმავე სჯულისაა, რომლისაც შენ ხარ და თანაც ისეთი წინამძღოლი ჰყავს, როგორიცაა . . პუტინი _ უსერიოზულესი მოთამაშე თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ სარბიელზე.

ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს

პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

მიღებულია, ასეთი წერილების ავტორებმა სურვილები ადრესატის მიმართ წერილის დასასრულს გამოთქვან, მაგრამ, რადგან ჩემი მიზანი ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის გულწრფელი დიალოგის წამოწყებაა, არაკეთილმოსურნეებს თავიდანვე გავუცრუებ იმედებს, თქვენდამი ჩემი ეს მიმართვა არაკორექტული, უაზროდ აგრესიული ან ბრიყვულად მილიტარისტული არ იქნება; პირიქით……

მიუხედავად რთული და აეული, სიცრუით, უგუნურებითა და ბოროტებით სავსე ეპოქისა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რომელიც პირადად მე უპირველეს დამნაშავედ მესახება რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების ტრაგიკულ განვითარებაში, ნება მომეცით, გულწრფელი აღტაცება გამოვხატო თქვენ მიერ წარმოებული, უაღრესად სწორი, მკაფიოდ მოზომილი და იდეალურად გაწონასწორებული პოლიტიკით და წარმატებები, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყველა სიკეთე გისურვოთ პირადად თქვენ და თქვენს ახლობლებს!

რაც შეეხება ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს, მათზე საუბარი კიდევ არაერთხელ მომიწევს უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო განზრახვით, ამ შესავალი სიტყვის დასასრულს კი მხოლოდ ამას გეტყვით, როგორც მართლმადიდებელი მართლმადიდებელს _ ღმერთმა ინებოს მშვიდობიანი ოლიმპიადა რუსეთისთვის და ოლიმპიური სიმშვიდე _ საქართველოსთვის!..

ხუმრობა იქით იყოს და _ არც ერთი კარგი, ლაზათიანი ოლიმპიადა ჩემი საყვარელი სამშობლოსთვის და არც მუდმივი მშვიდობა ჩემთვის ასე ძვირფასი რუსეთისთვის, უფალია მოწმე, არ მენანება და მთელი სულითა და გულით მსურს!

როგორც ძველი, კეთილი, მხიარული კარლსონი იტყოდა, განვაგრძობთ საუბარს!

ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! თუმცა დიადი რუსული ენა მსგავსი შინაარსის ანდაზების სიმწირეს არ უჩივის, თქვენი ნებართვით, ერთს ქართულს გავიხსენებ: «ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო». გულწრფელი საუბრის წამოწყების გარდა, ჩემი ამ გზავნილის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ესეცაა _ გზის დანახვა მანამ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება…

თქვენო აღმატებულებავ, ბრძენი ადამიანი ბრძანდებით და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა თქვენს ოსტატურ პოლიტიკურ ნაბიჯს იმედიანი აღფრთოვანებით ვუმზერ და ვეთანხმები, ერთის გარდა _ ძმაო ჩემო ქრისტესმიერო! მე მტკივა ჩემი სამშობლო, მაგრამ! _ ერთი წამითაც არ მჯერა ამ ჯოჯოხეთური გლობალიზმითა და სულისწამწყმედი საერთო უზნეობით უხვად გაჯერებულ რეალობაში წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული ავი ენების, თითქოს 2008 წელს ცივსისხლიანი გათვლით მოწყობილ სამხედროპოლიტიკურ ავანტიურასთან თქვენ და რუსეთს რაიმე საერთო გქონდათ; პირიქით, ვადევნებ თვალს პიარ-ტექნოლოგიებით კბილებამდე აღჭურვილ, მსოფლიო ბატონობისთვის გააფთრებით მებრძოლი ძალის მოქმედებებს და სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ერთი ქართველი შლეგიანისა და მისი ცინიკოსი მმართველების მიერ ჩატარებული იმ პროვოკაციული სპეცოპერაციის პასუხად არც პირადად თქვენ და არც ზოგადად რუსეთს, უბრალოდ, სხვა გზა, სხვა გამოსავალი, არჩევანი აღარ დაგიტოვესშედეგი მიღწეულია! ორივე, უფრო სწორად, სამივე მხრიდან (ვგულისხმობ როგორც ოსებსა და ქართველებს, ასევე რუს მშვიდობისმყოფელებს) დაიღუპნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები, მშვიდობიანი მოსახლეობა… ჩემს ქვეყანას ათასობით ლტოლვილი მიემატა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის «ერთადერთ დემოკრატიულობაში» ამპარტავნულად დარწმუნებული ძალისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის მისთვის ასე არასასურველ კეთილმეზობლობასა და ბუნებრივ მეგობრობას საბოლოოდ, დაუბრუნებლად მოეღო ბოლო…

თუმცა არც მე და, იმედია, არც თქვენ არ ვფიქრობთ ამგვარად, რაც მაძლევს მყარ საფუძველს, მოგიწოდოთ _ ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, შევაჩეროთ ურემი და გავხედოთ გზას! ეჭვი არ მაქვს, თუკი რუსები და ქართველები ამას ერთად გავაკეთებთ, შედეგი უდავო სიკეთის მომტანი იქნება! ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ხომ ერთად ფაშიზმის შეჩერება შევძელით!

სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი ამ წერილის იდეისა.

მავანმა, შესაძლოა, იკითხოს (და აუცილებლად გააკეთებს ამას): _ რა უბიძგებს ამ უცნაურ კაცს მსგავსი ქლესა, მაამებლური წერილის დაწერისკენ, თანაც ვისი _ თავისი ქვეყნის და ხალხის დაუძინებელი მტრის, ყველა «საღად მოაზროვნე» «დემოკრატის» მიერ დიქტატორად შერაცხული მმართველისადმი?! _ არ მიწყინოთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ამ ჩვენს პარადოქსებით სავსე, ცინიზმის ეპოქაში, დამეთანხმებით, შეუდარებლად დიდია რიცხვი აზროვნების პრეტენზიის მქონეთა, ჭეშმარიტ მოაზროვნეებთან შედარებით; ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვით ვუპასუხო ამ ფსევდოლიბერალებსა და ფსევდოდემოკრატებს, კაცობრიობის განვითარებაზე, ცივილიზაციათა თავისებურებებსა და ისტორიულ მაგალითებზე ფიქრიც რომ ზარავთ და საკუთარი ცხვირის იქით არაფრის დანახვა არ სურთ.

მოხდა ისე, რომ 2005 წელს დღის სინათლე იხილა ლექსების კრებულმა სახელწოდებით «Аэробар»; წიგნში ჩემ მიერ სხვადასხვა დროს რუსულად შეთხზული სამოცამდე ლექსი შევიდა და წინასიტყვაობაში ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებასთან ნაზიარებ მკითხველს ვუხსნიდი, რომ მშობლიურ ენაზე მხოლოდ პროზაში მომუშავეს უცნაურად მომეძალა რუსულად ლექსთხზვის დაუძლეველი, ყოვლის წამლეკავი სურვილი, პოეტები მუზას რომ ეძახიან; სწორედ ამ აუხსნელმა რუსულმა მუზამ მიკარნახა იმავე წინასიტყვაობაში დამეზუსტებინა «Аэробар»-ის რუსულენოვნების მიზეზი: _ «…გაზაფხული. სიყვარულიდა უდიდესი სურვილი, საფუძველი ჩამეყარა ჩვენ შორის მართლმადიდებლური, კანონზომიერი, გეოპოლიტიკურირას ვამბობ?! _ უბრალოდ, ბუნებრივი სიყვარულის აღორძინებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ წიგნს ავტორიტეტულ ლიტერატურულ წრეებში შემოქმედებითი გამარჯვება უწოდეს, თავის ქება რა მოსატანია, დასახული კეთილი მიზნის მიღწევაში ხელისშეშლა მალაპარაკებს, ანტირუსიზმში, ანტისამართლიანობასა და ანტიზნეობრიობაში გაწაფული «პიარშჩიკების» წყალობით, მას დიდი გამოხმაურება კი არა, ჯეროვანი ყურადღებაც არ ეღირსა, თუ არ ჩავთვლით «OPT»-ს, რომლის მადლიერი დღემდე ვარ; უფრო მეტიც, როდესაც 2007 წლის 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთ საუკეთესო გალერეაში ჩემი მეგობრის, არაჩვეულებრივი ქართველი მხატვრის, აწ განსვენებული მიშა იაშვილის ნახატების გამოფენა და «Аэробар»-ის მოტივებზე თბილისის თეატრალური ინსტიტუტის რუსული სექტორის სტუდენტების მონაწილეობით პერფორმანსი გაიმართა, _ ჩავურთავ, რომ ჩვენი ეს ერთობლივი «აქციაც» რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებისადმი იყო მიძღვნილი და მას რუსეთის საელჩოს კულტურის ატაშე ესწრებოდა, _ თუმცა საღად მოაზროვნე ხელოვანთა მცირე ჯგუფის ამ მცდელობას, თავიდან აგვეცილებინა უბედურება, რომელსაც თითქოს წინასწარ ვგრძნობდით, ყველა ქართული წამყვანი ტელეარხი დაესწრო, იმავე «პიარშჩიკების» ხრიკების «წყალობით», მათგან მხოლოდ ერთმა გაბედა, მცირე ყურადღება მაინც დაეთმო ამ მოვლენისთვის… და ვინ იცის, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, იქნებ, რომ არა ეს ბოროტი ხელის შეშლა, ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა დარტყმა, რომელსაც ბედისწერა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს უმზადებდა! ასეა თუ ისე, მეც და მიშასაც ეს დარდი და სინანული გამოგვყვა; მისმა მხურვალე, მაგრამ სუსტმა გულმა ამას ვერ გაუძლო, მე კი… ვცდილობ, გავაგრძელო ბრძოლა სანუკვარი მიზნისთვის.

ცხოვრება გრძელდებოდა. ოდნავ უკან, წარსულისკენ მივმართავ თქვენს მზერას. 2003 წელს საქართველოს სახელმწიფოს სათავეში ყოვლად უკანონოდ მოვიდა ოდიოზური, თანამედროვე ფსევდოღირებულებებით შეიარაღებული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ოსტატურად იყენებდნენ, ვინ იცის, რომელ სპეცსამსახურებში შესწავლილ უნარჩვევებს, რათა მყარად დაემკვიდრებინათ ქვეყანაში, ხალხსა და საზოგადოებაში დეკადანტური განწყობა, რომელსაც ბუნებრივად მოჰყვა ქართული სინამდვილის ყველა სფეროს შესუსტება, შერყევა და ლამის განადგურება, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, სპორტი თუ ნებისმიერი სხვა დარგიმსოფლიო მმართველთა ამ აპრობირებული მეთოდით ქვეყნის ბეჯითად მნგრეველებმა მალე მიიყვანეს ჩემი სამშობლო ზნეობრივ უფსკრულამდე, ურთიერთუნდობლობამდე, სრული ნიჰილიზმით შეპყრობილი თაობების გენერირებამდე და ეკონომიკურ სიდუხჭირემდეერთი შეხედვითაც ცხადი იყო, თუ ვისთან გვქონდა საქმე.

კიდევ უფრო უკან თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ გარკვეული ნაკლოვანებების მქონე სსრკ-ის, ვაღიაროთ, არაჩვეულებრივი ოსტატობით დანგრევა-დაშლის შემდგომ, მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ძალას თავისი საპირწონე, ძლიერი სისტემის (სსრკ) აღარარსებობის პირობებში ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე, მათი გეგმების განხორციელების ერთადერთი ბუნებრივი ხელისშემშლელიღა დარჩათ _ რწმენა!

მორწმუნე ადამიანი, საზოგადოება, ხალხი, ერი თუ ქვეყანა, კარგად მოგეხსენებათ, ბოროტმზრახველთათვის ერთობ რთული სამართავია იმ ზნეობრივი პოსტულატების გამო, რომლებიც ასევე კარგად არის თქვენთვის ცნობილი და ამიტომაც მათი აღწერა-ჩამოთვლის რთულ შრომას უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით წმინდა მამებს, სასულიერო პირებსა და თეოლოგებს დავუთმობ. მაშასადამე, დანამდვილებით შეგვიძლია დავძინოთ, რომ მათი სამიზნე მკაფიოდ ჩამოიქნა _ შევნიშნავ ორ ან მით უმეტეს, სამ ფრონტზე ბრძოლას არაერთი სამხედრო თუ პოლიტიკური გენია, სახელოვანი მხედართმთავარი თუ პოლიტიკური მოღვაწე, იმპერია და, უფრო მეტიც, იდეოლოგია შეუწირავს! _ პირველი, რიგ შემთხვევებში გარკვეული ფანატიზმის ნიშნების მატარებელი, თუმცა მშვენიერი და უდიდესი კულტურით შემკული ისლამური სამყარო იყო; მეორე _ ჩვენ, მართლმადიდებლები, ვგულისხმობ არამარტო რუსეთუკრაინაბელორუსსაქართველოს, არამედ, რასაკვირველია, ბერძნებს, სამხრეთ სლავებსა და აზიასა თუ აფრიკაში მიმობნეულ მართლმადიდებლებს და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, კათოლიკური სამყარო.

ჩემი დასტურია საჭირო, ცხადი რომ გახდეს, თუ რა მეთოდური სიზუსტითა და ბინძური პიარსვლებით აწარმოებს გამოუცხადებელ მესამე მსოფლიო ომს ძალა, რომელსაც გაუგონარი ფარისევლობით მოურგია ადამიანის, საკუთრების, სიტყვის, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უალტერნატივო დამცველის ნიღაბი. სხვათა შორის, მისივე აპოლოგეტების განმარტებით, სკამს, რომელზეც დემოკრატია შემომჯდარა, ოთხი ფეხი აქვს _ ადამიანის, საკუთრების, სიტყვისა და აღმსარებლობის უფლებათა თუ თავისუფლებათა სახით და ნიშანდობლივი, კანონზომიერი და სიმბოლური დამთხვევაა, რომ ისინი გაშმაგებით ცდილობენ ამ სკამს, რომელიც ყველა შემთხვევაში ძალაუფლების ალეგორიულ სახედ აღიქმება, ის მეხუთე ფეხი სადღაც შუაში შეურჭონ სარივით. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ცნობილ მეხუთე კოლონას და ჰომერულ ხარხარს იწვევს _ ისინი ხომ თავისი გაუმაძღრობის გამო უზნეო გარყვნილებაზეც ვერ ამბობენ უარს და ამ თავიანთ ნალოლიავებ «ღვთაებას» სარზე სვამენ! იქნებ ეს მათი ქვეცნობიერების ლოგიკური გამოვლინებაა? შესაძლოა.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, კიდევ ერთ, არცთუ უმნიშვნელო გარემოებას მინდა შევეხო, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, თქვენც ხშირად გიფიქრიათ; XIV საუკუნიდან დაწყებული და დღესაც ნიღაბაფარებულმა კოლონიზაციის პროცესმა თანამედროვე მსოფლიოს შემდეგი სურათი წარმოგვიდგინა 2013 წლისთვის _ ჩინელები და ინდუსები, პლანეტის მოსახლეობის ლამის ნახევარს რომ შეადგენენ ერთად, თავთავიანთ ენებზე საუბრობენ, არაბებიც, ასე თუ ისე, უგებენ ერთმანეთს; ცნობილ მიზეზთა გამო, ესპანურად მეტყველებს მთელი ლათინური ამერიკა, უმცირესი პორტუგალიურენოვანი გამონაკლისის გარდა, კანადასა და ჩრდილო და ცენტრალური აფრიკის ზოგ ქვეყანაში ფრანგებმა «იყოჩაღეს» და დანერგეს თავიანთი მშვენიერი, «ჟღურტულა» ენა, სლავებს თქვენი არეალი გაქვთ, გერმანელებს და მათ მონათესავე ნორდიულ ტომებს _ თავისი, მაგრამ ყველანი ერთად კატეგორიული აუცილებლობის წინაშე ვდგავართ _ მსოფლიო გლობალური ქსელი და, ზოგადად, გაბატონებული ცხოვრების წესი მოითხოვს ინგლისურის ცოდნას. ამ მოვლენას გრძელი პრეისტორია აქვს. XIX-XX სს. ინგლისურენოვან მწერალთა მრავალრიცხოვან პლეადას, რომლის დიდი ნაწილის იდეური ბელადიც ბერნარდ შოუ გახლდათ, თავიანთი შემოქმედების უმთავრეს მიზნად ინგლისურის პლანეტარულ ენად ქცევა ესახებოდათ, რის დასტურადაც ნებისმიერი მათგანის ციტირებაც შორს წაგვიყვანდა; არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ინგლისელ ლიტერატორთა ნაწარმოებების მხატვრული ღირსებები დავაკნინო, მაგრამ საქმე ხომ აშკარა, წინასწარდაგეგმილ ლინგვისტურ ექსპანსიასთან გვაქვს?!

აქვე მინდა, გავიხსენო ფაქტი, რომელიც ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის კაცობრიობის ზნეობრიობაზე ზრუნვას მისი ცხოვრების მიზნად აქცევს; დღეს ბევრს საუბრობენ თავისუფლების რაობაზე, ზოგს ის ნიჭად, ბედნიერებად ესახება, ზოგს უდიდესი ვალდებულებებით სავსე პასუხისმგებლობად; იგონებენ იმასაც, რომ ზოგიერთ ენაში (მაგ. ჩინურში) ეს სიტყვა, როგორც დეფინიცია, საერთოდაც არ არსებობდა; მაგრამ, მოდით, ჩავუკვირდეთ, საიდან აღმოცენდა თავისუფლების ის მოდელი, რომელსაც დღეს ვადევნებთ თვალს, რომელიც თვითგანვითარებადი, პროგრესირებადი გახდა და, რომელიც მას (თავისუფლებას) დაწაფებულ კაცობრიობას უზნეობისა და დეგრადაციისკენ, საბოლოო ჯამში კი თვითგანადგურების უფსკრულისკენ უბიძგებს; ერთობ საგულისხმოა, რომ ბერძნული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს: სოკრატეს, პლატონს, არისტოტელესა და სხვა მრავალთ, რომელთაც თავისუფლება, სამართლიანობასა და სიკეთესთან ერთად, ადამიანის ბედნიერად ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთ, და არამც და არამც ერთადერთ, თვისებად ესახებოდათ, მადლიერმა კაცობრიობამ მამები უწოდა, ხოლო რუსი და გერმანელი ფილოსოფოსები, რომელთა იდეების განსაკუთრებული გაფურჩქვნის ხანაც XIX საუკუნეს უკავშირდება და რომლებმაც ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის მიერ გამოვლენილი სისუსტეების გათვალისწინებით თავისუფლების რაობა უფრო დააკონკრეტეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი ზოგ შემთხვევაში დიდი ბედნიერებაა, ზოგში კი უდიდესი უბედურება, შვილების საპატიო სახელით დააჯილდოვა.

მაგრამ იყო კიდევ ავბედითი XVIII საუკუნე, რომელმაც ე. წ. განმანათლებლები, ენციკლოპედისტები, თავისუფლების იმ სახის განმარტების ავტორები შვა, რომელთა წყალობითაც ის (თავისუფლება) დღეს ასე ბობოქარ საფრთხედ იქცა; ისინი არიან სწორედ მასწავლებლები «დამფუძნებელ მამათა», რომელთა იდეების გამაგრძელებელნიც დღეს ერაყსა და ავღანეთს, ეგვიპტესა და სირიას «ათავისუფლებენ», მანამდე კი «საბჭოთა» ხალხები და სამხრეთ სლავები «გაათავისუფლეს». ნიშანდობლივია, რომ ბრძენი კაცობრიობა «ენციკლოპედისტების» საკუთარ თავთან რაიმე ნათესაური კავშირის არსებობას ერიდება და მათ, ჩემი აზრით, ფრიად და უაღრესად ორაზროვანი განსაზღვრებით მოიხსენიებს _ «განმანათლებლები»; განათლება ხომ ისევე სახიფათოა უზნეო ვიგინდარას ხელში, როგორც სიკეთის მომტანი, თუკი ამ თვისებით დადებითი, ზნეობრივი ადამიანი იქნება აღჭურვილი.

სანამ ხსენებული «განმანათლებლების» მიერ აფრიალებული, აბსოლუტურად პარადოქსული ლოზუნგი: «ძმობა! ერთობა! თავისუფლება!» საფრანგეთის მეფეს, ბედკრულ ლუდოვიკ მეთექვსმეტეს გილიოტინამდე მიიყვანდა, თითქმის ასი წლით ადრე, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ჩამოშორებული კათოლიკური ეკლესიის წიაღში განვითარებულმა ანგლიკან-პროტესტანტიზმმა, მოგვიანებით ათასგვარ სექტად დაშლის გზით რომ განაგრძო ნამდვილ ქრისტიანობასთან ბრძოლა, ინგლისის კათოლიკე მეფეს _ კარლ პირველს თავი მოჰკვეთა; და, თუმცა ყოველივე ამას ინგლისშიც და საფრანგეთშიც მონარქიების აღდგენა მოჰყვა და ნაპოლეონის მსოფლიო იმპერატორის გვირგვინისკენ ტრიუმფალური სვლაც სრული ფიასკოთი დასრულდა. ბედისწერა (თუ «თავისუფლების» კომერციული მიზნებისთვის გამომყენებელი ძალა) ევროპას და კაცობრიობას მორიგ განსაცდელს უმზადებდა _ მაშინ, როდესაც რუსეთის მონარქიას პირველ მსოფლიო ომში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა, უკვე დახელოვნებულმა და გაწაფულმა ძალამ შეძლო და მოვლენები თავისთვის სასურველ კალაპოტში მოაქცია _ მოკლულ იქნა ნიკოლოზ მეორე, მოხდა რევოლუცია და ე.წ. ბოლშევიკებმა როგორც ქრისტიანულ ზნეობაზე, ისე ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე განახორციელეს დამანგრეველი დარტყმები. რუსეთის ომიდან გამოთიშვის შემდეგ ხელმოწერილ იქნა ვერსალის ხელშეკრულება, რომელიც შენელებული მოქმედების ნაღმის ოსტატურად მომზადებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ნამდვილი მშვიდობისკენ გულწრფელად გადადგმულ ნაბიჯს; აკი, ამოქმედდა კიდეც ჰიტლერისა და ფაშიზმის წყალობით და, რომ არა იოსებ სტალინის ფიგურა, ვინ იცის, იქნებ შედეგი, რომლისთვისაც ჯერაც ვერ მიუღწევიათ «საყოველთაო თავისუფლების» მესვეურთ, უკვე მაშინ დადგებოდა?..

1945 წლის დიდ გამარჯვებას მოჰყვა «ჩრდილოატლანტიკური ალიანსის» შექმნა, რისი საპასუხო ნაბიჯიც «ვარშავის ხელშეკრულების» ჩამოყალიბება იყო; პარალელურად «ცივი ომი» «გაჩაღდა» და ამერიკელებმა მსოფლიოში პირველად და (უფალო, შეგვეწიე!) იმედია, უკანასკნელად გამოიყენეს ატომური იარაღიდა ასე შემდეგდა ასე დაუსრულებლად

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ადამიანი ჯერ ადამიანად იბადება, შემდეგ კი უფლის ამ ქმნილების რასიულ, ნაციონალურ და ეთნიურ წარმომავლობას ექცევა ყურადღება. შემდეგ ირკვევა, თუ რომელ კონტინენტზე და ქვეყანაში, როგორ სოციალურ, მენტალურ თუ კულტურულ გარემოში აღმოჩნდა იგი, მაგრამ, უპირველესად, მასში სწორედ ის ხატება და მსგავსება უნდა ვეძიოთ, რომლითაც იგი უფალმა შექმნა, შემდეგ კი… შემდეგ იწყება მოყვასის სიყვარული.

რუსთაველი წერდა: «ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!», თქვენ მე მოყვარედ მესახებით და გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ხალხებიც იმავე განწყობით არიან. განსაცდელი კი, რომელიც გამოვიარეთ, კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და დაგვაბრძენებს, რათა მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური და ისტორიულ-ლიტერატურული მოკრძალებული წიაღსვლები კი სათქმელს მიიოლებს, რადგან ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, ვფიქრობ, ნათლად ვლინდება, რამდენად ემთხვევა ჩემი შეხედულებები თქვენსას; აქედან გამომდინარე, მოგმართავთ, როგორც რიგითი ქართველი, უბრალო ადამიანი, რომელსაც არაფერი აბადია გულწრფელობის, პატიოსნების, უფლის რწმენისა და სამართლისა და სიკეთისთვის ბრძოლის სურვილის გარდა; მეფემზეს, ლუი XIV- სიკვდილის პირას მყოფი კარდინალ მაზარინისთვის უკითხავს: _ რეგენტობისდროინდელ, საფრანგეთინგლისს შორის თავდაუსხმელობის ამ დოკუმენტზე კრომველის ხელმოწერა რატომ აღმოჩნდა ჩემი ხელმოწერის ზევითო. ცუღლუტ იტალიელს, სასიკვდილო სარეცელზეც რომ არ ღალატობდა გონებამახვილობა, მიუგია: _ ეგ იმიტომ, თქვენო უდიდებულესობავ, რომ თქვენ ახალგაზრდული გამოუცდელობით ძალიან ბევრი ადგილი დაუტოვეთ მას, კრომველი კი პატივმოყვარე კაცი გახლდათ და ასეთ შემთხვევას ხელიდან როგორ გაუშვებდაო. წლების შემდეგ ეკატერინე II- ხელმოსაწერად გეორგიევსკის ტრაქტატი მიართვეს. რომელიღაც მრჩეველს შეუბედავს: _ აი, აქ, ზემოთ მოაწერეთო ხელი, თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავო, რაზეც ამ მართლაც დიდსულოვან ქალბატონს ღირსეული, მეფეთა საკადრისი პასუხი გაუცია: _ მეფე ირაკლი ისეთივე ხელმწიფეა საქართველოსი, როგორიც მე _ რუსეთისაო!

მიუხედავად ჩემი სრული აპოლიტიკურობისა, ალბათ, მიმიხვდით, რაც თავი მახსოვს, გულმხურვალე მონარქისტი გახლავართ და, ასეთიც რომ არ ვყოფილიყავი, ვიქცეოდი ყოველი ქართველის და, ბუნებრივია, ჩემი სულიერი მოძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ილია II-ის მოწოდების შემდეგ; ეს ერთადერთი სამართლიანი ფორმა მმართველობისა ჩემი სანუკვარი ოცნება და ნატვრაა, როგორც საქართველოსა და რუსეთისთვის, ისე სრულიად საქრისტიანოსთვისაც.

რაც შეეხება იმ მარტივ საკითხს, თუ როგორი სახელი დაერქმევა ჩვენი ქვეყნების ბუნებრივ მეგობრობას, პირადად ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და სწორედაც _ რატომაც არა ევრაზიული კავშირი?! უახლოესი მეგობრის მიმართ, რომელიც ამავე დროს კარის მეზობელია ჩემი და, რაც მთავარია, ერთმორწმუნეა, მე ნდობის, თანასწორობის, სიყვარულისა და პატივისცემის გარდა, სხვა არაფერი შეიძლება ვიგრძნო! გაყოფა, როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს, ეშმაკის საქმეა, უფალი აერთიანებს!

2003 წელს სხვისი ჩაის შეხვრეპით საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ჯგუფმა საზოგადოებასა და ქვეყანაში ინტელექტუალურ-კულტურული კრიზისი გააჩინა, განავითარა და ამ კრიზისის უკიდურესობამდე მიყვანით ქვეყანას, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციებით, უფროსისა და ქალის პატივისცემით, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა, ყოველი მხრიდან წერტილოვანი დარტყმები მიაყენა; უნდობლობის, ერთმანეთის გაუტანლობის, უზნეობის, დაბეზღების, საყოველთაო დაშინებისა და ცინიკური სიცრუისგან დაღლილი ჩემი თანამემამულეები 2012 წლის ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან ეკონომიკურმა სიდუხჭირემ კი არა, საკუთარი ღირსების გრძნობამ მიიყვანა; თქვენი მონა-მორჩილიც კი, არასდროს პრინციპულად რომ არ ვმონაწილეობდი «დემოკრატიის» ამ ყავლგასულ ფარსში, წავედი და ჩემი ხმა არა «ქართულ ოცნებას» ან ბ-ნ ივანიშვილს, არამედ საქართველოს მომავალს მივეცი, იმ მომავალს, როდესაც მე, თუ ნებისმიერი სხვა ქართველი, ბოდიშს მოვუხდით მართლმადიდებელ სერბებს, რადგან ვიღაც შლეგიანმა «კოსოვოს» დამოუკიდებლობა ჩვენი სახელით აღიარა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ბინძური, დამპყრობლური ომის მწარმოებლებს საჯიშე ქართველ ბიჭებს კი არ ვაახლებ, არამედ თავაზიანი, მაგრამ შეუვალი ღიმილით შევახსენებ, რომ მათი აქ სტუმრობის დრო ამოიწურა, მომავალს, როდესაც დანარჩენ ქართველებთან ერთად ღრმად დავფიქრდები _ ესაა ჩვენი ნამდვილი დროშა, ღერბი და ჰიმნი?! უნდა იდგეს დედაქალაქის შუაგულში ჩვენი მფარველი წმინდანის კერპი, როცა ჩვენივე მრწამსი წმინდანთა ყოველგვარი ბარელიეფური გამოსახულების თაყვანისცემას კრძალავს?! ცოტა მეტი ხომ არ უნდა ვიკითხოთ წიგნები, როგორც ბრძენი სულიერი მოძღვარი მიგვითითებს?! მომავალს, როდესაც მომავალზევე მეტად მოფიქრალი ჩემი ხალხი კუთვნილ ტახტზე მირონცხებულ მეფეს აიყვანს, როცა ტკბილად და თბილად განვაახლებ კეთილგანწყობილ საუბარს ჩემს აფხაზ და ოს ძმებთან, საუბარს, რომელიც პირადად მე არასდროს შემიწყვეტია, გავისეირნებ ჩემს საყვარელ გაგრასა და ახალ ათონში, სადაც ბავშვობა გავატარე, დაბოლოს, სწორედ იმ მომავალს, როცა ჩემი ქვეყნისა და ხალხის მეგობრად გულწრფელ, პატიოსან, ერთმორწმუნე მეზობელს დავიგულებ და არა ანგარებიან, მსოფლიო ძალაუფლების ვნებით შეპყრობილ გადამთიელს.

ბატონო პრეზიდენტო! ვატყობ, სასურველზე უფრო ემოციური გამომდის ეს მოკრძალებული გზავნილი, რასაც, იმედია, მომიტევებთ, რადგან გულახდილად გეტყვით, გწერთ ამ წერილს და ვიცი, ფრიად მცირერიცხოვანი, მაგრამ უხვ ანაზღაურებას დახარბებული «თავისუფლებისა და დემოკრატიის მესვეურები» «თბილ-ტკბილ» ეპიტეთებს არ დაიშურებენ ჩემთვის _ ნეტავ, ასევე მადარდებდეს კიდევ რამე ცხოვრებაში! მე იმას ვწუხვარ, რომ მსოფლიოპოლიტიკური პროცესების ბედუკუღმართობის გამო ჭეშმარიტი თავისუფლების, შესაძლოა, საჭიროზე მეტად მოყვარული და საკუთარი ღირსების გრძნობით, ასევე საჭიროზე მეტად გამსჭვალული ჩემი მშობელი ხალხისთვის XIX . საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევა, 1921 . სსრკში შესვლა, 1989 . 9 აპრილი, აფხაზეთის 1991-1992 წწ. ომი ჯერაც მოუშუშებელი იარებია, ხოლო სიკეთე, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატმა ისლამური სამყაროსგან თავდაცვისას მოგვიტანა, სსრკ, გარკვეული ზნეობრივი ფარით რომ დაიცვა თავისი სივრცე დამღუპველი, მანკიერი გავლენისგან და, განსაკუთრებით, სსრკ არსებობის ბოლო წლები, როცა საქართველოს ეკონომიკა ყვაოდა, ქართული კინო, თეატრი, სპორტი და, ზოგადად, საზოგადოებრივი განვითარება არნახულ სიმაღლეებს აღწევდა, ადვილადაა დავიწყებული და ჯეროვნად არ არის შეფასებული; სამწუხაროდ, ასეთია ადამიანის ბუნება. ეს წერილი მხოლოდ წვეთია ზღვაში იმ უზარმაზარ შრომასთან შედარებით, რომელიც ქართველებმა და რუსებმა უნდა ვიტვირთოთ ერთმანეთის ბუნებრივი სიყვარულის ასაღორძინებლად; თუმცა ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს _ მსოფლიო აგრესორთა ქმედებების გაშიშვლების, მათი ჭეშმარიტი სახის სულ უფრო მკაფიოდ წარმოჩენის ფონზე ქართველები მეტს ფიქრობენ თავიანთ ადგილზე სამყაროში, თავიანთ რაობაზე, ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე, ეს კი ეხმარებათ, განასხვაონ ერთმანეთისგან სსრკ და რუსეთი _ საბედნიეროდ, ჩემი ხალხი ხელახლა აღვიძებს თავის თავში ოდესღაც ასე მძაფრ თვისებას მტერმოყვრის გარჩევისა.

2012 წლის არჩევნები ვახსენე და, კიდევ რამდენიმე სიტყვა რომ არ ვთქვა ამ მოვლენაზე, არ ვიქნები ბოლომდე პირუთვნელი; 2002 წელს გარდაიცვალა ნუგზარ საჯაია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი; ავი ხმა დაირხა _ თავი მოიკლაო; ფაქტი ერთია _ გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა გახდა, ხოლო, თუკი ამ პიროვნების პროფესიონალიზმს, სამსახურის სპეციფიკას და, განსაკუთრებით, ერთ ფაქტორს _ მის ერთგულებას ბ-ნი შევარდნაძისა და მისი მთავრობისადმი და, აქედან გამომდინარე, მისი ფიგურის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, რბილად რომ ვთქვათ, არა ერთი კითხვის ნიშანი ჩნდება; მოგვიანებით კიდევ უფრო საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია; ამას მოჰყვა გულმხურვალე საზოგადო მოღვაწის, ბ-ნი გურამ შარაძის შემზარავი მკვლელობა თბილისის ცენტრში და ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება; პარალელურად, ქვეყანაში პანიკური შიშის დათესვის და საზოგადოების დათრგუნვის მიზნით, განსაკუთრებული დაუნდობლობით, სამაგალითოდ გაუსწორდნენ რობაქიძეს, გირგვლიანს, ვაზაგაშვილს… ვფიქრობ, ეს მკვლელობათა სერია არ საჭიროებს ზედმეტ საუბარს, პირველ რიგში, ჭირისუფალთა დაზოგვის გამო და თანაც დარწმუნებული ვარ, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ადრე თუ გვიან, სამართლიანი გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას და დამნაშავენიც დაისჯებიან.

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე პერმანენტულ, ირიბ თუ პირდაპირ, ვერბალურ და ზოგჯერ ფიზიკურ თავდასხმებს, ქვეყნის ეკონომიკის მავნებლურ მოშლას, სამეცნიერო, საგანმანათლებლო სისტემათა გაუფასურებას, სახელოვნებო თუ სპორტულ ცხოვრებაში საბოტაჟურ ჩარევას, თავისუფალი მედიის დაწიოკების უამრავ ფაქტს, ეროვნული ფასეულობების ცინიკურ შეურაცხყოფას (დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრიდან პერიფერიაში გადატანას, ქუთაისში გამარჯვების მემორიალის ბარბაროსულ აფეთქებას, რომელსაც ორი ადამიანის, დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა! ბაგრატის ტაძრის ფასადის მიზანმიმართულ დამახინჯებასა და საპატრიარქოს რეზიდენციის ცხვირწინ ლამის საროსკიპოს აგებას ვგულისხმობ), ფაბრიკა-ქარხნების მუშაობის შეჩერებისა და სოფლის მეურნეობისთვის მაქსიმალურად არაკომფორტული გარემოს შექმნის გზით ქვეყანაში უმუშევართა არმიის გაჩენას, გარყვნილებისა და მამათმავლობის მეთოდურ წახალისებას, ყოველი ადგილობრივი, მუნიციპალური, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებისას ნარკოგამსაღებელთა გამოყენებას და, ვინ მოთვლის, კიდევ რა საძაგლობებს მივიღებთ მხედველობაში, ციხეებში პატიმართა წამებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ტოტალური მოსმენები და თვალთვალიც რომ დავივიწყოთ, დავინახავთ, ფაშიზმისა და მისი ლოგიკური აღსასრულის, ნიურნბერგის პროცესის გათვალისწინებით, რამდენად დიდსულოვანი, დამთმენი და მიმტევებელია ქართველი ხალხი.

ვიდრე 2013 წლის არჩევნებს მივუბრუნდები, შეგახსენებთ _ 2006 წლიდან გონს მოსულმა ქართულმა საზოგადოებამ ორჯერ სცადა, ჩამოეშორებინა ქვეყნის მმართველობისთვის მავნებელ ბოროტმოქმედთა ეს ბანდა, მაგრამ ორსავე შემთხვევაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მმართველმა ძალამ, თავისი «დემოკრატი» მრჩეველების მიერ «ბრძნულად» დამოძღვრილმა, მარტივად მოახერხა, ერთი შეხედვით, ჩიხური ვითარებიდან გამოსვლა; მან, უბრალოდ, იყიდა . . პოლიტიკური ლიდერების უდიდესი ნაწილი და ხალხი, საზოგადოება, ქვეყანა, ერი თუ ბერი პირშიჩალაგამოვლებული დატოვა. ღმერთმა ნუ ჰქნას და მესამე «გადაგდებას» ქართველები ვეღარ გაუძლებენ!

2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ჩვენ ვითმენთ დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ «კოჰაბიტაციას», რომელიც უფრო მითითებას, მეტიც, ბრძანებას ჰგავს. თქვენც და ჩვენც _ ქართველებიც ვამბობთ: ღმერთი სამობითაა! მეც და უამრავი ჩემი მეგობარი, თანამოაზრე თუ უბრალო ნაცნობი, თბილისელი თუ ბათუმელი, ქალაქელი თუ სოფლელი, ქართველი თუ რუსი, სომეხი თუ აზერბაიჯანელი, ბერძენი თუ ებრაელი დიდი ნდობით და იმედით შევცქერით ბ-ნ ივანიშვილსა და მის გუნდს; მოთმინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოებაა და, როგორც ქრისტიანს, წმინდად მწამს, თუკი ამქვეყნად ვერ ვეღირსები სანატრელ მიზანს, ადრე თუ გვიან, ზეშთასოფლიდან თვალს გადმოვავლებ სამართლიან და კეთლშობილ, დამშვიდებულ და ბედნიერ ჩემს ქვეყანას, რომლის მეგობრად და კეთილმსურველად ასეთსავე რუსეთს ვიხილავ.

დასასრულ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, უდიდეს წარმატებებს გისურვებთ თქვენს რთულ, მაგრამ მართალ ბრძოლაში. რუსეთსა და საქართველოს კი _ გულწრფელ სიყვარულს, მთელი გულით!

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ჯობს ადრე, ვიდრე გვიან!

გრიგოლ . რობაქიძე,

თბილისი. 2013. 28. 09.

P. S. მე «ზენიტს» ვგულშემატკივრობ რუსეთის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც.

«ზენიტი» ჩემპიონია!

მთელი გულით გეპატიჟებით ჩემთან, საქართველოში, კმარა მავთულხლართები!

«ზენიტმა» ისევ მოიგო _ ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ კარგის ნიშანი უნდა იყოს!

გწამდეთ საქართველოსი, როგორც მე მწამს რუსეთის! ღმერთი _ თქვენკენ!

თქვენი ...

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here