Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ დაიცვა ამერიკის ელჩმა ამერიკის მოქალაქე ქუთაისის მერი, ანუ პოლიტკანიბალები მეოცნებეებსაც...

რატომ არ დაიცვა ამერიკის ელჩმა ამერიკის მოქალაქე ქუთაისის მერი, ანუ პოლიტკანიბალები მეოცნებეებსაც ჭამენ

661

საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში პატარა პოლიტიკური კანიბალების ჯგუფები მოქმედებენ, რომლებსაც მთელი რაიონი ხელში უჭირავთ და, ვინც მათ «დუდუკზე არ იბუქნავებს», შეჭამენ», _ აცხადებს ქუთაისის ყოფილ მერი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი პოლიტიკური მოძრაობა «თეთრების» ლიდერი _ თემურ შაშიაშვილი. რა ხდება ქუთაისში და რატომ გამოიცვალა ქუთაისმა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ უკვე მეათე ქალაქის მერითემურ შაშიაშვილთან საუბარი ქუთაისში მიმდინარე მოვლენებით დავიწყეთ.

 

_ ქუთაისში მუშაობა ძალიან ადვილია, უბრალოდ, ეს ქალაქი უნდა გიყვარდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქალაქის მერი არ არის დამნაშავე. მე ძალიან ღრმა და სერიოზული ანალიზის საფუძველზე მეცნიერებთან ერთად მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში პოლიტიკური კანიბალიზმი ყვავის. ეს პოლიტიკური კანიბალები ჭამენ განათლებულ, მოაზროვნე ადამიანებს, ჭამენ ქართულ სულსა და ცნობიერებას. საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში პატარა პოლიტიკური კანიბალების ჯგუფები მოქმედებენ, რომლებსაც მთელი რაიონი ხელში უჭირავთ და, ვინც მათ «დუდუკზე არ იბუქნავებს», შეჭამენ. ქალაქის მერი, დიმიტრი კოპალიანიც, სწორედ ამ პატარა პოლიტიკურმა კანიბალებმა «შეჭამეს».

_ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია «ქართული ოცნების» ხელმძღვანელ მამუკა მღვდელაძის განცხადებით, ქუთაისის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის პატიოსნება ქალაქის მერიისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. რა კორუფციულ გარიგებები ხდება ქუთაისში?

_ მე მამუკა მღვდელაძეზე გული მწყდება; ხან ერთ პარტიას მიეკედლა, ხან _ მეორეს, თუმცა ბოლო დროს კარგ ჭკუაზე იყო. ერთს ვიტყვი: ყველა ის ადამიანი, რომელიც დიმიტრი კოპალიანის წინააღმდეგ გამოვიდა, ისტორიაში ცუდად შევა. ქუთაისის ისტორიაში ბინძური ფურცელი ჩაწერეს. რა თქმა უნდა, კორუფციული გარიგებები ხდება. თუმცა, საინტერესოა, კოპალიანი ხომ ამერიკის მოქალაქეც არის, რატომ არ ამოიღო ხმა აშშ-ის ელჩმა? კაცი კაბინეტში შესული არ იყო, რომ უნდა წახვიდე თანამდებობიდანო, ეუბნებოდნენ. ვინც მართლა გულით იდგა «ქართული ოცნების» გვერდით, ისინი ისევ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მოღალატეები კი ქალაქებსა და რაიონებს მართავენ და ეს არ ხდება მხოლოდ ქუთაისში. მაგალითად, ნახეთ, რა ხდება ზესტაფონში,  სადაც ზაალ სამადაშვილია «ჭაობის» დირექტორი.

_ თუმცა დიმიტრი კოპალიანმა დაწერა წერილი, რომ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა

_ ასეთ პატიოსან კაცს, როგორიც კოპალიანია, ამ პატარა რეგიონის პოლიტიკურმა კანიბალებმა განცხადება დააწერინეს, რაღაცით შეაშინეს. ძალიან ცუდი რამ მოხდა ქუთაისში. მე გეუბნებით, ეს განცხადება არის დაწერილი კარნახით, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, როცა ამ წერილს წერდა, თავზე იარაღით ადგნენ და არ იცოდა, როდის ესროდნენ. გავა დრო და, ალბათ, ის ყველაფერს მოყვება…

_ ბატონო თემურ, ქუთაისში ხუმრობენ კიდეც: დაგვწყევლა შაშიაშვილმაო

_ წყევლა ქალების საქმეა. ასეთი ხუმრობა მეც მოვისმინე. ჩემზე იმასაც კი წერდნენ, შაშიაშვილმა თქვა, ჩემს დას არ ვიცნობო. ვინც არ უნდა იყოს, კანონი ყველასთვის ერთია. ჩემი და დღეს ამერიკაში მოსამსახურედ მუშაობს. ყველა მიხვდა, რომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, რასაც მაბრალებდნენ.

კოპალიანი ამერიკის მოქალაქეა. თუ ამერიკასთან კარგი ურთიერთობა გინდა, რას ერჩი ამ ადამიანს? მაგრამ ამათ არ იციან, ნამდვილი ამერიკა რა არის. ჩვენ ვიცით მაკკეინისა და ლიბერმანის ამერიკა. ამერიკის ეკონომიკური და სოციალური სისტემა არ ვიცით. ჩვენთან «თავისუფლების ინსიტიტუტი» და ბოკერიები ნამდვილ ამერიკას ებრძვიან, ვინაიდან ისინი ამერიკული მასონურ-სექტანტური ჯგუფებმა იყიდეს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ამერიკაზე ლაპარაკობენ და პოლიტიკა ბოლშევიკური აქვთ. სწორედ ასეთი ანტიამერიკული პოლიტიკა ჰქონდა სააკაშვილს. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ  შევძელით ჩვენი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოლიტიკურ რანგში აყვანა, ჩვენი ხელისუფალნი, როგორც წესი, ადვილ გზას ირჩევენ და ან ერთ დიდ სახელმწიფოს ლანღავენ, ან მეორეს.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებმაც მიითვისეს უფლება, პატარა სახელმწიფოები თავიანთ «დუდუკზე აცეკვონ». ეს სახელმწიფოები დიდი პოლიტიკური კანიბალების როლს ასრულებენ. ისინი ყველა ქვეყანაში ეძებენ დასაყრდენს, სააკაშვილის მსგავს პოლიტიკურ კანიბალებს. ჯერ კიდევ «ვარდების რევოლუციამდე» ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, მე თუ იმას გავაკეთებ, რასაც მთხოვენ, სიკვდილამდე პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ ისედაც უკმაყოფილოა ხალხი და ის რომ გავაკეთო, რასაც მეუბნებიან, ჩემს საფლავსაც ამოთხრიანო. ეს მისი სიტყვებია. შევარდნაძესაც უთხრეს: ან გააკეთებ ყველაფერს, ან წახვალ თანამდებობიდანო და წავიდა. ზუსტად ვიცი, შევარდნაძე გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას და ქართველი ერის წინაშე ყველაფრის მონანიებას აპირებდა, მაგრამ იქამდე არ მიუშვეს.

მე ვარ ის პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ 1993-1996 წლებში ამერიკელებსაც და რუსებსაც ესაუბრებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მათი მითითებები არ შევასრულე. პირველი ვიყავი, ვინც ამერიკაში საქართველოდან სასწავლო კურსებზე გაემგზავრა; პენტაგონში საოცარი სადილი გამიმართეს ამერიკელებმა, ევრაზიის პრეზიდენტს შევხვდი, ეროვნულ-ნაციონალურ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტები პირდაპირ მეკითხებოდნენ, თქვენ მომავალი პრემიერმინისტრი ან პრეზიდენტი ხართო? გამზადებენ ამისთვის და სანაცვლოდ გთავაზოვენ, ისე მოიქცე, როგორც მათ სურთ.

_ რას გთავაზობდნენ სანაცვლოდ?

_ ყოველგვარ ეროვნულზე უარის თქმას. ეს დიდი ქვეყნების პოლიტიკაა. მაგალითად, რუსების გენერალმა გერასიმოვმაც შემომთავაზა, ხუთ რამეზე უნდა თქვა უარი: ილაპარაკე, რამდენიც გინდა, დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ერთიანი საგარეო, სამხედრო, საბაჟო, საფინანსო პოლიტიკა უნდა გვქონდესო. სოროსს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ეს ფორმულა: სამოქალაქო საზოგადოების დასავლური პრინციპები და ნაციონალური პოლიტიკა ერთმანეთთან კონფლიქტშია. ბჟეზინსკიმ თქვა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ახლა უნდა დავანგრიოთ მართლმადიდებლობაო. მსოფლიო მართლმადიდებლობას სერიოზულად შეურყიეს ტახტი. ერთმორწმუნე ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს.

_ «რაც დრო გადის, ივანიშვილის ყოველი განცხადება შეურაცხმყოფელი ხდება უამრავი ადამიანისთვის», _ განაცხადეთ თქვენ შეკრებაზე. რატომ ფიქრობთ ასე, რა არ მოგწონთ ახალი ხელისუფლების ქმედებებში?

_ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ხდება ამ ხელისუფლების ქმედებები. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში საუცხოო პროგრამით მოვიდა, მაგრამ, მგონი, ეს პროგრამა თავადაც, დიდი ხანია, აღარ წაუკითხავს. ისევ დიდმა პოლიტიკურმა კანიბალებმა არ მისცეს მისი შესრულების საშუალება. მეგონა, ივანიშვილი ამ თამაშს არ ითამაშებდა, მაგრამ შევცდი. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკიდან წასვლაც იმიტომ უნდა, რომ შეეჩეხა იმას, რასაც არ ელოდა. ქვეყანაში ყველაფერს ის წყვეტს, რას იტყვის ლიბერმანი, მაკკეინი ან რომელიმე ელჩი. ქართველი ხალხი რას ამბობს, არავის აინტერესებს. ქვეყნის  ტრაგედია გარედან მართვადი ხელისუფალია. დაუკვირდით, ყველაფერ ამერიკულს, რაც საქართველოში შემოვიდა, NDი იყო, სოროსის ფონდი თუ «თავისუფლების ინსტიტუტი», მარგველაშვილი ედგა სათავეში და ეს კაცი გამოდის დღეს და ჩოხით გველაპარაკება.

ივანიშვილი თვითკმაყოფილია თავისი მუშაობით და ხალხი გაჭირვებისგან გმინავს. თანამდებობებზე 70-80% «ქართუ ბანკიდან» ინიშნება, შეიძლება მთელ ერს თავზე ერთი ბანკი დააჯდეს?! ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილმა ხალხს ბოდიში მოუხადოს, სამართლიანობა აღვადგინეო, _ იძახის. არადა, ვინც ჩვენ დაგვარბია, დღეს ის ადამიანები ისევ თანამდებობებზე მუშაობენ.

_ გამოდის, რომ თქვენც ეთანხმებით კობა დავითაშვილის ინიციატივას _ «ნაციონალებს» თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ?

_ კობა დავითაშვილის ინიციატიცამდე, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი თვის წინ, მეცნიერთა სადისკუსიო დაბრაზმა პაატა ცნობილაძის ხელმძღვანელობით, განაცხადა, რომ ქვეყნაში ორი რამ უნდა მოხდეს: ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და რეჟიმი გასამართლდეს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი აკრძალვების, თუ არ მოხდა რეჟიმის გასამართლება. ჩვენ ჯერ კიდევ 4 თვის წინ გავუგზავნეთ მთავარ პროკურორს 700-გვერდიანი დოკუმენტი და მივწერეთ, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო და ის უნდა გასამართლდეს, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. ბატონ კობას კი მინდა ვუთხრა, რომ, როგორც დეპუტატმა, ამაზე იფიქროს და მიაქციოს ყურადღება, სად არის ეს მასალა. ამ მასალის დიდი ნაწილი ბატონ ბიძინასაც გავუგზავნეთ, პასუხი არც მისგან მიგვიღია. ელემენტარული პოლიტიკური კულტურაა, პასუხი გაგვცენ. ხალხს ეუფროსებიან. მენტორული ტონით გვეუბნებიან, რომ არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო. არადა, თუ ბიძინა ივანიშვილი წავა, სამარცხვინო იქნება, რომ მისი ხათრით არჩეული პარლამენტი დარჩეს და სამარცხვინოა, რომ ივანიშვილს სურს, პრეზიდენტიც მისი ხათრით აირჩიონ.

არ მინდა, პოლიტიკიდან წავიდეს ბიძინა ივანიშვილი. მინდა, ნინო ბურჯნაძემ გაიმარჯვოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ კაცის პოტენციალი საქართველოს სამსახურში გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა იქნება მისი კადრის პრეზიდენტად გასვლა. თუ ეს არჩევნები არ გაყალბდა, ბიძინა ივანიშვილიც გადარჩება და საქართველოც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში აირევა სიტუაცია და უნდა დავიწყოთ მოძრაობა «ნაციონალებისა» და «ქართული ოცნების» წინააღმდეგ. მარგველაშვილი არჩევნების გაყალბების გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდება, გამორიცხულია.

_ სააკაშვილმა ახლახან თურქეთის 936 მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ამაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მტრის ჯინაზე თურქეთში კიდევ რამდენიმე ათასს მინიჭებს მოქალაქეობას. რას მოუტანს ეს ქვეყანას?

_ რუსთაველისა და აღაშენებლის პროსპექტებზე აღარ არის საქართველო; აჭარაში აღარ არის საქართველო. ბევრ ქართულ სოფელში, ადგილობრივ მოსახლეზე მეტი შეიძლება არაბული, ჩინური, ინდური ან თურქული ეროვნების მაცხოვრებელი აღმოჩნდეს.

ამას წინათ ესტონეთის პრეზიდენტის ნათქვამმა შემაძრწუნა. მან განაცხადა, ესტონეთის მცხოვრებლები ტოვებენ ქვეყანას არამარტო ფულის გამო, არამედ გაბოროტებულებიო. ჩვენთან კი ნიმუშად მოჰყავთ ესტონეთის მდგომარეობა. ამას გვიკეთებენ პატარა ქვეყნებს. ათი წლის შემდეგ ქართველები უფრო ცოტანი ვიქნებით საქართველოში, ვიდრე სხვა ერების წარმომადგენლები. ჩვენ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, რა მდგომარეობაში ვართ.

გადახედავ და პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების 80%-ს გვარი და ეროვნება აქვს შეცვლილი. ეს არ არის საქართველოს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკა?! ეს სექტები სწორედ ასეთ ხალხს აწინაურებენ. «პეტერსონ ბელქნაფმა» ჩამოგვიყვანა სააკაშვილი და ძარცვავენ ქვეყანას. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს არ ვებრძვი, მაგრამ, ადამიანი რომ გვარს და ეროვნებას შეიცვლის, ის მოღალატეა. ვკითხულობ, რატომ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში 80% გვარშეცვლილია? ბეჟუაშვილების მამა მარტიროსიანი იყო, მე მას პირადად ვიცნობდი. ეს ხომ ქართველი ერის შეურაცხყოფაა?! და ამის მერე მე ნუ მასწავლიან ჭკუას ბოკერია და უსუფაშვილი, იმას მიხედონ, გვარშეცვლილები, საკუთარ გვარს რომ უღალატეს, ისეთები რომ სხედან თანამდებობებზე. საბჭოთა პერიოდში არ უკადრებიათ ქართველებისთვის ასეთი რამ. ტრაგედიაა, რომ ადამიანი შენი ქართველობის, ქართული პოლიტიკის გამო, საკუთარ ქვეყანაში წინ ვერ მიდიოდე…

შევარდნაძე იმ ხალხმა დაღუპა, რომელიც ყველაფერში ეთანმებოდა და ადიდებდა. როცა ვაკრიტიკებდი, მეუბნებოდნენ, რა გინდა, რას გადაეკიდეო.  დღეს კი ბიძინა ივანიშვილს ვინც გააკრიტიკებს, მისი მტრად მოიხსენიება. როგორც ჩანს, ყველას მოსწონს გვერდით მონური ფსიქოლოგიის ადამიანები. არადა, საქართველოს მხოლოდ განათლებული ადამიანები თუ გადაარჩენენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატონო თემურ საქართველოს არაფერი არ ეშველება თუ ხალხმა ხმა არ ამოიღო. ეს სხვა ქვეყნის დაქირავებული აგენტები საქართველოს გამოხრავენ. ფულის გულისთვის საკუთარ მშობელს გაწირავენ.
    ხალხი უნდა ერთად დადგეს, მაგრამ მათხოვრობას მიჩვეული ერის ერთად დგომა შეუძლებელია, ერი რომელიც კმაყოფილია 100 ლარიანი ან 300 ლარიანი ვაუჩერით, ის მეტის ღირსი არ არის. ჩემი არჩეული, როცა 4000 ლარ ხელფასს იღებს თვეში და მე წელიწადში 1800 ლარ პენსიას 150 ლარიან ვაუჩერს მთავაზიბს და მე ეს ძალიან მიხარია რა გამოდის,ვინ ვარ მე? მართლა ყრუ-მუნჯი და მათხოვარი ვარ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here