Home რუბრიკები პოლიტიკა საპრეზიდენტო მარათონის ზოოლოგიური ვნებანი

საპრეზიდენტო მარათონის ზოოლოგიური ვნებანი

600

საპრეზიდენტო მარათონი გრძელდება და, თუ მაისში სააკაშვილმა ნერონს დააბრალა სენატში საკუთარი ცხენის შეყვანა, ახლა კალიგულას ხსენებასაც მოერიდა (ისევ რომ არ შეშლოდა) და «ერთერთი რომაელი იმპერატორი» მოიხსენია: «ხალხს შესთავაზეს ისეთი კანდიდატები, რომლებიც უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ჩვენი ხალხის განვითარების, ინტერესების და ღირსების დონეა. ასე რომ, ერთერთი რომაელი იმპერატორის მსგავსად, რომელმაც სენატში ცხენი აირჩია, ამას ქართველი ხალხი არ გააკეთებს, რადგან ელემენტარულად უხერხულია, მათ ისეთი კანდიდატი შესთავაზეს»…

 

«ისეთმა კანდიდატმა» არც აცია, არც აცხელა და კუს ტბაზე «ქართული ოცნების» ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებას საკუთარ ძაღლთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ «თავისუფალი ზონა» სარკასტულად წერს: «კონცერტს მარგველაშვილი და მისი ოთხფეხა არსება ბოლომდე ერთად დაესწრნენ. თუმცა ჩუმი ჩაკითხვების შემდეგ მალევე გახმაურდა, რომ ახალგაზრდებში ძაღლით გამოჩენა მარგველაშვილს საკუთარმა «ქრთამნაღებმა პიარშიკმა» შალვა რამიშვილმა ურჩია. თუმცა სანამ ბატონი . მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში ქვეყნის კონსტიტუციაზე «წვერით ან უწვეროდ» პირველად დაიფიცებს და ინაუგურაციაზე საკუთარ ოთხფეხასთან ერთად გამოჩნდება, მანამდე სხვადასხვა ლიდერმა «პიარშიკ» შალვა რამიშვილს, როგორც ჩანს, იდეები მოპარეს» (აქ «თავისუფალი ზონა» საყვარელ ძაღლებთან გადაღებული ჰიტლერის, და ასლან აბაშიძის ფოტოებს აქვეყნებს. ლენინს აქაც არ გაუღიმა ბედმა _ მას ხელში კატა უჭირავს).

მკითხველს ბოდიშს მოვუხდით ამ «შედევრალური» ტექსტის გასწორებისთვის, რადგან რუსეთთან მებრძოლი «თავისუფალი ზონის» მესვეურებს ქართული იმდენად არ ეხერხებათ, რომ მათი ნაცოდვილარის ზუსტად ციტირება ქართული ენის შეურაცხყოფა იქნებოდა. ეს ის «თავისუფალი ზონაა», რომელიც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის შექმნილ «ზონას» ვერ ამჩნევდა, ახლა კი მის «თავისუფალ» ვერსიას ქმნის ერთი, ვიწრო წრისთვის და გამგელებული იცავს, უკაცრავად პასუხია და, ადვოკატს, რომლის თავისუფლებაც ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი გაბედავას ცხვირთან არ დამთავრდა.

ადამიანები, რომლებმაც ჩიორას ცხვირის გამო ლამის მთელი ევროპარლამენტი შეძრეს, გიორგი გაბედავას ცხვირს ისე თავისუფლად ეხებიან, თითქოს «ცხვირის უფლება» მარტო მათ ჰქონდეთ! ინციდენტი საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სტვენით გააცილეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სასამართლოს ეზოში მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შედეგადაც ნანა კაკაბაძესთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს ეზოში მოსული გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ გაბედავას ონიანმა დაარტყა, თუმცა პოლიციელებმა ონიანის ნაცვლად იგი დააკავეს!

ნანა კაკაბაძეს საპროტესტო აქციების მოწყობისთვის კიდევ ერთმა ძალიან თავისუფალმა ნაპროკურორალმა, შეთავსებით «რუსთავი 2»-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მსხვილფეხა რქოსანი უწოდა. ასე, რამდენი საქონელიც «კმარასა» და «ნაციონალურ მოძრაობაში» ირიცხებოდა, იმდენი საქართველოს ფერმებში არ დაითვლება, თუმცა სტვენისა და ლანძღვისთვის მათი ცემა რომ დაეწყოთ, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე იმდენი უნდა ერტყათ, რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია!

ყოფილი პოლიტპატიმარი სიმწრით აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გიორგი ონიანი, წლების წინ პოლიტიკური მოძრაობა «კმარას» წევრი იყო და «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. «გიორგი ონიანი ადამიანებს ჯიბეში ნარკოტიკულ საშუალებას _ «სუბოტექსს» უდებდა და ამ გზით აკავებდა, დღეს კი სამართლიანობაზე საუბრობს. ის თავდაპირველად «კმარას» წევრი იყო, ხან ხაჭაპურზე აგზავნიდნენ, ხან _ რაზე, შემდეგ დააწინაურეს და სამართალდამცველად მუშაობდა, დღეს კი ადვოკატიამათ არ აქვთ უფლება, სამართლიანობაზე ისაუბრონ. ისინი ან ჩუმად უნდა იყვნენ, ან ხალხს ბოდიშს უხდიდნენ», _ განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მოსუქებული «კმარელი» რა მოსატანია, როცა თვით ვანო მერაბიშვილიც დარბოდა ხაჭაპურზე და საბოლოოდ, «ქვეყნის ხერხემლად» გამოცხადებას ეღირსა! მოკლედ, თუ ვინმეს რევოლუციამდე ხაჭაპურზე ან ხაჭაპურით ურბენია, რევოლუციის შემდეგ ყველა თანამდებობაზე აღმოჩნდა. ახლა ისინი საკუთარი ხაჭაპურის ნაჭრისთვის «გადამწყვეტ» ბრძოლას განაგრძობენ და ხელს ახალი ხელისუფლებისკენ იშვერენ. «უფლებადამცველი» გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი აქცია პროკურატურის მიერაა ორგანიზებული.

რა პროკურატურა, გიორგი, პროკურორი ვინ მიგდია, ეს ყველაფერი «თავისუფლების ქომაგთა» მიმართ თვით შევარდნაძის დაგეგმილია, მას კი პირდაპირ კრემლიდან, პუტინისგან აქვს დავალება მიღებული! გაბედავა კი, იმის ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ცოცხალ რიგში ჩადგეს და სააკაშვილს ნასამართლობის მოხსნას ეხვეწებოდეს, ისევ უსამართლობას აპროტესტებს!

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრო ბარნოვი, საზოგადოებას ამშვიდებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი, რომელიც პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებს, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავების საფრთხეს არ შეიცავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დილიდან შეიკრიბნენ ადამიანები და შესაბამის განცხადებას გაცხოველებით ავსებდნენ. დიდხელმწიფემ მოწყალება მოიღო და მისი წყალობით ციხეგამოვლილ ასიათასობით ქვეშევრდომს უფლება უბოძა, რეგისტრაცია როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ტელეფონის მეშვეობით გაევლო. ვიდრე შეეძლო, ყველას იჭერდა, ახლა ყველას უხსნის ნასამართლობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

ანდრო ბარნოვი: «აღნიშნული აქტი არის მნიშვნელოვანი აქტი. ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, მან გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამა თუ იმ მსჯავრდებულს ნასამართლობის შემდეგ დაწესებულებულ შეზღუდვებს შეუმსუბუქებს და მათ მიეცემათ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალება».  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კი ათობით მადლიერი ყოფილი მსჯავრდებული შეიკრება, რაც «ნაციონალების» საპრეზიდენტო აქტივში მისათვლელ საარჩევნო ხმებს უნდა ნიშნავდეს.

«თავისუფალი ზონა» კი კვლავაც გაცხოველებით იბრძვის და ამჯერად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ნიკოლოზ ტაბაღუას უფლებებს იცავს. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ახსნეს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია თავად მამა ნიკოლოზის ოჯახის წევრებისგან მიიღეს. «თავისუფალი ზონის» ვერსიით, «ჯვრის ახსნის» მიზეზი პროკურატურის მხილებაა, სადაც მამა ნიკოლოზმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გამოძიებისგან ზეწოლით ახსნა».

16 აგვისტოს თავისუფლების კიდევ ერთმა ნაციონალურმა ქომაგმა, «თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა» ვიდეოფირი გაავრცელა, რომელშიც მამა ნიკოლოზი გამომძიებელ კახაბერ ჭუმბაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მამა ნიკოლოზის თქმით, 13 აგვისტოს ის ქალაქის პროკურატურაში დაიბარეს, სადაც გამომძიებელმა ჭუმბაძემ ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას, წინააღმდეგ ჩვენება ძალდატანებით მიაცემინა. ვიდეოჩანაწერში მამა ნიკოლოზი საუბრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა მათთვის სასურველი ჩვენების მიცემა, მას დაკავებითაც დაემუქრნენ.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მამა ნიკოლოზი აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და მეტრეველი, ახალაიას რეკომენდაციით, სხვა პატიმრებთან შედარებით, უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

იმავე დღეს მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება, თუმცა მთელმა საქართველომ პროკურატურის გარეშეც მშვენივრად იცოდა, რომ მამა ნიკოლოზის, იმჟამად სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების დირექტორ თემურ ტაბაღუას, ხელში ზემოთ ნახსენები პირები თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ კი ჯვრის ახსნა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ყოფილ «მეციხოვნეს», სავარაუდოდ, ღვთისმსახურების შესრულების უფლება დროებით შეუწყდება.

რამდენ ხანს გასტანს ეს «დროებით», ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ავჭალის მრევლს «მამა» თემურ ტაბაღუასთვის აღსარების თქმა კიდევ დიდხანს რომ ნამდვილად არ მოუნდება, ამას ვარაუდიც არ უნდა. ეკლესიის წიაღში ჩანერგილი «ნაციონალების» შესახებ იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ამაზე ლაპარაკს აღარ შევუდგებით, ყოველ შემთხვევაში მანამდე, ვიდრე სოსო თოფურიძე მონასტრებს არ მოილოცავს და შინ სხვა «ნაციონალებივით» მშვიდობით არ დაბრუნდება.

ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია «თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის» დამფუძნებლები ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა და ადვოკატი გიორგი ონიანი არიან, ხოლო ორგანიზაცია «კლუბი თავისუფალი ზონა» 2013 წლის 21 მაისს დაფუძნდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც ვანო მერაბიშვილი დააკავეს. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ყოფილი «ნაციონალი» პარლამენტარი კობა ხაბაზი და გელა ვასაძე.

მთელი ამ აბსურდის ზოოლოგია კი, ალბათ, «ქართულ ოცნებას» უკეთ მოეხსენება, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ ძაღლთან ერთად ხვდება მხარდამჭერებს. ბოროტი ენები ამბობენ, რომ იგი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მასაც ჰყავს საკუთარი გოშია, ხოლო კიდევ უფრო ბოროტები მის მოუგვარებელ ოჯახურ მდგომარეობაზე ქირქილებენ. «ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი», _ აცხადებს «ოცნების» კანდიდატი და ამაში, ძნელია, არ დაეთანხმო; ადამიანები ოჯახს სულ სხვა მიზნით ქმნიან, მაგრამ ამომრჩეველთან საპრეზიდენტო კანდიდატის ძაღლით სიარულს რომ მომავალი პირველი ლედის წარდგენა სჯობს, ესეც ყველას კარგად მოეხსენება.

ჯანდაბას ზოოლოგია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ «მე-9 არხი» ისევ დაიხურა. თურმე, კარგა ხანია, ყიდიან, მაგრამ მყიდველი ვერ მოძებნეს. არადა, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ახლა ისევ გამოჩნდებიან მისი 1 ლარად ყიდვის მოსურნენი, მანამდე კი «ფეისბუქს» მივუგდოთ ყური:

«მეცხრე არხი» დაიხურა, სამაგიეროდ, «ტაბულა» მუშაობს, ძმებო

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. უბრალოდ გვეშინია თქვენც ჩვენი დეპუტატივით ყვარყვარეს შთამომავლობა არ გააგრძელო………და იმედები არ გაუცრუოთ ხალხს,უშეცდომო არავინაა დედამიწაზე და ბატონი ბიძინაც შეცდა ხალხის ამოცნობაში,ნეტავ თქვენშიც ხომ არ ცდება????????????????სიღნაღს დეპუტატის არჩევანის შეცდომის გამო დიდი იმედგაცრუება შეგვრჩა ხელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here