Home რუბრიკები სამართალი ბაჩო ახალაიას გამართლება _ სასამართლოს ნასყიდობა თუ «ოცნების» უსუსურობა?

ბაჩო ახალაიას გამართლება _ სასამართლოს ნასყიდობა თუ «ოცნების» უსუსურობა?

მეათე თვეა, რაც ხალხი ბაჩანა ახალაიას გასამართლებასა და დასჯას ელოდება. რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ სამ ეპიზოდში მას ბრალი ვერ წაუყენეს და გამართლდა. დარჩა ორი ბრალდება, სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ უნიათო პროკურატურამ ვერც ამ ეპიზოდებში შეძლოს მისი დადანაშაულება. გამოცდილი ყოფილი პროკურორები, რომლებიც ახალაიას იცავენ, აქაც შეეცდებიან, ბრალდების მხარე შეცდომაში შეიყვანონ და ამას ახალი მთავარი პროკურორის მიერ დანიშნული კადრები ვერ მიხვდებიან.

 

«საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, პროკურატურას დახმარებოდა. ამ მიზნით იმ ადამიანების ნახვა გადავწყვიტეთ, რომლებიც ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბევრ საინტერესო და ძირეულ ინფორმაციას ფლობენ, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ამ საქმესთან. მოკლედ, ჟურნალისტები ადვოკატ ლალი აფციაურთან და პატიმრების შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ყოფილ დეპუტატ ელენე თევდორაძესთან ერთად მთავარ პროკურორს ფაქტების მოძიებაში ვეხმარებით.

ლალი აფციაური, ადვოკატი:

_ ქალბატონო ლალი, პროკურატურამ ახალაიას დანაშაული ვერ დაუმტკიცა. იქნებ ჩვენ, ყველა ერთად, ვისაც კარგად გვახსოვს მისი დანაშაულები, დავეხმაროთ პროკურატურას და ფაქტები დავუდოთ.

_ მე პროკურატურას უკვე დავეხმარე და ციხის ბუნტთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი. როდესაც პროკურატურაში დამიბარებენ, ყველაფერს დოკუმენტურად მოვყვები. ყველა მაშინდელი მტკიცებულება შენახული მაქვს და სასამართლოს წარვუდგენ.

არ მესმის, ახალიას საქმეში რა იყო ამოსაქექი, რაიმე დამალული იყო?! არ დევს მისი საქმიანობა ხელის გულზე?! ორი ვარიანტია _ ეს არის პროკურატურის სისუსტე ან საბოტაჟი. შესაძლებელია, ახალაიას საქმეს ის პროკურორები იძიებენ, რომლებიც ახალაიასთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან ერთად არაერთ დანაშაულს ჩადიოდნენ.

_ ეს პროკურორები დღემდე არიან პროკურატურაში?

_ დიახ, ყველა მათგანი ადგილზეა და სწორედ ისინი მუშაობენ ახალაიას საქმეზეც. პროკურორები, რომლების სასამართლოზე გამოდიოდნენ, ახალაიასთან ერთად აქვთ დანაშაული ჩადენილი. მათი მუშაობა დადებითად იმოქმედებდა ბრალდების მხარის სასარგებლოდ?

_ ეს ყველაფერი თქვენ თუ იცით, კბილაშვილმა არ იცის?

_ რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ, ალბათ, იმედი აქვს, რომ ეს ხალხი გამოსწორდა და რამე სასიკეთოს გააკეთებს. «ნაციონალები» ძალას იკრებენ, ისინი ძალიან დიდ ფულს უხდიან ადამიანებს, ამას ყოველ წუთს ვხედავ. «ნაციონალური მოძრაობა» არის ძალა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ნაძირლობაში. ჩემს აღშფოთებას კი ის იწვევს, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან არაფერი კეთდება მათი ქმედებების აღსაკვეთად. ქვეყანაში ძალიან ცუდი ვითარებაა, ამას თავად ბატონი პრემიერიც აღიარებს. მან თქვა: «ამ ქვეყანაში მთლად კარგად არ არის საქმეო», რასაც ჩვენ, ადვოკატები, დიდი ხანია, ვამბობთ.

_ ქალბატონო ლალი, ციხის ბუნტის დღეები გავიხსენოთ. ჩვენ კი გვახსოვს, მაგრამ ეს ხალხისთვის და პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.

_ ციხის ბუნტი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიწყო. მთავარი მოქმედი გმირი ამ ამბებში იყო პატიმარი მამარდაშვილი, რომლის ხელითაც გაკეთდა ყველაფერი.

ახალაია ქარდავასთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში შევიდა საავადმყოფოში და შეურაცხყოფა მიაყენა პატიმრებს _ ცემა, აგინა, მერე ერთ-ერთმა პატიმარმა, ვიბლიანმა, ხელი შეუბრუნა ახალაიას, რასაც მოჰყვა პატიმრების სასტიკი ცემა, მათგან ერთ-ერთი _ ზედელაშვილი დღემდე სავარძელს არის მიჯაჭვული. ყოველივე ამის შემხედვარე, ციხის საავადმყოფოში პატიმრებმა პროტესტი ხმაურით დაიწყეს, რომელსაც გამოეხმაურნენ მე-5 საპყრობილის პატიმრები. ალბათ, გახსოვთ ფოცხვერიას სიტყვები: «მისკები» ურტყით ერთმანეთს, რომ ხალხს ხმა გავაგებინოთო». იქვე ვცხოვრობ და სწორედ ამ ხმაურმა გამომაღვიძა. დავინახე, უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული ყველაფერი, დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. ამის შემდეგ გახსოვთ, ალბათ, სუბარი შეხვდა მამარდაშვილს, უთხრა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ახალაიას პროვოცირებული იყოო. ეს საუბარი ჩაწერილია.

სუბარს დღეს სულ რომ ფრთები ამოუვიდეს, მაინც ვიტყვი, რომ იგი ამართლებდა ახალაიას და პატიმრებს ბრალს სდებდა დაუმორჩილებლობაში. რაღაც პერიოდის შემდეგ სუბარმა შეხედულება შეიცვალა და მამარდაშვილისა და მისი საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. იმავე დღეს მამარდაშვილზე ზეწოლა განხორციელდა და ჩვენება შეცვალა. მოკლედ, მამარდაშვილმა დაიწყო თამაში. მამარდაშვილს მაშინ არ ვიცნობდი, შესაბამისად, მის მიმართ საშინელი განწყობა მქონდა. სასამართლო პროცესების დაწყებამდე მამარდაშვილის ადვოკატმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი ოჯახის წევრებს შენთან შეხვედრა სურთო. თავიდან ვიუარე, მაგრამ, როდესაც მითხრეს, რომ რაღაც დისკის გადმოცემა უნდათო, დავთანხმდი. ჩანაწერი გადმომცეს, სადაც ეწერა, თუ როგორ სთხოვს «მასტერა» მამარდაშვილს, შენ გამო ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ არ თქვა, რომ ბუნტი ახალაიას მოწყობილია, სასჯელს შეგიმცირებთ, თუ ვერ მოვახერხეთ, ციხიდან გაგაქცევთო. იქ არის ზუსტად საუბარი გირგვილინის საქმეზეც. «მასტერა» მამარდაშვილს ეუბნებოდა, პატარკაციშვილი რომ არ ყოფილიყო, გირგვლიანის ამბავს ვერავინ გაიგებდაო და სთხოვს მამარდაშვილს, ხომ არ იცის ვინმე ქილერი, რომელსაც ფულს გადაუხდიან და პატარკაციშვილს მოიშორებენ. ამის შემდეგ მე მოვკიდე ამ საქმეს ხელი და მამარდაშვილთან ერთად გავიარე ყველაფერი. ისინი მას სასათბურე პირობებში აცხოვრებდნენ, გაუკეთეს ოპერაციები, მაგრამ «მასტერასთან» დაკავშირებულ ჩანაწერზე მოვილაპარაკეთ, რომ არავისთვის გვეჩვენებინა. ახლა მოგიყვებით ისეთ რამეს, რაც არავისთან მითქვამს. ეს გიორგი თარგამაძეს ეხება. პრეზიდენტობის კანდიდატი ხომ არ არის?

_ დიახ, პრეზიდენტობის კანდიდატია.

_ ჰოდა, ძალიან კარგი, კარგი დრო ყოფილა ამის სათქმელად. ჩანაწერი, რომელიც ხელთ მქონდა, სადაც პატარკაციშვილზე იყო საუბარი, მინდოდა, როგორმე ბადრისთვის მიმეწოდებინა და გამეფრთხილებინა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გადავწყიტე თარგამაძისთვის მიმეტანა, რადგან ის ახლოს იცნობდა, და მამუკა გიორგაძე გავიყოლე. მივედით, თარგამაძეს დისკი მოვასმენინე და ვუთხარი, რომ ვერ დავუტოვებდი, რადგან ამის გახმაურება არაფრით შეიძლებოდა, რადგან მამარდაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საფრთხე ემუქრებოდა მის ოჯახსაც. თარგამაძემ დისკს მოუსმინა და მითხრა, რომ ბადრის ეტყვის. მე დისკი მშვიდად წამოვიღე და მეორე დღეს ატყდა ზარები, ჟურნალისტები ჩანაწერების დეტალებს მეკითხებოდნენ, გადავირიე… მოკლედ, თარგამაძემ ჩემი საიდუმლო ინფორმაცია «დროებაში» გაუშვა. მერე ყველამ ვიცით, რაც მოხდა, მამარდაშვილი სასტიკად აწამეს, ნარკოტიკების დიდი რაოდენობა მიაღებინეს და სასამართლო პროცესზე ჩვენება შეაცვლევინეს. დღემდე ნაძირალას ვეძახი თარგამაძეს. მან სრულიად შეგნებულად ყველაფერი მოიპარა და დღეს მისი დამსახურებით 15 ადამიანი უკანონო პატიმრობაშია. ციხის ბუნტის საქმე ძალიან რეზონანსული იყო და, თუ ჩვენ ამას ისე გავაკეთებდით, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, სასამართლო პროცესზე ვამხელდით ახალაიას, სულ სხვაგვარად წავიდოდა საქმე, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა, ყველანი დაცულები იქნებოდნენ.

_ პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახალაიას გაამართლებენ, რადგან ეს ვიღაცას აძლევს ხელს. ციხის ბუნტის ეპიზოდშიც რომ ვერ წაუყენონ ბრალი?

_ სასამართლო სააკაშვილს ექვემდებარება, ამიტომ პროკურატურა უფრო ძლიერად უნდა იყოს მომზადებული. ის არ იბრძვის. სასამართლოში ხელისგულზე შპარგალკადაწერილი მოწმე არ უნდა მიგყავდეს. ექვსი მოწმე ერთ დღეს ერთ ხასიათზე რომ დადგება და ერთსა და იმავე ჩვენებას იძლევა, რეალურია? ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს ბრალდების მხარის დანაშაულია, მათი სისუსტეა.

_ ანუ პროცესები ასე რომ წავიდეს, შესაძლებელია, ახალაია მართლაც გარეთ გამოვიდეს?

_ მე სხვა საქმეებს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ერთი, რომ ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია ვერ გადარჩება.

_ ციხის ბუნტის დროს ახალაიას სროლის ბრძანების გაცემა არ ბრალდება.

_ ახალაია მაგ ბრძანებას ვერც გასცემდა. ჯარი, რომელიც მაშინ გამოიყენეს, მას არ ექვემდებარებოდა. ვიღაც უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. მახსოვს, მაშინვე ამბობდა ელენე თევდორაძე, რომ სროლა ბოკერიას მოსვლის შემდეგ დაიწყოო. ახალაიას თავისი ცოდვებიც ეყოფა, სულაც არ არის საჭირო, რომ სხვისი ცოდვები მიაწერონ. მას ბრალად ადამიანების წამება ედება. გაიხსენეთ ქუთაისის ციხე, რუსთავის, ქსნის, ყველაზე ბოლო თბილისი იყო. გაიხსენეთ მისი სიტყვები, რომელიც ქუთაისის ციხეში თქვა: «ეს რა არის, ეს ჟურნალია, კინოს აწი ნახავთ». ციხის ბუნტის დროს, ცნობილია, რომ 7 ადამიანი გარდაიცვალა. მე ინფორმაცია მაქვს, რომ მეტი დაღუპული იყო, მაგრამ იმ პერიოდში ამის დადასტურება ძნელი აღმოჩნდა და, დრო რომ გავიდა, საერთოდ შეუძლებელია. პირადად მე ახალაიას სასამართლო პროცესზე იმდენი რამ მაქვს სათქმელი, რომ ვფიქრობ, ახალაია ვერ გადარჩება, მაგრამ, თუ ამ საქმეზეც გაამართლეს, მიმიფურთხებია ამათი პროკურატურისთვისაც, სამართლისთვისაც, სამართლიანობის აღდგენისთვისაც და ყველაფრისთვის.

ელენე თევდორაძე, ყოფილი დეპუტატი, პატიმრების შეწყალების კომისიის თავმჯდომარე:

_ ქალბატონო ელენე, ახალაია რამდენიმე ეპიზოდში გაამართლეს. მართლა უდანაშაულოა?

_ არ ვიცი ის საქმეები, რომლებშიც გაამართლეს. ბოლო პერიოდში მე აქტიურად აღარ ვიყავი პოლიტიკაში. ეს რომ ყოფილიყო ის პერიოდი, როდესაც მე ინფორმაციას ვფლობდი, ადვილად ვიტყოდი, იყო თუ არა დამნაშავე.

_ თუ იმ საქმეზეც გაამართლეს, რომელიც თქვენ კარგად იცით?

_ ჯერ არ გაუმართლებიათ, მას ბრალი წაყენებული აქვს, ციხის ბუნტის დეტალები კი კარგად ვიცი. მე ვიყავი პროკურატურაში, მივეცი ჩვენება, ხელი მოვაწერე და დიდი იმედი მაქვს, რომ დამიბარებენ. აქედან გამომდინარე, ჩემს პოზიციას ჩამოვაყალიბებ. არ ვიცი, ახლა რა მოხდა, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ძალიან ბევრი უცნაურობა ხდება.

_ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ახალაია გამოუშვან?

_ წარმოუდგენელია, რადგან ძალიან ბევრი რამ ყველასთვის ცხადია და ხელისგულზე დევს. ციხის კადრები, ბუნტი _ ეს ის საქმეებია, რომლებზე კვლევაც კი არ არის საჭირო და, თუ ის გაათავისუფლეს და უდანაშაულოდ ცნეს, არ ვიცი… მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილება «ბასტი-ბუბუ» იქნება.

_ სასამართლო რომ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელშია და არც არაფერი იცვლება?

_ მართალია, სასამართლო თავისუფალი არ არის, იქ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების ხალხია. კუბლაშვილის იმპიჩმენტი ადვილი საქმე არ არის. ეს ძნელი და გრძელი პროცესია, მან უნდა ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული ან უნდა მოკვდეს, რომ შეიცვალოს. ასე რომ, კუბლაშვილი ადგილზე იქნება, ხოლო კბილაშვილის მოხსნა ადვილია, მთავრობის საქმეა. 

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here