Home რუბრიკები პოლიტიკა მისი აღმატებულება პლასტილინი და ასე ნანატრი სტაბილურობა

მისი აღმატებულება პლასტილინი და ასე ნანატრი სტაბილურობა

684

გვეღირსა! საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა და ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას. მოიხსნა ორი პრობლემა, რომლებიც საქართველოს (2003 და 2008 წლიდან შესაბამისად) მუდმივი ციებ-ცხელების რეჟიმში ამყოფებდა და ეს უდავოდ პოზიტიური მომენტია. სევდიანი ეპოქა, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ეკიდებოდა ქვეყნის პირველ პირს, როგორც მანიაკ უზურპატორს, წარსულს ჩაბარდა. საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, როგორც იქნა, მიეცა შესაძლებლობა, იხმაროს სიტყვები ,,ჩვენი პრეზიდენტი» ცინიკური ქვეტექსტის, ბრჭყალებისა და თანმდევი ცხრასართულიანი კომენტარების გარეშე. რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილს არაერთი მინუსი აქვს, მაგრამ არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ მისი აღმატებულება ჩვენი კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და მთავარსარდალია, თუნდაც კერძო საუბრებში მას პლასტილინად ან ქსოვის დარგში სოციალისტური შრომის გმირად ვიხსენიებდეთ.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. ამორჩეველთა უმრავლესობამ მას და მის პოლიტიკას მხარდაჭერა დაუდასტურა და ორხელისუფლებიანობის პრობლემურ პერიოდს წერტილი დაუსვა. ივანიშვილის სრული დომინირება ქართულ პოლიტიკაზე ეჭვქვეშ აღარ დგას. თითქმის ყველასთვის აშკარაა, რომ ეს სიტუაცია წლების, თუ არა ათწლეულების, განმავლობაში არ შეიცვლება, თუ ახალი ხელისუფლება ძალიან უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს.

ბევრ კომენტატორს გაუკვირდა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამდენი ხმის მოპოვება მოახერხა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი პრაქტიკის შესახებ საყოველთაოდ ცნობილი გახდა. მაგრამ, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩეველთა ზოგადი პასიურობის ფონზე (საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 46,6% მივიდა), «ნაციონალებმა» საკუთარი მხარდამჭერების ტოტალური მობილიზება მოახდინეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ «ოქტომბიდანოქტომბრამდე» მათ ხელთ რჩებოდა მძლავრი პროპაგანდისტული საშუალებები, ძალიან სერიოზული პოზიციები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ფინანსები და . . ეს რესურსები უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო პარტიის ლიდერებს, 2003-12 წლებში ნამოქმედართან დაკავშირებით, მართლმსაჯულებასთან, სავარაუდოდ, არაერთი პრობლემა შეექმნებათ. მაქსიმუმი, რასაც «ნაციონალური მოძრაობა» ამ სიტუაციაში მოახერხებს, «მთავარი ოპოზიციური ძალის» სტატუსის ჩაბღაუჭებაა და გადაქცევა ისეთი ტიპის პოლიტიკურ ძალადროგორიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქრისტიანდემოკრატიული პარტია იყო.

ამასთან ერთად, ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ რევანშის და ხელისუფლებაში სწრაფად დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოიხსნა, ხოლო ყოფილი მმართველი პარტიის დასუსტება და დაკნინება, სავარაუდოდ (ნელა, მაგრამ განუხრელად), გაგრძელდება. რაც შეეხება «მთავარი ოპოზიციური ძალის» მეტწილად წარმოსახვით სტატუსს, მის მოპოვებას კვალვინდებურად შეუშლის ხელს საზოგადოების დიდი ნაწილის უარი, «ნაციონალური მოძრაობა» ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად აღიაროს, ყველა იმ უბედურების გათვალისწინებით, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა. ბაქრაძის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ამ მხრივ არაფერს წყვეტს. რა თქმა უნდა, ბევრ ძველ ოპოზიციონერს არ მოსწონს, რომ «საქართველოს დენაციფიკაციის პროცესი» უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მათ წარმოედგინათ, მაგრამ ის, რაც დღეს გვაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია ლინჩის წესით გასამართლებას; ამასთანავე, ამ ადამიანებს მიეცათ სერიოზული იმპულსი იმისთვის, რომ «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურონ.

სიტყვამ მოიტანა და 90-იანების დასაწყისში, რაღაც მომენტში «მთავარი ოპოზიციური ძალა» საქართველოში კომუნისტური პარტია იყო. სად არის ის დღეს? ჰქონდა თუ არა ამ სტატუსის შენარჩუნების შანსი? 

ნინო ბურჯანაძემ უფრო მოკრძალებული შედეგი აჩვენა, ვიდრე კომენტატორების დიდი ნაწილი მოელოდა. ზოგიერთმა ამომრჩეველმა, რომელიც რაღაც მომენტში დაფიქრდა იმაზე, რომ ხმა მისთვის მიეცა, ვერ დაძლია უნდობლობა ბურჯანაძის მიმართ, რომელიც მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარობს; ზოგიერთმა კი, ორჭოფობის მიუხედავად, გადაწყვიტა, ივანიშვილის წინააღმდეგ არ წასულიყო და მარგველაშვილი შემოხაზა ან, უბრალოდ, სახლში დარჩა. ბურჯანაძე ინარჩუნებს შესაძლებლობას პოლიტიკურ პროცესებზე საგრძნობი ზეგავლენა მოახდინოს _ მან რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლების გარკვეული ნაწილის კონსოლიდირება მოახერხა, ხოლო ათი რადიკალი ზოგიერთ სიტუაციაში გაცილებით ღირებული რესურსია ვიდრე ორმოცდაათი სტაბილურობზე მეოცნებე ბიურგერი. ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ბურჯანაძე ამ რესურსის სათანადოდ გამოყენებას. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეასრულებს ხელისუფლება «კოჰაბიტაციის დასრულების» დაპირებას, ამასთანავე, მას მოუწევს, სიცოცხლისუნარიანი იდეის პოვნა (ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ სხვა), რომელიც მის მიერ მობილიზებული მხარდამჭერებისთვის ერთგვარი დროშის როლს შეასრულებს. არის კიდევ ერთი ფაქტორი _ ბურჯანაძის «ნიშას» ქართულ პოლიტიკაში სერიოზული საფრთხე შეექმნება, თუ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას, მაგალითად, ლევან ვასაძე (ან მსგავსი კალიბრისა და შეხედულებების სხვა ფიგურა) გადაწყვეტს, რაც შეიძლება ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდეს, იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს რეიტინგთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გარანტირებულად საგრძნობი პრობლემები შეექმნებათ.

27 ოქტომბრის ერთერთი მთავარი შედეგი არჩევნების ჩატარების ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა, რომელიც არსებითად განსხვავდება ბოლო წლების სამარცხვინო პრაქტიკისგან და დემოკრატიული ქვეყნების რეალიებთან მნიშვნელოვნად მიგვაახლოვა. ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც ყველამ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ხელისუფლებას მადლობა უნდა ვუთხრათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინა წლების საარჩევნო კოშმარი არც ადგილობრივ არჩევნებზე და არც არასოდეს აღარ განმეორდეს.

ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოს პრეზიდენტი საპატიო ნოტარიუსად გადააქცია. მართალია, მათი დამტკიცების პერიოდში ვენეციის კომისიამ სავსებით არგუმენტირებულად მიუთითა, რომ, ამის მიუხედავად, პრეზიდენტს მაინც შეეძლება სერიოზული კრიზისი შექმნას (და ამ პრობლემის მოგვარებისთვის შეიძლება კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა დაგვჭირდეს), მაგრამ მარგველაშვილის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ თეორიულია; «პლასტილინის პრეზიდენტი», ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ არანაირ გამწვავებაზე არ წავა, ამისთვის არც შესაბამისი რესურსი და, სავარაუდოდ, არც ამბიცია აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში ჩვენ არაერთი მწვავე დისკუსიის მოწმე გავხდებით, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში, დიდი ალბათობით, ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგება, ქვეყანა თანდათან დამშვიდდება. საბოლოოდ გარკვეულია, თუ ვინ აკონტროლებს ხელისუფლებას, თავისი პრეზიდენტით, საპარლამენტო უმრავლესობით და ახალი პრემიერმინისტრით, რომლის ვინაობას ამ კვირაში გავიგებთ. სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხე აღარ არსებობს და ხელშესახებ პერსპექტივაში მწავე კრიზისის შესაძლებლობაზე არაფერი მიუთითებს. ცხადია, საუბარი, რომ საქართველოში «გასაოცარი დემოკრატია» დამკვიდრდება, უადგილოა, მაგრამ ჩვენ, დიდი ალბათობით, მივიღებთ მეტ-ნაკლებად რაციონალურ რეჟიმს, რომელიც, ავტორიტარიზმის ნიშნების მიუხედავად, სავარაუდოდ, მოახერხებს როგორც სტაბილურობის უზრუნველყოფას, ისე მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტირებას; უკეთეს შემთხვევაში, აღმოსავლეთევროპული სტანდარტის შესაბამისად, უარესში _ უკრაინული სტანდარტის შესაბამისად, ხოლო ის ექსცესები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აზია-აფრიკის ველურ დიქტატურებთან აახლოვებდა, წარსულს ჩაბარდება. თანდათან ჩაცხრება ისტერია, რომელიც მუდამ თან სდევდა ბოლო წლების პოლიტიკურ პროცესს, შეიცვლება პრიორიტეტები და ჩვენ გაცილებით მეტს ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, სხვადასხვა კონკრეტულ პრობლემაზე, რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს ის, ვიდრე (ზოგადად) პოლიტიკაზე, უფრო სწორად იმ შოუსა და ბალაგანზე, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე პოლიტიკად აღიქვამს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სრული იდილია, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ცხოვრება საქართველოში, ფსიქოლოგიური (და იმედია, მატერიალური) თვალსაზრისით, სავარაუდოდ, გაცილებით მშვიდი და კომფორტული გახდება.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი შიდა ფაქტორების გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება, საქართველოს შეიძლება არაერთი პრობლემა შეექმნას უცხო ქვეყნების გავლენისა და ინტერესების შეჯახების გამო. გეოპოლიტიკური მიწისძვრა მსოფლიოსა და რეგიონში კვლავინდებურად გრძელდება _ სწრაფად იცვლება თურქეთი და მისი საგარეო პოლიტიკა, იზრდება რუსეთის ევრაზიული ამბიციები და, ალბათ, არც ისაა გამორიცხული, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში ისეთი ჯგუფი მოვიდეს, რომელიც, უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის მსგავსად, აქტიურად ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. თბილისში კი ყოველთვის მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს აბსოლუტურად ყველაფერზე მოაწერენ, რათა უცხო ქვეყნების დახმარებით ხელისუფლებაში მოვიდნენ.

მოსკოვს არ მოსწონს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ევროინტეგრაციული მისწრაფებები (ასოცირების ხელშეკრულება და ა. შ.), საქართველოს პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით და არც ისაა გამორიცხული, რომ ახლო მომავალში მან საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს, მაგალითად, კვლავ დაააწესოს შეზღუდვები ჩვენი პროდუქციითვის, თუმცა სამხედრო დაპირისპირების ალბათობა დღეს გაცილებით მცირეა, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის წლებში; აქამდე საქმე, სავარაუდოდ, არ მივა. უფრო საშიშია აჭარაში (და სხვა პრობლემურ რეგიონებში) ქართველებსა და თურქებს, ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება, რის გაკეთებაც, იდეაში, შეიძლება ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სცადონ. კოჰაბიტაციის პერიოდში არაერთმა ექსპერტმა მიანიშნა, რომ მთელი რიგი მსგავსი (და, მადლობა ღმერთს, ლოკალური) ინციდენტების უკან სწორედ ისინი იდგნენ. მასშტაბურ დაპირისპირებას ამ ნიადაგზე შეიძლება თურქეთის მკვეთრი რეაქცია და უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე და ადეკვატურობა უნდა გამოავლინოს; საფრთხე, შესაძლოა, გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ნაღმი სააკაშვილმა დაგვიტოვა, რომელიც ბოლო დღეებში თურქეთის ათასობით მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებს და მისი აფეთქება შეიძლება თავადვე სცადოს.

რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებას, გიორგი მარგველაშვილი და მთელი ხელისუფლება ძალიან კარგად უნდა მოემზადოს რუსებთან დიალოგის ახალი (სააკაშვილის გარეშე) ეტაპისთვის. ეს, ალბათ, ყველაზე სერიოზული ამოცანაა, რომელიც მათ წინაშე დგას. ისე, საინტერესო კია, როდის და რა წინადადებებით აპირებს ჩვენი ახალი პრეზიდენტი მოსკოვში ჩასვლას.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here