Home რუბრიკები პოლიტიკა როდის დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები?

როდის დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები?

636

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში, ახლო წარსულის ყველა არჩევნებთან შედარებით, სანიმუშოდ ჩატარდა. შეუძლია თუ არა საზოგადოებას დამშვიდდეს და ჩათვალოს, რომ არჩევნების გაყალბების პრობლემა საქართველოში დღის წესრიგიდან სამუდამოდ მოიხსნა? ზრდის თუ არა 2008 ან 2012 წლების გამყალბებელთა დაუსჯელობა იმის საფრთხეს, რომ ოდესმე ხელისუფლებას (არსებულს თუ მომავალს) არჩევნების გაყალბებაზე ხელი წაუცდება? ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, 27 ოქტომბერს ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ ჯერჯერობით, ალბათ, ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ პრობლემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა.

 

ერთიანი ნაციონალური მკვდარი სულები

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, თემურ პატარიძის, დაკავების შესახებ. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის _ ნინო გიორგობიანის თქმით, «გამოძიებით დადგენილია, რომ თეიმურაზ პატარიძემ 2008-2012 წლებში ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა . . საარჩევნო კარუსელის გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება «ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა» და მათი კანდიდატების სასარგებლოდ. პატარიძის მითითებით, ყალბი პირადობის მოწმობების დასამზადებლად გამოიყენეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს შენობა და მატერიალურტექნიკური საშუალებები, ხოლო . . «საარჩევნო კარუსელის» მონაწილეები შერჩეულნი იყვნენ საკუთრივ დეპარტამენტის თანამშრომლებს შორისერთ თანამშრომელზე დამზადებული იყო რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა, რომელთა გამოყენებით, აღნიშნული პოლიციელები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე სხვადასხვა ამომრჩევლის მაგივრად აძლევდნენ ხმას «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» და მათ კანდიდატებს». როგორც ნინო გიორგობიანმა განაცხადა, «საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზუგდიდიდან და ბათუმიდან ამოღებულია არჩევნებზე გამოყენებული დაახლოებით რამდენიმე ათასი ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათ დასამზადებლად საჭირო ბეჭდები, შტამპები და სხვა ტექნიკური საშუალებები» (ინტერპრესნიუსი).

ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვამტკიცოთ, რომ პატარიძემ ყოველივე ჩამოთვლილი მართლაც ჩაიდინა, თუმცა ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი არჩევნების გაყალბებისთვის (მათ შორის) პირადობის ყალბ მოწმობებს იყენებდა, საიდუმლო არავისთვის არაა; ამის შესახებ ბოლო წლებში არაერთი, სავსებით კონკრეტული სამხილით გამყარებული განცხადება გაკეთდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პარტნიორები დასავლეთში განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ მისი რეჟიმი დემოკრატიის შუქურას (თუ გაზქურას) წარმოადგენს და ის კვლავინდებურად იყენებდა სახელმწიფო რესურსებს ამ აღვირახსნილი პრაქტიკისთვის, რომელსაც ყველაზე ჩამორჩენილი დიქტატურები თუ მიმართავდნენ. თუმცა ყოველივე ეს წარსულშია და ქართული საზოგადოების წინაშე გაცილებით სერიოზული ამოცანა დგას, ვიდრე სააკაშვილისა და მისი პარტნიორების კეთილსინდისიერების (ან უსინდისობის) შეფასება _ მან უნდა დაადგინოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს.

საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პირადობის ყალბი მოწმობების გარდა, სააკაშვილის რეჟიმი გაყალბების არაერთ სხვა საშუალებას იყენებდა და პროცესში ძალოვანი უწყებების თანამშრომლების გარდა, ჩართულნი იყვნენ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების უკლებრივ ყველა რგოლის წარმომადგენლები და ამაზე არაერთი ფაქტი მიუთითებს. ახალი ხელისუფლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას: თუ ის გადაწყვეტს, არჩევნების გაყალბებისთვის არავინ დასაჯოს, კანონს უგულებელყოფს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ, თუ უკლებრივ ყველა გამყალბებლის დასჯის პრინციპს დაეყრდნობა, მას, სავარაუდოდ, ათასობით, თუ არა ათიათასობით, მოქალაქის სისხლისსამართლებრივი დევნა მოუწევს. საინტერესოა, სად გადის ამ შემთხვევაში ზღვარი გონივრულობასა და სამართლიანობას შორის?

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არჩევნების გაყალბებას რეჟიმის სხვა დანაშაულებებისგან ერთი ნიუანსი განასხვავებს. თუ სათვალავში ზონდერების წინასაარჩევნო სადამსჯელო აქციებს არ ჩავაგდებთ, თითოეული თანამონაწილის დანაშაული შედარებით მცირე ჩანს, ის არ მოიცავს ისეთ ამაზრზენ აქტებს, როგორიცაა ადამიანის წამება ან მკვლელობა (როგორც ეს, მაგალითად, ციხეებში «სიკვდილის კონვეიერის» მუშაობის პროცესში ხდებოდა). არჩევნების გაყალბების უმძიმესი დანაშაული, როგორც შენობა აგურებისგან, უამრავი, ერთი შეხედვით, მცირე, ნაკლებად რეზონანსული დანაშაულისგან შედგება და ეს, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საზოგადოება გამყალბებლების დასჯას ისე აქტიურად არ მოითხოვს, როგორც, მაგალითად, ციხის ჯალათების ან იმ ზონდერების, რომელნიც სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ნიუანსი, დანაშაულს სულაც არ ამსუბუქებს და კომენტატორების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამყალბებელთა დასჯის პრეცედენტი არ შეიქმნება, მთელი ეს უბედურება ადრე თუ გვიან აუცილებლად განმეორდება.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, თემურ პატარიძის, დაპატიმრებით ხელისუფლებამ თითქოს აჩვენა, რომ ამ თემის დავიწყებას არ აპირებს, თუმცა მეორე მხრივ, ერთი დაკავება (2008-2012 წლების გაყალბებების კონტექსტში) მთელი წლის განმავლობაში ზოგს შეიძლება არასაკმარისად მოეჩვენოს და, ამასთანავე, ჩათვალოს, რომ გაყალბების ეპოპეის ზოგიერთი სხვა ეპიზოდი, რომ იტყვიან, ზედაპირზე დევს და მათ გამოძიებას ამდენი დრო არ სჭირდება. რა ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ ამ შემთხვევაში სამართალდამცავები და რა ფაქტორები იწვევს მათ გააქტიურებას? ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა მცირე პრელუდიამ, რომელიც წინ პატარიძის დაკავებას უძღოდა, შეიძლება გარკვეულ დასკვნებამდე მიგვიყვანოს.

«მეც მაქვს ეს პრეტენზია»

17 ოქტომბერს პრემიერმინისტრის შეხვედრაზე ბეჭდური მედიისა და რადიოსადგურების რედაქტორებთან, «საქართველო და მსოფლიოს» მთავარმა რედაქტორმა ირაკლი თოდუამ შემდეგი კითხვა დასვა: «ბატონო ბიძინა, თქვენ დღესაც არაერთხელ გაუსვით ხაზი, რომ, როგორც 2008, ისე 2012 წლის არჩევნები, გაყალბების თვალსაზრისით, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მე ვერ მოვიძიე ფაქტები, რომ არჩევნების გამყალბებლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ქმნიდნენ ტოტალური გაყალბების სისტემას, მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ხომ არ არის ეს დაუსჯელობის სინდრომის ერთგვარი წახალისება

«საჯაროდ გიერთდებით მეც და მეც მაქვს ეს პრეტენზია. მაგრამ ამის იქით მე პროკურატურას ვერ ვუკარნახებ. აი ეს არის ჩემი პოზიცია. მეც გიერთდებით, მეც მაქვს ეს განცდა. მაგრამ, მე რომ დავუძახო, ვთქვათ, აჩიკო კბილაშვილს და ვუთხრა, რომ, აბა, სასწრაფოდ დაიწყე გამოძიება ვიღაცებზეგვარები, რომლებიც ჩვენ კარგად ვიცით, ძალიან «რასკრუჩენი» გვარები რომ არის, უკაცრავად ესეთი ტერმინისთვის, არა. მეც მაქვს ეს განცდა და, თუ გნებავთ, საჯაროდაც განვაცხადებ და პროკურატურამაც გაიგოს», _ უპასუხა «საქართველო და მსოფლიოს» მთავარი რედაქტორის კითხვას ბიძინა ივანიშვილმა. ცხადია, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ამ ეპიზოდმა სამართალდამცავებისთვის ერთგვარი იმპულსის როლი შეასრულა და გააქტიურებისკენ უბიძგა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებიდან ვიდრე დღემდე, ეს კითხვა პირველად დაისვა საჯაროდ ასეთ მაღალ დონეზე და პრემიერმინისტრმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც შსს და პროკურატურამ, როგორც მინიმუმი, ყურადღება მიაქციეს.

საერთოდ, სახელმწიფო მანქანა საკმაოდ მოუქნელი რამ არის (მითუმეტეს დღევანდელ საქართველოში, რთულ გარდამავალ პერიოდში), საზოგადოებიდან წამოსული მუდმივი იმპულსების გარეშე ძალიან ნელა მუშაობს და თუნდაც მცირე წინაღობამ მისი მოქმედება შეიძლება რამდენიმე წლით შეაფერხოს ან, საერთოდ, შეაჩეროს. დღეს ყოფილი ოპოზიციონერები ხშირად ჩივიან იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან ნელა, სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რა გააკეთეს კონკრეტულად იმისთვის, რომ ის დაჩქარდეს და რეალური შედეგი მოიტანოს. არავინ აყენებს ეჭვქვეშ მათ დამსახურებას სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის საქმეში, თუმცა ამ კონტექსტში მთავარია არა ის, თუ რა გააკეთეს მათ ახლო წარსულში, არამედ ის, თუ რას აკეთებენ დღეს.

სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ფართოდ გავრცელდა მცდარი მოსაზრება, რომ ხელისუფლების კონტროლი, სახელმწიფო მანქანის ეფექტურობის ამაღლება და სამოქალაქო აქტიურობა, ზოგადად, იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ვიღაც დონორი (სოროსი _ წარსულში თუ ივანიშვილი _ ახლო მომავალში) არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტს აძლევს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ასე არც 90-იანებში იყო, როდესაც საქართველოსკენ დასავლური ფონდებიდან პირველი გრანტები დაიძრა და არც მომავალში იქნება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამოქალაქო აქტივისტის ფაქტობრივი გათანაბრება დაქირავებულ მებრძოლთან ამორალურია. ყველაფერი იწყება «უფასო» აქტიურობით საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე და მხოლოდ შემდეგ ჩნდება (ან არ ჩნდება) დონორი; სამოქალაქო აქტიურობა «გრანტიჭამიობა» არ არის და ასეთად არ გადაიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროსტიტუირებული არასამთავრობო ორგანიზაცია საპირისპიროს დემონსტრირებას ახდენს.

დღეს საქართველოში საკმარისზე მეტია ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ აიძულონ ხელისუფლება, ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტი გააუმჯობესოს, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში ინერტულები არიან. ისინი არ ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს, მათ შორის იმიტომ, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში ძალიან ფართოდ დამკვიდრდა მართლაც რომ მეძავებისთვის დამახასიათებელი მერკანტილური მოსაზრება, რომ ყოველივე ამას (თან თავიდანვე) რეალური მატერიალური სარგებელი უნდა მოჰქონდეს. ბევრ ქართველ ახალგაზრდას, უბრალოდ, არ მოუვა თავში, რომ სწავლის ან სამსახურის დასრულების შემდეგ 1-2 საათი შეიძლება სამოქალაქო აქტივობას (უფრო ფართოდ, საერთო, საზოგადოებრივ საქმეს, «რესპუპლიკას» ლათინურად თუ ვიტყვით) დაუთმოს ისე, რომ ამისთვის გასამრჯელო არ მიიღოს. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, იმპულსები «ქვემოდან» ძალიან სუსტი იქნება, ხელისუფლება კი «თავისით» გაცილებით ცოტას გააკეთებს (თუ გააკეთებს საერთოდ). მოსახლეობას, ერთის მხრივ, აწუხებს არსებული სიტუაცია, მაგრამ მისი გამოსწორების რეცეპტების ძიებისას მარტივი და რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ იხრება, რომელთაც, როგორც წესი, არანაირი პოზიტიური შედეგის მოტანა არ შეუძლია და, ალბათ, საინტერესო იქნება ამ თემის განხილვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეასთან კავშირში, რომელიც ასე თუ ისე გამომდინარეობს არჩევნების გაყალბებიდან, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ.

არჩევნები პანაცეა არ არის

პრაქტიკულად არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ფორსმაჟორულ, მარტივად რომ ვთქვათ, არანორმალურ ვითარებაში, ამომრჩევლებზე უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში ჩატარდა, ხოლო «ნაციონალურ მოძრაობას» არანაირად არ ეკუთვნის ადგილების ის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს აქვს. ასეთ სიტუაციაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება სავსებით ბუნებრივი და სამართლიანი ჩანს. მაგრამ რამდენად მზად არის საზოგადოება ასეთი არჩევნებისთვის და ხომ არ დარჩება ის იმედგაცრუელბული მისი შედეგით?

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია _ გავყრით პარლამენტიდან ცუდ პოლიტიკოსებს და უკეთესს ავირჩევთ. მაგრამ კითხვას «ვინ არიან ეს უკეთესი პოლიტიკოსები?», როგორც წესი, ხანგრძლივი პაუზა და საკმაოდ მძიმე დუმილი მოსდევს. გასაკვირი ამაში არაფერია, «ეს პოლიტიკოსები», ისევე, როგორც «ის პოლიტიკოსები» ერთი და იგივე დეგრადირებული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არიან, რომელიც საქართველოს განვითარებას აფერხებს და დროის მოთხოვნებს, დიდი ხანია, არ შეესაბამება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ფარდობითად პატიოსანი იყოს და (არსებითად ფაშისტურ) კაცთმოძულე რეჟიმს მხარი არ დაუჭიროს, როგორც ეს ახლო წარსულში «ნაციონალებმა» გააკეთეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას, თანაპარტიელებთან ერთად, შეუძლია საქართველო უკეთესი მომავლისკენ წაიყვანოს, რადგან პოლიტიკური უნარ-ჩვევები და პრინციპები ნებისმიერ შემთხვევაში არაჯანსაღ, დემოკრატიის შეუსაბამო გარემოში შეიძინა, რომლის ფუნდამენტს გვიანდელი კომკავშირული ელიტის და აშკარა ბანდიტების მტაცებლური ინსტინქტები წარმოადგენს. ამ ნიადაგზე აღმოცენდა არჩევნების გაყალბებაც, პატიმრების წამებაც, საკუთარი მოსახლეობის ძარცვაც და უამრავი მსგავსი რამ. ისევ ეს ხალხი ავირჩიოთ?

პოლიტიკური ელიტა უნდა გაჯანსაღდეს, გაიწმინდოს, მოხდეს როტაცია, რომლის შემდეგ მის რიგებში დღევანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ საუკეთესონი დარჩებიან და საპარლამენტო არჩევნების გადაუდებელი ჩატარება ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. მარტივად რომ ვთქვათ, ვადამდელი არჩევნების იდეა სავსებით ლეგიტიმურია, მაგრამ, ალბათ, დღესვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არჩევნები პანაცეა ვერ გახდება, რათა მათ გარკვეული დროის შემდეგ დიდი იმედგაცრუება და ახალი რადიკალური რეცეპტის ძიება არ მოჰყვეს.

ალბათ, გაცილებით გონივრულია კონცენტრაცია ხელისუფლების კონტროლზე, «ნიღბების ჩამოხსნაზე», ელიტის წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენაზე, რათა საქართველოში საზოგადოების და პოლიტიკოსების ურთიერთობის ახალი, განსხვავებული სტანდარტი დამკვიდრდეს და პოლიტიკური ელიტის გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში «წრეზე სიარული», რომელსაც ასე ხშირად ვახსენებთ, ისევ გაგრძელდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩამორჩენა წამყვანი ქვეყნებისგან (იგულისხმება პრაქტიკულად ყველა ასპექტი) კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო 20-30 წლით ჩამორჩენა XXI საუკუნეში იგივეა, რაც 2-3 საუკუნით ჩამორჩენა ძველ დროში.

ახლა, ალბათ, სწორედ ის ეტაპია, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ ის გაცილებით ჭკვიანი და პასუხისმგებელია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა და, შესაბამისად, უკეთეს ელიტას და ცხოვრებას იმსახურებს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. 100%-ით გეთანხმებით,ბატონო დიმიტრი,მაგრამ უძრაობას მაინც მოძრაობა სჯობია"მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ჩემო თერგო,ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის მიმცემი"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here