Home რუბრიკები პოლიტიკა დაიწყებს თუ არა «დიდ წმენდას» ბიძინა ივანიშვილი?

დაიწყებს თუ არა «დიდ წმენდას» ბიძინა ივანიშვილი?

594

«მეცხრე არხი» დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველასთვის ცხადი იყო, რომ არსებული სახით ამ ტელევიზიის არსებობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა, ორშაბათს გავრცელებული ცნობა საზოგადოების ნაწილისთვის ფრიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს მოვლენა მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ტრანსფორმაციისა, რომელსაც ქართული მედია და პოლიტიკური სივრცე განიცდის. ხანგრძლივი და მომქანცველი გარდამავალი პერიოდი სრულდება და დროებითი კონსტრუქციების ადგილას უფრო მყარი ნაგებობების მშენებლობა იწყება, თუმცა ამას ყველა როდი გრძნობს და არასტაბილურობის განცდისგან ვერ თავისუფლდება. ალბათ, ურიგო არ იქნება, ჩამოვთვალოთ და გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებიც ამას განაპირობებს.

 

ტანკები და ტრაქტორები

«მეცხრე არხმა» და «ინფო-9»- წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საქმე საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას ეხებოდა, ძალიან დიდი, უნიკალური (გადაჭარბების გარეშე) როლი შეასრულეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია ეკისრებოდათ მათ პოსტსაარჩევნო პერიოდში, როდესაც ახალი ხელისუფლება სიტუაციას სრულად ვერ აკონტროლებდა, ხოლო «ნაციონალების» მიერ კონტროლირებადმა მედიამ, რომ იტყვიან, ცეცხლი ყველა კალიბრიდან გახსნა, თუმცა დღეს ვითარება აშკარად შეცვლილია.

უხეშად რომ ვთქვათ, ომის დროს საჭიროა ტანკი, ომის შემდეგ კი _ ტრაქტორი. ტანკი, იდეაში, შეიძლება გადაკეთდეს ტრაქტორად, მაგრამ ეს ძალზე არაეფექტური ტრაქტორი იქნება, რომლის შენახვა გაუმართლებლად ძვირი დაჯდება. გაცილებით რაციონალურია ახალი ტრაქტორ(ებ)ის ყიდვა.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ომი არ დასრულებულა და ახლა ტრაქტორების დრო არ არის და ამ შემთხვევაში მეტაფორის განვრცობა და სამხედრო ისტორიაში ჩაღრმავება მოგვიწევს. პირველი მსოფლიო ომის ტანკები სრულიად გამოუსადეგარი იყო მეორე მსოფლიოში, ხოლო ის, რასაც (სავსებით სამართლიანად) 40-იანი წლების საინჟინრო აზრის მწვერვალად განვიხილავთ, ბირთვულ ეპოქაში ძალიან სწრაფად ანაქრონიზმად იქცა. ეს უბრალოდ სხვადასხვა ტექნოლოგიური საფეხურები და ტანკების სხვადასხვა თაობებია, რომელთა შექმნას არსებითად განსხვავებული მოთხოვნები განაპირობებდა. რა თქმა უნდა, უადგილო იქნება პირდაპირი პარალელების გავლება «მეცხრე არხსა» და პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ტანკს შორის, თუმცა გარკვეული ასოციაციები კომენტატორებს ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეთ.

ის, რომ «მეცხრე არხის» ბედი გადაწყდა დღეს და არა ორი თვის წინ ან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, რიგი სიტუაციური ფაქტორებისა და შიდასახელისუფლო ინტრიგების თანხვედრამ განაპირობა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, არსებული სახით მას თუნდაც ერთი წელიწადი გაეძლო. ყოველივე თქმული არანაირად არ აკნინებს «მეცხრე არხისა» და «ინფო-9»-ის თანამშრომლების დამსახურებას სააკაშვილის მარაზმატული რეჟიმის დემონტაჟის საქმეში; ის ეპიზოდები, როდესაც ისინი, ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლის და აშკარა საფრთხის მიუხედავად, მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ, ქართული ჟურნალისტიკის მატიანეში სათანადო ადგილს დაიკავებს.

მმართველი კოალიცია ასევე შეიძლება შევადაროთ ტანკს, რომელიც კონკრეტული ომის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნა. «ინჟინრები» აკრიტიკებდნენ მის კონსტრუქციას და გარკვეული რაკურსებიდან ის ძალიან უშნოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მისი აწყობა მოხდა იმ დეტალებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო და, საერთოდაც, «იდეალური ტანკი» ბუნებაში არ არსებობს. ფაქტია, რომ ყველაფრის მიუხედავად, მან ამოცანა შეასრულა და მოწინააღმდეგის თავდაცვა გაარღვია. მაგრამ დღეს ის გამოუსადეგარია ტრაქტორის როლში და არც «მომავალი ომის მოთხოვნებს» უპასუხებს. ასე რომ, კონვერსია, სავარაუდოდ, მასაც შეეხება, ისევე, როგორც ყველა დროებით კონსტრუქციას, რომელიც წინასაარჩევნო ან გარდამავალი პერიოდისთვის შეიქმნა. ეს არა მხოლოდ ტელევიზიას ან კოალიციას, არამედ არაერთ სხვა რგოლს ეხება.

საინტერესოა, რომ ბევრი მოქალაქე არ აღიქვამს ამ პროცესებს, როგორც «გარდაქმნას» და მიიჩნევს, რომ საქმე რღვევასთან და დესტაბილიზაციასთან გვაქვს. მათ სტაბილურობის განცდა აკლიათ და მის ძიებაში შეიძლება მხარი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას დაუჭირონ, რადგან მას, ყველა მინუსის მიუხედავად, მოსახლეობაში ამ განცდის ფორმირება ნამდვილად ძალუძს. მათ აშინებთ მუდმივი ცვლილებები და საყრდენ წერტილს ვერ პოულობენ. სხვა ყველაფერთან ერთად, მათ ეუბნებიან, რომ ივანიშვილი მალე თანამდებობას დატოვებს და მათ არ იციან, რა მოხდება შემდეგ. ყოველივე ამას არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ეკონომიკური ეფექტიც მოაქვს, საუბარი მასშტაბურ, გრძელვადიან პროექტებზე (მსხვილი კომპანიის იქნება ან თუნდაც ინდმეწარმის) ასეთ ატმოსფეროში უადგილოა.

არაერთგზის ითქვა, რომ ახალ ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უვარგა (აქ არ იგულისხმება პროპაგანდისტული მანიპულაციები სააკაშვილის სტილში) და ამის გამეორებას აზრი არ აქვს. მას პრაქტიკულად არც ერთი ეფექტური ნაბიჯი არ გადაუდგმას იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო, ფრიად ნერვული ფსიქოლოგიური ფონი შეცვალოს. არადა, აქ ფსონი გაცილებით დიდია, ვიდრე მმართველი კოალიციის ან ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, რადგან ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება დაიწყოს ოცნება «ძლიერ ხელსა» და «ავტორიტარულ სიცხადეზე», ქვეცნობიერად დაუკავშიროს ერთმანეთს დემოკრატია და დესტაბილიზაცია, თავისუფლება და სისუსტე; ეს კი მომავალში შეიძლება ქვეყნის სტრატეგიული მარცხის წინაპირობა გახდეს. ნელი სათქმელია, შეეხება თუ არა «გარდაქმნის» პროცესი, რომელიც ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიწყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის რგოლებს, თუმცა მისთვის, ალბათ, სასურველია, რომ ამ მიმართულებით რაღაც შეიცვალოს.

ისევ ავგიას თავლა

ყველაზე დიდ პრობლემას ივანიშვილს დღეს, სავარაუდოდ, არა სრული კრახის პირას მყოფი «ნაციონალები» და რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე მხარდამჭერები უქმნიან, არამედ ისინი, ვინც უყურებს მას, როგორც «ბიძინასაფულეს» და «ბიძინალოკომოტივს» (სარკინიგზო-პოლიტიკური და არა საფეხბურთო მნიშვნელობით) და მოქმედებენ ისე, რომ გარემოებათა თანხვედრის გამო შექმნილ სასათბურე პირობებში რაც შეიძლება დიდხანს (იდეაში, უსასრულოდ) დარჩნენ. ისინი ქმნიან ერთგვარ ჭაობს, რომელიც შთანთქავს ყველაფერს, რამაც შეიძლება თუნდაც იოტისოდენა საფრთხე შეუქნას და ეს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ელიტის განახლებასთან, თამაშის წესების გაჯანსაღებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს ეხება. მარტივად და ოდნავ უხეშად რომ ვთქვათ, ქართველ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა პოლიტიკური ღორებისთვის, რომელთაც ყველა საქმეში მხოლოდ საკუთარი წილი და ქულების დაწერა აინტერესებთ. მას, ბოლო ორი ათწლეულის ტრადიციებიდან გამომდინარე, შეუძლია, შეეგუოს მათ არსებობას ასე თუ ისე ლოკალიზებულ სივრცეში, მაგრამ ის ნამდვილად არ შეეგუება იმას, რომ მათი «მორალი» პოლიტიკური ცხოვრების დაუწერელ კონსტიტუციად იქცეს; ის, აგრეთვე, ძალიან კარგად გრძნობს საფრთხეს, რომელიც ამ პოპულაციისგან მოდის.

«წმენდა» არც ისე პოპულარული სიტყვაა, რომელმაც XX საუკუნეში ფრიად ნეგატიური დატვირთვა შეიძინა, თუმცა, შესაძლოა, ივანიშვილს ხელისუფლების შიგნით სწორედ რომ წმენდის ჩატარება სჭირდება. ძნელი სათქმელია, თვითონ გააკეთებს ამას თუ ძირითად სამუშაოს ახალი პრემიერმინისტრი შეასრულებს (მეორე უფრო სავარაუდოა), თუმცა ფაქტია, დღევანდელი სიტუაცია სულ უფრო აახლოებს ხელისუფლებას მისთვის ყველაზე არასასურველ, საშინელ განაჩენთან, რომელსაც ამომრჩეველი, ალბათ, დაახლოებით ასე ჩამოაყალიბებს: რით განსხვავდებიან ესენი «ნაცებისგან»?

«წმენდა», ცხადია, არ გულისხმობს მასობრივ რეპრესიებს ტოტალიტარულ სტილში, მაგრამ უნიათო მენეჯერები (თუნდაც ნაწილი) სავარძლებს უნდა დაემშვიდობონ, ხოლო ზემოთნახსენები «ღორობის ეპიდემია» ლოკალიზებული უნდა იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის როგორც ივანიშვილის, ისე სრულიად საქართველოს მომავალს იმსხვერპლებს. ცხადია, ნეგატიური ფაქტორების სრული განეიტარალება ვერ მოხერხდება და სახელისუფლო ელიტის მყისიერ, ჯადოსნურ გაჯანსაღებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თამაშიც წესები მისთვის, ალბათ, მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს, თანაც _ რაც მალე, მით უკეთესი.

ივანიშვილის იდეა პოლიტიკოსების კონტროლზე სამოქალაქო სექტორის მეშვეობით, რომელიც ბევრ კომენტატორს, მათ შორის მის მხარდამჭერს, არასერიოზულად ეჩვენება; არსებითად სწორია, თუმცა საეჭვოა, რომ არასამთავრობო სექტორმა დღევანდელი სახით ამ ამოცანის შესრულება შეძლოს. მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესების გამომხატველებად, დამცველებად, ძველ რომში რომ იტყოდნენ, «სახალხო ტრიბუნებად» არ განიხილავს და ხშირად «გრანტიჭამიებად» მოიხსენიებს. არადა, არავინ უშლის ამ ადამიანებს ინიციატივა საკუთარ ხელში აიღონ. მარტივად რომ ვთქვათ, იკრიბება ხუთი მოქალაქე, რომლებიც ბიუროკრატებმა გაამწარეს (ან, უბრალოდ, ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა სურთ), ქმნიან (პირობითად) «ბიუროკრატების კონტროლის და, გადატანითი მნიშვნელობით, გაროზგვის სამოქალაქო ცენტრს» და ძირითადი საქმიანობისგან თავისუფალ დროს სახელწოდების შესაბამის საქმიანობას მისდევენ.

მაგრამ საქართველოში ასე არ ხდება, ეს იმპულსი «ქვემოდან» არ იგრძნობა და მოქალაქეების დიდი ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჯერ კიდევ ფეოდალიზმის ხანაში შემუშავებული წესების თანახმად ურთიერთობს. ხოლო პირველი, რაც ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას მოჰყვება, დიდი ალბათობით, «ბიძინას გრანტების» ათვისებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისგან მთელი ინდუსტრიის შექმნა იქნება. და არაფერი შეიცვლება, ვიდრე რიგითი მოქალაქეები თავიანთი უფლებებისთვის გაცილებით აქტიურ ბრძოლას არ დაიწყებენ. ალბათ, აუცილებელია, გადაილახოს უხილავი ზღვარი, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში ავტორიტარულმა პერიოდმა გაავლო, უბრალოდ, უნდა გავბედოთ და «ზემოდან» დაშვებული სანქციის გარეშე, საკუთარი ძალებით შევქმნათ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიებიც კი. გინებასა და ქვების რევოლუციურ სროლას ალტერნატივა ნამდვილად აქვს.

ვის აძლევს ხელს «ხავერდოვანი საბოტაჟი»?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ პოლიტიკაში ყოფნა და აღმასრულებელ სტრუქტურებში მუშაობა განიხილება, უპირველესად, როგორც სოციალური ბონუსების მოხვეჭის ერთ-ერთი ყველაზე იოლი და, ამასთანავე, ასე თუ ისე, უსაფრთხო შესაძლებლობა, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე «ცუდი ყოფაქცევისთვის» ძალიან ცოტა ჩინოვნიკი დაისაჯა, თუ სათვალავში რამდენიმე გამორჩეულ მონსტრს და უიღბლო «მეისრეებს» არ ჩავაგდებთ. საუბარი მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისგებლობას როდი ეხება; ზოგიერთი «მოღვაწის» პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის თვალის გადავლებაც კი კმარა იმისთვის, რომ, მასთან შედარებით, უკანასკნელი მეძავი პატიოსნების განსახიერებად ჩავთვალოთ, თუმცა ასეთი ადამიანები კვლავინდებურად იწოდებიან პოლიტიკოსებად, სინდისის ქენჯნას არ განიცდიან და დროდადრო გვმოძღვრავენ კიდეც, ხოლო ქართული საზოგადოება მათ, მარტივად რომ ვთქვათ, არ ერჩის.

მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ ასეთი მასშტაბი მათ «მესამე სამყაროს» ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში თუ აქვს. მარტო ივანიშვილი ამას ვერაფერს მოუხერხებს (აპირებს თუ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და რამდენად შორსმიმავალია მისი გეგმები, ცალკე საუბრის თემაა). მას, მისი დიდი გავლენის მიუხედავად, ეს ჭაობი შთანთქავს. წარმატება შეიძლება მხოლოდ კომბინირებულმა შეტევამ მოიტანოს, როგორც «ზემოდან», ისე «ქვემოდან» (აუცილებლად ერთდროულად).

დღეს რადიკალურად განწყობილი კონსპიროლოგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების შიგნით შეიქმნა რაღაც ფარული ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევს. მსგავსი თეორიები, როგორც წესი, ახალი, ლოგიკურად ძნელად ასახსნელი შეფერხებების გაჩენის  კვალობაზე იქმნება. სერიოზული საუბარი ამაზე, ისევე, როგორც ნებისმიერ კონსპიროლოგიურ თეორიაზე, არ ღირს; არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც ასეთი ოპოზიციის არსებობაზე მიუთითებს. მაგრამ, რაოდენ უცნაურადაც უნდა გაიჟღეროს, ეს იდუმალი ოპოზიცია, ალბათ, მაინც არსებობს, ოღონდაც მასზე, სავარაუდოდ, უნდა ვისაუბროთ არა როგორც ოპოზიციაზე კლასიკური გაგებით ან ფარული მტრული ზრახვების მქონე ფრაქციაზე, არამედ ოპოზიციაზე ცვლილებებთან და განახლებასთან კავშირში. იდეოლოგია და ორიენტაცია აქ, სავარაუდოდ, არაფერ შუაშია, საუბარია პოლიტიკოსებზე, რომელნიც საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის და უდარდელი ცხოვრების გასახანგრძლივებლად «ნაციონალებს» და უცხო ქვეყნების რეზიდენტურებს კი არა, ეშმაკსაც შეეკვრებიან. ალბათ, სწორედ ამ მიდამოებში უნდა მოვძებნოთ იმ ჩუმი, ასე ვთქვათ, «ხავერდოვანი» შიდასახელისუფლო საბოტაჟის ლოგიკა, რომლზეც ხმამაღლა ძალიან ცოტას საუბრობენ, თუმცა მის გამოვლინებებს სულ უფრო ხშირად ვეჯახებით.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. კომენტარს ამ მიკერძოებულ სტატიას კი არა ამ გვერდს გავუკეთებ.ბიძინასი ხარ ბიძინასი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here