Home რუბრიკები სამართალი დაიჭირეთ, თორემ…

დაიჭირეთ, თორემ…

1102

ქვეყნის პრემიერმა ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრის დროს მოსახლეობას მოთმინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სამართლიანობაც უდავოდ აღდგება, მაგრამ ნათქვამია: «ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო», ამ რამდენიმე დღის წინ თბილისში საპყრობილის ყოფილი უფროსის, ყველასთვის ცნობილი ჯალათის ცემის ფაქტზე ჯალათი კი არ დააკავეს, არამედ ის უდანაშაულო და ნერვებდაგლეჯილი ბიჭები, რომლებთანაც დანაშაულშერჩენილმა ბრეგვაძემ ტრაბახი გაბედა. ხალხი ფიქრობს, რომ ბიჭები ვაჟკაცურად მოიქცნენ, მაგრამ რატომღაც სამართალდამცავები საპირისპიროდ მოქმედებენ, მათი ასეთი საქციელის გამო; კი, ბაჩო ახალაია ბედავს, ბიჭებს ქურდები უწოდოს და იმაზე ილაპარაკოს, ჩემს შეგინებას აიძულებდნენო. კოაბიტაციის პირობებში, ალბათ, ახალაიასა და მერაბიშვილის შეგინებაც აკრძალულია. «საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული პროფესიისა და საქმიანობის ადამიანებს გასაუბრებოდა.

 

ლალი მოროშკინა, სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩეველი

_ მე-17 საპყრობილის ყოფილი უფროსის ცემის ფაქტმა ქვეყნის მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეაშფოთა, ყველა ფიქრობს, ხომ არ დაიწყო ის, რისიც გვეშინოდა? დაიღალა შეურაცხყოფილი ხალხი სამართიანობის აღდგენის ლოდინით და თავად დაიწყეს ანგარიშსწორება?   

_ დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის ლაშა ბრეგვაძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე სახალხო დამცველის ყველა მოხსენებაში ხვდებოდა და პარლამენტს ამის მოსმენა არ უნდოდა. ტუღუში ყოველთვის ცარიელ დარბაზში კითხულობდა მოხსენებას და ბრეგვაძეც თანამდებობას მაინც არ ტოვებდა.

ბრეგვაძე ახალაიას კადრი გახლდათ, რომელიც ჯერ რუსთავში დახურული ტიპის ციხეს ხელმძღვანელობდა და შემდეგ _ მე-17 საპყრობილეს. მის სახელს უკავშირდება პატიმრებისადმი ისეთი სადისტური მოპყრობა, როგორიც არის გაშიშვლება და სიცივეში დაყრა. მის მიერ ჩადენილი სადისტური ქმედების კადრები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აქვთ. მათ ზუსტად მაშინ ნახეს საკუთარი თვალით ყველაფერი, როდესაც კარცერში ჩაყრილი შიშველი ბიჭები ბრეგვაძეს დაავიწყდა. გახსოვთ, ერთი პერიოდი ახალაიას სკამი შეერყა კიდეც, რაც სწორედ ამ ფაქტის დაფიქსირებამ გამოიწვია. ამის შემდეგ ცოტა ხნით ბრეგვაძე თვალს მოაშორეს, საყვედური გამოუცხადეს და მერე კვლავ აღადგინეს. აღდგენის შემდეგ მან გააძლიერა თავისი სადისტური მოპყრობა, ფანტაზიებს მოუხმო და უფრო დიდი საშინელებების ჩადენა დაიწყო. ეს ის ადამიანია, რომელიც სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებდა, ცოლ-ქმრის სქესობრივ აქტს იღებდა და მერე ამით ორივეს აშანტაჟებდა. მისი საქმე დღეს პროკურატურაშია. იყო ასეთი პატიმარი ილგად მამეზადე, რომლის გადასარჩენადაც ვიბრძოდით. ის სრულიად გაფატრული იყო, ასეთი ადამიანი ბრეგვაძეს სასტიკად ჰყავდა ნაწამები. მამეზადე ამნისტიის შედეგად გამოვიდა და ოთხ თვეში გარდაიცვალა. ბრეგვაძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადის, თითქოს საქმეს იძიებენ, მაგრამ დაკავებული არ არის. მიჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ბრეგვაძის ცემისთვის ბიჭები მეორე დღესვე დააკავეს, რა გახდა ამ ნაძირალის დაკავება?!

ქართველები თავმოყვარე ხალხია, ისინი ამას დიდხანს არ მოითმენენ. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ «ნაცმოძრაობას» ყველა ავტორიტეტული მამაკაცი ჰყავდა დაკავებული, ვგულისხმობ არა ძველბიჭებს, არამედ იმათ, ვინც თავის საქმეს, სადაც იყვნენ, თავკაცობდნენ, წარმოიდგინეთ თითოეული ამ ადამიანის მდგომარეობა, როდესაც სხედან სუფრასთან და იქ ვიღაც იწყებს იმის მოყოლას, რომ მის დანახვაზე პატიმრები იფსამდნენ. არ მეგულება ქართველი, რომელიც ამას მოითმეს და ეს ლოგიკურია. ის ბიჭები, ბრეგვაძე რომ სცემეს, ჩემს თვალში გმირები არიან.

ერთი შეხედვით, პროკურატურასაც ვერ ვადანაშაულებ. ძნელია, განსაზღვრო, დასჯა ვისგან უნდა დაიწყო.

მესმის იმ 16 ათასი ადამიანის, მწამებლების დასჯას რომ ითხოვენ, მოთმენა ძალიან ძნელია. მე, ქალმა, ვერ მოვითმინე და სასამართლოს გარეშე გადავწყვიტე ანგარიშსწორება, ამიტომ ვერავის ვეტყვი, დაელოდე სასამათლოს გადაწყვეტილებას-თქო. მონღოლების მეთოდით აწამებდნენ ხალხს, ყველა პატიმარი ჯოხით დადის, ჯალათები მათ წელში ამტვრევდნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კიდევ ერთი თაობა დავღუპოთ.

მოგაწვდით ექსკლუზიურ ფოტოებს, თუ სად ცხოვრობდნენ პატიმრები და რა პირობებში იყვნენ, ასეთი ციხის პატრონი მთავრობა აუცილებლად დასასჯელია!  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაციის დასრულების იმიტომ მჯერა, რომ, როდესაც «ნაცებს» თავი აღარ ეყოლებათ, გაქრებიან, ხომ იცით, «თევზი თავიდან ყარს», ეს აყროლებული თავი რომ მოშორდება, ყველაფერი დამთავრდება.

დღეს ციხეში მყოფმა მაყურებლებმა («ნაცების» დროს რომ ადამიანებს დაკვეთით სცემდნენ) გვთხოვეს, ცალკე საკნებში ჩაგვესვა, თვითიზოლაციას ითხოვენ, რადგან ეშინიათ, იციან, რომ შეიძლება არტერია გამოაჭამონ.

მინდა «ნაცების» ზონდერებსა და ჯალათებს ვუთხრა: სახლებიდან ნუ გამოვლენ, რესტორნებში ნუ ივლიან და ნუ იტრაბახებენ, თორემ ყველას ბრეგვაძესავით ან უფრო უარესად გაუსწორდებიან.

ნუ განვსჯით და დავსჯით იმ ბიჭებს, რომელთაც ნერვული სისტემა დაზიანებული აქვთ. ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. საზოგადოება დაქსაქსულია, ზონდერები და ჯალათები არიან ყველგან, ჟურნალისტებს შორისაც, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ჟურნალისტი ამ როლსაც ირგებდა. პირად მაგალითზე შემიძლია ემოციურად ვილაპარაკო. 9 წელი, როგორც ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, მეც დასჯილი ვიყავი. ის ჟურნალისტები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაში მონაწილეობდნენ, ყველანი კარგად არიან. ბრძოლა მათ წინააღმდეგ ჯერ არ დამისრულებია. ვუთვლი ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს, რომლებიც «ნაცმოძრაობის» საქმეებს ათეთრებდნენ, სათითაოდ აგებენ პასუხს. მე, ლალი მოროშკინა, ვეყოფი მარტო იმისთვის, რომ ყველა საქციელისთვის პასუხი აგონ!

 პროცესები ჯერ არ დამთავრებულა, უფრო ზუსტად, არც დაწყებულა. ეს მოთელვა იყო, ამის შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება სამართლებრივადაც და მორალურადაც. პირადად მე ძალიან ბევრი მასალა მაქვს. ყველაფერს დავდებ, ყველაფერს გამოვააშკარავებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტალღამ გადაიარა, ცდება, ჯერ არც მოსულა, აივაზოვსკის ტალღები ცოტა ხანში წამოვა, თუ უნდათ, მოროშკინას ტალღები დაარქვან.

სოსო მანჯავიძე, «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» გენერალური მდივანი:

_ იმედგაცრუება ძალიან დიდია. ნახეთ, ახალაიას ბრალს ვერ უყენებენ. მისი გამოშვების მცდელობა 19 სექტემბერს ჰქონდათ, მაგრამ ხელი შევუშალეთ. კბილაშვილი აღიარებს, რომ პროკურატურას სიტუაციაზე კონტროლი არ აქვს. ის ამბობს, რომ, რამდენი გოლიც არ უნდა გავიტანოთ, მსაჯი მოსამართლეა და არ გვითვლისო. ახალაიას გამოშვება მძიმე პროცესებს გამოიწვევს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ეს მათ იციან. ხალხის განწყობამ პროკურატურაზე გავლენა მოახდინა და ხან პროკურორის მიზეზით და ხან რითი ახალაიას სასამართლო პროცესები აქამდე მოიტანეს. დღეს კი კბილაშვილი აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივ აზრსო, ანუ ახალაიას გამოშვება დღის წესრიგში დგას, მაგრამ ეყოფათ, ალბათ, გონიერება, რომ არჩევნებამდე ეს არ გააკეთონ. არჩევნების შემდეგ გამოუშვებენ. ხალხი ამას ხვდება.

23-24 ოქტომბერს ამერიკაში კონგრესმენებთან შეხვედრა იგეგმება, ირმა ინაშვილი მათ ისეთ მასალებს წარუდგენს, გარწმუნებთ, რომ თვალს ვერავინ დახუჭავს. ჩვენი მიზანია, ყველას გავაგებინოთ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა სირცხვილია.

რაც შეეხება იმას, დაიწყებს თუ არა ხალხი სამართლიანობის აღდგენას საკუთარი შესაძლებლობებით, დიახ, დაიწყებს და ეს პროცესი დაწყებულიც არის. ქართველი საკმაოდ კანონმორჩილი გამოდგა, ყველა ელოდებოდა კანონიერი გზით პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ბრეგვაძის საქმეს თუ შევხედავთ, ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებაში მყოფი ოდიოზური ფიგურების სადარაჯოზე დგას, რაც ხალხში დიდ გაღიზიანებას იწვევს. ყველა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არავითარი სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება, პირიქით, გათეთრება დაიწყება, ამიტომ ბუნებრივია, რომ აუცილებლად დაიწყება პირადი ანგარიშსწორებები და სახალხო მღელვარება. არ მესმის ხელისუფლების, რატომ არ იღებენ ზომებს დამნაშავეების დასასჯელად? მათი ასეთი საქციელი ნდობის კრიზისს გამოიწვევს.

ჩვენ უნდა შევეცადოთ და ჩავშალოთ ხელისუფლების მცდელობა, რომ «ნაცები» რებრენდირებული მოძრაობის სახით უკან დააბრუნოს.

ლალი აფციაური, ადვოკატი:

_ ბრეგვაძის მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, ხალხი ძალიან გამწარებულია. იმის გარანტიას, რომ ვინმე სიმშვიდეს შეინარჩუნებს და დანაპირებ სამართლიანობის აღდგენას დაელოდება, ვერავინ ვერავის მისცემს. ქუჩაში მიმავალი ადამიანი რომ შეეჩეხება თავის მწამებელს, გამაუპატიურებელს, ოჯახის დამაქცევარს, გამანადგურებელს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ტყვიას არ დაახლის?!

ჩემი დიდი სურვილია და ვფიქრობ, რომ ქართველი გონიერია და ლინჩის წესით გასამართლებას ხელს არ მიჰყოფს, ალბათ, ამ ქვეყანაშიც, ოდესმე სამართლიანი სასამართლო იქნება და მას ყველაფერს მივანდობთ. მიუღებელია, ქუჩაში ანგარიშსწორება, თუმცა ვთვლი, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა აბსოლუტურად დამსახურებული იქნება. ხანდახან ვფიქრობ, კიდევ კარგი, კაცი არ ვარ

მესმის, რომ ეს ქვეყანაა და მის იმიჯს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ქვეყანა მოსახლეობისგანაც შედგება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. სამართლიანობის აღდგენა ჩემთვის მიუღებელი ტერმინია, სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს. ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ მახსოვს, ჩვენ ის არასოდეს გვქონია, ამიტომ, რაც არ გვქონია, ვერ აღვადგენთ. თუ სამართლიანობა არ დამკვიდრდება, ქვეყანა ვერ აშენდება და ვერც ერთი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაჩერდება. ჩემი პროგნოზია და გარანტიას ვიძლევი, რომ ეს ხელისუფლებაც გაიზიარებს წინამორბედების ბედს.

ნახეთ, რა ხდება ახალაიას საქმესთან დაკავშირებით. ციხის ბუნტის თვითმხილველი ვარ. ჩემი სურვილით გამოვცხადდი სასამართლოზე და ყველა დოკუმენტური მასალა წარვადგინე, ჩვენებაც მივეცი, მაგრამ პროკურატურა ძალიან სუსტი გამოდგა. წარმოუდგენელია, ახალაიას ციხის ბუნტთან დაკავშირებით ბრალი ვერ დაუმტკიცო, ეს ხომ დანაშაულის კლასიკური ნიმუშია. როგორც ვიცი, ყველა ბრალდება უდავოა, რაც ნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ჩვენებებს ეთანხმებიან, ელოდებიან განაჩენს და ელოდებიან სააკაშვილის შეწყალებას.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ნაცებმა კორტებთან მანქანაში ჩაცხრილეს,მგონი ბანკი უნდა გაეძარცვაო.სვანი ქალბატონი ბარამიძეს ხელს ადებს ქმარ-შვილი დამიხოცა და კუბდარს მთხოვდაო.თუ ვინმე დაფიქრებულა რას განიცდის ის ქალბატონი ბარამიძის დანახვაზე ,როდესაც ამაყად ჩნდება ტელევიზორის ეკრანზე????

  2. თუ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, ვერც სამართლიანობის დამკვიდრებამოხდება და ვერც ლინჩისაგან თავის დაღწევა. მომწონს ლალი მოროშკინას თვალსაზრისი. რაც შეეხება ლალი აფციაურის თვალსაზრისს, იგი იმეორებს ლევან ბერძენიშვილის, ზაზა ფირალიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის დემაგოგიებს, რომლებიც „აღდგენისა“ და „დამკვიდრების“ სიტყვებით ჟონგლიორობენ. სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს გუშინ ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავის დასჯას, სამართლიანობის დამკვიდრება – დღეის ამას იქით ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავის დასჯას. „აღდგეს სამართლიანობა, თუნდ დაიღუპოს ქვეყანა“!

  3. ბატონი პრემიერ – მინისტრის თქმით, "ყველას ხომ არ დავიჭერთ"?. ეს არის სამართლიანობა? საცოდავი ირაკლი ხასაია დღემდე მკველობისათვის იხიდს სასჯელს და რამდენი კიდევ, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეებში ყრიან.

  4. ადვოკატო ჯოხაძე გძმარავს თუ თავი მიარტყი რამეს? მოიწერე ერთი შენი ტელეფონის ნომერი დანარჩენს პირადად გეტყვი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here