Home რუბრიკები პოლიტიკა თურქული მარყუჟი და «ქართული ოცნება»

თურქული მარყუჟი და «ქართული ოცნება»

564

სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროში მის ნასუფრალზე დასუქებულმა მღრღნელებმა ლამის ციცერონის მეორედ მოსვლად შეაფასეს, ამერიკიდან დაბრუნებულ მიხეილს კი აეროპორტში ისე დახვდნენ, თითქოს გოლიათზე გამარჯვებული დავითი ყოფილიყოს _ ტელეარხებზე შავი ჭირის ეპიდემიასავით მოდებული თურქული სერიალების ყურებაც კი მიატოვეს, რათა აეროპორტში ჰალსტუხიღეჭია მთავარსარდლისთვის ხოტბა შეესხათ. პარალელურად კი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აისაფის მისიაში გამგზავრებამდე ქართველი სამხედროები, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჯუმა მეჩეთში მიიყვანა, ხალიჩაზე ფეხშიშველნი მაჰმადიანური წესით ჩამუხლა და მათთვის ჰელმანდისკენ გზა სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს _ ვაგიფ აქპეროვს დაალოცვინა

 

შემდგარ სახელმწიფოზე რა მოგახსენოთ, მაგრამ შემდგარ პალატას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნამდვილად ჰგავს საქართველო, თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავარი ექიმი (ის, ვისაც პაციენტებისთვის, ჩვენი აზრით, უნდა ემკურნალა), წარამარა გაიძახის: წავალ და კლინიკას გიჟების ამარა დავტოვებო, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ვართ.

გარდა იმისა, რომ გაეროში სიტყვით გამოვიდა, შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოეხდინა ქართული საზოგადოებისა და ზოგადად, მართლმადიდებლობის ერთმანეთისგან დისტანცირება, სააკაშვილი იქ ქართულ დიასპორასაც შეხვდა. «დიასპორელები» მას ხან «ნამდვილ აღმაშენებელს» უწოდებდნენ, ხან საქართველოს აყვავებისთვის უხდიდნენ მადლობას და შორსმჭვრეტელობას, ნიჭს, სიმამაცეს უქებდნენ, ხანაც სინანულს გამოთქვამდნენ, რომ მის მიერ აყვავებულ საქართველოში ვერ მოუწიათ ცხოვრება.

გაუგებარია, რას უთვლიდნენ ისინი სააკაშვილს ქვეყნის აყვავებაში: ტერიტორიების დაკარგვას, ათიათასობით ადამიანისთვის ქონების წართმევას, ლამის ყოველი მესამე ქართველის ციხეში გამომწყვდევას, ჰალსტუხის ღეჭვას, ცოცხის საოხრესავით ტრიალს… მაგრამ სავსებით ალოგიკურია დიასპორელების სინანული, რომ სააკაშვილის მიერ აყვავებულ საქართველოში ვერ მოუწიათ ცხოვრება. თუ ასე სჯეროდათ სააკაშვილის წარმატებების და ასე სურდათ მის მიერ აყვავებულ ჯორჯიაში ცხოვრება, რას გაიქცნენ ამერიკაში, რას ასკდებიან იქ ჰამბურგერს და კოკაკოლას?! ჩამოსულიყვნენ, ხინკალი ეჭამათ, ზედ ჭაჭა ან «მანავის მწვანე» დაეყოლებინათ და აქაურ გურჯებთან ერთად ეგემნათ ფარშევანგის ბუნდღის ალაგას გაჩრილი ცოცხის გემო.

მათი ეს გაოცება და სინანული გასაკვირი სულაც არ არის. ცხრა წლის მანძილზე და მათ შორის დიასპორასთან შეხვედრის დროსაც სააკაშვილმა კარგად შეფუთა საკუთარი დანაშაულებრივი მოღვაწეობა. ის ცრუობდა, როგორც პათოლოგიური მატყუარა, იყენებდა იაფფასიან ორატორულ ილეთებს, რომელმაც მხოლოდ გონებაშეზღუდულ მსმენელზე შეიძლება იქონიოს გავლენა. სააკაშვილმა  მოიშველია არარსებული სტატისტიკა, მიღწევები, ათასგვარი ციფრები, რომლებიც თავში მოუვიდა და, ჩვეულებისამებრ, ყირაზე დააყენა კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, პოლონეთის, ფინეთის, რუსეთის, ევროპის ისტორია. საერთოდ, სააკაშვილს მსოფლიო ისტორიის საკუთარი ვერსია აქვს, რომელიც ეფუძნება ერთადერთ ისტორიულ წყაროს _ აღგზნებული ტვინის ავადმყოფურ ფანტაზიას. თუმცა მოდით, კომპეტენტურ ადამიანებს მივანდოთ და რამდენიმე ძირითადი მესიჯი განვიხილოთ, რომლებიც სააკაშვილმა დიასპორასთან შეხვედრაზე გაახმიანა.

სააკაშვილის მიხედვით, თურმე მისი ოპოზიცია იმდენად მოღალატური სულისკვეთების იყო და ისე პირნათლად ასრულებდა «მეხუთე კოლონის» ფუნქციებს, რომ რატომღაც მხოლოდ არჩევნების წინ გაიხსენა, რომ დავითგარეჯის ნაწილი (პრეზიდენტის სიტყვებით, «სხვათა შორის მცირე ნაწილი») აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. დიახ, დიასპორასთან შეხვედრისას მან ქართულ საზოგადოებას გვისაყვედურა, რაღა არჩევნების წინ გაგახსენდათ, რომ აზერბაიჯანი ზოგიერთ ბერს სალოცავად არ უშვებდა თავის (იგულისხმა აზერბაიჯანის. _ რედ.) სახელმწიფო ტერიტორიაზეო. სააკაშვილმა დავითგარეჯის სადავო ტერიტორია ღიად მოიხსენია აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიად და დიასპორელთაგან არც ერთს ამაზე კითხვა და პროტესტი არ გასჩენია.

მიუხედავად იმისა, რომ დიასპორელებისადმი მისი მიმართვა ბოდვას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის პირველი პირის ლოგიკურ ნააზრევს, მაინც თვალშისაცემი იყო ის გარემოება, რომ ამ ბოდვაში მან რუსეთი უკვე დაშალა მარტივ მამრავლებად, ამ ქვეყნის დაცემა და დანაწევრება მომხდარ ფაქტად გამოაცხადა და დავით აღმაშენებელს გადასწვდა. ვრცელი ციტატით რომ არ დაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, პრეზიდენტმა «დიასპორელებს» ასეთი რამ უთხრა: მონღოლების შემოსევის დროს რომ ემეფა, აღმაშენებელი ვერაფერი მეფე ვერ იქნებოდა, მას ძალიან გაუმართლა, რომ მაშინ გამეფდა, როცა თურქსელჩუკები უკვე დაშლილები იყვნენ და ეს შანსი გამოიყენა. მეც გამიმართლა _ ხელისუფლებაში ისეთ დროს მოვედი, რუსეთი რომ უკვე იშლება, მაგრამ გამყიდველმა ოპოზიციამ და «მეხუთე კოლონის» გულისთქმას აყოლილმა ქართველებმა ეს შანსი დამაკარგვინესო.

ანუ, რომ არა ქართული საზოგადოება, აღმაშენებელზე დიადი მმართველი ვიქნებოდიო, და ამაში არც არავინ შედავებია… ეს არც არის სადავო, მისი ცხრაწლიანი საქმიანობის მთავარი მიზანი იყო საქართველო იმ გაგებით, იმ შინაარსით ქართველების გარეშე, როგორც ჩვენ საკუთარ თავს აღვიქვავთ. სააკაშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ქართველი არის მხოლოდ სტატისტიკური ერთეული, რომელიც ბრმად აღფრთოვანდება მისი ბოდვით, ბრმად დაუჭერს მხარს ყველა პათოლოგიურ  იდეას და, რაც მთავარია, შეეგუება იმ მიზნის განხორციელებას, რომლის შესახებაც აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დღითიდღე ეს ფარული მიზანი უფრო და უფრო ნათელი, ცხადი და აშკარა ხდება.

საქმე ისაა, რომ იქაც კი, ამერიკაში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას სააკაშვილმა ვერ დამალა თავისი პოლიტიკის მთავარი მიზანი. მას იქაც კი წამოსცდა, რომ «თურქეთი არის ჩვენი მთავარი ლოკომოტივი ნატოში თურქეთის გარეშე ნატოში ჩვენ არავინ მიგვიღებს და მივაღწიეთ თურქეთთან იმას, რომ ბოლო სამი წელია, აქტიურად ლობირებენ ჩვენს მიღებას ნატოში».

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას წინათ სააკაშვილმა ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მისცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილის ყოფილი ხელქვეითი და თანაგუნდელი ირაკლი ალასანია ავღანეთში გამგზავრებამდე საზარბაზნე ხორცს _ ქართველ ჯარისკაცებს მეჩეთში აჩოქებდა და შეიხს ალოცვინებდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ტელესივრცე ნელ-ნელა დაიპყრო პროპაგანდისტული ხასიათის თურქულმა პროდუქციამ, რომ აჭარა ფინანსურად და ეკონომიკურად უკვე თურქეთის დანამატად იქცა, რომ (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან) ათიათასობით ადამიანი თურქეთშია გადახვეწილი, რათა იქ ძირითადად ჩაის, თხილის პლანტაციებში მოჯამაგირედ გროშებზე იმუშაოს და ამით ირჩინოს თავი, ცხადია, რომ ვაშინგტონი თავის საქმეს კავკასიაში თურქეთის ხელით აკეთებს.

თურქეთი, როგორც ამერიკისა და ნატოს ერთადერთი სოლიდური მოკავშირე რეგიონში, უფრო ხელსაყრელია, ზედამხედველობდეს საქართველოს, ვიდრე ეს გააკეთონ უშუალოდ ამერიკელებმა და ამის გამო მუდმივი კონფრონტაცია ჰქონდეთ რუსეთთან.

სააკაშვილი მართალია _ თურქეთი  მართლაც «არის ჩვენი ლოკომოტივი ნატოში» და, მან რომ ამ ორგანიზაციაში შეგვათრიოს, ამისთვის საჭიროა, შემადგენლობის ნაწილი გავხდეთ. «ნაციონალური მოძრაობაც», როგორც პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ «მთავარი ლოკომოტივის» გავლენა საქართველზე მაქსიმალურად გააძლიეროს. მარტივად რომ ვთქვათ, რაკი პირდაპირი გზით ჩვენს გაწევრიანებას არც ნატოს წევრები უჭერენ მხარს და არც რუსეთი გვანებებს, ჯობია, ნატოში გავწევრიანდეთ თურქეთთან შეერთების გზით, რადგან თურქეთი უკვე ნატოს წევრია. ანუ, რაც უფრო გაძლიერდება საქართველოზე თურქეთის გავლენა, რაც უფრო მეტი რეგიონი იქნება ფინანსურად და ეკონომიკურად თურქეთზე მიბმული, რაც უფრო მალე მოიშლება ყარსის ხელშეკრულების მექანიზმები და რაც უფრო მალე გამოაცხადებს ანკარა საქართველოს თავის ვილაიეთად, მით უფრო მალე და ადვილად შესრულდება ის ამოცანა, რომლისთვისაც თავის დროზე ამერიკელებმა რეფორმატორად წოდებული ხელისუფლება მოგვახვიეს თავს.

ერთადერთი, ვინც დღემდე სააკაშვილის გეგმებს უშლიდა ხელს ქართველობის დაყოლიებაზე ამ ვერაგული ჩანაფიქრისადმი _ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით თურქეთის ვილაიეთად გადაქცევაში, ეს იყო მართლმადიდებლური ეკლესია. ამიტომაც ყველა რესურსით ყველა ფრონტზე უტევდა «ნაცმოძრაობა» ეკლესიას, თუმცა ცდილობდა, რომ საზოგადოებასთან ევროკავშირზე, ნატოზე ესაუბრა და ამით შეენიღბა რეალური მიზანი, რომ საქართველო აშშ-ის სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეს, თურქეთს, უნდა გადაეცეს.

თუმცა, როგორც ჩანს, შემკვეთებმა სააკაშვილს ვადები შეუმცირეს, საბოლოო შედეგის დაჩქარება მოსთხოვეს, მანაც უარი თქვა ელემენტარულ კონსპირაციაზეც კი და დაიწყო ამ მიზნის ღიად შესრულება. ბოლო პერიოდში მისი მოქმედება, განსაკუთრებით რელიგიურ ნიადაგზე მაჰმადიან და ქრისტიან ქართველებს შორის დაპირისპირების აშკარა პროვოკაციები, თურქეთისთვის საქართველოსადმი აგრესიის საბაბის მისაცემად ამის ნათელი დასტურია. დასანანია, რომ ამ დამღუპველ ტენდენციას «გაგებით ეკიდება» ახალი ხელისუფლებაც და ალასანიას მიერ ქართული მხედრობის ჯუმა მეჩეთში ჩამუხლვა სხვა არაფერია, თუ არა მკაფიო სიგნალი _ ჩვენ საქართველოს თურქიზაციის პოლიტიკას სააკაშვილზე ბეჯითად გავაგრძელებთო.

რაც უნდა იტრაბახოს ახალი ხელისუფლების პირველკაცმა _ სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეო, _ ეს სიცრუეა. მან არათუ სააკაშვილის რეჟიმი ვერ დაამარცხა, დაპირებული «შუაც» ვერ გაკრიფა. აგერ გიორგი თარგამაძე ტალეირანივით დაყელყელაობს და ყველა მედიაჭუჭრუტანიდან ბრანდსპოიტით აწუწებს «ოცნებას» ლაფსა და ტალახს. სააკაშვილმა კი, რაოდენ ვადაგასულიც  უნდა ეძახონ მას «ავე ბიძინას» მოქადაგეთა რაზმეულებმა, თავისი ფუნქცია ამ ეტაპზე შეასრულა _ თურქულ მარყუჟში გაგვაყოფინა თავი და, თუ გონს არ მოვალთ, ყბადაღებული «ქართული ოცნება» მალე საყოველთაო აუცილებელ წინდაცვეთამდე მიგვიყვანს.

გიორგი მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. დავით აღმაშენებელსაც ჰყავდა თავის ლაშქარში არამართლმადიდებელი ჯარისკაცები-ეგრეთწოდებული დაქირავებული ჯარი,მაგრამ ქრისტიანულ ლოცვას კითხულობდა ბრძოლის წინ და ეკლესიაში ლოცულობდა,რომ ღვთივკურთხეული ყოფილიყო.რა არის აქ გასაკვირი,რომ ქრისტიანმა მართლმადიდებელმა თავი მოლას არ უნდა დაალოცინოს,არამედ ქრისტე ღმერთის იმედად უნდა წავიდეს სამშვიდობო მისიის შესასრულებლად,როდესაც არ იცის წინასწარ,როდის მოუსწრაფებს ტყვია სიცოცხლეს!ეს ხომ ორჯერ-ორია!არა მგონია,ქართველმა მართლმადიდებელმა სამხედრომ მოლასგან დალოცვილმა უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნოს თავი,ვიდრე ნაზიარებმა და ქრისტიანულად კურთხეულმა!წმინდა გიორგი ომში ხილულად ეხმარებოდა ცვენს ჯარისკაცებს და მრავალატასობით ურჯულომ დაინახა მისი ქრისტიანული ზალა,რომელიც მართლმადიდებელ ქართველ ერს ასე გამალებით იცავდა და ხმლით ჩეხავდა საქართველოს მტრებს,განა ეს ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის საჩუქარი არ იყო?!!!განა წმინდა გიორგის სასწაულებრივმა ძალამ არ დაახევინა უკან და შიშის ზარი დასცა უთანასწორო ბრძოლაში აურაცხელ ურჯულოთა ლაშქარს?!!!სად არის ჩვენი რწმენა,რითიც დღემდე მოვედით?კონტრაქტმა და ფულმა ჩაანაცვლა?შინაგანი მოსპო და გაანადგურა?ეს ხომ ქრისტეს უარყოფაა და მეტი არაფერი!!!ღმერთმა ქნას,რომ ეს შეცდომები ჩვენთვის დროებითი აღმოჩნდეს და მალე გამოვფხიზლებულიყავით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here