Home რუბრიკები პოლიტიკა «გადატვირთვა» დასრულდა. რა ელის საქართველოს?

«გადატვირთვა» დასრულდა. რა ელის საქართველოს?

569

«გადატვირთვა» ჩიხში შევიდა, აშშრუსეთის ურთიერთობა სულ უფრო პრობლემური ხდება. საუბარი ყოვლისმომცველ კონფრონტაციაზე ან «ახალ ცივ ომზე» ჯერჯერობით ნაადრევი ჩანს, თუმცა ნეგატიური ტენდენციები სახეზეა. მოახდენს თუ არა ეს გავლენას საქართველოზე? როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი ხელისუფლება, რომ ქვეყანას ამ პერიოდში დამატებითი პრობლემები არ შეექმნას? უნდა ვცადოთ თუ არა თევზის დაჭერა კონფრონტაციის მღვრიე წყალში, რაზეც წლების განმავლობაში «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები ოცნებობდნენ?

 

კოზაკი აქლემებს შორის

არის ერთი ძველი დიალოგი, რომელმაც საქართველოს პოზიციისთვის აშშრუსეთის ან ნებისმიერი ზესახელმწიფოის (დღევანდელ თუ მომავალ) დაპირისპირებაში შეიძლება ერთგვარი ქვაკუთხედის როლი შეასრულოს. როდესაც შაჰმა ვახტანგ გორგასალს უთხრა: «ითხოვე ჩემგან, რაცა გნებავს თავისა შენისათვის», მეფემ უპასუხა: «მნებავს, რათა იყოს მშვიდობა შენ შორის და კეისრისა». სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მსგავსი იდეები პოპულარული არ იყო, ითვლებოდა, რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ორი გიგანტის დაპირისპირების გაღრმავებას და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

ამ მისწრაფებებმა სააკაშვილის რეჟიმის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულეს, მისი რიტორიკა და კონფრონტაციის გაღრმავების უშედეგო, თუმცა ენერგიული მცდელობები «გადატვირთვის» პიკზე ობამას ადმინისტრაციისთვის სასურველ რეალობასთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტორი, რომლის გამო ვაშინგტონმა სააკაშვილის რეჟიმის აქტიურ მხარდაჭერაზე ხელი აიღო, თუმცა მან საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სააკაშვილს «გადატვირთვის» დასრულებამდე რომ გაეძლო, მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან, შესაძლოა, შედარებით რთული (მაგრამ, ალბათ, მაინც გარდაუვალი) გახდებოდა.

დღეს დიდი ხმაურია სნოუდენის ინციდენტის, რუსეთში სექსუალური უმცირესობების უფლებების, აგრეთვე, რიგი სხვა რეზონანსული თემების გარშემო, მაგრამ, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი მნიშვნელობა იმ გამოცდილებას აქვს, რომელიც ვაშინგტონმა სირიაში მიიღო. პირველად «ცივი ომის» შემდეგ სამმა უცხო სახელმწიფომ _ რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა _ მისი ინტერესების გატარებას საკმაოდ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწია, თანაც ამის გაკეთება ძალების რამდენადმე შესამჩნევი დაძაბვის გარეშე მოახერხა. მათ არ შეუქმნიათ ფორმალური ალიანსი (ეს ღია გამოწვევა იქნებოდა) ან რაიმე საკოორდინაციო სტრუქტურა, მაგრამ აშშ-ს და მათ მოკავშირეებს ძალზე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

სირიის საკითხი, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, აშშისთვის ზეპრიორიტეტული არ არის, თუმცა იქ მიღებულმა გამოცდილებამ, სავარაუდოდ, დააფიქრა პოლიტიკოსები ვაშინგტონში იმაზე, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება მომავალშიც, უფრო მნიშვნელოვან სიტუაციებშიც შეექმნათ და, როგორც ჩანს (ბოლოდროინდელი სიგნალებით თუ ვიმსჯელებთ), მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახლო მომავალში მოსკოვისა და პეკინის გლობალური ამბიციების შეზღუდვაზე ორიენტირებული ნაბიჯები უნდა გადადგან

საერთოდ, საქართველოში «ნაციონალების» პროპაგანდის გადამკიდე, თეთრი სახლის ნებისმიერი, რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება ან თუნდაც განცხადება ხშირად აღიქმება, როგორც რუსეთის საბოლოო «ჩამოშლაზე» ორიენტირებული აქტი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, მიზანშეწონილია სწორედ ეს ტერმინი _ «შეზღუდვა» გამოვიყენოთ. რუსეთის «ჩამოშლა» ისეთი სახით, როგორც ეს «ნაციონალებს» წარმოუდგენიათ, წარმოშობს «გეოპოლიტიკურ ვაკუუმს» მთელ რიგ ზონებში (ცენტრალური აზია, ან სულაც _ ციმბირი), რომელსაც, 99%-იანი ალბათობით, დაუყონებლივ შეავსებს ჩინეთი, რაც მას უზომოდ გააძლიერებს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკელებს ბანალურად რუსეთის სრული დაქცევა სურთ, ალბათ, მაინც უადგილოა; ამოცანები, სავარაუდოდ, შედარებით მოკრძალებულია. იგივე ეხება ჩინეთსაც, თუმცა იქ განსხვავებული კონტექსტია, რომლის აღწერა ამ წერილის ჩარჩოებს სცდება. მარტივად რომ ვთქვათ, მოსკოვი და პეკინი გაძლიერდნენ და მათი მზარდი ამბიციები, რომელთა ერთერთი გამოვლინება სირიაში ვიხილეთ, ვაშინგტონს აფრთხობს.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ სიტუაციაში ძალზე მნიშვნელოვანია, დაადგინოს, თუ რამდენად მაღალია «დაპირისპირების გრადუსი» და არ აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, რომელშიც სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში მოხვდა. რა არის გიგანტების დაპირისპირებაში რეალური და რა წარმოსახვითი? რა ნაბიჯებს გადადგამენ (თუ გადადგამენ) მხარეები სამხრეთ კავკასიაში?

ზოგადად, ობამას ადმინისტრაციისთვის უცხოა პოსტსაბჭოთა სივრცეში ღრმა შეჭრისა და რუსეთის «ფერადი რევოლუციების» რკალში მოქცევის იდეები, რომელიც «ნეოკონებს» არ ასვენებდა. აგრეთვე, ძნელი წარმოსადგენია, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდოს; მისი მეთოდები შედარებით დახვეწილი და, ასე ვთქვათ, «შემოვლითია». თუმცა რუსეთთან დღევანდელი დაპირისპირების ლოგიკამ რაღაც მომენტში შეიძლება უბიძგოს თეთრ სახლს, დღის წესრიგში დააბრუნოს საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრიანების, აგრეთვე, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. მაგრამ მოახდენს თუ არა ის რეალურ ზეწოლას ევროპელ მოკავშირეებზე, რათა მათ საქართველოს ნატოში გზა გაუხსნან? რამდენად მოსალოდნელია, რომ ამერიკელებმა საქართველოს გამთლიანება ღირსების საქმედ გაიხადონ, როგორც ეს თავის დროზე (მაგალითად) დასავლეთ ბერლინის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს?

არსებობს რამდენიმე ტესტი, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემას აიოლებს. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ვაშინგტონს სერიოზული შეიარაღების მოწოდება სთხოვოს, რის გაკეთებისგან ის აქამდე თავს იკავებდა. თეთრი სახლის პასუხი კი ერთგვარი ინდიკატორის როლს შეასრულებს. სააკაშვილი ასეთ სიტუაციაში ამ საკითხს წინა პლანზე აუცილებლად წამოწევდა. რას მოიმოქმედებს ივანიშვილის ხელისუფლება? ჩაატარებს ამ სარისკო ექსპერიმენტს თუ დაელოდება მკაფიო სიგნალს ვაშინგტონიდან: «იყიდეთ ან სულაც უფასოდ აიღეთ ჩვენი იარაღი»? მსგავსი «სატესტო თემა» ბევრია და მათი დაყენება (ან არდაყენება) დღის წესრიგში ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის (ჯერაც ბოლომდე ამოუცნობ სტილზე) საკმაოდ ბევრს მოგვითხრობს.

ხომალდები, მითები და ლეგენდები

«რუსთავი 2»-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და ამერიკული ფლოტის როლზე თბილისის გადარჩენაში. აღსანიშნავია, რომ ეს თემა «ნაციონალების» მითოლოგიაში თანდათან ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. სააკაშვილის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში კონფლიქტის ქრონოლოგიაშია; ბუშის 13 აგვისტოს განცხადებას ჰუმანიტარული (და არა სამხედრო) ოპერაციის დაწყების შესახებ, წინ უძღოდა მედვედევის განცხადება საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ (30 საათით ადრე), სარკოზისა და მედვედევის მიერ დარეგულირების პრინციპების გაცხადება (24 საათით ადრე) და სააკაშვილის პრინციპული თანხმობა, სამშვიდობო გეგმა მიეღო (6 საათით ადრე). პირველი ამერიკული ხომალდი, «მაკფოლი» შავ ზღვაში 21 აგვისტოს შემოვიდა. ვისთან უნდა ეომა ან ვინ უნდა შეეშინებინა მას ამ პერიოდში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები აშკარად დასრულებული იყო, ხოლო სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი?

აგვისტოს მესამე დეკადაში თბილისის შტურმზე არც შინ, არც გარეთ აღარავინ საუბრობდა. იქნებ საქმე ავიაციაშია, რომლის შესახებ სააკაშვილი ასე მოგვითხრობს: «პატრულირება საქართველოს საზღვრების გასწვრივ და პატრულირება რას ნიშნავს, იქიდან რამე რომ მოსვლოდა ამ თვითმფრინავს, დაახლოებით ორი წამის ამბავი იყო, რომ პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, შეტაკება _ ეს რუსებმა მშვენივრად იცოდნენ, ამან გააჩერა». ამ ფრაზიდან, ალბათ, უნდა დავასკვნათ, რომ თბილისის აღება აუცილებლად მოითხოვდა თურქეთის საჰაერო სივრცეში ამერიკულ თვითმფრინავებზე იერიშის მიტანას; რუსეთის მანიაკალურ გენშტაბს, სააკაშვილის ლოგიკას თუ მივყვებით, სხვაგვარად არ ძალუძს. როგორც ჩანს, მან უკვე აღარ იცის, რა თქვას, რათა ამერიკელები თბილისის მხსნელებად გამოიყვანოს. ნიკოლა სარკოზის კი ამასთან დაკავშირებით ალტერნატიული ვერსია აქვს, 2008 წლის ნოემბერში მან შემდეგი განცხადება გააკეთა: «როდესაც 8 აგვისტოს ვიღაც უნდა გაფრენილიყო მოსკოვსა და თბილისში, ვინ იცავდა მაშინ ადამიანის უფლებებს? აშშის პრეზიდენტი, რომელმაც თქვა «ეს მიუღებელიათუ საფრანგეთი, რომელმაც რუსეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის შუამავლის როლი შეასრულა? მოსკოვში გაფრენის წინ ამერიკის პრეზიდენტმა მითხრა: «არ გაფრინდე იქ, მათ (რუსებს) თბილისის აღება სურთ, მათ მხოლოდ 40 კილომეტრი დარჩათ. უბრალოდ, დაგმეთ მათი მოქმედება» (ბი-ბი-სი).

ჯორჯ ბუშსაც კი, რომელიც საკმაოდ პატივმოყვარე ადამიანია, არასოდეს დაუბრალებია საკუთარი თავისთვის, რომ მან (და აშშ-მა ზოგადად) თბილისი გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ამ ვერსიას ჯიუტად ავითარებს და ყოველ ახალ ინტერვიუში სულ უფრო შორს მიდის. გასულ კვირას მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, დიკ ჩეინის, წინადადებაზე, როკის გვირაბი დაებომბათ (რაც არც ერთი სხდომის ოქმში არ დაფიქსირებულა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ არაოფიციალურად ჩეინიმ მსგავსი რამ მართალაც თქვა). თავი დავანებოთ იმ აპოკალიპტური პერსპექტივების განხილვას, რომლებიც ამას მოჰყვებოდა და ნურც იმას წარმოვიდგენთ, რას დაემსგავსებოდა საქართველო, თუ მხარეები სრულმასშტაბიანი ესკალაციის შემთხვევაში მის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდნენ. მთავარი აქ, სავარაუდოდ, სააკაშვილის ძირითადი მესიჯია: ამერიკელები ყოვლისშემძლეები არიან, მათ ყველგან, მათ შორის საქართველოში, შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოეხასიათებათ. ეს, ალბათ, ძალზე საშიში მიდგომაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში კრახი მოგვიტანა.

სააკაშვილს, როგორც ჩანს, უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე და თავშეკავება, რომელიც მისგან გამომდინარეობს. აგრეთვე, მან, სავარაუდოდ, დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ აშშ-ს არ შეუძლია მოუგოს ბირთვული ომი რუსეთს და რომ ამ დაპირისპირებაში ვერავინ გაიმარჯვებს, ხოლო პლანეტა განადგურდება.

«გადატვირთვის» მძიმე ტვირთი

სააკაშვილი უკვე პოლიტიკური წარსულის კუთვნილებაა და მის ამბიციებზე გაცილებით საშიში მის მიერ ქართულ პოლიტიკაში დატოვებული ნაღმია _ არაკორექტული მოსაზრება «ამერიკელებს ყველაფერი შეუძლიათ». ამერიკელებს შეუძლიათ ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი და ახალი ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანაა, ზედმიწევნით ზუსტად დააგინოს, რაზე არიან ისინი წამსვლელები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბოლო წლებში მათი ინტერესების პერიფერიაზე მოექცა, თუმცა ახალმა დაპირისპირებამ რუსეთთან ეს რეგიონი შეიძლება ავანსცენაზე გამოიყვანოს.

«გადატვირთვა იცავს საქართველოს, რადგან დღეს რუსეთს დასაკარგი ნამდვილად აქვს. მანამდე მოსკოვში არავინ უფიქრდებოდა იმას, თუ რას იფიქრებდნენ ვაშინგტონში, რადგან ეს მისთვის სულერთი იყო, ახლა კი უფიქრდებიან», _ განუცხადა 2010 წლის დეკემბერში «ფორეინ პოლისის» ამერიკული პროგრესის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა სამუელ ჩარაპმა. ეს, ალბათ, ძალიან საინტერესო მოსაზრებაა, რომელშიც «გადატვირთვა» განიხილება, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუ ის დასრულებულია, რაზეც დღეს არაერთი ექსპერტი საუბრობს, ეს ნიშნავს (თუ ათვლის წერტილად ჩარაპის იდეას განვიხილავთ), რომ საქართველოს უსაფრთხოების არანაირი გარანტია აღარ აქვს, რადგან ის არც რომელიმე სამხედროპოლიტიკური გაერთიანების წევრი არის და, უკრაინისგან განსხავებით, აქტივში არც «ბუდაპეშტის მემორანდუმის» მსგავსი, თუნდაც არასრულყოფილი დოკუმენტი აქვს.

შესაძლოა, საქართველოს შანსი ისაა, რომ ბოლომდე «გადატვირთვის ნაკრძალად» დარჩეს და რაიმე ტიპის კონფრონტაციაში ჩაბმისგან თავი რაც შეიძლება დიდხანს შეიკავოს. ცხადია, სულ მალე ჩვენ გავიგონებთ იმ ადამიანების შეძახილებს, რომლებიც, საგარეოპოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, ხმამაღლა მოგვიწოდებენ, მოსკოვს აქტიურად დავუპირისპირდეთ ან პირიქით, «ამერიკას თავი დავანებოთ და რუსეთს ჩავეხუტოთ». მაგრამ აქვს კი ქვეყანას რესურსი ასეთი მკვეთრი მოძრაობებისთვის? ხომ არ არის ფრთხილი ბალანსი ყველაზე ადეკვატური ტაქტიკური გადაწყვეტილება ასეთ სიტუაციაში?

რეცეპტი, რომელიც ყველა პრობლემას ერთბაშად მოგვიხსნის, არ არსებობს და ამ ეტაპზე პრიორიტეტულ ამოცანად, ალბათ, ილუზიებისგან გათავისუფლება უნდა განვიხილოთ, რადგან დღეს, როგორც არასდროს რეალობის ადეკვატური აღქმა გვჭირდება. ალბათ, უმჯობესი იქნება, დავემშვიდობოთ სააკაშვილის ხილვებს ყოვლისშემძლე ავიამზიდებზე, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან მომენტს, როდესაც საქართველოს საშველად გამოეშურებიან. აშშსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაღრმავებამ ცრუ ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here