Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილმა ანაკლიის პორტის იდეა მოიპარა და იქ სასტუმროები ააშენა!

სააკაშვილმა ანაკლიის პორტის იდეა მოიპარა და იქ სასტუმროები ააშენა!

715

წინა საუკუნიდან მოყოლებული ანაკლიის პორტის მშენებლობას აქტუალობა არ დაუკარგავს. სხვადასხვა დროის პრეზიდენტები, მეცნიერები და ბიზნესმენები ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და მის სტრატეგიულობაზე გამუდმებით საუბრობდნენ. წლები გადის და ზოგმა პიარის კარგ საშუალებად გამოიყენა, ზოგმა _ ფულის მოსაზიდად. ყველა პოლიტიკურმა ძალამ იცის მეგრელებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ანაკლიის მშენებლობის სწორად წარმართვას და ამას წინასაარჩევნოდ კარგადაც იყენებენ.

 

1999 წელს ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შემდგომ გაურკვეველი მიზეზებით ჩაიშალა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საუბარი პრეზიდენტთან ერთად ინგლისში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა თემურ ქარჩავამ დაიწყო, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას რამდენიმე მილიონსა და დაწყებული მშენებლობის ჩაშლას ედავება. ანაკლიის პორტის თემით ჩვენი დაინტერესებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. როგორ დაიწყო ანაკლიაზე საუბარი და როგორ ჩაიშალა? რა ხდება დღეს ანაკლიაში? რა საფრთხეს გვიქადის პლატინა, რომელიც ენგურჰესის მშენებლობის დროს ჩადგეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილების ყოფილ გამგეს, რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერს _ ჯუნა მხეიძეს ეწვია.

_ ანაკლიის პორტის იდეა რომ გაჩნდა, მაშინ მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე ვიყავი, აკადემიკოსი არჩილ კიკნაძე კი _ ნაპირდაცვის გაერთიანების უფროსი. როდესაც ანაკლიაზე საუბარს ვიწყებდით, ჩვენი მთავარი სატკივარი ანაკლიასთან ახლოს მდებარე პლატინა იყო. გახსოვთ, ალბათ, ენგურჰესი რომ აშენდა, მდინარეს მიმართულება შეუცვალეს, ანაკლიიდან 62 კილომეტრში კი დამბა ჩადგეს. დრო გადის და ამ ნაგებობას დაცვა სჭირდება, ოდნავადაც რომ რამე შეეხოს და გაიბზაროს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ენგურს მიმართულება რომ შეუცვალეს, იმ ადგილას ჭაობი დარჩა. მთავრობამ დავალება მოგვცა, რომ დაჭაობებული ტერიტორია აგვეთვისებინა. ეს იყო 5 ათასი ჰექტარი. ნაპირდაცვასთან ერთად, აღნიშნული ტერიტორიის ათვისების გეგმა შევიმუშავეთ. დავწერეთ პროექტი და გავიტანეთ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, პროექტი დამტკიცდა. პროექტში შედიოდა არხის გაყვანა, რომელიც დამბის დაცვას შეძლებდა. ჩვენ მიერ შემუშავებულ პროექტში არსებული არხის მეშვეობით წყალს ჭურიის ჭაობებისკენ გავიყვანდით, მისი სიგანე 300 მეტრი უნდა ყოფილიყო, რომელიც მოსახლეობას წყალვარდნისგან დაიცავდა. 

გავიდა დრო და დამტკიცებული პროექტი ჩავარდა, ხან უფულობას იმიზეზებდნენ და ხან რას. დღემდე თითი თითზე არ დაუკარებიათ. არხი, რომელიც პროექტში ჩავსვით, მომავალში ანაკლიის პორტსაც დაიცავდა.

წლები გადის და არავის ახსენდება დამბის არსებობა და საშიშროება, რომელიც მას ახლავს.

_ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს დამბას?

_ დივერსია, მიწისძვრა…

_ სააკაშვილი ანაკლიის მშენებლობას რომ იწყებდა, თუ გიცდიათ, რომ შეხვედროდით, თქვენი პროექტი გეჩვენებინათ და თან საშიშროების შესახებ მოგეხსენებინათ?

_ ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დამბაზე ხმამაღლა საუბარს ცოტა ვერიდებოდით-ხოლმე, რადგან შესაძლებელია, ამან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს.

სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, მე და არჩილ კიკნაძემ წერილი გავუგზავნეთ, რომელშიც აღწერილი გვქონდა ანაკლიის პორტის მნიშვნელობის დეტალები, ანაკლიის პორტი შავ ზღვაზე ყველაზე პერსპექტიული იქნებოდა. ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა: პორტის პირველი რიგი წელიწადში 5-დან 7 მილიონ ტონამდე ტვირთს მიიღებდა, ამის შემდეგ იქნებოდა მეორე რიგი, რომელიც 90-100 მილიონ ტონა ტვირთის მიღებას შეძლებდა. ასეთი ტვირთის მიღება არც კონსტანცას, არც ბურგასს არ შეეძლო. აკვატორია და სიღრმე ჩვენ ამის საშუალებს გვაძლევდა.

ყულევში რომ ნავსადგური გააკეთეს, მისი სიღრმე სულ ექვსი მეტრია, რომც გააღრმავონ, ისეთი ტერიტორიაა, რომ სამბალიანი შტორმის შემთხვევაშიც კი ამოივსება.

_ ყულევი ანაკლიის პორტის პროექტის დამტკიცების შემდეგ გააკეთეს?

_ დიახ, ყულევის პორტის მშენებლობას ჩვენი პროექტის დამტკიცების შემდეგ მოეწერა ხელი. ჩვენი პროექტის ჩაშლაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ ანაკლიის პორტის მნიშვნელობა, დიდი წვლილი შეიტანეს: დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ტრანსპორტის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა, ერაგიამ, მაგრამ ეს შევარდნაძის გარეშე ვერ მოხდებოდა.

ჩვენს გუნდს ინვესტორიც ნანახი ჰყავდა. სენაკში გაზრდილი ებრაელი იყო მოსიაშვილი. იგი ჩემთან ერთად მუშაობდა; აქედან რომ წავიდა, ხშირად მიკავშირდებოდა, მკითხულობდა. ერთ დღესაც მითხრა, რამე კარგი გეგმა შევიმუშაოთ და დავაფინანსებო. მე ანაკლიის პროექტის შესახებ ვუთხარი, ის დაფიქრდა და რამდენიმე დღეში დამირეკა, თავის ბიზნესგუნდთან ერთად მზად იყო, რომ 750-მილიონიანი პორტის მშენებლობა დაეფინანსებინათ.

ჩვენმა პროექტმა სახელმწიფო ექსპერტიზა გაიარა, ის მოიწონა მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკურმა საბჭომ, ასევე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისიამ, ყველამ განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს ხსნა. პროექტი ჩავარდა. ასევე ჩავარდა მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული 62-კილომეტრიანი ტრასის ათვისების გეგმაც. მაშინ იქვე გვითხრეს, რომ პორტზე ხმა არ ამოიღოთო. მიზეზად თანხის არარსებობას ასახელებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ სპონსორი გვყავდა, ყველა საბუთი მზად გვქონდა.

პროექტის წარდგენიდან რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ გაზეთში ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორო ტენდერი გამოცხადდაო, განაცხადს ხელს აწერდა ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი.

მოვითხოვე, რომ შევარდნაძის განკარგულება ეჩვენებინათ. შევარდნაძის განკარგულება ტენდერის გამოცხადების შესახებ ათი დღის თავზე გამოქვეყნდა. წარმოგიდგენიათ, ასეთი რაღაცებიც ხდებოდა.

ჩვენი პროექტი ჩააგდეს და ყულევის აშენება დაჩქარებული ტემპით დაიწყეს.

ანაკლიის პორტი ყულევის პორტს გადაფარავდა, რადგან ანაკლიის შემთხვევაში მას პერსპექტივა არ ჰქონდა, ყულევის აშენებას მხარს არ უჭერდა არც ერთი კვლევითი ცენტრი. ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, საგულისხმო იყო შევადნაძის განკარგულებაც. ის წერდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა წვრილმანიც კი ჩემთან შეათანხმეთო. ეს პრეზიდენტის საქმე არ იყო, უბრალოდ, პირადი დაინტერესება ჰქონდა.

_ სააკაშვილმა რომ დაიწყო ანაკლიაზე საუბარი, თქვენ მის გეგმას ეთანხმებოდით, სწორად დაიწყო მან მშენებლობა?

_ არა, რა თქმა უნდა. ანაკლიის მშენებლობა პორტიდან უნდა დაწყებულიყო. ანაკლიაში ნახევარი წელიწადი წვიმაა, ამიტომ იქ ტურისტისთვის სახარბიელო ადგილი არ არის, შესაბამისად, მომგებიანიც არ არის.

სააკაშვილი ავადმყოფი კაცია, მას ასეთი რაღაცები ახასიათებს. ფოთში აეროპორტი დაინგრა, მეცნიერებისთვის არ უკითხავს, რატომ დაინგრა და განკარგულება გასცა, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენეთო. ფოთში, როდესაც შტორმი იწყება, მიწის ფენები მოძრაობს, ამიტომ დაინგრა აეროპორტიც.

_ ჩვენ აღარ გავაგრძელეთ იმაზე საუბარი, სააკაშვილს რომ წერილი მისწერეთ, მოვლენები როგორ განვითარდა?

_ ძალიან საინტერესოდ, თუმცა არაფრის დადასტურება არ შემიძლია. მოგიყვებით, რა მოხდა. ჩვენ წერილი შევიტანეთ, არჩილი თავად მივიდა, როგორც აკადემიკოსი, მის მიღებაზე სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა. იმ დღეს სააკაშვილს არ ეცალა, ელჩებს ხვდებოდა, ამიტომ წერილი მდივანთან დავტოვეთ და მან შეიტანა. დრო რომ გავიდა, წერილის პასუხი მოვითხოვეთ, წერილში გეგმის შესახებ ყველაფერი იყო ნათქვამი. პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ მდივანმა თქვა, რომ მან წერილი შეუტანა. მერე მდივანი შევიდა და თქვა, რომ წერილი მაგიდაზე აღარ დევსო. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

_ ფიქრობთ, რომ იდეა მოიპარა?

_ შესაძლებელია, ოღონდ გადააკეთა და სასტუმროები და სისულელეები ააშენა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში მეტეოროლოგების 50-წლიანი დაკვირვების შედეგები იდო, მასში ნათლად ჩანდა, რომ ნახევარი წელიწადი იქ წვიმებია, ანუ ტურისტისთვის მომხიბლავი არ არის, ეს მაინც გაეთვალისწინებინა… ასე და ამგვარად, სააკაშვილთან მოლაპარაკება ჩაიშალა.

_ ახალ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე საუბარი სცადეთ?

_ ასე წერილობითი და პირდაპირი არა, მაგრამ გაზეთის საშუალებით მივწერე. მითხრეს, რომ პრემიერი გაზეთებს კითხულობსო, მაგრამ რა ვიცი… იმედი ძალიან გაცრუებული მაქვს, არადა, მინდა ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი _ ეს ერთ-ერთი უმთავრესი გზაა აფხაზებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. აქ 12 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება. აფხაზეთიდანაც ბევრი ჩამოვა სამუშაოდ. ამ გზით, ჩვენი ეკონომიკა გზას გაჭრის მათი ეკონომიკისკენ.

ტვირთი ჩინეთიდან, შუა აზიის რესპუბლიკებიდან, სადაც ჭარბი და იაფი მუშახელია, ევროპაში მიეწოდება სუეცის არხით ან აფრიკის შემოვლით. ანაკლიის პორტის აშენების შემდეგ კი ტვირთი წამოვა რკინიგზით კასპიის ზღვამდე, ბორანით აზერბაიჯანში და იქიდან რკინიგზით _ ანაკლიამდე, ანაკლიიდან კი ბორანით _ ილიჩკოვსკში (უკრაინა), კონსტანცაში, ბურგასში და ა.შ. ტვირთი აღმოსავლეთ ქვეყნებიდან ევროპაში ორჯერ უფრო იაფად, სწრაფად და მოკლე გზით მიეწოდება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია არხი, რომელიც წყალს ჭურიისკენ გადაისვრის და მოსახლეობასა და პორტს დაიცავს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here