Home რუბრიკები პოლიტიკა შე ინტელიგენტო, შენა…

შე ინტელიგენტო, შენა…

635

ნოქალაქევში, ჭყონდიდელის სამკვიდროსა და კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმიდან თხუთმეტიოდე კილომეტრში სამეგრელოს მოსახლეობისთვის «ოცნების» პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილის სახით საქართველოს, ბოლოსდაბოლოს, ინტელიგენტი პრეზიდენტი ეყოლება! ბევრი რამ უთქვამთ ზვიად გამსახურდიაზე: ზოგი პოლიტიკას უწუნებდა, ზოგი _ საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მისი ინტელიგენტობა ეჭვქვეშ ყველაზე შეურიგებელ მტრებსაც კი არ დაუყენებიათ!

ვერ გეტყვით, რას ემსახურებოდა «ქართულ ოცნებაზე» უამისოდაც უკიდურესად განაწყენებული სამეგრელოს მოსახლეობისთვის იმის თქმა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია ინტელიგენტიც ვერ ყოფილა, მაგრამ იმას, რომ ასეთი შეხვედრა ისე ჩაატარო, არც ერთხელ არ ახსენო სამეგრელო ან მეგრელები, ნამდვილად უნდა მოხერხება და მარიფათი.

 დიდი ძალისხმევა უნდა იმასაც, რომ ამომრჩეველთან საპრეზენტაციო შეხვედრაზე, ისიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში, რამდენიმე ასეულ ადამიანზე მეტს ვერ მოუყარო თავი. მარგველაშვილის ასეთი ფორმით წარდგენას, მსუბუქად რომ ვთქვათ, საბოტაჟის სუნი ასდის და ამიტომაც ხუმრობდნენ სამეგრელოში: _ თუ ივანიშვილს არ უნდა, რომ მარგველაშვილი ავირჩიოთ, პირდაპირ გვითხრას, მაინც არ ვაპირებთ მისთვის ხმის მიცემას; მაგრამ, თუ უნდა «ინტელიგენტი პრეზიდენტი» და მაინც ასე იქცევა, გაუგებარია, რისი იმედი აქვსო.

ივანიშვილის იმედებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 10 წლის წინ, 2003 წლის აგვისტოში, ნოქალაქევში სახალხო მოძრაობა «სამეგრელომ» ჩაატარა  მესამე ყრილობა, რომელსაც სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან 8 ათასი ადამიანი, ხოლო თბილისიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა… მართლაც, რისი იმედი აქვს ივანიშვილს, თუკი შუაგულ სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას ინტელიგენტობას უწუნებს, ხოლო მარგველაშვილს ამომრჩეველთან თავის პირველ შეხვედრაზე «სამი ავტობუსი მხარდამჭერი» ვერ მოუგროვებია?!

ამ შეუსაბამო ვითარებიდან შესაბამის დასკვნებს მკითხველი და, შესაბამისად, ამომრჩეველიც უსათუოდ გამოიტანს.

ახლა რაც შეეხება 12 აგვისტოს. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორზე დავით აღმაშენებლის მთავარსარდლობით მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელიც «ძლევაი საკვირველის» სახელითაა ცნობილი.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც «ყივჩაღი ცოლის» მოყვანაშიც გაეჯიბრა დავით აღმაშენებელს, 2008 წლის შემდეგ 12 აგვისტო და «ძლევაი საკვირველი» მიივიწყა; იგი ისე გაურბოდა დიდგორობის არათუ აღნიშვნას, არამედ ხსენებასაც კი, როგორც ეშმაკი ჯვარს, და ეს გასაგებიცაა…  

 სამაგიეროდ, სავსებით  გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხო, რომ 12 აგვისტოს, დიდგორობა დღეს, შუაგულ სამეგრელოში ამომრჩეველს შეხვდე და (ზვიად გამსახურდიას არაინტელიგენტად მოხსენიებას და «სამი ავტობუსი» მხარდამჭერის ვერშეკრებას ვინ ჩივის) არც «ძლევაი საკვირველი» გაგახსენდეს, არც აღმაშენებელი და არც ჭყონდიდელი?!

სააკაშვილისგან განსხვავებით, პრემიერი დავით აღმაშენებლობას არ იჩემებს; სამაგიეროდ, იუმორში გურულების დაჯაბვნას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

ასი წლის წინ გურულები ხუმრობდნენ, საცაა, კრეისერი შემოვა სუფსაში და გვეშველებაო! იმის შემდეგ სუფსას ნავთობსადენი კი ეღირსა, მაგრამ კრეისერი არავის უნახავს. თუ ჩვენს «კოჭლ იხვს» დავუჯერებთ, 2008-შიც მოგვდგომია შეიარაღებით დატვირთული კრეისერები, მაგრამ თვალხილულად მხოლოდ პამპერსები და სასმელი წყალი ჩანდა. იარაღი კი, რაც მანამდე ჰქონდა ნაყიდი და შემოზიდული, «კოჭლმა იხვმა» დიდი წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარა «ჟანგიანი ტანკების» პატრონს.

 მერე და მერე, უკვე ომის 5 წლისთავზე «კოჭლმა იხვმა» ისიც გვამცნო, რომ კრემლში მედვედევს ურეკავდა, ტელეფონს კი პუტინი იღებდა, ხოლო, როცა ამის შესახებ ჯორჯ ბუშ-უმცროსს შეატყობინა, მან უპასუხა, ვიცი, რაზეც ილაპარაკეთო. ესე იგიო, დაასკვნა «კოჭლმა იხვმა», ამერიკელებს რომ აბრალებდნენ, ყველას უსმენენო, მართალი ყოფილაო! დავზოგოთ მკითხველის ნერვები და სხვადასხვა რეზოლუციის დახვევაზე და «ერთ ადგილას» მოთავსებაზე ნუღარ ვილაპარაკებთ!

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენებურმა ელიტამ ხან უკვე ორივე ფეხით დაკოჭლებული იხვის მიერ «ამერიკელების დაშანტაჟებაზე» ილაპარაკა, ხანაც  «იხვის» არაადეკვატურობაზე, მაგრამ, რაც ბათუმში შემოსული კრეისერის გადასატან ტრიბუნასთან მოხდა, იმისთვის სახელის დარქმევა ერთობ გაჭირდა.

ჩვეული პათოსით მოლაპარაკე ჯერაც მოქმედ პრეზიდენტს მისი ამომგდები პრემიერმინისტრი ხან სიტყვას აწყვეტინებდა, ხანაც თითს იშვერდა მისკენ, შუალედებში კი ისიც და თვით აშშ-ის ელჩიც სიცილისგან ლამის ერთმანეთს ასკდებოდნენ. ძნელი მოსაძებნია ნორმალური ადამიანი, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, ამ სცენის ნახვის შემდეგ კარგ გუნებაზე დამდგარიყო, თუმცა ხუმარებს რა დალევს და ბევრს დაცინვის ობიექტად ქცეული პრეზიდენტის ხილვამ გვარიანად მოფხანა გული.

გაკოტრებული «ნაცმოძრაობის» ბირთვი იმავე დღეს შეიკრიბა და პრემიერმინისტრს ბრალი დასდო, რომ იგი ომში დაღუპულ გმირებს პატივს კი არ მიაგებს, არამედ იცინის, როცა პრეზიდენტი მათ შესახებ ლაპარაკობს. მის გვერდით ბატონი ნორლანდიც რომ ვერ იკავებდა სიცილს, ესეც ემცხეთათ და გოგა ხაჩიძემ დაიჩივლა: «ამერიკის ელჩში ისევ არ გაგვიმართლაო»!

ახლა ელჩს ჰკითხეთ, როგორ არ გაუმართლა, რომ სწორედ ახლა და სწორედ ამ ქვეყანაში მოუწია მუშაობა! როგორია, ახალ ხელისუფლებას კოაბიტაციას თხოვდე იხვთან, რომელიც მის ზესახელმწიფოს ყოველდღე აშანტაჟებს სატელევიზიო გამოსვლებში? იქნებ ამიტომაც იცინოდა ბატონი ნორლანდი, რათა ყველას დაენახა, თუ რა არასერიოზულად აღიქვამს აშშ ორივე ფეხით დაკოჭლებულ და ფრთამოტეხილ იხვს?

სიცილ-კისკისმა კრეისერის გემბანზე ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, ელჩის სახის გამომეტყველებაზე განმარტება გაეკეთებინა: «სამწუხაროა, რომ ცალკეულმა პირებმა ელჩი ნორლანდის სახის გამომეტყველების თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინეს. ელჩი იღიმებოდა, რამდენადაც მისი ძალისხმევა, აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე, უშედეგო აღმოჩნდა».

ეს, ალბათ, მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა საელჩოს მხრიდან ელჩის სახის გამომეტყველებაზე კეთდება ოფიციალური კომენტარი! განცხადების შინაარსიც ასეთივე უპრეცედენტოა _ ნორლანდმა «ვერ აღადგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები», ანუ ვერ დაიცვა ორივე ფეხით დაკოჭლებული და ფრთამოტეხილი იხვი პრემიერის დაცინვისგან! საინტერესოა, რატომ მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენგან იმას, რასაც მისი ყოველმხრივ გამოცდილი ელჩი ვერ ახერხებს?

დიახ, კოაბიტაციას ვგულისხმობ და ამ სიტყვის მიმართ საყოველთაო სიძულვილმა, როგორც ჩანს, «ქართულ ოცნებამდეც» მიაღწია; მისმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ნოქალაქევში წარდგენისას საზეიმო პირობა დადო, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაციას დაასრულებს. მარგველაშვილის პიარი შალვა რამიშვილმა ჩაიბარა და ეს სვლაც, სავარაუდოდ, მას მიეწერება, თუმცა გაურკვეველი რჩება, რატომ უნდა დასრულდეს ის, რაც კარგია, როგორც ამაში მმართველი კოალიციის ლიდერები გვარწმუნებენ?! ხოლო, თუ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს, კოაბიტაციად წოდებული მახინჯი მოვლენა მიუღებელია, რატომ არ ამთავრებენ მას 27 ოქტომბრამდე?

ახსნა მარტივია: შალვა რამიშვილი სულ ახლახან ღია ეთერში სინანულით აღნიშნავდა, რომ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი ძალიან სწრაფად იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა დანარჩენთან ერთად, სწორედ კოაბიტაციის დასრულების შესახებ ბურჯანაძის დაპირებაა და შალვამაც მოკლეზე მოჭრა: მარგველაშვილს ათქმევინა, რომ კოაბიტაციას 27 ოქტომბერსვე დაამთავრებს. ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამი მეორეს ისევე უხდება, როგორც ბურჯანაძისთვის უკვე ბრენდადქცეული მარგალიტის მძივი მოუხდებოდა წვერგაპარსულ მარგველაშვილს!

ამიტომაც აძლევს საკუთარ თავს უფლებას ნანუკა ჟორჟოლიანი, რომ განაცხადოს _ როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, მარგველაშვილმა წააგოსო! როცა ერთ საკითხზე ორ, პოლარულად განსხვავებულ პიროვნებას ერთი აზრი აქვს, ამან, სულ ცოტა, უნდა დაგაფიქროს. «ეროვნულების» ლიდერი სანდრო ბრეგაძე ასე გამოეხმაურა შალვა რამიშვილს: «ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის, ისიც ვიცით, ვინ რა იყო სკოლაში თუ სტუდენტობისას, ამიტომ, სანამ პასუხს გამცემდნენ, ამაზე დაფიქრდნენ. მოკლედ, მივმართავ იმათ, ვინც მარგველაშვილს პიარკამპანიას უგეგმავს, ანუ რამიშვილს მივმართავ, რადგან ყველა ხვდება, რომ ლოზუნგი «კოაბიტაცია 27 ოქტომბერს მთავრდება» შალვას მოგონილი ფანდია.

მისმინეთ: ქართველი ერი დებილი ნუ გგონიათ, რომ ეს ზღაპარი დაიჯეროს, ამიტომ სხვა პიარხერხი მოიფიქრეთ ხალხის დასაბოლებლად, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ქართველ ერს და საქართველოს მოსახლეობას, ნუ გგონიათ ქართველნი ასეთი პრიმიტიულები, რომ ამას დაიჯერებენ. მგონი, გასაგებად ავხსენი და, თუ რაიმე გაუგებარი დარჩა, ვეცდები, ყოველივე შემდგომში გასაგები ენით ავხსნა, თუმცა არა მგონია, ეს სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც ქართველთა მოტყუებას აპირებს!!! როგორც იტყვიან, მე ჩემი გითხარით და აწი გათენდება თუ არა, ეს თქვენზეა დამოკიდებული!!!!

P.S. თუ ვინმეს ძილი დაგიფრთხეთ, ნუ ინერვიულებთ, მოიქეცით კარგად ქართველთა მიმართ და პირობას გაძლევთ, არაფერს ვიტყვი!!!»

ცხადია, მხოლოდ შალვა რამიშვილის ფაქტორი მარგველაშვილს ვერც მოაგებინებს და ვერც წააგებინებს, მაგრამ ყველაფერი რომ ვერ არის კარგად მმართველ კოალიციაში, ნათელია; თავად მისი ლიდერები ვერ უარყოფენ, რომ მარგველაშვილს ხმას ივანიშვილის ხათრით თუ მისცემენ, თუმცა ივანიშვილმა უკვე არა ერთხელ განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე და ამომრჩეველიც უკვე საგონებელშია: თუ ივანიშვილთან ერთად მარგველაშვილის პრეზიდენტობა შეიძლება დაუშვან კიდეც, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში მარტო დარჩენილი მარგველაშვილი რომელ ერთ ამოცანას გაართმევს თავს?

მართალმა მარგველაშვილმა ქართველების არცთუ საყვარელ პერსონაჟს, კახა ბენდუქიძეს, ვერ მოუგო; სტუდენტებს სწავლა გაუიაფა, მაგრამ განაცხადა, რომ სწავლა ძვირდება; პლასტელინსა და ქსოვაზე ნუღარაფერს ვიტყვით, მაგრამ რომელი სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეძლებს იგი საერთო ენის გამოძებნას ან რაიმეში რომელიმეს დარწმუნებას?

მარგველაშვილის წარდგენისას ნოქალაქევში ერთი-ორი ინციდენტიც მოხდა. ადგილობრივებმა ჯერ დეპუტატ გურამ მისაბიშვილზე მიიტანეს იერიში და მანაც, როგორც ჭეშმარიტ «ნაციონალს» შეეფერება, სულ «ავადმყოფები» უძახა. ვიდრე მისაბიშვილი «ნაციონალობდა», ლალი ანთია ციხეს ხეხავდა და არც ახლა დაიხია უკან: «ის ხალხი, რომელიც შარშან აგვისტოში ქვებით დასდევდა ივანიშვილს, ახლა მარგველაშვილს უჭერს მხარს. სამარცხვინოა»! იქვე გაისმა გაფრთხილება, რომ სამეგრელო ამას არ აიტანს და არჩევნებში სულ სხვა შედეგები დაიდება. სავარაუდოა, რომ ყოფილი «ნაციონალების» მხარდაჭერილ მარგველაშვილს იქ გამარჯვების შანსი არ ექნება.

ან როგორ შეიძლება ჰქონდეს, როცა, როგორც უკვე გითხარით,  შუაგულ სამეგრელოში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმიდან თხუთმეტიოდე კილომეტრში, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილის სახით საქართველოს, ბოლოსდაბოლოს, ინტელიგენტი პრეზიდენტი ეყოლება! ბევრი რამ უთქვამთ ზვიად გამსახურდიაზე, ზოგი პოლიტიკას უწუნებდა, ზოგი – საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მისი ინტელიგენტობა ეჭვქვეშ ყველაზე შეურიგებელ მტრებსაც კი არ დაუყენებიათ!

პიარის ამ კატასტროფულ ჩავარდნას შალვა რამიშვილს ნამდვილად ვერ დააბრალებ, ისევე, როგორც ამერიკული კრეისერის გემბანზე ატეხილ სიცილ-კისკისს. საფიქრებელია, რომ აქაც პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკისგან დიდხანს შორს ყოფნის გამოძახილთან გვაქვს საქმე. ვიდრე მისი გარემოცვა კვლავაც იმაზე იქნება გამეცადინებული, რომ ახლოს არავინ მიაკაროს და საკუთარი პარტიკულარული ინტერესები დაიცვას, ასეთივე აბსურდულ ვითარებაში ვიქნებით: «ნაციონალები» ჯერ არ წასულან, «ოცნებამ» კი ჯერაც ვერ გაიგო, რომ უკვე ხელისუფლებაშია!

2008 წელს დაღუპული გმირების ცხედრების ბრძოლის ველზე დამტოვებლმა, კოაბიტაციისგან ბებერი პითონივით გამაძღარმა «ნაციონალებმა» კი ამ დღეებში სულაც ბუტაფორიული ყაყაჩოები დაიმაგრეს მკერდზე და მათი სულების პატივისცემას გვასწავლიან. «სარკო, სარკოს» ძახილით და ტაშ-ფანდურით რუსთაველზე მდგომებს, ალბათ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ ოდესმე ხელისუფლებაში აღარ იქნებოდნენ. ვარდებით ხელში პარლამენტში შესულებს ისე იოლად ჩაუვარდათ ხელში ძალაუფლება, რომ დღესაც არ სჯერათ მისი დაკარგვის. ახლა ჰოლანდიურ ვარდებს ქაღალდის ყაყაჩოები ჩაენაცვლა.

სიმბოლოების სიყვარულით განთქმული სააკაშვილი ქართულ ლიტერატურაზე მეტად უცხო ენებს ეწაფებოდა, არადა, ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ მურმან ლებანიძის ლექსს და, წესით, უნდა გვახსოვდეს _ «უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა». ეს ქაღალდის ყაყაჩოები, გმირების ხსოვნას კი არა, სისხლისღვრის მუქარას უფრო ჰგავს. სიცილით და თითის გაშვერით მუქარაზე პასუხი არ ჭრის, მით უფრო _ მასთან კოაბიტაცია, თუნდაც 27 ოქტომბრამდე!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. საოცარია, როგორ მიყვარს ადამიანი და როგორ მძულს ზოგჯერ.
    როგორ შეიძლება შეიყვარო ის ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ზვიად გამსახურდიას ინტელიგენტობას, ან პოლიტიკას?
    საკადრო პოლიტიკამ კი დაღუპა ზვიადი, რადგან მას სხვაგვარად არ შეეძლო, მას ადამიანი უყვარდა და ამ სიყვარულით უდგებოდა ყველას.
    საშინელებაა როცა ერთმანეთს ადარებენ მარგველაშვილს და ზვიადს. იმ ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტად ყავდა ზვიადი შეიძლება ვიღაც მარგველაშვილის გაპრეზიდენტება? ივანიშვილი ქართველებს გვაშაყირებს? მარგველაშვილსა კი ვეტყვი: ივანიშვილის კალამითა, როგორ გახდები ბულბული, ან რა კალამი გადმოქცა და მისით რა უნდა წეროთა?

  2. საქართველოს როდის ეშველება ნეტავ ,გაუგებარ მდგომარეობაშია ქართველი ხალხი, მარგველაშვილი დაბნეული და უმიზნო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ,კოაბიტაცია რომ 27 ოქტომბერს არ დამთავრდება ეს ნათლად ჩანს, ივანიშვილს მისცა ხმა ქართველმა ერმა და დღეს მის ზურგს უკან ამოფარებულ პერსონებს, მით უმეტეს ნაზ ინტელიგენტს მე პრეზიდენტად არ ავირჩევ, საქართველო დაიღალა ამდენი ექსპერიმენტებით…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here