ორ წელზე მეტი გავიდა 26 მაისის სისხლიანი ღამიდან, თუმცა დღემდე არ არის გამოძიებული ამ ტრაგედიის დეტალები. ღარიბაშვილისა და კბილაშვილის უწყებები ყურებამდე ჩაფლულნი არიან კოაბიტაციის პროცესში და სულაც არ აპირებენ ძველი «შარების» გახსენებას. რა თქმა უნდა, არც ისაა გამოძიებული, 26 მაისის აქციის დარბევის ღამეს თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის თავზე ნაპოვნი გარდაცვლილები დენის მაღალი ძაბვის სადენებს ემსხვერპლნენ თუ მოკლეს. «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა 26 მაისს გარდაცვლილი სულიკო ასათიანის შვილი _ პაატა ასათიანი.
_ თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება გამოძიება მამათქვენის დაღუპვასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ძველი პოლიტიკური მოტივები მოისპო?! თუ ახალ მთავრობასა და შს მინისტრს არ გასჩენია იმის სურვილი, რომ რეალურად შეისწავლოს 26 მაისის საკითხი?
_ რა გითხრათ, თქვენც ხედავთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს – ვანო მერაბიშვილს დაუმტკიცდა ბრალდება, რომ 26 მაისს მოახდინა არა ხალხის დარბევა, არამედ დასჯა. სხვას ვერაფერს გეტყვით, გამომძიებელმა არ მითხრა, რა ეტაპზეა გამოძიება. ვიცი, რომ დაკითხეს ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ ჩვენს ოჯახში და გვატერორებდნენ, ვგულისხმობ უშიშროების თანამშრომლებს. განმეორებითი ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა რა დაადგინეს, არ უთქვამთ; გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვახმაურებთო, ასე მითხრეს.
_ არ გეჩვენებათ, რომ ამ საქმის გამოძიება ერთ ადგილას არის გაყინული? მახსენდება დედათქვენის ფრაზა – ,,ივანიშვილმა რომ გაიმარჯვა, მეგონა, ჩემი მეუღლე გაცოცხლდაო». გამოდის, ტყუილად გაგიხარდათ?
_ იცით, აშკარად დაინტერესებულნი არიან ამ საქმის გამოძიებით. დიახ, სურთ, გამოიძიონ, თუ რა მოხდა რეალურად 26 მაისს. საპარლამენტო არჩევნებამდე ბატონი ბიძინაც ბრძანდებოდა ჩვენთან, ოჯახში ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად და დაგვპირდა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ. იმედი მაქვს, რომ გამოიძიებენ კიდეც. ალბათ, იმიტომ აჭიანურებდნენ, რომ არ უნდოდათ, ვიღაც-ვიღაცების დაკავება პოლიტიკურ დაჭერად ჩათვლოდათ. გარდა ამისა, აქამდე რომც გაესამართლებინათ მერაბიშვილი და ახალაია, სააკაშვილს უფლება ჰქონდა, შეეწყალებინა. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მოტივი. იმედია, ე. წ. კოაბიტაციის დასრულების შემდეგ მაინც გაირკვევა სიმართლე. მე მაშინ მარტოკაცმა ვერაფერი შევძელი; მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან უშიშროება ატერორებდა ჩემს ოჯახს.
_ დიახ, თქვენ აცხადებდით, რომ პაატა ლეჟავა იყო ამ საქმეში გარეული (ის კვლავ ნაცდეპუტატია); ხომ არ ნიშნავს ამ კაცის დეპუტატობა იმას, რომ «ნაცები» სადეპუტატო იმუნიტეტით შეეცადნენ, მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აეცილებინათ? ამ ეტაპზე გამოძიებამ ვერ დაადგინა, მამათქვენი მოკლეს თუ დენის მაღალი ძაბვის სადენებს ემსხვერპლა?
_ პაატა ლეჟავა ვანის რაიონის უშიშროების მაღალჩინოსნებთან ერთად მოდიოდა ჩვენთან ოჯახში და გვირჩევდა, რომ გავჩუმებულიყავით. და თუ არ გავჩერდებოდით, პრობლემების შექმნით გვემუქრებოდა. მამაჩემსაც აფრთხილებდნენ რაიონის ხელმძღვანელები, გაჩერდი თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მაშინ მამამ შეუთვალა, _ ვერაფერს მიზამთო; მაგასაც ვნახავთო, _ გადმოსცეს და რამდენიმე თვეში აქციაზე ასეთი რამ მოხდა… მამას დენმა არ დაარტყა, ის სასტიკად იყო ნაცემი. ჰოდა, ალბათ, იმავეს მიპირებდნენ მეც… გაჩუმების შემთხვევაში კი ფინანსურ დახმარებას მპირდებოდნენ. დედაჩემი ეუბნებოდა უშიშროების მაღალჩინოსნებს, _ თუ მართლები ხართ, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რატომ გვაჩუმებთო. ექსპერტიზის პასუხიც არ უცნობებიათ ჩვენთვის, იქ რა წერია, ახლაც არ ვიცით. ზემოთ როგორც გითხარით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებენ, ასე ხსნიან ყოველ შემთხვევაში. რამდენიმე თვის წინ მივედი გამომძიებელთან და არაფერი მითხრა, თავად დაგიკავშირდები, მალე მერაბიშვილის სასამართლო იქნება და სასამართლოზე მოყევი, რაც იყოო. ვიმეორებ, რა ეტაპზეა გამოძიება და რა დაადგინეს, სამწუხაროდ, არ მეუბნებიან.
_ ლეჟავა რამდენიმეჯერ დაგემუქრათ და გაშინებდათ, რომ შეგეწყვიტათ ამ საკითხის გამოძიება, მასთან ერთად ამ საქმით დაინტერესებული მაშინდელი უშიშროების მაღალჩინოსანი, მალხაზ ვარდოსანიძე, კი ახალმა შს მინისტრმა ცოტა ხნის წინ იმერეთის უშიშროების უფროსად დანიშნა, ამაზე რას იტყვით?
_ დიახ, ასეა. არ ვიცი, რატომ დააწინაურეს ვარდოსანიძე, შეიძლება ითანამშრომლა გამოძიებასთან და იმიტომ.
_ შეიძლება ითანამშრომლო გამოძიებასთან და პატიმრობას თავი დააღწიო, მაგრამ დაწინაურება?
_ ისე, ვარდოსანიძემ ჩემთან აღიარა, რომ მამაჩემი დენის მაღალი ძაბვის სადენს არ უმსხვერპლია. ამ ვერსიის გავრცელებას მეც ზევიდან მავალებდნენო, ასე მითხრა. მამაშენი შეტაკების დროს დაიღუპაო, ასე მითხრა პირად საუბარში. ვფიქრობ, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აბა, ტყუილად ხომ არ დააწინაურებდნენ?! მის გარდა აქტიურობდა ალეკო ჯოგლიძეც, ვანის უშიშროების მაღალჩინოსანი; ახლა გათავისუფლებულია სამსახურიდან.
_ გამოდის, ჯერ დახოცეს, შემდეგ გადამალეს სახურავზე, ხოლო მეორე დღეს აღმოაჩინეს… ის სამართალდამცავები, რომლებმაც მიცვალებულები ვითომ აღმოაჩინეს სახლის სახურავზე, წინა დღეს დარბევაშიც მონაწილეობდნენ. უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი?
_ რა თქმა უნდა, ვინც მიიღო მცირედი მონაწილეობაც კი ამ საქმეში, ყველა, თავის დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, უნდა დაისაჯოს. სხვათა შორის, ეს პოლიციელებიც ისეთივე მკვლელები არიან, როგორც თავად ის ადამიანი, რომელმაც მამაჩემი მოკლა. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით არავინ დასჯილა და იმედი მაქვს, უკლებლივ ყველა დაისჯება. დიახ, როგორც ვიცი, იქ დილით აიყვანეს მიცვალებულები. მამაჩემს ხელები დამტვრეული ჰქონდა, მარცხენა ხელის ოთხივე თითიც და როდის იყო დენი თითებს ამტვრევდა?! ალბათ, რომელი ხელითაც დაარტყა ვინმეს თავდაცვის დროს, სწორედ იმ ხელი დაუმტვრიეს. ვიმეორებ, მამა სასტიკად იყო ნაცემი, ზურგზე ნატყვიარიც ჰქონდა, რეზინის ტყვიები კვალად აჩნდა, ზელიონკა ჰქონდა ზედ წასმული. კვინტრაძე არ იყო ისეთი ნაცემი, როგორც მამაჩემი.
_ ფაქტია, რომ დენს არ დაურტყამს, ისიც ფაქტია, რომ ცემით არის მოკლული… არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს იზოლატორში და ზოგი იქ მოკლეს ცემით, ზოგი კი შემოაკვდათ, მათ შორის მამათქვენი….
_ მეც ვფლობ ასეთ ინფორმაციას, თუმცა ვერაფერს ვამტკიცებ. მაგრამ ერთმა ახლობელმა ექიმმა გვითხრა, წამების კვალი ეტყობოდაო. წელს ზემოთ გაშავებული იყო და შეიძლება დაკიდულიც კი ჰყავდათო. ფეხებს ზემოთ სილურჯეები ჰქონდა და თავზე _ სისხლჩაქცევები, ისეთი, რომ მხოლოდ დაკიდების შედეგად შეიძლება ჰქონდეს ადამიანსო.
_ და ნაცდეპუტატი ლეჟავა დაკითხეს?
_ არა! პოლიტიკურ ზეწოლად ჩაითვლება და ვერიდებით მის დაკითხვასო, _ მითხრა გამომძიებელმა. ჩვენ ვიცით, როდის უნდა დავკითხოთო. მე მგონი, ახლა, არჩევნების შემდეგ უკვე დაიწყებენ გამოძიებას, ახლაც ხომ არ იტყვიან, პოლიტიკური ზეწოლააო. ეგრე არჩევნებს რა გამოლევს, სულ იქნება. ვიმეორებ: ალბათ, ახლა დაიწყებენ გამოძიებას. მპირდებიან, რომ ობიექტურად გამოიძიებენ და ვნახოთ… მეც ეს მაინტერესებს, რომ ობიექტურად გამოიძიონ, თორემ ფული და სამსახური რომ მდომოდა, ამას «ნაციონალებიც» მპირდებოდნენ და არც მალავენ ამას.
_ ანუ გაქვთ იმედი, რომ ამ საქმის გამოძიება კოაბიტაციის დამთავრების შემდეგ (თუ დასრულდა და არ «გადაგვაგდო» მარგველაშვილმა) დასრულდება? დამნაშავეები ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ არ იჭერენ… ისე, ლეჟავა 3 წელი დეპუტატი იქნება, იმედია, მაინც დაკითხავენ…
_ პოლიტიკურ ზეწოლად რომ არ ჩათვლოდათ, იმიტომ ერიდებოდნენ ლეჟავას დაკითხვას, ახლა უნდა დაკითხონ. აბა, 3 წელი ვერ დავიცდით, რა თქმა უნდა. ყველა დაკითხულია, ვარდოსანიძემ აღიარა ყველაფერი, მხოლოდ ლეჟავა დარჩა დასაკითხი. არჩევნების დასრულებას ელოდნენ და ახლა რამდენიმე თვეში, წესით, უნდა დასრულდეს გამოძიება.
ესაუბრა
ქეთი ხომერიკი
ეს ბიჭი ძალიან სწორად აზროვნებს,დანაშაული არავის არ უნდა ეპატიოს,განსაკუთრებით იმ დეპუტატ ლეჟავას…
ჟურნალისტმა უფრო მეტი იცის ვიდრე ინტერვიუერმა და რა საჭირო იყო ვითომ ინტერვიუს ჩამორთმევა როცა ყოველ კითხვას შემდეგ კითხვაში თავად პასუხობს ჯურნალისტი?!