Home რუბრიკები პოლიტიკა WELCOME ციხის ბიბლიოთეკაში

WELCOME ციხის ბიბლიოთეკაში

666

არჩევნებმა ჩაიარა, რომლის შედეგების მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ისევე, როგორც მე, თქვენი მონამორჩილი ვერ გავრკვეულვარ _ ვიცინო თუ ვიტირო, რადგან, ერთის მხრივ, «ბიძინამ იცის» _ ეს პარადიგმა ერთობ სიცოცხლისუნარიანია განსაკუთრებით . . შემოქმედებით ინტელიგენციაში, საფუძვლიანი ანალიზისთვის კი, ალბათ, დროა საჭირო და ვნახოთ

 

მანამდე კი ერთი რამის თქმა უეჭველად შეიძლება: გასული არჩევნები, ალბათ, ერთადერთი არჩევნებია მსოფლიო ისტორიაში, როდესაც  საზოგადოებას ის უფრო მეტად აინტერესებდა, თუ ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე და ამ მხრივ მოლოდინი გამართლდა _ «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ» მეორე შედეგი ყოველგვარი დაძაბვის გარეშე «დადო», რითაც ერთადერთი და განუმეორებელი, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დაიმკვიდრა ევროპაამერიკის გარკვეულ გავლენიან წრეებში და ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, გაყალბებით მოხდა ეს თუ რეალურადაა ასე, მაგრამ ამაზე სხვა დროს, მანამდე კი

ერთადერთი ხელშესახები და უეჭველი პოზიტიური შედეგი იმისა, რომ მეორე ტური არ შედგა, ის არის, რომ ყბადაღებულ ვილნიუსის სამიტზე მიშა სააკაშვილი ვეღარ გაემგზავრება! ანუ, როგორც იქნა, «ბებია ელპიტე გარდაიცვალა», რომლის დაკრძალვაც 17 ნოემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ვითარებაში…

ალბათ, მიმიხვდით ალეგორიას, ჩვენი ჭრიჭინას «ბებია ელპიტე» ხომ საქართველოს ჯერ კიდევ პრეზიდენტადწოდებული მიშა სააკაშვილია, ხოლო «როგორც იქნა» იმიტომ, რომ შარშანდელი 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ «ლოგინადჩავარდნილი» მიშიკო «მაოხარ გზირად» გვექცა ქართველებს და ამიტომაც ვნატრობდით მის «გარდაცვალებას» და აჰა!

მაგრამ არა, არჩევნების მეორე დღეს გამობრძანდა ეს პოლიტიკური გვამი პირდაპირ ეთერში და «გულაჩუყებულმა»,  უკანასკნელად მოგმართავთ პრეზიდენტის სასახლიდან, ჩემო საყვარელო საქართველნოვო, და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო…

როგორი პრეზიდენტიც გვყავდა, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ თურმე რამხელა არტისტი, მსახიობი ტოვებს პოლიტიკურ ავანსცენას, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

აქ აღარ მოვყვები ამ უტიფარი კაცის ნახევარსაათიანი ლაქლაქის დეტალურ განხილვას. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ «გადაახვიოთ» და ახალს ვერაფერს ნახავთ _ ძველებურად ქოსატყუილა, «აღმშენებელი», ერთი სიტყვით, ბაქი-ბუქა მიშა, რომელსაც ერთი სიმართლე მაინც წამოსცდა _ «მე დასვენება არ მინდა, მაგრამ მოვიდა დრო, რომ თქვენ დაისვენოთ ჩემგან»…

მართლაც, დროა კი არა, რაღა დროს მიშაა, ხალხნო?! მაგის «სიყვარულის ახსნისა» ვინმეს გჯერათ? ვუყურებდი ამ სისხლისმსმელ მტარვალს და დიდი ილიას ნათქვამის პერიფრაზი მიტრიალებდა თავში _  ღმერთმა ხომ იცის, მაგ «სიყვარულში» რაოდენი სიძულვილია? რადგან ვერ გავუგეთ, ვერ დავაფასეთ ქართველებმა მიშას მესიანობის გენია, რეფორმატორ-აღმშენებლობა, ამიტომ, სიყვარული კი არა, ისე ვძულვართ, ისე არ უნდა დასვენება, რომ შეეძლოს, წასვლის წინ მთელ საქართველოს გადაბუგავდა  ეს მამა აბრამის ბატკნად ქცეული «შაკალი». ამიტომ «ცავატანემ» წადი, წაშავდი, შენი «დამტირებლის» ოხერი დედაც ვატირე!!!

ვამაყობ, რომ ვტოვებ «მიშასდროინდელ» (ზუსტად ასე თქვა. _ ..) ახალგაზრდობასო _ ამაზე მეტი ნარცისიზმი გაგონილა?

თუმცა მართლა გვიტოვებს მიშასდროინდელ პატრიოტთა ბანაკებში გამობრძმედილ ახალგაზრდობას _ მათი ბელადივით უწიგნურ, უიდეალო, მხოლოდ ბუჩქებში მოშმაშურე, ანტირუსული ისტერიით შეპყრობილ ახალგაზრდობას!

პრემიერის არ იყოს, მგონი, არც მიშა აპირებს შორს წასვლას და ჩვენ გვერდით დგომას უკვე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან აპირებს _ არა, მიშაჯან, არა! ცხონებული თენგიზ ჩანტლაძის ერთი სკეჩის პერიფრაზით _ შენ, მიშა! საპრეზიდენტო კი არა, კამერული ბიბლიოთეკის გამგეობა უფრო მოგიხდება და გვაქვს შენთვის ერთი კარგი კამერა გლდანის ციხეში და, თუ კოჰაბიტაცია მართლა დამთავრდება, მოგიწევთ შენ და შენს სადისტებს «ვირის აბანოს» ხეხვა და იკითხეთ ციხის ბიბლიოთეკაში, იკითხეთ, იქნება გაიგოთ, რომ, როგორც მინიმუმ, გაუგებრობა იყო საქართველოში თქვენისთანა «ძონძების» აღზევება!

თუ როგორ ვუყვარვართ ქართველები, ახლაც გამოჩნდა _ სააკაშვილი და უგულავა მორიგ საზღვარგარეთულ «პაეზტკაში» არიან, ანუ, როგორც იტყვიან, «მკვდარზე _ ვენოკი»! ჩვენი სიყვარულით ხომ ბოლო ცენტამდე უნდა აითვისონ მათზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები?

თანაც ვინ იცის, იქნებ ეს მიშიკოს და კიდევ უფრო «ჩვენის», გიგი უგულავას ბოლო «გულაობაა» ჩვენი ჯიბის ხარჯზე და თანაც ხანგრძლივი პატიმრობის წინ?

ჰოდა, იგულავეთ ბიჭებო, იგულავეთ…

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here