Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: რომელი ერთი დაპირებაა შესრულებული ან რომელს ეტყობა, რომ ოდესმე შესრულდება?

აკაკი ასათიანი: რომელი ერთი დაპირებაა შესრულებული ან რომელს ეტყობა, რომ ოდესმე შესრულდება?

584

მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი.

_ ბატონო აკაკი, თქვენი გადაწვეტილება, რომ მომავალ არჩევნებში კენჭი იყაროთ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ განუმარტეთ საზოგადოებას, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

 

_ ოცდახუთ წელზე მეტია, პოლიტიკაში ვარ და სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია; ძალაუფლებისკენ სწრაფვა არასდროს მქონია მიზნად, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ამასთან, ძალიან ბევრი ჩვენი ახლობელი, მეგობარი და თანამოაზრე გვთავაზობდა, გადაგვედგა ეს ნაბიჯი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამ მიგვიყვანა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ოცდათხუთმეტი პრეზიდენტობის კანდიდატია და, თუ დააკვირდებით, ყველა გაურბის რაღაც კონკრეტულ თემაზე ლაპარაკს. მხედველობაში მაქვს ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ზუსტად ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი ჩამოყალიბებული შეხედულებები საზოგადოებისთვის გამეცნო და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის პოსტი, მიუხედავად მისი შეზღუდული უფლებებისა, საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი პოზიციაა ამ ამოცანების შესასრულებლად…

_ რა იქნება თქვენი პრიორიტეტი და მთავარი ამოცანა გამარჯვების შემთხვევაში?

_ უწინარესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ძირეულ ცვლილებებზე. სხვანაირად იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას მოუვიდა, შეუძლებელია. ეს ცვლილება, უპირველესად, სჭირდება საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებს, ამიტომ მე და ჩემს მეგობრებს, თანამოაზრეებს მიგვაჩნია, რომ აქ სერიოზულად უნდა დადგეს ქვეყნის ნეიტრალიტეტის საკითხი. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს დღეს ამაზე, მაგრამ ვერც პოლიტიკოსები ბედავენ ხმამაღლა ლაპარაკს და ვერც საზოგადოება… არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი…

_ რას მისცემს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა საქართველოს?

_ ეს იძლევა საშუალებას, შენარჩუნდეს ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან იმ ილუზიების გარეშე, რომ ხვალ-ზეგ მიგვიღებენ ევროკავშირში, ნატოში, რომლისგანაც 20 წელია შარის მეტი არაფერი მიგვიღია და, ამავე დროს, იძლევა საშუალებას, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან რაღაც-რაღაცებში გავერკვეთ. მოდი, ვთქვათ პირდაპირ: დღეს რუსეთი თვლის, რომ ნატო მისთვის არის პრობლემა. ახლა სწორია ასეთი მიდგომა თუ არასწორი, ასე მიაჩნია, ამიტომ ხვალვე რომ ღებულობდნენ საქართველოს ალიანსში, ჩვენთვის საფიქრალია, რამდენად გვიღირს ეს.

_ ამ პოლიტიკით შეიძლება, დასავლეთის მხარდაჭერა დავკარგოთ.

_ რატომ უნდა დავკარგოთ, თუ მათ ჩვენთან თანასწორუფლებიანი, ღირსეული ურთიერთობა სურთ, რა არის მიუღებელი იმაში, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან ამოვდიოდეთ?! რა, ასე არაა ყველა სუვერენული სახელმწიფო?! გარდა ამისა, აქ საკითხი შემდეგნაირად დგას: რა მოაქვს ჩვენთვის ერთი პოლუსისკენ მისწრაფებას, ამ შემთხვევაში ნატოსთან მიტმასვნას, მოაქვს ის, რომ მთელს ჩრდილოეთ საზღვარზე, ამდენი ხნის ურთიერთობა რომ გვაქვს, იმ ხალხთან ვამწვავებთ მდგომარეობას და ვექცევით, ფაქტობრივად, იზოლაციაში. ამ დროს რას ვიღებთ სანაცვლოდ? დაცვას? ქოლგას? იცით, რა, ქოლგა კარგია მისთვის, ვინც მის შუაშია, მაგრამ კიდეზე რომ კაცი დგას, იმას აწვიმს

_ თქვენი აზრით, ის ცვლილებები, რომლებიც დასაწყისში ახსენეთ, იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო მთლიანობაში წარმატებული ქვეყანა გახდეს?

_ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობდი პრობლემის ერთ კონკრეტულ ასპექტზე, მაგრამ ცხადია, ჩვენ ასევე გვაქვს სხვა პრობლემებიც, ეს იქნება ეკონომიკური, მორალური თუ ფსიქოლოგიური. საერთოდ, ქართველი ხალხი, საზოგადოება უნდა დამშვიდდეს და მშვიდ გარემოში უნდა გავერკვეთ, რა გვინდა. აი, ამის პარალელურად უნდა ვილაპარაკოთ რუსებთან და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ისეთ შეთანხმებამდე მივალთ, რომ უახლოეს მომავალში ის უზრუნველყოფს ჩვენი ხალხების ნორმალურ ურთიერთობას.

_ ხალხების ურთიერთობა რადგან ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად დადებითად მიიღებს საზოგადოება ნეიტრალიტეტის იდეას? 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის წინ რომ რეფერენდუმი ჩატარდა, მასში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ალიანსში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

_ ის რეფერენდუმი იყო შირმა სააკაშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების დასაცავად. აქ ყველაფერი ძალზედ მარტივია, უბრალოდ, რაღაც გაითამაშეს. სააკაშვილმა აიფარა ეს რეფერენდუმი იმისთვის, რომ გაემართლებინა თავისი გაყალბებული არჩევნები. სხვანაირად, დარწმუნებული ვარ, ასეთი დიდი მხარდაჭერა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას არ ექნებოდა.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ კარგი, მაშინ ვთქვათ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობოდა ანტირუსული გზით წასვლას და ალიანსში შესვლას, სად იყო ნატო 2008 წლის აგვისტოში?! ან სად იყვნენ ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორები?! მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხები და ერთხელ და სამუდამოდ დავარქვათ რაღაც-რაღაცებს სახელი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც შეუძლია პრეზიდენტს, რომ სამსჯელოდ გაიტანოს საკითხი. მერე საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რას ვირჩევთ და საით მივდივართ.

_ საინტერესოა, თვითონ რუსეთის ხელმძღვანელობა როგორ მიიღებს საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას

_ სიმართლე გითხრათ, ამაზე  მათთან არასოდეს მისაუბრია, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: ასეთი პოლიტიკა რუსეთთან, სულ ცოტა, ლაპარაკის საშუალებას იძლევა. მერე გზადაგზა გამოჩნდება, ისინი რას ფიქრობენ და საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, პროცესებში გაჩნდება შედარებით მეტი სიცხადე.

_ აქამდე არც ერთი მკაფიო მინიშნება, კრემლის მესვეურთა მხრიდან, ნეიტრალიტეტზე არ ყოფილა.

_ არც იქნება, იმიტომ, რომ ისინი არ გკარნახობენ, რას აირჩევ. იქ არის რაციონალური ხალხი, რომელიც, ჩვენგან განსხვავებით, ადეკვატურად აფასებს ვითარებას, ამიტომ რაღაც მზა ფორმულებსა და სქემებს კი არ გაძლევენ, გაკვირდებიან, გამოაქვთ დასკვნები, _ რას უნდა ელოდონ შენგან მომავალში. საერთოდ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო; ის ყველა შემთხვევაში რჩება მსოფლიოს წამყვან ქვეყნად და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ, ანგარიშგასაწევ ძალად.

_ დავუბრუნდეთ არჩევნების თემას, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადვე განაცხადეს, რომ არათანაბარ პირობებში იმყოფებიან ორ პარტიასთან _ «ქართულ ოცნებასთან» და «ნაციონალურ მოძრაობასთან». თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ რა თქმა უნდა, არ არის თანაბარი პირობები. ეს ობიექტურადაც ვერ იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ განაგრძო წინამორბედის მანკიერი პოლიტიკა. თუნდაც დაფინანსება რომ ავიღოთ, _ ის მარტო მათ აქვთ და «ნაციონალურ მოძრაობას». მორჩა, ამით ყველაფერი ნათელია.

_ ეს ყველაფერი ხომ არ გაფიქრებინებთ, რომ კოალიციას «ნაცმოძრაობის» მეორე ძალად გაყვანა უნდა?

_ ალბათ ასეა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?! როგორც მოკრივეებს აქვთ დარბაზში სავარჯიშო «გრუშა», ასევე სჭირდება დღეს «ქართულ ოცნებას» წინა ხელისუფლება. ხალხი ვერ იტანს «ნაციონალურ მოძრაობას». მისი რეიტინგი, ფაქტობრივად, განულებულია და ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. უკეთესი ოპოზიცია რა გინდა! ასე რომ არ იყოს, აგერ სადაცაა, ერთი წელი შესრულდება 1 ოქტომბრის არჩევნებიდან, ამ ხნის მანძილზე ვერ მოხერხდებოდა ნორმალური კანონის შემუშავება და მერე მიღება?! ერთი ობიექტური არჩევნები იქნებოდა საკმარისი და «ნაცმოძრაობა» გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ  ხელისუფლებას სჭირდება ეს პარტია. მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს ამას, ამიტომ კოალიციის წამზომი, პრაქტიკულად, ჩართულია. საზოგადოება დიდხანს ვერ იქნება მოტყუებული. ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

_ შეუსრულებელი დაპირებებიც ერთერთი მტკივნეული საკითხია მმართველი გუნდისთვის. ადრე ამბობდნენ ხოლმე, ჯერ ხელისუფლების შეცვლიდან ძალიან მცირე დრო გავიდაო

_ და კიდევ, სააკაშვილი გვიშლის ხელსო. კი, ბატონო, უშლიდა და შეიძლება, უშლის დღესაც, მაგრამ აგერ, ორ თვეში არ იქნება სააკაშვილი, მერე რას იტყვიან? რომელი ერთი დაპირებაა შესრულებული ან რომელს ეტყობა, რომ ოდესმე შესრულდება? რუსეთთან ურთიერთობა ვერ დაალაგეს, ეკონომიკას ვერ მიხედეს, სამართლიანობა არ ან ვერ აღადგინეს. სხვა რას ვითხოვდით ჩვენ? რაც შეეხება აფხაზეთსა და ოსეთს, ამ მიმართულებით საერთოდ ძვრაც არაა ჯერ.

_ ამას წინათ ივანიშვილმა «ამერიკის ხმასთან» ინტერვიუში განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში აფხაზებთან და ოსებთან საუბარში ძალა არ უნდა იყოს ნახსენები.

_ განცხადების დონეზე ეს მისასალმებელია, მართლაც არ არიან ესენი წინამორბედივით აგრესიულები, მაგრამ უუნარო ხალხია. არადა, ახლა გადაწყვეტილებების დროა, კონკრეტული ქმედებებია საჭირო და ისინი ამას ვერ აკეთებენ.

_ მიზეზს რაში ხედავთ?

_ უწინარესად, კოალიციის სიჭრელეში, ერთიანი მსოფლმხედველობის არარსებობაში. ასევე მეორე პრობლემაა ის, რომ იქ ძალიან ცოტანი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ეს ეხება «ოცნებაში» შემავალი სუბიექტების აბსოლუტურ უმრავლესობას, დაწყებული მათი ლიდერით, რომელსაც ეგონა, რომ ბიზნესი ჰგავს პოლიტიკას და როგორც ბიზნესში მიაღწია წარმატებას, ასევე იქნებოდა აქაც.

_ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე რას ფიქრობთ?

_ ეს აუცილებელია და გარდაუვალი. აუცილებელია რამდენიმე ფაქტორით: ერთი ის, რომ «ნაციონალებს» 40% არ აუღიათ; მეორე ის, რომ ივანიშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მერე, შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეო და მესამე, ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი რამის გამკეთებლები არიან? ახლა როგორ მოვიქცეთ, ვიჯდეთ და ოთხი წელიწადი ველოდოთ ამ გაურკვევლობაში რა იქნება? გაურკვევლობა ცუდ გარკვეულობაზე უარესია, ამას რა შეიძლება მოჰყვეს, კაცმა არ იცის.

_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ ჩატარდება,  «ქართულმა ოცნებამ», შესაძლოა, არა მხოლოდ «კრივის მსხალი» დაკარგოს «ნაცმოძრაობის» სახით, არამედ თვითონაც ვერ მოხვდეს უმრავლესობით საკანონმდებლო ორგანოში. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, წავა მმართველი გუნდი კომპრომისზე?

_ ეს საზოგადოებაზეა დამოუკიდებული. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მსგავსად, დღეს ძალიან ბევრი პარტიაა შემთხვევით პარლამენტში. მაგალითად, რესპუბლიკელები. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რეალისტურად თუ შევხედავთ, ისინი, ფაქტობრივად, მეორე ადგილზე არიან ხალხისგან ნეგატიური დამოკიდებულებით. პირველზე ვინცაა, ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, ჯერ არაფერია დამთავრებული. საერთოდ, არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არ არის ხელისუფლება, ესაა გარდამავალი პერიოდი.

_ თავის დროზე ივანიშვილი დაგვპირდა, რომ მისი მმართველობის სიკეთეს ხალხი მეორე და მესამე წელს იგრძნობდა.

_ ღმერთმა ქნას, ჩვენ კი არ ვეწინააღმდეგებით მას, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ისევ ნატო, ევროკავშირი და მიტმასვნა ერთ პოლუსთან, აი, ზუსტად ეს იყო ის, რასაც სააკაშვილმა გადააყოლა ყველაფერი.  სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ გამიგია, რაზე დავობენ «ოცნება» და «ნაციონალური მოძრაობა». თუ შენი პოლიტიკა წინამორბედისგან განსხვავებულია, თქვი ხმამაღლა, თუ არა და მაშინ შეიერთე ეს «ნაციონალებიც» და ეგ იქნება ყველაზე მაგარი კოაბიტაცია…

_ სხვათა შორის, ამას წინათ მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ კოაბიტაციის დასასრული დაგვიანონსა. რა აზრის ხართ ამაზე?

_ რა უნდა ვთქვა, იმდენად ზღვარგადასულ უმსგავსობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მარგველაშვილს ათქმევინეს, დასრულდებაო. ესე იგი რა გამოდის? კარგად სცოდნიათ, ხალხს რა უნდა. ზუსტად ესაა უბედურება, _ მმართველი ძალა არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას. ამიტომაც უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე, დაიცვას საკუთარი ხმა და უფლებები. სხვანაირად აქ მშვიდობას და სტაბილურობას ტყუილად ნუ ველოდებით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here