2012 წლის წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე კარგი და მისასალმებელი რაც გაკეთდა, იყო ის, რომ ციხეებიდან უამრავი უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლეს. ცხრაწლიანი რეჟიმის დროს აპატიმრებდნენ განურჩევლად ყველას, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებდა და საკუთარი შეხედულება გააჩნდა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა 3-მილიონიან ქვეყანაში რამდენიმე ასეულ ადამიანს პოლიტპატიმრის, ხოლო ათეულობით ადამიანს პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა. «ნაციონალური» ხელისუფლება არ ერიდებოდა არც ჟურნალისტების დაპატიმრებას, მათ შორის ისეთების, რომელთა საქმიანობაც საქვეყნოდ იყო ცნობილი. «საქართველო და მსოფლიო» «ნაცების» უმოწყალო რეჟიმის მსხვერპლს, ფოტოკორესპონდენტ გიორგი აბდალაძეს ესაუბრა, რათა გაერკვია, აღდგა თუ არა სამართლიანობა და როგორი იყო ივანიშვილის ერთი წელიწადი.
_ გიორგი, როგორ გაიარა ერთმა წელიწადმა, შენ რისი მოლოდინიც გქონდა გაგიმართლდა?
_ ქვეყანას გაუმართლა. ერთი წლის თავზე ვგრძნობ, რას ნიშნავს «ნაცების» ხელისუფლებაში არ ყოფნა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი და ახლანდელი არჩევნები სულ სხვადასხვაგვარია. ხალხის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად «ნაციონალური» მონსტრი თავიდან მოშორებულია. მჯერა, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ ეს მახინჯი კოჰაბიტაციაც დასრულდება და საერთოდ «ნაციონალები» დასრულდებიან. ისინი კი, ვინც პარლამენტში სხედან, ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და იქ დადგებიან, სადაც ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ შოკში არიან და ვერ ხვდებიან, ქართველმა ერმა რა განაჩენი გამოუტანა.
_ თავს რეაბილიტირებულად გრძნობ? თვლი, რომ სამართლიანობა აღდგა?
_ ვანო მერაბიშვილი სასამართლო დარბაზში განსასჯელის სკამზე რომ დავინახე, თითქოს შინაგანად შვება ვიგრძენი.
_ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მერაბიშვილი არჩევნების შემდეგ გამოუშვან.
_ თუ მერაბიშვილი გამოუშვეს, ე. ი. ქვეყანაში სამართლიანობამ ვერ იზეიმა. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ის დაისჯება.
_ ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც შენი საქმე შეკერეს, დაისაჯნენ?
_ რამდენიმე მათგანს ქალაქში შემთხვევით შევხვდი. სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ისინი ძირითადად შავი საქმის შემსრულებლები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მაინც არ ეპატიებათ ის, რაც ჩაიდინეს. ყველა მათგანმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. მე იმ კატეგორიას არ განვეკუთვნები, ქუჩაში რომ უსწორდებიან ადამიანებს, მაგრამ ხომ არიან ნაწამები ადამიანები, რომელთაც თავის მოთოკვა არ შეუძლიათ? საშინელება გამოვიარეთ. სააკაშვილმა ისეთი სისტემა ჩამოაყალიბა, რომ ოჯახებს მთელი ნათესაობითა და ახლობლებით ანადგურებდნენ. ამის ატანა და მოთმენა ძალიან ძნელია, მაგრამ ასეთ დროს, ალბათ, სახელმწიფოზეც უნდა იფიქრო.
საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა ქართველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა «ნაცები» საბოლოოდ გავაქროთ ამ ქვეყნიდან; არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ხელისუფლებაში აღარ არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა და საშინელებამ ჩაიარა. დასრულება მაშინ იქნება, როდესაც 27 ოქტომბრის არჩვენებზე წინდახედულ ნაბიჯს გადავდგამთ. არ შეიძლება განმეორდეს ის, რაც ცხრა წლის მანძილზე გამოვიარეთ. ხალხს ძლიერი ხელი აქვს, სხვას არ უნდა ველოდოთ. ხალხის ძალა, ციხეში რომ ვიჯექი, მაშინ ვიგრძენი. ჟურნალისტებთან ერთად ხალხიც რომ გამოვიდა და ჩვენს დაჭერას აპროტესტებდა, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეშინებული იყო, ერთი სული ჰქონდათ, ყველაფერი დამთავრებულიყო.
ამ არჩევნებში ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ «ნაცებს», თუ სინამდვილეში რამდენი პროცენტი აქვთ.
ეს ერთი წელიწადი იმით გამოირჩევა წინა 9 ჯოჯოხეთური წლისგან, რომ არავინ არავის აძალებს, გინდა თუ არა, ხმა ამას და ამას მიეცითო, სამსახურებიდან დათხოვნით არ ემუქრებიან, თავისუფალი არჩევანის საშუალება გვაქვს და ეს უკვე დიდი წინსვლაა.
_ გიორგი, როგორ შეაფასებ ივანიშვილის ერთ წელიწადს?
_ ეს ჩვენი ერთი წელიწადია და არა ივანიშვილის. ჩვენი თავისუფლების ერთი წელიწადი, როდესაც ტელეფონს არ შლი, ელემენტს არ აცლი და გვერდით ოთახში არ გადიხარ სალაპარაკოდ. რაც შეეხება სამართლიანობის სრულყოფილად აღდგენას, მჯერა, ესეც მალე დაიწყება, ცოტა დრო სჭირდება, ალბათ. ციხეში მოძღვარმა მითხრა, ადამიანები ვჩქარობთ, თორემ ღმერთს არაფერი ეჩქარება, ადრე თუ გვიან ყველას თავისი მიეზღვებაო. თითოეული ის ადამიანი, რომელიც ხალხს სისხლს სწოვდა, დაისჯება, არავის არაფერი შერჩება. იმას არ ვამბობ, რომ ჩამოახრჩონ, დახოცონ. პირადად მე საჯაროდ ბოდიშიც რომ მომიხადონ, საკმარისი შეიძლება იყოს, ოღონდ ეს ყველას არ ეხება, ბოდიშს შემსრულებლისგან მივიღებ და არა დამკვეთისგან. სასტიკი რეჟიმის შემქმნელი ადამიანის ბოდიში არავის სჭირდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მეც, როგორც ყველა, ამ დროს ველოდები.
მომწონს ისიც, რომ ხალხი თავისუფლად საუბრობს იმაზე, რასაც ფიქრობს, რომ იმედი გაუცრუვდათ და სამართლიანობა არ აღდგა. ამას ვინმე გაბედავდა? ვხედავ, რომ მიტინგებზე ხალხს აღარ სცემენ, მანქანებში აღარ ყრიან და გაურკვეველი მიმართულებით არ მიჰყავთ. ხალხი ჩურჩულით აღარ ლაპარაკობს და გვერდზე არ იხედება, ვინმე ხომ არ მისმენსო. ადამიანებს მოთხოვნები გაეზარდათ და ესეც ნათლად ჩანს.
_ და მაინც: როგორ ფიქრობ, აღდგა სამართლიანობა?
_ ხომ გითხარით, მერაბიშვილი განსასჯელის სკამზე რომ დავინახე, მივხვდი, სამართლიანობის აღდგენის ეტაპი დაწყებულია. მისი დაპატიმრებით ეს პროცესი კი არ დამთავრებულა, პირიქით, დაიწყო. როგორც ჟურნალისტი, ყველაფერს ცოტა სხვა თვალით ვუყურებ. თუ პროცესები ისე არ წარიმართა, რა მოლოდინიც ხალხს ჰქონდა, ეს ქვეყანა დაიცლება. ბევრი რამ შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში, ასე ვხედავ და ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება ვცდები კიდეც.
_ ნასამართეობა მოგიხსნეს? მგონი, ეგ პროცესი დროში გაიწელა.
_ ნასამართლეობა მომიხსნეს და ჩამორთმეული პასპორტიც დამიბრუნეს.
_ ე. ი. ახალი ხელისუფლებით კმაყოფილი ხარ.
_ კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც ჩემს ქვეყანაში ხალხის ლაღ და ბედნიერ სახეებს გადავიღებ, იმ სურათებს გადავიღებ, რომლებზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი