Home რუბრიკები საზოგადოება როდის დასრულდება სააკაშვილ-ივანიშვილის «ფლირტი» და რას ურჩევს სააკაშვილს ვახტანგ მაისაია?

როდის დასრულდება სააკაშვილ-ივანიშვილის «ფლირტი» და რას ურჩევს სააკაშვილს ვახტანგ მაისაია?

627

დღეს პარლამენტს და მთავრობას მართავენ რესპუბლიკელები (როგორც ჩანს, ივანიშვილს აშშმა დაავალა), მაგრამ მათი რეიტინგი არ არის იმხელა, რომ ამ დოზით აკონტროლებდნენ ხელისუფლებას. საზოგადოება წუხს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ხალხის განწყობას არ გამოხატავს. რა არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან? «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

 

_ საქმე ისაა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში. მაშინ მთავარი ამოცანა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გადარჩენა იყო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდიოდა, ანუ ან ხისტი, ავტორიტარული რეჟიმი ტრანსფორმირდებოდა ტოტალიტარულ რეჟიმად (ლუკაშენკოზაციის პროცესი დაიწყებოდა), ან საქართველო დაუბრუნდებოდა დემოკრატიული რეჟიმის ტიპის მართვის წესს. აი, ამ არჩევანზე იყო საუბარი და ბუნებრივია, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება და გადავრჩით. დიახ, სწორედაც, რომ გადავრჩით! აქედან გამომდინარე, ის საპარლამენტო მდგომარეობა, რომელიც არის დღეს შექმნილი, ბუნებრივია, არ გამოხატავს იმ რეალობას, რომელსაც უნდა გამოხატავდეს. ეს პარლამენტი იყო ტრანზიტული პერიოდისთვის განკუთვნილი, ანუ იმისთვის, რომ გარდამავალი პერიოდი გაევლო საქართველოს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალბათ, ლოგიკურია, რომ დღის წესრიგში დადგეს საკითხი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა, რომელიც სრულად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააჩნია. ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანასწორი საარჩევნო გარემო იქნება, არ გაიმართება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არსებობისთვის და შედეგიც ადეკვატური დადგება. რაც შეეხება პერიოდს, ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს.

_ აშშმა სულ რომ მწვანე შუქი აუნთოს «ოცნებას» ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ახალი არჩევნები ხომ სერიოზული თანხების მობილიზებას მოითხოვს. არის თუ არა ეს თანხები და იქნება თუ არა გამართლებული ეს ხარჯი?

_ მე შემთხვევით არ ვახსენე ახალი საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივ არჩევნებთან ერთად დანიშვნა… ანუ, თუ ერთდროულად ჩატარდება ეს არჩევნები, ხარჯებიც ნაკლები იქნება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სწორედ ამ პერიოდში იქნება ადეკვატური და გამართლებული. სხვათა შორის, ახალი პრეზიდენტის მმართველობის გარკვეული ვადაც იქნება გასული და ვნახავთ, თუ როგორ მოქმედებს ახალ პირობებში ახალი კონსტიტუცია.

რაც შეეხება ამერიკის ფაქტორს, მე ამერიკის დემონიზაციას არ მოვახდენდი ჩემი სუბიექტურობიდან გამომდინარე, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა _ გამოწვევები, რომლებიც ქართულმა მყიფე დემოკრატიულმა გარდაქმნამ მიიღო, მოდიოდა არა ამერიკიდან, არამედ ევროპიდან, იმავე ყბადაღებული სახალხო პარტიის მხრიდან. ახლა, მე მგონი, გასაგებია, თუ რომელი პოლიტიკური ძალა უქმნის დღევანდელ დემოკრატიულ ხელისუფლებას რეალურ პრობლემას, ანუ ვინ ცდილობს ყველანაირი მეთოდის გამოყენებით თავისი სატელიტის გადარჩენას. სატელიტში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ-ის დღევანდელი  ადმინისტრაცია, ბარაკ ობამას თაოსნობით, მიხეილ სააკაშვილს კარგა ხანია არ სწყალობს; პირიქით, ყველანაირად ერიდებოდა მასთან რაიმე კონსტრუქციული დიალოგის გამართვასაც კი. ეს ფაქტია. ახლა ამერიკაშიც არიან იმ ნეოკონსერვატორების, ანუ ლიბერტარიანელების მომხრეები, მაკკეინისა და ლიბერმანის მოძმეების სახით და ბუნებრივია, ცდილობენ, გადაარჩინონ თავიანთი სატელიტი, მაგრამ ვიმეორებ: ამერიკის ადმინისტრაცია, რომელიც ოფიციალურად   წარმოადგენს ქვეყანას, «კოჭლ იხვ» სააკაშვილს არ სწყალობდა, ეს იყო ცალსახა და მკაფიო.

_ მახსენდება, სააკაშვილის განცხადება 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით

_ მიხეილ სააკაშვილი, რომ აბსოლუტური დემაგოგია, გასაგებია, მაგრამ ამასთან ერთად პროფანიც ყოფილა. კაცმა ამერიკაში სწავლა-განათლება მიიღო, ამით ამაყობს და ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციები და მოვალეობებიც კი არ იცის, რა არის, თან იურისტია. ჯერ ერთი, კოლუმბიის უნივერსიტეტს რა ვუთხარი, რომ ამ ადამიანს დიპლომი მისცა. დიახ, კაცმა ისიც არ იცის, რომ FBI-ის _ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს არ აქვს საერთაშორისო დონეზე ჩართულობის უფლება, ეს მას კანონით ეკრძალება.CIA _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ან თუნდაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა რომ დაესახელებინა, კიდევ გავიგებდი. ეს დაახლოებით იგივე ვარიანტია, ჩვენი სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები ჩართულები რომ ყოფილიყვნენ აშშ-ში FBI-ის მონიტორინგზე. ეს ხომ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. სააკაშვილს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად აქვს «კოჭლი იხვის» სტატუსი, უკვე ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყებია. მისი განცხადებები ამის რეალურ საფუძველს იძლევა.

_ «ქართულმა ოცნებამ» და პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა ამ «კოჭლ იხვთან» და მის «ნაციონალურ მოძრაობასთან» კოაბიტაცია არ უნდა დაასრულონ? ერთი წელი ხდება, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და რა გააკეთეს, გარდა იმისა, რომ ხალხს ქუჩაში აღარ ხოცავენ? პატიმრები ისევ პირს იკერავენ, უმუშევრობა კვლავ გამეფებულია და . . რა ჩამოთვლის

_ მე თუ მკითხავთ, კოაბიტაცია არც უნდა დაწყებულიყო. აქ რა ხდება, იცით? ფიქრობენ, დასავლეთმა ცუდად არ შემოგვხედოსო და აგრძელებენ ამ კოაბიტაციას. აი, ამაზეა საუბარი და რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, დასავლეთის ეს ხედვა მოდის სწორედ იმ ყბადაღებული სახალხო პარტიის ფენომენისგან. ძალოვან სტრუქტურებში კვლავ თბილად სხედან ჯალათები და ნაძირლები, ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დამქაშები იყვნენ. დიახ, სამწუხაროდ, ძალოვანი სისტემის სტრუქტურები არ გაიწმინდა ამ ნაძირლებისგან და ესეც არის ამ კოაბიტაციის შედეგი. იმ «ნაციონალებთან», რომლებიც ჩამძვრალნი იყვნენ სოროებში და ბევრი გაქცეულიც კი იყო, მაგალითად, ადეიშვილი, ახალაია, შაშკინი, მიდის დიალოგი და კოაბიტაცია, სისხლის სამართლის დამნაშავეებთან არის კოაბიტაცია. აი, ამას რა ვუწოდო, არც კი ვიცი. ეს იგივე ვარიანტია, პოსტნაცისტურ გერმანიაში ლუდვიგ ერჰარდის მთავრობას რომ ეთანამშრომლა ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მაშინდელ წარმომადგენლებთან. აი, მარტინ ბორმანი (რომელიც დაკარგულია დღემდე, მაშინ გაქცეული იყო) უცებ რომ გამოჩენილიყო 1949 წელს გერმანიაში და ლუდვიგ ერჰარდთან, რომელიც იმ პერიოდში დემოკრატიულ კოალიციას წარმოადგენდა, დაემყარებინა მჭიდრო თანამშრომლობა, ბორმანს აღედგინა ნაციონალსოციალისტური პარტია, შესულიყო პარლამენტში და ყოფილიყვნენ ერთად გადანასკვულნი. ახლა თქვენ ხომ გგონიათ, რომ ეს არის ფანტასტიკა?! დიახ, ეს მარტინ ბორმანის აღზევება იქნებოდა. იგივე მოხდა ახლა «ნაციონალურ მოძრაობასთან», ანუ ქართველ ნაცისტებთან დაკავშირებით.

_ ეს არ ყოფილა ქართული საზოგადოების ოცნება, ხალხი მათ «ფლირტს» უნდა შეეგუოს?

_ ხალხის სახელით ვერაფერს გეტყვით. მე შემიძლია ვახტანგ მაისაიას სახელით გესაუბროთ და მოვიყვანე კიდეც კონკრეტული პოლიტოლოგიური მაგალითი ისტორიული ანალიზის მეთოდის გამოყენებით. იგივე ვარიანტია ეს კოაბიტაციაც, მარტინ ბორმანსა და ლუდვიგ ერჰარდს შორის დამყარებული კოაბიტაცია იმ 1949 წლის გერმანიაში. აი, ეს მომენტია დღეს. ახლა ხალხმა თავად უნდა გააკეთოს დასკვნები, მე, ვახტანგ მაისაიას, ასეთი დასკვნა გამომაქვს.

_ და ვინ წარმოგიდგენიათ მომავალ არჩევნებში სერიოზულ ძალად? მოიძებნება კი ასეთი ძალა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თუ აქაც პრობლემა გვაქვს?

_ ჩვენთან პოლიტიკური პროცესები პოლიტიკური სატირის მომენტში მიდის. ქვეყანაში რომ 50 საპრეზიდენტო კანდიდატი გეყოლება, ეს უკვე არა მარტო პოლიტიკური იუმორის თემაა, არამედ ამაზე შეიძლება პოლიტიკური სატირის ახალი შოუც კი გაკეთდეს. დიახ, ეს იყო პოლიტიკური სატირის იდეალური დემონსტრირება. და რამდენი პარტიაა დღეს საქართველოში? 300-ზე მეტი, არა? ჩემი აზრით, ფორმულა უნდა იყოს ასეთი _ ყველა პარტია მინუს ნაცისტები, «ნაცმოძრაობა». დიახ, ეს პოლიტიკური ფორმულა უნდა იყოს, ეს იქნება ყველაზე იდეალური. მთავარია, «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ ახალ პარლამენტში. და თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ხალხი თავის სიტყვას ნებისმიერ შემთხვევაში იტყვის.

ვიმეორებ: პოლიტიკური ფორმულა უნდა იყოს ყველა მინუს ნაცისტები, მთავარია, დენაციფიკაცია დაიწყოს. კი, ბატონო, სააკაშვილი, «კოჭლი იხვიდან» მალე გადაიქცევა ჭეშმარიტ იხვად, წავა, მაგრამ მისი პარტია? _ თან უნდა მიჰყვეს!

ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ სააკაშვილს, რადგან მას ძალიან კარგი პიროვნული თვისებები აქვს არტისტულ ჟანრში: მინდა, გზა დაგილოცო ქართული სატირისა და იუმორის ჟანრის აღზევებაში. არა მგონია, გაუტოლდე ისეთ კორიფეებს, როგორებიც იპოლიტე ხვიჩია, თენგიზ ჩანტლაძე და ბიძინა მახარაძე არიან, მაგრამ მინდა გისურვო, რომ, აი, ამ გზას დაადგე და რაღაც დონეს მაინც მიაღწიო. თუ მიაღწევ ისეთი მსოფლიო კორიფეების დონეს, როგორებიც ბენი ჰილი ან არკადი რაიკინია, ხომ კარგი. ამით ქართულ სატირას მაინც გაუკეთებ რამეს. 

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here