Home რუბრიკები საზოგადოება ხურჩა – ტერორისტული აქტი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

ხურჩა – ტერორისტული აქტი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

1013

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და შს სამინისტროს სამეგრელოზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი განახორციელა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება შექმნა.

 

როგორც ცნობილია, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც 2008 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა ორი ავტობუსით ზუგდიდში გამგზავრებას აპირებდა. დაიჭრა რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის, ერთმა ქალბატონმა სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, თუმცა მაშინ ხურჩის ინციდენტზე დროული რეაგირება «ნაციონალურ მოძრაობას» დიდ წარმატებად ჩაეთვალა. ამჯერად კი, როდესაც საქართველოს შს საქმეთა სამინისტრომ «ხურჩის ოპერაციას» გრიფით საიდუმლო უკვე მოხსნა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარს ღიად უწოდა სპექტაკლი. «გამოძიების დროს გამოიკვეთა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი, განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს სპექტაკლები დამთავრდა და აღარასდროს განმეორდება», _ განცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მართალია, ცხრა წლის მანძილზე, ყოფილი ხელისუფლების მიერ არაერთი დადგმული საპიარო სპექტაკლის თვითმხილველნი გავხდით, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტეროროსტული აქტის მოწყობა, ალბათ, მაინც  განსაკუთრებით სამარცხვინოა და ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცილდება. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სსსკ-ს 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და, ალბათ, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო ყოფილი ხელისუფლების მიზანი და ყველა დამნაშავეს, მიუხედავად თანამდებობისა, დროულად გამოავლენს.

მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური ვერსია დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული იყო: 2008 წელს ყოფილი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი თითქოს აფხაზებმა გალის რაიონის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს გაუხსნეს. თუმცა, აღნიშნული საქმის ირგვლივ მაშინვე უამრავი კითხვა გაჩნდა. მაგალითად, რატომ იყვნენ ადგილზე წინასწარ მობილიზებულნი ჟურნალისტები და საქართველოს შს სამინისტროსა და უშიშროების წარმომადგენლები? საიდან აღმოჩნდა რომან შამათავას ტელეფონი იმ ადგილზე, საიდანაც სროლა განხორციელდა? ეჭვის საფუძველს ქმნის ის ფაქტიც, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს მიყენებული ზიანი შს სამინისტროს ფარული ასიგნებიდან აუნაზღაურეს.

აღნიშნული კითხვები გაეროს სამხედრო ექსპერტებსაც გაუჩნდათ. გამოძიების პროცესში მაშინვე ჩაერთნენ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები _ ივარ დალე და ოგე ბორჩგრევინკი. «აღსანიშნავია, რომ აფეთქებამდე ტელეჟურნალისტები უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო სროლისთანავე ადგილზე სამხედროებიც მოვიდნენ. მოგეხსენებათ, სოფელი ხურჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს. უახლოესი სამხედრო ბაზა 20 წუთის სავალზეა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა ძალებმა ასე სწრაფად შემთხვევის ადგილზე მისვლა? ეჭვს იწვევდა ის ფაქტიც, რომ ყუმბარის სროლა მხოლოდ ახლო მანძილიდან იყო შესაძლებელი», _ განაცხადეს მისიის მონაწილეებმა.

გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ანგარიშში კი ნათქვამია: «მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი, რომლიდანაც თავდამსხმელები ისროდნენ, ავტობუსებიდან დაახლოებით 100 მეტრით იყო დაშორებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჯერ კიდევ ვერ აღმოვაჩინეთ მყარი მტკიცებულებები თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. ინციდენტთან დაკავშირებით ბევრი შეუსაბამობაა. კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ ინციდენტი ისე გადაიღეს, თითქოს იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა».

მიუხედავად წარმოდგენილი დასკვნებისა, 2012 წლამდე, ანუ ხელისუფლების ცვლილებამდე გამოძიებას არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

როგორც ყოფილი პარტიზანული შენაერთის _ «თეთრი ლეგიონის» ხელმძღვნელი ზურაბ სამუშია «საქართველო და მსოფლიოსთან» ამბობს, მისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ტერაქტი საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო

_ ბატონო ზურაბ, რა იყო ხელისუფლების მიზანი, რატომ უნდა მოეწყო საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი?

_ საქართველოს ხელისუფლებას სურდა, შიშის ქვეშ ჰყოლოდა მოსახლეობა, რათა შემდგომში თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა. ვინაიდან, მოგეხსენებათ, შეშინებული ხალხი ადვილი გასაკონტროლებელია. თუმცა იმდენად უსუსურად დადგეს ეს ყველაფერი, სამხედრო საქმის პროფესიონალებისთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ტერორისტული აქტი თავად საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო. ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლოებისთვის, თვითმხილველებისთვისაც ცხადი იყო.

_ მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დაკავებულია, თუმცა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმეში, შესაძლოა, უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. შესაძლო იყო თუ არა, აღნიშნული ტერორისტული აქტის შესახებ არ სცოდნოდათ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს?

_ გამორიცხულია. თუ 9-წლიან მათი მმართველობის პერიოდს გადახედავთ, დაინახავთ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა როგორ ემსახურებოდა ერთადერთ პიროვნებას _ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, ქვეყანაში რაც ხდებოდა, მას რაიმე არ სცოდნოდა, გამორიცხეთ. თუ ეს ტერაქტი მართლა არ იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებული, ის ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა, მაგრამ ამ ხუთეულმა _ ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას, უგულავასა და ბოკერიას შემადგენლობით, სპეციალურად შეიმუშავა გეგმა და ტერორისტული აქტი განახორციელა. ამისთვის კი მათ ეს საცოდავი ხალხი გამოიყენეს. მოგეხსენებათ, მომხდარის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, თუმცა მაშინ ეს არავის ადარდებდა», _ ამბობს ზურაბ სამუშია.

არასამთავრობო ორგანიზაციის «ქალები მშვიდობისთვის» ხელმძღვანელ ლალი ანთიას განცხადებით, მომხდარი ფაქტი მთელი საქართველოს, განსაკუთრებით კი სამეგრელოს, წინააღმდეგ იყო მიმართული.

«ყველამ კარგად იცით, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლება რასაც აკეთებდა. სააკაშვილი ყოველთვის ღალატობდა და გენოციდს აწყობდა ქართველების წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომიც სააკაშვილის მოწყობილი იყო და ხურჩის აფეთქების მოწყობა რა გასაკვირია?! ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორს ეუბნებოდა, გამოდი და ტელეკამერების წინ თქვი, თითქოს სკოლაში და სახლში რუსები ტანკებითა და ავტომატებით შემოგივარდნენ და გემუქრებოდნენო. რამენაირად უნდოდათ დადასტურება, რომ ვითომ რუსები შემოვიდნენ სოფელში და ზეწოლას ახდენდნენ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

2007-2009 წლებში ე.წ. საზღვართან ბევრი რამ მომხდარა. საქართველოს ქვეყნის შიგნით ჰყავდა მტრები _ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა და, თუ რაიმე ტერაქტი მომხდარა ან კიდევ მოხდება, ისევ ამათი მოწყობილი იქნება, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა «ნაციონალები» ხელისუფლებაში. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რასაც ხელისუფლება სამეგრელოში სჩადიოდა, იმის შემდეგ, არა მგონია, ნორმალურ ადამიანს საერთოდ სამეგრელოში ცხოვრების სურვილი გაუჩნდეს,» _ ამბობს ლალი ანთია.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here