Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილის ცრუპენტელობის 31 პროცენტი

სააკაშვილის ცრუპენტელობის 31 პროცენტი

592

«თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა» და ზეგანზე მზე ისე წვავდა, როგორც არასდროს, რაც შუა ზაფხულიდან მოყოლებული აქ ამოვსულვართ. თავფარავნის ჩაყოლებით სოფლებში საზამთროდ მომარაგებული თივის ზვინები ფარაონების ველის პირამიდებივით ამაყად იდგა. შავად დალიანდაგებული მინდვრების ოქროსფერ უკიდეგანობაში სავსე თეთრი ტომრები ისე იყო ჩარიგებული, როგორც თავდაცვის რედუტები ბოროდინოს ველზე: აქაური გლეხობა კარტოფილის მოსავალს იღებდა. იდგა 2013 წლის შემოდგომა, 11 ოქტომბერი და ჩვენ, რა თქმა უნდა, მარაბდა-კარწახის რკინიგზის მაგისტრალის მეზობელი სადგურიდან გამოსული «მშენებლობის მატარებლის» მოძრაობის ინსპექტირებისთვის აქ ამოსულ ხელმძღვანელობას ჩამოვყევით.


როცა ჩნდება ინტერესი

მომავალი გვირაბის პორტალიდან თურქეთის საზღვარი ხელის გაწვდენაზეა, მთაზე ახვალ და იქით მეზობელი სახელმწიფოა.

აქ დროებითი გამშვები პუნქტის გახსნა იგეგმება _ სამშენებლო ტექნიკის გადმოსატანად (გვირაბი თურქულ კომპანიას გაჰყავს). სამშენებლო მასალისა და ტექნიკის ძირითადი მასა კი იქ, ქვემოთ, ტბასთან დამთავრების პირზე მისული სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადმოვა.

შპს «მარაბდა-ახალქალაქის» დირექტორის მოადგილე ნიკა წიკლაური ამბობს, რომ ეს ღონისძიება რკინიგზის მშენებლობის დაჩქარებასთანაა დაკავშირებული.

ინსპექტირება გვირაბის პორტალიდან იწყება მაინცდამაინც.

_ რატომ? _ შეკითხვა მაგისტრალის მშენებლობის უფროსს _ ოლეგ ბიჭიაშვილს.

_ იმიტომ, რომ მშენებლობას ალიმიტებს სწორედ გვირაბის გაყვანა, რომლის სიგრძე 4,5 კილომეტრია. თურქეთის მხრიდან უკვე გაჭრილია 2,5 კილომეტრი და ჩვენი მხრიდან მიწისქვეშა სამუშაოების დაწყება დაზამთრებამდე უნდა მოვასწროთ, სანამ კარგი ამინდები დგას.

საკმაოდ გრძელი და ღრმა კანიონი უკვე გაუთხრია ობლად მომუშავე ექსკავატორს ჩვენი წინა ამოსვლიდან გასულ ერთ თვეში. ორისთვის სამუშაო ფრონტი არ არის, თვალშისაცემი სივიწროვეა.

ოლეგ ბიჭიაშვილი ამბობს, რომ დიდი მოცულობის მიწის სამუშაოებია შესრულებული, მაგრამ ტემპის დაჩქარებას აუცილებლად მიიჩნევს, მით უფრო, მოულოდნელად (ჩვენთვის) წამოჭრილი პრობლემის გამო. საქმე ის არის, რომ წმინდა დღესასწაულის _ ყურბან ბაირამის აღნიშვნის პერიოდში თურქული კომპანიები მუშაობას წყვეტენ და ოლეგ ბიჭიაშვილი ახლა ამ პრობლემის გადაწყვეტითაა დაკავებული. აპირებს, ამ დღეებში ამ უბანზე ერთი კვირით გადმოიყვანოს ჩვენი მშენებლები, რომლებიც მთავარ კონტრაქტორს ჰყავს დაქირავებული: მხოლოდ ამ ღონისძიებით იქნება შესაძლებელი მოსალოდნელი შეფერხების თავიდან აცილება.

სააკაშვილის ტელებაქიობის ერთ-ერთი სამიზნე მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობა რომ იყო, ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა კარგად უწყის, ისიც იცის, რომ «იმ კაცის» ცრუკრიტიკული პათოსი _ თითქოს საუკუნის ეს პროექტი ახალმა ხელისუფლებამ გასაუქმებლად და დასასამარებლად გასწირა, სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ქოსატყუილობა და ცრუპენტელობა.

რეალობაში ყველაფერი პირიქით განვითარდა: ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ საქმე ისე წარიმართა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები პროექტის პერსპექტიულობაში საფუძვლიანად პრაქტიკაში (ვთქვათ ასე) დარწმუნდნენ.

_ ესენი არიან ცენტრალური აზიის, წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლები, _ ამბობს ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი, _ თავიანთი ინტერესი მათ არაერთხელ დაადასტურეს ჩვენი საქმიანი შეხვედრების დროს. მაგისტრალი ევროპელი კოლეგების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. სულ ახლახან მშენებლობას გაეცნო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი და არ დაუმალავს, რომ კმაყოფილი დარჩა.

მშენებლობის კონტრასტები

ყველა ობიექტს «დამკვრელური მშენებლობის» კვალი დაჰკრავსო, ვერ იტყვი. წალკის რკინიგზის სადგურის რემონტმა თუ რესტავრაციამ ივლისიდან მოყოლებული მხოლოდ იმით წაიწია წინ, რომ ჭერი და კედლები შეათეთრეს მშენებლებმა. მგზავრთა მომავალ მოსაცდელ დარბაზში გამართულ თათბირზე მონაწილეობდნენ სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათი კონტრაქტორები, შემსრულებლები, მათი ზედამხედველები და მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელობა, ამაზეც ითქვა.

აღინიშნა ახალქალაქის სადგურის მშენებლობის გარკვეული ხარვეზებიც, რაც თვალშისაცემია, მაგრამ არ არის დაუძლეველი და გადაულახავი დაბრკოლება.

თათბირი თათბირისთვის არ ტარდება: აქ განიხილავენ წინა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის კონკრეტულ საკითხებს _ რამ დააბრკოლა საქმე, რისი გაკეთებაა კიდევ საჭირო, და ახალ მიჯნებს სახავენ, _ ასევე კონკრეტულსა და ზუსტი ვადით განსაზღვრულს. ე.ი. მიზანი არა მხოლოდ გაკონტროლებაა, არამედ მშენებლებისთვის ქმედითი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა. მოკლედ, ასეთ თათბირებს მაკოორდინებელი ფუნქცია აკისრია.

ახალქალაქის სადგურში სამუშაო ფრონტის გაშლის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზი პროექტების უქონლობაა.

_ უფრო ზუსტად, ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილები, გარკვეული კვანძები დამატებით პროექტირებას საჭიროებს. სამუშაო მრავალფეროვანია და მოცულობითი, დაწყებული კავშირგაბმულობიდან და დამთავრებული მექანიზმებითა და დანადგარებით, რომლებმაც ვაგონების ურიკები უნდა შეცვალოს. დაპროექტებაზე მუშაობენ უკრაინის საპროექტო ინსტიტუტები და ჩვენი ორგანიზაციებიც. ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ ჩამორჩენასაც დავძლევთ, თუმცა პროექტების ხშირი შეცვლა-შეთანხმება გარკვეულ დროს მოითხოვს, _ აზუსტებს ბატონი ოლეგი.

_ თქვენს პირველ შეხვედრაზე ახალქალაქის სადგურის მშენებლებთან გარკვეულმა ჯგუფმა შემოგჩივლათ (თუ არ ვცდები, ტრანსპორტელები იყვნენ), რომ ხელფასები თვეობით იგვიანებს.

_ იმ დღეების ჩაბარებული მქონდა ეს ობიექტი და დაბრკოლებები მართლაც საკმაოდ იყო, რაც დღემდეც მოსდევს. ზოგიერთ საწარმოში შარშანდელი ხელფასები გაცემული არ არის. ვიმუშავეთ, გავერკვიეთ და შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელი ხელფასების პრობლემა უკვე მოვაწესრიგეთ. დავალიანებების გასტუმრებას დიდი მუშაობა დასჭირდა, იყო სირთულეები და გაუგებრობა, შეუსაბამობა კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებს შორის და ა.შ. მაგრამ ახლა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

_ თქვენ, ბატონო ოლეგ, როგორც პროფესიონალი რკინიგზელი, ძველი რკინიგზელი, მიჩვეული ხართ სიზუსტეს, აკურატულობას, რაც რკინიგზისთვისაა დამახასიათებელი. მიაღწიეთ ასეთ სიზუსტეს თქვენი მრავალეროვანი, ინტერნაციონალური კოლექტივის საქმიანობაში?

_ ურთიერთობები რთული მოსაწესრიგებელია, გასათვალისწინებელია ეროვნული სპეციფიკაც, პროფესიული თანხვედრაც, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები _ ამ ტრანსნაციონალური პროექტის განსახორციელებლად მხოლოდ ჩვენი თანამემამულეები არ მუშაობენ და ა.შ. მთელი დიპლომატიაა. მაგრამ შევძელით საერთო ენის გამონახვა, ჩამოყალიბდა საქმიანი, დადებითი ურთიერთობა, ერთობლივი მუშაობა სასიამოვნო და მიმზიდველია. ერთი სიტყვით, ამ კუთხით ყველაფერი რიგზეა.

_ უმთავრეს, პრინციპულ განსხვავებად წინა პერიოდსა და ამჟამინდელს შორის რას მიიჩნევთ?

_ ოთხი წელიწადია, მიმდინარეობს ეს მშენებლობა და ამ ხნის განმავლობაში საერთო მოცულობის მხოლოდ 31 პროცენტია შესრულებული, არადა, 2013 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო. ჩვენ, ვინც ახლა ამ საქმეს ვეწევით, წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ წელიწადი და ცხრა თვე შეიძლება დაგვჭირდეს ამ მაგისტრალის მწყობრში ჩასაყენებლად.

P.S. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მარაბდა-კარწახის ტრანსეროვნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ახლადდაძრულ მატარებელს ჰგავს, რომელიც თანდათან აკრეფს სიჩქარეს და დანიშნულების პუნქტში დროზე ჩავა.

არმაზ სანებლიძე

ახალქალაქი-თბილისი (ავტორის ფოტო)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here