Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი…

საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი…

1433

აიპ «ისტორიულმა მემკვიდრეობამ» სულ ახლახან გამოსცა პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას წერილების, გამოსვლებისა და ინტერვიუების მეორე ტომი. პირველმა დღის სინათლე 2002 წელს იხილა. პაუზა საკმაოდ დიდია და მას გამომცემლები .. ვარდების რევოლუციით, პროცესების დაჩქარებით ხსნიან, იმ პერიოდის დამკვიდრებით, როცა «სააკაშვილის რეჟიმთან პრაგმატული და ადეკვატური ურთიერთობა კედლისთვის ცერცვის შეყრის ტოლფასი იყო».

 

თუმცა ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ალექსანდრე ჭაჭიას არც მცდელობა არ დაუკლია, არც მუხტი არ დაკლებია და პრინციპულად განაგრძობდა რეჟიმის მხილებას. სწორედ ამ პერიოდის მისეული პუბლიცისტიკის _ წერილების, ინტერვიუების, გამოსვლების ერთი ნაწილია თავმოყრილი ხსენებულ მეორე ტომში, რომელსაც ფრიად მრავლისმთქმელი (და დასაფიქრებელიც) სათაური აქვს _  «საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი»…

მკითხველს მოეხსენება, რომ ზოგჯერ დუმილიც ჟღერს. ამ დუმილივითაა მრავალწერტილი კრებულის სათაურის ბოლოს დასმული, შეძახილივით თუ კითხვასავით _ გვაქვს კი ის საქართველო, რომელზეც ვოცნებობდით ჩვენ, ყველანი ავტორთან ერთად?

პასუხი უნდა ვეძებოთ იმ კრიტიკულ ანალიტიკაში, რომლითაც გამორჩეულია მთელი წიგნი, როგორც ერთიანი მეცნიერული ნაშრომი, სხვადასხვა ჟანრის ერთობლიობით რომ წარედგინა მკითხველს.

კრიტიკა მკვეთრია, ანალიტიკა _ ღრმა და მრავალწახნაგოვანი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში _ ამბიციური, როცა ავტორი თავის ნააზრევს ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციად მიიჩნევს და თავს გვახვევს _ გინდათ თუ არა, დაიჯერეთო.

ეს უპირველესი ნიშანია ინტელიგენტურობის და ნიმუშია ობივატელის თავდაჯერებულობისგან სრულად გათავისუფლების.

ერთის მხრივ, მას შეუძლია მწარედ გააკრიტიკოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, დიდად არ განსხვავდება სააკაშვილის «საბაზისო ორიენტირებისგან»: «ქვეყნის შიგნით _ უკიდურესად ლიბერალური კაპიტალიზმის იგივე მოდელი, რომელიც კრახს განიცდის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით დამღუპველია მცირე ქვეყნებისთვის; საგარეო პოლიტიკაში _ აშშის სატელიტის როლი, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ამერიკული ინტერესებისთვის ავღანეთში, მზადაა ირანთან საომრად, ნატოში შესასვლელად, ანუ საქართველოს გადააქცევს აშშისა და თურქეთის სამხედრო პლაცდარმად, რაც ავტომატურად რუსეთისა და ირანის მტრად გვაქცევს».

ალექსანდრე ჭაჭია წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველომ შეასრულოს ტრანზიტული დერეფნის როლი (ედუარდ შევარდნაძე) ან შემოიფარგლოს «ტურისტული სამოთხის» როლის შესრულებით (მიხეილ სააკაშვილი) და ელოდება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების ივანიშვილისეული სტრატეგიის საჯაროდ გამოტანასა და განხილვას, რაც ჯერჯერობით არ ჩანს და ამიტომაც გაუგებარია.

მაგრამ კრიტიკით შემოფარგვლა, კრიტიკა კრიტიკისთვის მისთვის მიუღებელია და იგი კონკრეტულ რჩევებსაც აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას. საამისოდ კი უახლეს ისტორიასთან პარალელების გავლებისა და მიღებული გამოცდილების გათვალისწინების მეთოდს იყენებს:

«გაიხსენეთ 1999 წელი, როდესაც წამყვანი ძალები _ შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირი» და ასლან აბაშიძის «აღორძინება» იყო. ასლანის მხარეს იყო ფულიც და სახელისუფლო შესაძლებლობებიც, ასევე, მოსახლეობის მძლავრი ოპოზიციური განწყობაც. მე ვურჩევდი მას, დისკრედიტებულ პარტიებთან კი არ შეექმნა ბლოკი, არამედ დაყრდნობოდა ფართო საპროტესტო ფენებს, საზოგადოებრივ სტრუქტურებს, შეეყვანა სიაში რეგიონული ელიტების ავტორიტეტული წარმომადგენლები. ეს ახალი რამ იყო პოლიტიკურ პრაქტიკაში და ამიტომ ასლანმა ვერ გარისკა, არჩევანი პარტიათა ბლოკზე შეაჩერა. ბლოკმა «მოქალაქეთა კავშირთან» არჩევნები წააგო, შემდეგ უკვე პარლამენტში დაიშალა რამდენიმე ფრაქციად და პოლიტიკაშიც ვერაფერი არსებითი ვერ გააკეთა. დღეს ის აღარავის ახსოვს.

ვფიქრობ, ივანიშვილის პოლიტიკური იმიჯი უფრო მიმზიდველი იქნებოდა, თუ არენაზე ახალ სახეებს გამოიყვანდა ქართული საზოგადოების ფართო ფენებიდან, რომლებიც თავიანთი წარსული საქმიანობით კომპრომენტირებულნი არ არიან. იგი ახალი ადამიანია პოლიტიკაში და ახალ ხალხთან ერთად უნდა მოსულიყო. მგონი, ხალხი ზუსტად ამას ელოდებოდა» (გვ. 13).

არ უნდა იყოს ფუჭი რჩევა.

ერთერთი უმთავრესი და უმტკივნეულესი საკითხი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლების წინაშე იდგა და დგას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტური რეგიონების პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.

არაერთხელ განუცხადებიათ, რომ «აფხაზეთისა და სამაჩალოს დაბრუნების გზა მხოლოდ რუსეთზე გადის», რომ ეს საკითხი უშუალოდ დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს მიღებასთან. თითქოს აქსიომაც კია, რომ «საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი, ნატოში არავინ მიიღებს» (გვ. 21).

რეალობა მართლაც ასეთია. მაშ, ნატოში ჩვენი შესვლა უდაბნოს მირაჟია მხოლოდ? ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, ცხადია, როგორც ყველა პატრიოტ ქართველს, აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი და გამოცდილი ანალიტიკოსი, იგი უარს ამბობს ნებისმიერ ემოციურ მიხდომაზე, პათეტიკურ უაზრობაზე და დინჯად განსჯის. მას მიაჩნია, რომ თეორიულად საქართველოს აქვს შანსი ნატოს წევრობის, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ ტერიტორიებზე ყოველგვარ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ.

«ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, _ წერს იგი, _ დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს. აღიარების იდეა, როგორც ცნობილია, უკვე შემოგდებულია ქართულ საზოგადოებაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება და შეკვეთილი შედეგის მქონე რომელიმე პლებისციტით დასრულდება. მაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის გადალახვაც უკვე შეუძლებელი გახდება.

ნატოს არასოდეს, არსად გაუერთიანებია ტერიტორიები. პირიქით, სადაც კი შევიდა, ყველგან ამას ქვეყნის რამდენიმე კვაზისახელმწიფოდ დაშლა მოჰყვა» (გვ. 22).

ასე გვაფრთხილებს ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, რაც უთუოდ ნიშანდობლივია და ყურადღება მისაქცევია.

მაშ, სადაა გამოსავალი, ის გზა, რომელიც აფხაზეთის (ცხინვალთან ერთად) დაბრუნების საკითხს გადაგვაწყვეტინებს? ანალიტიკოსის აზრით, ასეთი გზა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პროგრამა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, «თუ იგი აფხაზურ მხარესთან ერთად იქნება შემუშავებული რუსეთის ფედერაციის შუამავლობით».

 ბატონი ჭაჭია ამას რომ აცხადებს, შეიძლება ვენდოთ, რადგან იგი კარგად იცნობს სიტუაციას აფხაზეთში, პირადი ურთიერთობა აკავშირებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებთან. სამწუხაროდ, აფხაზეთთან სიტუაციის დალაგებაში ქვეყნის ხელმძღვანელობას იგი გამოყენებული არ ჰყავს.

სამწუხაროა.

ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ გამოჩენილა პიროვნება, რომელთან ერთადაც აფხაზები მიუსხდებოდნენ მაგიდას რეინტეგრაციის პრობლემებზე მოსალაპარაკებლად, თანაც თუ რუსეთი დადებითად შეხვდებოდა ასეთი კაცის ასპარეზზე გამოჩენას.

გადაგვიჭრის თუ არა ნატო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, საეჭვოა და დაუჯერებელი.

ავტორის კრიტიკული პათოსი ვრცელდება ამ მიმართებით ახალი ხელისუფლების მოღვაწეობაზეც, რომელიც, მისი აზრით, უეფექტოა. უფრო მეტიც _ ეფექტიანობა «ჯერჯერობით მოსალოდნელიც არ არის. კარგია ის, რომ შეიცვალა რიტორიკა, ნაკლებია რუსეთის, აფხაზი და ოსი ხელმძღვანელების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხდომები». თუმცა «ის მაინც იგრძნობა, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია პოზიტიური ცვლილებებით. ყოფილი ხელისუფლება ამით დაინტერესებული არ ყოფილა» (გვ. 63).

ავტორი კრიტიკულად აანალიზებს შექმნილ მდგომარეობას და პირდაპირ გვეუბნება: ნატოში საქართველოს შესვლით უშუალოდ თურქეთია დაინტერესებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს მას «მისცემს საშუალებას, რუსეთს არც შეხედოს და ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 150 წლის წინათ ისინი რუსებმა გაყარეს» (გვ. 23).

ამიტომ ნატო ჩვენთვის არც ხვალინდელი დღეა, არც პანაცეა ყველა პრობლემის გადასაწყვეტად.

ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ამ მოძრაობის ხელმძღვანელ ბირთვში შედიოდა, იმ დროს გამართულ ყველა მიტინგზე ნატოს ჯარების საქართველოში შემოყვანას მოითხოვდა, მაგრამ სწორედ იმ დასავლეთში, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდის.

ეს იყო პირველი _ «რომანტიკულ პერიოდში» გაცუდებული ოცნება.

მეორე თურქეთის პრობლემაა, რომელთან დამოკიდებულება, ანუ ამ ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობა, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას აზრით, შემდეგი გარემოებებით უნდა იყოს განსაზღვრული:

«პირველი _ თურქული ეროვნული ელიტა (პოლიტიკური, ინტელექტუალური, სამხედრო) ყოველთვის მიიჩნევდა აჭარას თავის ისტორიულ ტერიტორიად, ხოლო მთელ დასავლეთ საქართველოს _ საკუთარი გავლენის ბუნებრივ ზონად;

მეორე _ თურქები თვლიან, რომ აჭარა მათ ძალით, ომის შედეგად წაართვა რუსეთმა და არა საქართველომ;

მესამე _ თურქეთი ისლამურ სამყაროში აშშის ერთადერთი მსხვილი სამხედროპოლიტიკური მოკავშირეა და აშშ თურქეთს რეგიონულ ზესახელმწიფოდ აღიარებს, რომელსაც აქვს უფლება, თავისი ზეგავლენა კავკასიაზე გაავრცელოს;

მეოთხე _ ერთის მხრივ, რუსულქართულმა მტრულმა ურთიერთობებმა და მეორე მხრივ, თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან აქტიურმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება საქმე მიიყვანოს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიის გარანტის როლზე უარის თქმამდე და ყარსის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე» (გვ. 37).

ალექსანდრე ჭაჭია ობიექტურია ბატონი ივანიშვილის როლის შეფასებაში. საზოგადოებრივ ასპარეზზე «რეჟიმისადმი ხალხის შეუწყნარებლობის ტალღამ» მოიყვანა, «ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ქართველი ხალხის მიერ რეჟიმის პოლიტიკის კატეგორიული უარყოფის წყალობით».

ავტორი იმედოვნებს, რომ ივანიშვილს მშვენივრად უნდა ესმოდეს _ «ცრუ მიზნები ხალხის დეზორიენტირებას ახდენს, შეუძლებელს ხდის საზოგადოების კონსოლიდაციას, ქვეყნის კატასტროფიდან გამოსაყვანად ძალისხმევის კონცენტრირებას».

სწორედ აქ ჩანს, რომ ალექსანდრე ჭაჭიას, როგორც ანალიტიკოსს, თავის კრიტიკულ შეფასებებში (რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ), სრულად გამორიცხული აქვს სუბიექტური ფაქტორი, პიროვნული დაინტერესება, მით უფრო, დაპირისპირება. მისთვის პრინციპული ამოსავალი ის რეალობაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩამოყალიბდა. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ «იგი ღირსეულად იქცევა».

მკითხველი უთუოდ შეამჩნევს, რომ ალექსანდრე ჭაჭია თავისი მსოფლმხედველობითი მრწამსის მიხედვით ფართომასშტაბიანი ანალიტიკოსია, რომელიც ერთი ქვეყნის ვიწრო ინტერესებით არ იფარგლება, მისი ხომალდი გლობალური პოლიტიკის ოკეანეში არჩეული კურსით მოძრაობს. მაგრამ, ამასთან ერთად, იგი ქართველი პოლიტიკოსია, საერთაშორისო ურთიერთობებში ქართული პოლიტიკის ერთგული გამტარებელია. მაგრამ ამას აკეთებს არც კოვბოური მიხტომით, არც ბურლაკების უსიტყვო მორჩილებით, რომლებიც იძულებით მიჰყვებოდნენ ვოლგის ნაპირებს, რადგან სხვა გზა და სხვა მიზანი არ გააჩნდათ.

ალექსანდრე ჭაჭია შემოქმედებითი მკვლევარია: მას დაუნდობელი კრიტიკაც ხელეწიფება და არც პოზიტიურის დაუნახაობის ჭირი ჭირს.

«საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მას გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ირაკლი თოდუამ ჩამოართვა 2013 წლის თებერვალში («თუ მორჩილად მივყვებით თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით!»), იგი აცხადებს:

«მიაქციეთ ყურადღება _ ივანიშვილი არსად იჩემებს, რომ საქართველოს მიიღებენ ევროკავშირსა და ნატოში, არ ასახელებს კონკრეტულ თარიღებს, როგორც ამას პერიოდულად აკეთებდნენ შევარდნაძე და სააკაშვილი. ის საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ ბევრი უნდა იმუშაოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისაახლოებლად, და ეს სწორია. ევროპულ პრაქტიკაში ბევრი რამაა ისეთი, რაც ჩვენ უნდა ავითვისოთ, მაგრამ არა ჩვენს სინამდვილეში ხელოვნური გადმოტანით, ბრმა კოპირებით, არამედ შერწყმის, ცხოვრების მოწყობის ტრადიციულ ქართულ მოდელთან ურთიერთშეღწევის გზით» (გვ. 67).

მაგრამ ამის გაკეთება, ამ პოლიტიკური გზით სიარული შეუძლებელია იმიტომ, რომ არ გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც «სახელმწიფო დონეზე დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. იდეის გარეშე კი სახელმწიფო არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს» (გვ. 242).

იყო კი მცდელობა ასეთი იდეის ჩამოყალიბების? იყო. ერისა და სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიის მის მიერ დამუშავებული ვარიანტი ალექსანდრე ჭაჭიამ შესთავაზა ყოფილ ხელისუფლებას, იმის წინასაც, მაგრამ ერთს არ სჭირდებოდა, მეორემ უსარგებლო თეორიად მიიჩნია.

«ჩვენს სახელმწიფო მოღვაწეებს, _ ამბობს ბატონი ალექსანდრე ჯერ კიდევ 2005 წელს გაზეთ «ილორში» გამოქვეყნებულ ინტერვიუში «თუ გვსურს, ერად დავრჩეთ და სახელმწიფო გვქონდეს», _ თეორია რაღაც ზედმეტად უსარგებლოდ წარმოუდგენიათ. არადა, იოსებ სტალინმა 1951 წელს, როცა უკვე შექმნილი ჰქონდა კოლოსალური ზესახელმწიფო ბირთვული შეიარაღებითა და ფანტასტიკური ეკონომიკური ზრდით, ქვეყნის განვითარების ახალ ეკონომიკურ თეორიაზე დაიწყო მუშაობა და განაცხადა: «თეორიის გარეშე დავიღუპებით (იქვე).

ასეთი თეორია დღესაც არ ჩანს და საწუხარი ეს არის.

რეალური პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია ჩვენს საზოგადოებრიობას ყოველთვის აფრთხილებდა, რომ არ მოქცეულიყო პროვინციული თავდაჯერების გავლენის ქვეშ, თითქოს მთელ ქვეყნიერებას საქართველოზე ამოსდის მზე და მთვარე: «როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვყურებს, დაინტერესებულია ჩვენი ბედით და დღე და ღამ ჩვენს მომავალზე ზრუნავს, ეს სიცრუეა. მსოფლიოში საქართველოს შესახებ ან საერთოდ საქმის კურსში არ არიან, ანდა იცნობენ, როგორც ეთნოკონფლიქტების ერთ-ერთ კერას» (გვ. 290).

ეს ციტატა ამოღებულია 2006 წლის ოქტომბერში გაზეთ «ჯორჯიან თაიმსისთვის» მიცემული ინტერვიუდან.

ეს მომენტი განსაკუთრებით საყურადღებოა სააკაშვილის მმართველობის ობიექტურად შესაფასებლად, როცა ყოფილი ხელისუფლება მთელ ქვეყანას ვირტუალურ რეალობაში გვაცხოვრებდა და ამ «რეალობის» მთავარი პუნქტი (ბოდვითი იდეა პრეზიდენტ ბუშის) საქართველოს დემოკრატიის შუქურად გამოცხადება იყო.

დღეს, ანუ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყველა _ შინ და გარეთ _ თავისუფლდება ამ უაზრობისგან, რაზეც ჯერ კიდევ 2006 წელს მიგვითითებდა ალექსანდრე ჭაჭია.

მარტო ეს რომ იყოს!

წიგნის  წინათქმაში სწორადაა შენიშნული: «თუ კონკრეტული მოქმედი პირების გვარებს და ასევე თარიღებს შევცვლით, ათეული წლის წინათ გამოქვეყნებული ინტერვიუები და წერილები, სამწუხაროდ, დღევანდელობას ისე ესადაგება, თითქოს არც დრო შეცვლილა, არც ხელისუფლება».

ამ დებულების ჭეშმარიტებაში მკითხველი სრულად დარწმუნდება, როცა განსახილველ მეორე ტომში წაიკითხავს ისეთ პუბლიკაციებს, როგორიცაა: «აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა»; «საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი _ ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას», «ძალზე სახიფათოა, რომ რუსულ პოლიტიკურ წრეებშიც მატულობს კოსოვოს სცენარის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებაში»; «ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მტკივნეული და საწყენია, რომ ჩემი სამშობლო გადაიქცა ვიღაცის კოლონიურ დანამატად მარიონეტული პოლიტიკური კლასით», «მხოლოდ მოღალატეები არ ისარგებლებდნენ იმ პერიოდით, როცა ხელისუფლებაში სერგეი ბაგაფში და მისი თაობის წარმომადგენლები იყვნენ» და კიდევ მრავალ სხვას.

დაბოლოს:

ალექსანდრე ჭაჭიას წიგნი «საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი»… არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია ერთი გულმხურვალე კაცის მიერ მეცნიერული დამაჯერებლობით განხილული და გადმოცემული; მატიანეა, რომელიც შეიძლება სუბიექტური მიდგომისგან თავისუფალი და სტერილური ობიექტურობით გამორჩეული არ არის, მაგრამ დამუხტულია ადამიანური განცდებითა და გულისტკივილით და ამიტომაც დამაჯერებელია.

წაიკითხეთ პასაჟი, რომელსაც აქვე გთავაზობთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით:

«…ქართულ ინტერესებს, პირველ რიგში, ქართველი კაცი უნდა ემსახურებოდეს და საქართველოზე, პირველ რიგში, ქართველი უნდა ზრუნავდეს. საკუთარ ქვეყანაში ქართველმა კაცმა უნდა იგრძნოს თავი კარგად და ჩვენი მოძმე ხალხებიც მხოლოდ ამის შემდეგ იცხოვრებენ აქ კარგად. ქართველებს მინდა ვუთხრა: ძმებო, დებო, იქნებ ჯერ ჩვენ თვითონ მივხედოთ საქართველოს და მერე ვიქონიოთ სხვისი იმედი? სწორედ ასეთი პრინციპით უნდა ვაშენოთ ქართული, ეროვნული სახელმწიფო» (გვ. 411).

არმაზ სანებლიძე

 

 (კრებულის შეძენა შეგიძლიათ “ბიბლუსისა” და “ბესტსელერის” მაღაზიათა ქსელში, აგრეთვე წიგნების მაღაზია “სამშობლოში”, ყაზბეგის გამზირი # 4)

1 COMMENT

  1. Conversation started today
    Vakhushti Partsvania
    09:46
    Vakhushti Partsvania
    როგორ ყველა გაჩუმებულ-გატრუნულია ამ ე.წ. ახალი საკადრო ცვლილებების მოლოდინით. მართალია კულუარებში კი არ ცხრება მარჩიელობა-მჩხიბაობა, მაგრამ მგონი "გულთმისნებმა" მაინც გამოიცნეს მომავალი პრემიერისა და შსმ ვინაობა… ასევე სხვა საკადრო ცვლილებებისა და განსაკუთრებით თბილისის მერის ვინაობაც მალე გახდება ცნობილი შპს და კორპორაცია "საქართველოში". რა ბედნიერებაა, ამ გიგანტების პოლიტიკაში მალე "გაიასნდება" გიგანტი პოლიტიკოსების ვინაობა და საქართველო შევა პოსტინდუსტრიული განვითარების ფაზაში: ღირსეული, პროფესიონალი და ნამდვილი განათლების მატარებელი საამაყო მამულიშვილები თვისობრივად ახალი ტერორის წინაშე წარსდგებიან (მართალია ისე ლამაზად და ფარულად განხორციელდება ეს, რომ ძალიან გაუჭირდება ვინმეს ამაში ეჭვის შეტანაც კი…), ეკონომიკური მკვლელის პროგრამა დღითი-დღე სულ უფრო გაიდგამს ფესვებს საქართველოში და მის თითოეულ მონა-მაცხოვრებელს სულ უფრო მოუჭერს ყულფი კისერზე და უფრო დააჩოქებს მას (აგერ უკვე გუშინ მოსულმა ხელისუფლებამ ახალი ვალები აიღო მსოფლიო ბანკიდან, მიდის მოლაპარაკებები რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო მნიშვნელობის ბანკ-კრედიტორთან და ა.შ. და ა.შ. იზრდება მილიარდობით ჩვენი საგარეო ვალები… უკვე 14 მილიარდამდე…); უმუშევრობა კიდევ გაიზრდება, რეალური წარმოების და ეკონომიკის განვითარება არ განხორციელდება… ჩვენი მემკვიდრე თაობისთვის დამანგრეველი განათლების სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება მათი ნათელი ცნობიერების დასახშობად (იმედია 13-წლიან განათლებას არ დაამკვიდრებენ სკოლებში…); ადგილობრივი თვითმმართ

  2. მაგარი წიგნია!!!!!!!!!!!!!! მე წავიკითხე და სხვებსაც ურჩევ წაიკითხონ. ერტი ეპიზოდია ყველაზე მაგარი, სადაც პრესის საშუალებით ცდილობს გავიდეს მიშაზე და მიმართავს რომ დაუკავშირდეს, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეაჩეროს, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მაშინდელი ხელისუფლებიდან არავინ შეეხმიანა. ასეთი ძლიერი ფიგურა და გავლენიანი შვილი ყავს საქართველოს და როგორ არ იყენებენ ეს ჩვენი ვაი პატრიოტი პოლიტიკოსები მას ტერიტორიული მთლიანოის აღდგენის საკითხში ჩემთვის გაუგებარია.

  3. ეხლა ვკითხულ;ობ მაგ წიგნს სიმართლე გითხრათ ბევრი რამე მეცნობა რომ უკვე წაკითხული მაქვს მაგრამ მაინც დიდი ინტერესით ვკითხულობ (დღეს ვიშოვე)და მგონია რომ აუცილებლად საჭიროპს ყველა ქართველმა წაიკითხოს რადგან ჩემი აზრით ეს არის რეალური ხედვა ქვეყნის განვითარების და წინსვლის. ბატონი ალექსანდრე ადრეც მაოცებდა და ეხლა უფრო მაოცებს თავის ანალიზით

  4. სულ ვადევნებდი თვალყურს ჭაჭიას ინტერვიუებს და მიკვირდა თუ როიგორ არ უსმენენ ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნის "მამები" იქნებ ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ მაინც წაიკითხონ და დაუჯერონ

  5. იდეის გარეშე კი სახელმწიფო არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს» (გვ. 242).
    ეს ფრაზა ყველაზე მეტად მომეწონა!

  6. კარგია რომ გამოვიდა ძალიან მაინტერესებს ხვალ გავივლი წიგნების ,მაღაზიაში და შევიძენ ისე მაგარი საინტერესო იქნება

  7. ლაპარაკობს ეს კაცი მაგრამ ვინ უსმენს ყველას გაბერილი აქვს ამ ქვეყანაში ყიდვა გაყიდვაზე არიან გადასული!

  8. მახსოვს ალექსანდრე ჭაჭიას წერილებში გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ,თუ რას მოიმოქმედებნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ და ეს მოსაზრებები წინასწარმეტყველურად აცხადდა შემდგომში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here