Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები _ უმოწყალო მკვლელები

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები _ უმოწყალო მკვლელები

666

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesti Internacionalმა გამოიკვლია, რომ აშშმა სერიოზულად და არაერთხელ დაარღვია ადამიანის უფლებები, რომელთაგან ზოგიერთი კვალიფიცირდება, როგორც სამხედრო დანაშაული. ეს ბრალდებაა ჩამოყალიბებული 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში _ «ემნისტი ინტერნეიშენლის» გამანადგურებელ ანგარიშში, რომელიც პაკისტანში ამერიკული უპილოტოების დარტყმებს შეეხება.

 

უფლებადამცველები მოუწოდებენ აშშ-ის ხელისუფლებას გამოაქვეყნონ ინფორმაცია ამ ფაქტების თაობაზე და სამართალს გადასცენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში უპილოტო თვითმფრინავების შეტევის დროს.

ხსენებული ანგარიში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო მასშტაბურ გამოძიებად ამერიკული უპილოტოების მოქმედების თაობაზე. ამ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატების 45 შეტევის შესახებ იმ რეგიონის წინააღმდეგ, რომელიც პაკისტანელი მოთარეშეების მიერაა დაკავებული და ჩრდილოეთ ვაზირისტანად იწოდება. შეტევები 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა.

ორგანიზაციის თანამშრომელი მუსტაფა ყადრი აცხადებს (იგი ხელმძღვანელობდა ამ შეტევებიდან ცხრის შედეგების გამოკვლევას), რომ ექსპერტების მიერ აღმოჩენილი ფაქტები უპრეცედენტო ხასიათისაა, რადგან ჯგუფი, რომელსაც იგი სათავეში ედგა, უშუალოდ დაბომბილ რეგიონში ჩავიდა და სრული ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.

«ჩვენ დავადგინეთ ზუსტი ადგილები, _ ამბობს იგი, _ სადაც იმყოფებოდნენ დახოცილები და თვითმხილველები. ერთ შემთხვევაში საშინელი ტრაგედია მოხდა _ ბავშვების თვალწინ დაიღუპა მათი ბებია. მეორე შემთხვევაში დაიღუპნენ მუშები, აგრეთვე, ადამიანები, რომლებიც მათ საშველად მივიდნენ. ჩვენ გვსურს, შევეკითხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს: რით შეგიძლიათ ამ მკვლელობათა გამართლება

ოფიციალური განცხადებების საწინააღმდეგოდ, რომელთა მიხედვით, დაღუპულები «ტერორისტები» იყვნენ, «ემნისტი ინტერნეიშენელის» გამოძიებამ, ყადრის სიტყვებით, დაადგინა, რომ მსხვერპლთა შორის უმეტესობას არავითარი კავშირი არ ჰქონდა მოთარეშეებთან და არავისთვის, მით უფრო, აშშ-ისთვის, საშიშნი არ იყვნენ.

ანგარიშის მიხედვით, 68 წლის ქალი, რომელიც შვილიშვილების თვალწინ დაიღუპა შარშან ოქტომბერში, იყო მამანა ბიბი. უპილოტოს შეტევის დროს იგი ბოსტნეულის მოსავალს იღებდა ოჯახის კუთვნილ მინდორში, თავის სოფელ გუნდი ყალაში, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარეობს. «ამნისტი ინტერნეიშენელის» აქტივისტებმა გამოაქვეყნეს გარდაცვალებულის ერთ-ერთ შვილიშვილთან _ ნაბლასთან ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი.

ყადრის თქმით, ორგანიზაციის ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ 2012 წლის ივლისში შორეულ სოფელ ზოვი სიჯში, რომელიც ავღანეთის საზღვართანაა, დაიღუპა 18 მუშა. ისინი სავახშმოდ ემზადებოდნენ. მათ შორის არასრულწოვანი ბიჭიც იყო. პირველი შეტევის შემდეგ მუშების დასახმარებლად მისული ადამიანები უპილოტო თვითმფრინავის მეორე შეტევის დროს დაიღუპნენ.

აშშ ხელისუფლება ძნელად და უხალისოდ გასცემს ინფორმაციას უპილოტოების შეტევების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო განახორციელებს პაკისტანში. ხელისუფლება დაჟინებით იმეორებს, რომ სამხედრო დარტყმები გულდასმით იგეგმება, რათა თავიდან იქნას აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ამასთან, ასეთი ოპერაციების მსვლელობისას შესაძლებელი გახდა «ალ ქაიდას» მნიშვნელოვანი ხელმძღვანელების ლიკვიდაცია.

«ემნისტი ინტერნეიშენელის» განცხადებით, ჩრდილოეთ ვაზირისტანის მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას მუდმივი საფრთხე ემუქრება არამარტო ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შეტევების გამო, არამედ მოთარეშეთა და პაკისტანის უშიშროების ძალების შეტაკებების გამოც.

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების პირველი შეტევა პაკისტანში 2004 წელს განხორციელდა. მომდევნო შეტევები, მიიჩნევდნენ, რომ ხორციელდებოდა საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც ისლამაბადი მხარს უჭერდა და იწონებდა ასეთ თავდასხმებს, საჯაროდ კი _ გმობდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ბენ ემერსონმა მოუწოდა აშშ-ს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ, რადგან მათმა რაოდენობამ მოსახლეობას შორის, პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაცემებით, 400 ადამიანს გადააჭარბა. ემერსონმა განაცხადა, აგრეთვე, რომ დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის შემოწმება ჯერ არ დაუმთავრებია.

www.golos-ameriki.ru

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here