Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის დიდი თურქობა

მიხეილ სააკაშვილის დიდი თურქობა

701

«რამდენიმე კვირის წინ ათასამდე ჩვენს თანამემამულეს გადავეცით საქართველოს მოქალაქეობა. ამ დღეებში კიდევ 3000 ჩვენს სისხლს და ხორცს, ჩვენს თანამემამულეს გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობა. უახლოეს კვირებში კი დამატებით ათასობით ჩვენი თანამამულე, რომელიც საუბრობს ქართულად, თავს გრძნობს ქართველად, უყვარს საქართველო, უნდა, რომ საქართველოს რამეში დაეხმაროს, ყველა მიიღებს ჩვენგან მოქალაქეობას», _ განაცხადა გასულ კვირას თურქეთში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა (ინტერპრესნიუსი). აშკარაა, რომ აღწერილ სიტუაციას საქართველოს უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. რა დგას ამის უკან _ მენტალური აშლილობის ახალი, ჯერაც შეუსწავლელი სტადია თუ საკუთარი ერის მიერ შეძულებული რენეგატის ასე თუ ისე ლოგიკური პოლიტიკური გეგმა?

 

მიხეილ სააკაშვილი გაჩერებას არ აპირებს: «ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები, ბოლო კვირები, რამდენი დროც მაქვს, ორივე ხელით ვაწერო, მარჯვენა და მარცხენა ხელით ბრძანებულებებს, რომ თქვენ მოგცეთ მოქალაქეობა». გამორიცხული არაა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ის საქართველოს მოქალაქეობას თურქეთის ათიათასობით მოქალაქეს მიანიჭებს. ამ ნაბიჯმა როგორც აჭარაში, ისე მთლიანად საქართველოში შექმნილ ვითარებაზე შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს.

ჩვენ, ცხადია, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანებისა, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ და ამავე დროს «საუბრობენ ქართულად, თავს გრძნობენ ქართველებად, უყვართ საქართველო», მაგრამ მოქალაქეობის ტოტალური დარიგება ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელი ჩანს. ვინ ადგენს და ამოწმებს სიებს, რომლებსაც სააკაშვილი ხელს აწერს? ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ამ სიებში არ მოხვდებიან რადიკალი ისლამისტები ან ოსმალეთის ახალი იმპერიის შექმნის აპოლოგეტები, რომელნიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან? მსგავსი გარანტიები არ არსებობს, ხოლო სააკაშვილის თანმდევი კომენტარებიდან რამდენადმე ღირებული დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, რადგან ის ამ (და არა მარტო) თემაზე აშკარად არაამქვეყნიურ ლოგიკაზე დაყრდნობით მსჯელობს, აგერ მაგალითი: «საქართველოს კონსტიტუცია ძალზე მნიშვნელოვანი კანონია, მაგრამ მასზე მაღლა დგას მარადისობის კანონი. ქართველობა კი განისაზღვრება როგორც კონსტიტუციით, ისე მარადისობის კანონით».

ყოველივე ამაში დამნაშავე არა მხოლოდ ფიგურანტი, არამედ ახალი ხელისუფლებაცაა; იანვარში მან გადააბიჯა ზემოთ ნახსენებ კონსტიტუციას და სააკაშვილს პოსტზე ყოფნის ვადა ხელოვნურად გაუხანგრძლივა, თანაც ისე, რომ ფსიქიატრიულიდან და ნარკოლოგიურიდან ცნობების მოტანაც კი არ მოსთხოვა. ამის შემდეგ ეს ადამიანი სხვას არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას ერთი მეორის მიყოლებით ახალ პრობლემებს უქმნის, რომელთაგან განხილული, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონში არაერთი ლობისტი ჰყავს, ის განაწყენებულია ამერიკელებზე იმ პოზიციის გამო, რომელიც მათ 2012 წლის ოქტომბერში დაიკავეს. რიგი განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღარ ენდობა მათ და, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებს, რომ ისინი თავიანთ გათვლებში სავსებით რაციონალურები არიან და არ შეუწყობენ ხელს მის დაბრუნებას ხელისუფლებაში, რადგან ხედავენ, რომ ამას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება; მსგავს მცდელობას, დიდი ალბათობით, სამოქალაქო ომი, ქაოსი, რეგიონში აშშის პოზიციების დასუსტება (და რუსეთის წინსვლა) მოჰყვება. მაგრამ ვინაიდან ამერიკელები ნელ-ნელა დისტანცირებას ახდენენ პროცესების უშუალო მართვისგან, ცდილობენ, მიკრომენეჯმენტში აღარ ჩაერიონ, ხოლო რეგიონულ მოთამაშეებს მოქმედებისთვის სულ უფრო ფართო სივრცე ეხსნებათ, გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი მომავალი აშშის რეგიონულ პარტნიორს _ თურქეთს დაუკავშიროს, მარტივად რომ ვთქვათ, თურქეთის მარიონეტი გახდეს და მის ნებისმიერ დაკვეთას ხელი მოაწეროს (როგორც თვითონ თქვა, მარჯვენაც და მარცხენაც). რაციონალური და გამოცდილი ამერიკელებისგან განსხვავებით, რომელთაც, ყველა მინუსის მიუხედავად, ასე თუ ისე შეუძლიათ გამოთვალონ თავიანთი ნაბიჯების მოსალოდნელი შედეგები, თანამედროვე თურქეთმა მზარდი ამბიციებით და გავლენით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის საგარეო პოლიტიკაში ფრთხილი ქემალისტური ტრადიცია ნელ-ნელა დაითრგუნება (ჩვენ დღეს ამ პროცესის საწყის ეტაპს ვხედავთ), ნამდვილად შეიძლება გააკეთოს სტრატეგიულად მცდარი არჩევანი, თავის მთავარ პარტნიორად საქართველოში სააკაშვილი აირჩიოს და მას ხელისუფლების დაბრუნებაში დაეხმაროს.

აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა დღევანდელ თურქეთზე, რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის და რომელშიც, ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძლიერია ქემალისტური რეალიზმი, არამედ იმ თურქეთზე, რომელსაც, დიდი ალბათობით, ამ ტრანსფორმაციის შედეგად მივიღებთ _ უფრო აგრესიულზე, ამბიციურსა და თამამზე, სადაც რადიკალური ისლამისტური ძალების გავლენა გაცილებით დიდი იქნება. ერთი მეორის მიყოლებით ეცემა მეტ-ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოები, რომელთაც მუსლიმანურ სამყაროში და ახლო აღმოსავლეთში ლიდერობის ამბიცია და შესაბამისი გავლენა ჰქონდათ. ეგვიპტე ქაოსშია, სირიაში ომია, ერაყი უბედურების ზონად გადაიქცა, საუდის არაბეთი დინასტიური კრიზისის, შიიტური უმცირესობის ბუნტის და «გაზაფხულის» ტიპის არეულობის საფრთხის წინაშე დგას, ირანი თითქოს აქტიურად მიიწევს წინ, მაგრამ სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება და უამრავი პრობლემა აქვს.

მოკლედ, არსებობს არაერთი წინაპირობა იმისთვის, რომ თურქეთმა საკუთარი გავლენა სწრაფად გაზარდოს. მის რეგიონულ კონკურენტებს როდი აძლევთ ხელს, რომ მისი ძალისხმევის მთავარი ვექტორი სამხრეთით იყოს მიმართული. შესაძლოა, მათთვის გაცილებით მომგებიანია, თურქეთმა კონცენტრირება ჩრდილოეთსა და აზერბაიჯანზე (თავის ნავთობიანად) მოახდინოს, რაც დღის წესრიგში ბუნებრივად საქართველოს საიმედო გაკონტროლების საკითხს დააყენებს, თუ უკვე არ დააყენა (ამ კონტექსტში, ალბათ, უნდა გავიხსენოთ სააკაშვილის უცნაური იდეები ქართულ-აზერბაიჯანულ კონფედერაციაზე თურქეთის პატრონაჟის ქვეშ), მითუმეტეს, რომ აქ თურქეთმა შეიძლება პირველ ეტაპზე იოლად დაძლიოს სამხრეთ კავკასიის სუსტი სახელმწიფოების ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა, მაგრამ ამის შემდეგ ის პრაქტიკულად გარანტირებულად «შეტოპავს» დაპირისპირებაში რუსეთთან. თამაშმა ამ ორი ძალის წინააღმდეგობაზე რეგიონში ვაშინგტონს, იდეაში, შეიძლება დიდი ბონუსები მოუტანოს და ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომ მას ეს არ აძლევს ხელს.

თურქეთის გავლენის ზრდამ საქართველოში, რომელიც ასე თვალშისაცემია აჭარაში, მაგრამ მხოლოდ ამ რეგიონით არ შემოიფარგლება, უკვე მიაღწია იმ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგ იწყება აქტიური ჩარევა სუსტი ქვეყნის საშინაო საქმეებში და ოპერირება მის პოლიტიკურ სივრცეში; ამერიკელების ეტაპობრივი დისტანცირება პროცესების უშუალო მართვისგან თურქეთს ხელს სულ უფრო მეტად გაუხსნის და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ყოველთვის მზად იქნებიან, მისი დაკვეთა შეასრულონ. მომავალში მას, აგრეთვე, შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, შეაშინოს საქართველოს ურჩი ხელისუფლება აჭარაში კონფლიქტის პროვოცირებით, რომელსაც შეიძლება ავტონიმიურ რესპუბლიკაში თურქული ძალების შეყვანა და მასზე სრული კონტროლის დამყარება მოჰყვეს. ყველა შესაძლო საფრთეს ვერავინ ჩამოთვლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თურქეთის ტრანსფორმაცია მისი მეზობლებისთვის არასასურველი მიმართულებით წავა.

1918-ში, როდესაც თურქეთის ჯარებმა ბრესტის ზავით დადგენილი ხაზი გადალახეს და ჩრდილოეთით დაიძრნენ, ისინი გერმანელებმა შეაჩერეს და ამით საქართველო გადაარჩინეს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ბრიუსელი ან ვაშინგტონი XXI საუკუნეში ჩვენთვის იმავე როლს შეასრულებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თურქულ ექსპანსიას უხეში ძალისმიერი ხასიათი არ ექნება და ის ძირითადად «რბილი ძალის» გამოყენებით შემოიფარგლება. რაოდენ უსიამოვნოდაც უნდა გაიჟღეროს, ნებისმიერ სფეროში (სამხედროში ხომ საერთოდ) საქართველოს თურქეთთან ერთიერთზე არანაირი შანსი არ აქვს.

გამორიცხული არც ისაა, რომ რაღაც მომენტში ახლო მომავალში ქართული ელიტა მივა დასკვნამდე, რომ თურქული ექსპანსიის დაბალანსება (ან შეჩერება მოვლენების რადიკალური სცენარით განვითარების შემთხვევაში) მხოლოდ რუსეთს შეუძლია და ის, ისევე, როგორც ძველად, «ბოჟე ცარია ხრანი»-ს ძახილით მოსკოვში გავარდება. დღეს ეს წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ისტორია ძალიან უცნაური (ერთობ ცინიკური და ირონიული) რამ არის, ხანდახან მეორდება ხოლმე და იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ასე დადგება _ თურქეთი ან რუსეთი, რაც (მსოფლიოში და რეგიონში) მზარდი დესტაბილიზაციის ფონზე გამორიცხული ნამდვილად არაა, განწყობა საქართველოში შეიძლება ძალიან სწრაფად და დრამატულად შეიცვალოს.

საკითხი (და საერთოდ, ნებისმიერი «ან _ ან» ტიპის არჩევანი ორიენტაციასთან დაკავშირებით) ასე არ დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მჭიდრო ინტეგრაციის გზას დაადგებოდა და შექმნიდა საკმარისად ძლიერ, ანგარიშგასაწევი რესურსების მქონე გაერთიანებას, რომელსაც უცხო სახელმწიფოები ასე იოლად ვერ აბურთავებდნენ. მაგრამ ყარაბაღის ომმა და რიგმა სხვა ფაქტორებმა ამის შესაძლებლობა მოსპეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 90-იანებში ჩვენ, ისევე, როგორც აზერბაიჯანელებსა და სომხებს, უბრალოდ, არ შეგვეძლო განგვეჭვრიტა სტრატეგიული პერსპექტივა და მსგავსი იდეები პოპულარული ვერ გახდებოდა. ამ გზით წასვლა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს.

საერთოდ, იმ საფრთხეებზე საუბრისას, რომლებიც საქართველოში თურქეთის გავლენის ზრდას უკავშირდება, ჩვენ არ უნდა გადავვარდეთ თურქოფობიაში და მითუმეტეს სპეკულაციებში რელიგიურ თემებზე; საუბარს ამ საკითხზე ცივი გონება, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მასობრივი დარიგებით შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნას, რომლებთანაც გამკლავება წლების განმავლობაში მოგვიწევს. ამიტომ, ალბათ, სასურველია, მთავრობამ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ეს, ერთი ადამიანის ამბიციებზე თუ მენტალურ აშლილობაზე დამოკიდებული, ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესი დაბლოკოს. ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ხისტად და ყოყმანის გარეშე, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით; ზედმეტი რევერანსები საჭირო არ არის.

არავინ იცის, კიდევ რას მოაწერს ხელს მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებამდე დარჩენილ დღეებში და რა შარში გახვევს საქართველოს. არაერთი კომენტატორი საუბრობს იმაზე, რომ ფიგურანტი «ისე არ წავა, რომ კუდი არ მოიქნიოს». ამიტომ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ალბათ, ძალიან ფხიზლად უნდა იყოს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ხსენებული კუდი სწრაფად, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე მოკვეთოს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here