Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპამ აშშ-ის წინააღმდეგ პირი შეკრა

ევროპამ აშშ-ის წინააღმდეგ პირი შეკრა

553

«საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებში გადატრიალებების ორგანიზატორი» ამერიკელი პოლიტოლოგები, დიპლომატები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსოფლიო ჰეგემონობისკენ მისწრაფებაში შტატებს რიგ შემთხვევებში არმიაზე უფრო ეფექტიანად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეხმარება საიდუმლო ოპერაციების მეშვეობით. ასეა, სანამ საიდუმლოება დაცულია, მაგრამ გამჟღავნებისთანავე იწყება სკანდალი, უმეტესად საერთაშორისო მასშტაბის მქონე, რაც აშშ-ის იმიჯს დაბლა სცემს.

 

სწორედ ასეთი სკანდალის აპოგეაა დღეს ევროპაში, «ჯაშუშური სკანდალის», რომელიც გამოიწვია ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისა და ლიდერების სატელეფონო საუბრების მასობრივმა მოსმენამ.

ამ სკანდალმა სერიოზულად იმოქმედა აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების ურთიერთობაზე. იგი მთავარი თემა გახდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტის, რომლის შედეგების შეფასებისას ევროპელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს: «ჯაშუშობა მეგობარ ქვეყნებს შორის დაუშვებელია».

მასმედიის საერთო შეტევაში პირველი გასროლით ფრანგული Le Monde გამოირჩა. ეროვნული უშიშროების სააგენტოსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ედუარდ სნოუდენისგან მიღებულ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ამ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ეროვნული უშიშროების სააგენტომ ფრანგების 70 მილიონ საუბარს მოუსმინა.

აშშ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა გაზეთის პუბლიკაციას «მცდარი» უწოდა. ამის მიუხედავად, გასული კვირის ორშაბათს საფრანგეთის საგარეო სამინისტროში აშშ ელჩი გამოიძახეს. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი თავის ამერიკელ კოლეგას მოსთხოვა «დაუყოვნებლივი ახსნა-განმარტება».

ოთხშაბათს თეთრი სახლის პატრონს დაურეკა გააფთრებულმა ანგელა მერკელმა _ გფრ კანცლერმა. მისი პრესმდივნის თქმით, «გფრ მთავრობამ მიიღო ინფორმაცია, რომ მობილური ტელეფონით კანცლერის საუბარს, შესაძლოა, უსმენდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურები». ანგელა მერკელის საუბრების დეტალები გამოქვეყნდა Der Spiegel-სა და Dic Welt-ში. სნოუდენისგან მიღებული დოკუმენტების დამოწმებით მათ განაცხადეს: აშშ დაზვერვის სამსახურებმა გატეხეს იმ ტელეფონის დაცვა, რომლითაც კანცლერი 2009 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ივლისამდე სარგებლობდა.

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკელები ანგელა მერკელის ტელეფონს არ არიან მიყურადებული, მაგრამ უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე _ ისმინებოდა თუ არა ეს ტელეფონი უწინ. აშშ-ის ელჩი გფრ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

ხუთშაბათს იტალიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალთვალისა და მიყურადების ობიექტები გახდნენ იტალიის მთავრობის წევრები. მსგავსი ინფორმაცია გაჩნდა ესპანურ პრესაშიც.

პარასკევს ბრიტანულმა The Guardian-მა ედუარდ სნოუდენის ფაილების ციტირებით განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ყურს უგდებდა მსოფლიოს მინიმუმ 35 ლიდერის სატელეფონო ზარებს და კითხულობდა მათ მიმოწერას. სასამსახურო ჩანაწერიდან, რომელიც ამ გამოცემის ხელში აღმოჩნდა, ირკვევა, რომ სააგენტო რეგულარულად სთხოვდა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონს, ეცნობებინათ უცხოეთის პოლიტიკური მოღვაწეების სატელეფონო ნომრები და ელექტრონული მისამართები.

სპეცსამსახურების დარგში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული გერმანელი ექსპერტის _ ერიხ შმიდტ-ენბონის თქმით, გფრ-ისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებმა «ყოველთვის იცოდნენ, რომ ამერიკელები მიყურადებულნი არიან მათ საუბრებს, მაგრამ სნოუდენის მხილებამდე ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი მიღებული არ იყო. ახლა კი მათზე ზემოქმედებს საზოგადოებრივი აზრი, საკითხის მიჩუმათება შეუძლებელი ხდება».

სპეციალისტების აზრით, მერკელის ტელეფონის მოსმენა ამერიკელებს სამი საკითხის გასარკვევად სჭირდებოდა: გფრ-ის როლი ევროკავშირის მიერ ფინანსური კრიზისის დაძლევაში, ასევე, მოსკოვთან და პეკინთან ბერლინის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში. გამორიცხული არ არის, რომ ამერიკელებს გერმანული მსხვილი კომპანიების მიერ დადებული ხელშეკრულებებიც აინტერესებდათ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ევროპული საზოგადოებრიობის დარწმუნება, რომ მოსმენები მასობრივი ხასიათის არ იყო. «თეთრი სახლი არ უპასუხებს შეკითხვებს და ცდილობს, თავიდან აიცილოს ისინი და დამალოს სიმართლე, _ აღნიშნა Der Spiegel-მა, _ ობამა ან ცრუობს და თავადაა დაინტერესებული ასეთი თვალთვალით, ან ვერ აკონტროლებს თავის სპეცსამსახურებს და თავისი იმიჯის დაზარალების მინიმიზაციას ცდილობს პრობლემის შენიღბვის საშუალებით».

ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა მოილაპარაკეს, რომ, რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ ინფორმაციული უსაფრთხოების ერთიან პოზიციაზე. ღონისძიების მსვლელობისას გაჟღერდა წინადადება «პაუზის აღების» შესახებ აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის თაობაზე მიმდინარე კონსულტაციებში, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვეს ამ შეთავაზებაზე. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ევროპელმა ლიდერმა აღიარა: ნდობა შეერთებული შტატების მიმართ შერყეულია.

რუსეთს ასეთი სიტუაცია ხელს აძლევს. მოსკოვში იმედოვნებენ, რომ საინფორმაციო სივრცეში აშშ სპეცსამსახურების მეთოდების დაგმობის ტალღა რუსეთს დაეხმარება, განახორციელოს საკუთარი წინადადებები ამ სფეროში. ორი წელიწადია, რაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო თანამეგობრობა, მიიღოს მის მიერ შემუშავებული გაეროს კონვენცია საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. აქამდე დასავლეთში ამ ინფორმაციას მტრულად ხვდებოდნენ, მიიჩნევდნენ, რომ მოსკოვი ცენზურის შემოღებას სთავაზობდა, მაგრამ ამჟამად გარემოება შეიცვალა: მსოფლიოში მიხვდნენ, რომ განუსაზღვრელ უფლებებს სპეცსამსახურების, უწინარესად, აშშ-ის თავნებობა მოჰყვება.

დასავლეთის მედია აპირებს, განაგრძოს ედვარდ სნოუდენის მასალების პუბლიკაცია. მაგალითად, The Washington Post მკითხველებს დაჰპირდა, რომ მალე გამოაქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორც აგროვებდა ნატოს ერთ-ერთი ქვეყანა აშშ სამხედრო საჰაერო და სამხედრო საზღვაო ძალებისთვის ფასეულ ინფორმაციას რუსეთის შესახებ.

ზოგიერთი მონაცემით, ედუარდ სნოუდენმა, რომელიც რუსეთმა შეიფარა, ჟურნალისტებს აშშ-ის დაზვერვის 40 ათასზე მეტი დოკუმენტი გადასცა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ თითქოს სნოუდენი ფაილების გადაცემით დაკმაყოფილდა და ამ საქმეს ჩამოსცილდა. «ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სნოუდენი ახლაც მონაწილეობს მის მიერ უკანონოდ გადაღებული საიდუმლო მასალების გამოქვეყნების გრაფიკის შედგენაში», _ ასკვნის წყარო.

ედუარდ სნოუდენის ადვოკატი ანატოლი კუჩერენკო ირწმუნება, რომ ბოლო დროს გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დოკუმენტებს ეყრდნობა, ამ უკანასკნელმა მედიას ჯერ კიდევ ჰონკონგში ყოფნის დროს გადასცა.

News.mail.ru/polities

გასულ შაბათს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართა მრავალათასიანი აქცია ედუარდ სნოუდენის მხარდასაჭერად. მიტინგის მონაწილეთა აზრით, სიმართლის მთქმელი ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაცია სამართლებრივ დევნას კი არ უნდა განახორციელებდეს, არამედ გმირებად აცხადებდეს მათ. სნოუდენის ადგილი ციხეში კი არ არის, კვარცხლბეკზეა.

28 ოქტომბერს კი ევროპარლამენტარების დელეგაცია ვაშინგტონს «საქმის გასარჩევად» ეწვია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here