Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოში ახალი რევოლუცია მწიფდება?

საქართველოში ახალი რევოლუცია მწიფდება?

656

«ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ატენიდნენო», _ ბოლო დროს ეს ანდაზა აქტუალური გამონათქვამების რეიტინგში ერთერთ საპრიზო ადგილს იკავებს და, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, ტრადიციულ ლიდერს _ «რაც მოგივა, დავითაო»-საც _ უკან ჩამოიტოვებს. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლება ლამის ძალით ახვევს თავს «ქართული ოცნებისამომრჩეველს იმ რეალობას, რომლისთვისაც ხმა არ მიუცია.

 

იძულებით თანაარსებობას სააკაშვილთან და მისი რეჟიმის ნარჩენებთან კიდევ შეიძლება მოუძებნო რაღაც ლოგიკური ახსნა (დასავლეთის ზეწოლა, გარდამავალი პერიოდის სირთულეები და ა. შ.). მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ამომრჩეველი მსგავს არგუმენტებს, ნაკლებად სავარაუდოა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლებამ მისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემა სცადა. მაგრამ, როდესაც ადამიანი (განსაკუთრებით ხშირად ეს რეგიონებში ხდება), რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდის ზეწოლას გაუძლო, მიდის ხელისუფლების რომელიმე ორგანოში ან «ქართული ოცნების» პარტიულ ოფისში და იქ ხვდება «ნაციონალი», რომელმაც, მარტივად რომ ვთქვათ, «ოცნების» მაისური გადაიცვა, თანაც სწორედ ის, რომელმაც თავის დროზე საშინლად გაამწარა, ის, დიდი ალბათობით, თავს შეურაცხყოფილადაც და მოტყუებულადაც იგრძნობს.

როდესაც ეს ადამიანი ბრუნდება სახლში, რთავს ტელევიზორს და იგებს, რომ სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, ის უფრო მეტად ღიზიანდება; უსმენს რადიოში უსუფაშვილის ან ალასანიას მონოლოგებს, რომელთაც არჩევნებამდე ვერ იტანდა და ახლა ხომ მით უმეტეს; კითხულობს გაზეთში მარგველაშვილის ინტერვიუს და ცდილობს, დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ხმა ამ კანდიდატს უნდა მისცეს (რომ იტყვიან, ბიძინას ხათრით), მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად არ მოსწონს; შედის ინტერნეტში და ხედავს, თუ როგორ დასცინიან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ეჭვმიტანილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლიანობას და მისი აღდგენის იდეას; ითვლის ფულს და ფიქრობს, როგორ გაძლებს ხელფასამდე (იმ შემთხვევაში, თუ სამსახური აქვს). ყოველივე ამის შემდეგ კი ეს ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მას და სრულიად საქართველოს ძალიან ცუდად მოექცნენ და ნელნელა ახალი რევოლუციის იდეას უახლოვდება.

ივანიშვილის ხელისუფლების მდგრადობას, უპირველესად, ასეთი ადამიანების მოთმინება უზრუნველყოფს, უსაზღვრო და უსასრულო მოთმინება კი ბუნებაში არ არსებობს. თუ ივანიშვილი წინასწარ არ გაჭრის კალაპოტს, რომელშიც ნეგატიური ემოციების აბობოქრებული ნაკადი მოექცევა, ასეთი ამომრჩევლები, ადრე თუ გვიან, გადაიქცევიან რესურსად პოპულისტი რადიკალებისთვის, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ბოლო დროს საკმაოდ ფართოდ გავრცელდა მეტ-ნაკლებად კონსპიროლოგიური ვერსია იმის თაობაზე, რომ პრემიერმინისტრს ხელს აძლევს, რომ «ქართული ოცნების» ამომრჩეველთა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ნინო ბურჯანაძეს მისცეს, რადგან მისი დამაჯერებელი შედეგი ივანიშვილს პოლიტიკური სივრცის საფუძვლიანი გადაფორმატების შესაძლებლობას მისცემს. ამ თეორიის ფარგლებში ბურჯანაძის გაძლიერება და მის გარშემო ახალი ოპოზიციური გაერთიანების კრისტალიზაცია საბოლოოდ დაასამარებს ბიპოლარულ სისტემას «ნაციონალების» მონაწილეობით. ამასთანავე, ხელს შეუწყობს გასული წლის ოქტომბერში «ქართული ოცნების» გარშემო გაერთიანებული, უზარმაზარი მასის დაყოფას იდეოლოგიური პრინციპებისა და პოლიტიკური სიმპათიების შესაბამისად, რაც გარდაუვალი და, ალბათ, უკვე ძალზე აქტუალურია. თვალშისაცემია, რომ «ქართული ოცნების» ბევრ ამომრჩეველს აღარ სურს, თავს ძალა დაატანოს და ალასანიარესპუბლიკელები «თავისიანებად» განიხილოს, როგორც ეს 2012-ში, ფორსმაჟორულ ვითარებაში იყო.

შესაძლოა, რესპუბლიკელებმა დაუშვეს სერიოზული შეცდომა, როდესაც ვერ იგრძნეს ზღვარი, ძველ რომაელებს თუ დავესესხებით, «ლიმესი», რომლის იქით, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, არ უნდა გადასულიყვნენ. ისინი მიისწრაფვიან გავლენის სფეროს მუდმივი გაფართოებისკენ, მაშინ, როდესაც ყველაზე აქტუალური მათთვის უკვე მოპოვებული (გარემოებათა თანხვედრიდან და არა მათი რეალური რეიტინგიდან ან გავლენიდან გამომდინარე) პოზიციების შენარჩუნება და «ჩაბეტონება» ჩანს. ნებისმიერი, ყველაზე წარმატებული წინსვლაც კი რაღაც მომენტში მთავრდება თავდაცვაზე გადასვლით, ამის შემდეგ კი ახალი შეტევისთვის მზადება იწყება. ქართულ პოლიტიკაში მაქსიმალური სივრცის დაკავების სურვილი და უკანმოუხედავი, არსებითად  ავანტურისტული და პარტიის რესურსების აშკარად შეუსაბამო წინსვლა რესპუბლიკურ პარტიას, სავარაუდოდ, კარგს არაფერს მოუტანს. მათ, ალბათ, შეეძლოთ  ეტაპობრივად გადაექციათ «ხუთპროცენტიანი პარტია» (ციფრები პირობითია) «ათპროცენტიანად», შემდეგ «ოცპროცენტიანად» და ა.შ. მაგრამ დომინანტურ პოლიტიკურ ძალად მისი დაუყონებლივი გადაქცევის მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, კრახით დასრულდება, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც პარტიის იდეები მაინცდამაინც პოპულარული არ არის.

თუმცა ეს მათი პრობლემებია, განხილულ კონტექსტში მთავარია ის, რომ უკვე საკმარისზე მეტი ადამიანი თვლის, რომ რესპუბლიკელებს გზა უნდა გადაუღობოს.

როგორი სისტემა იქნება უფრო სტაბილური და გამოსადეგი შემდგომი განვითარებისთვის? დღეს არსებული თუ დაახლოებით ასეთი: ერთ მხარეს _ ალასანიარესპუბლიკელები (და შესაძლოა, «ნაცმოძრაობის» ნარჩენები); მეორე მხარეს _ ნინო ბურჯანაძე (თუ არჩევნების პირველი ტურის «ოპოზიციის კასტინგში» დამაჯერებლად გაიმარჯვებს) და ახალი ოპოზიციური გაერთიანება; ასე ვთქვათ, «სახალხო კრებაშესაბამისი იდეოლოგიით, ცენტრში კი _ სახელისუფლო გუნდი და ივანიშვილი, როგორც მთავარი არბიტრი. სხვა კონფიგურაციის «გამოძერწვის» შესაძლებლობა დღესდღეობით რეალურად არ არსებობს _ ან ეს, ან კიდევ ის, რაც გვაქვს.

ვერსია ბურჯანაძის ხელოვნურ გაძლიერებაზე არსებითად კონსპიროლოგიურია, მაგრამ, ალბათ, სავსებით გასაგებია, რა ნიადაგზე აღმოცენდა ის. ბოლო დროს, არაერთ კომენტატორს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მმართველი კოალიცია თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა, მისი მხარდამჭერების გაღიზიანება თვალშისაცემი გახდა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მათი ნაწილი მარგველაშვილს ხმას არ მისცემს და შეიძლება მხარი ბურჯანაძეს დაუჭიროს. არის თუ არა ეს კოალიციის სავსებით კონტროლირებადი დაშლის პროცესის დასაწყისი, თუ საქმე უმართავ პროცესებთან გვაქვს?  

1996 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბიძინა ივანიშვილმა, მისივე თქმით, მიიღო უშუალო მონაწილეობა ელცინ-ლებედის ქრესტომათიული კომბინაციის გათამაშებაში, რომელმაც კომუნისტებს ხელისუფლებაში დაბრუნების ძალიან რეალური შანსი წაართვა. იდეაში, ის კარგად უნდა გრძნობდეს სხვაობას ერთი კანდიდატის კამპანიის კონტროლსა და მთელი თამაშის კონტროლს შორის, რომელიც გაცილებით დიდ შესაძლებლობებს უკავშირდება. საინტერესოა, ივანიშვილი ერთი თუ ერთდროულად რამდენიმე ფიგურით თამაშობს; არის თუ არა მარგველაშვილის გამარჯვება მისი ერთადერთი მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში?

ნებისმიერ შემთხვევაში, მან, ალბათ, იცის «ქართული ოცნების» ელექტორატის მზარდი უკმაყოფილების შესახებ და, სავარაუდოდ, ესმის, რომ ამ განწყობების დაბალანსებას საკუთარი რეიტინგის ხარჯზე («ცოტაც მოითმინეთ» პრონციპით) დიდხანს ვერ მოახერხებს. ფაქტია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა ანგარიშგასაწევი მუხტი, რომლის მოქცევას კონსტრუქციული პროცესების კალაპოტში ივანიშვილის მხრიდან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. წინაააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო დესტრუქციის ნამდვილ ამოფრქვევას მიიღებს. თავისით ეს ენერგია არსად გაქრება, ილუზიები ამასთან დაკავშირებით როგორც ფიზიკის, ისე პოლიტიკის კანონებს ეწინააღმდეგება.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დაიწყო არაფორმალური ჯგუფების შექმნა, რომლებიც აპირებენ, სამართლიანობა საკუთარი ხელით აღადგინონ და, ასე ვთქვათ, გამართონ მწვავე დისკუსია «ნაციონალებთან», სადაც კი დაიჭერენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქეების საკმარისად დიდი ნაწილი საბოლოოდ ჩათვლის, რომ ვადამდელი არჩევნებით ვერ მოიცილებს პარლამენტს, რომელიც პოლიტიკურ ძალთა რეალურ ბალანსს არ ასახავს და, ამასთანავე, დაინახავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები «გადაღებილი ნაციონალების» თავშესაფრად გადაიქცა, საქართველოში, ალბათ, ძველი რევოლუციური ტრადიციის თანახმად, საბჭოების შექმნაც დაიწყება (სახელწოდებას მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია ძირითადი პრინციპი). ღმერთმა უწყის, რას მოგვიტანენ ეს (არსებითად) რევოლუციური რაზმები და საბჭოები.

კაცობრიობის ისტორია არ იცნობს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა უკმაყოფილოს დაკმაყოფილება შეძლო. ამომრჩევლები, როგორც წესი, არ თვლიან, რომ ნირვანაში ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტორზე, რომელმაც ისედაც არეულ ქვეყანაში შეიძლება სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უკმაყოფილო ბუზღუნი; ეს, უფრო, ალბათ, ნამდვილი რევოლუციის წყურვილია (შესაძლოა, ჯერაც გაუცნობიერებელი), რომელზეც ჰანა არენდტი ასე წერდა: «მხოლოდ იქ, სადაც წარმოდგენილია განახლების პათოსი და განახლება თავისუფლების იდეას ერწყმისდა გათავისუფლება დათრგუნვისგან სულ მცირე მიზნად თავისუფლების დამკვიდრებას ისახავს, ჩვენ გვაქვს უფლება, რევოლუციაზე ვისაუბროთ». როდესაც ამა თუ იმ სამინისტროში ან გამგეობაში ერთი დეგენერატის სავარძელს მეორე დეგენერატი იკავებს ან, უბრალოდ, «მაისურის გამოცვლა» ხდება, «განახლების პათოსზე» საუბარი, ალბათ, ზედმეტია. ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიშორა ერთერთი ყველაზე საშინელი რეჟიმი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამ ფაქტიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ქვეყნის განახლება, თუ გნებავთ, მისი განწმენდა ავტომატურ რეჟიმში დაიწყო.

დღეს იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც კლავდა, ცემდა და აუპატიურებდა თანამოქალაქეებს, ნიშნის მოგებით დემოკრატიაზე გვესაურებიან. ეს დაახლოებით იგივეა, 1945-ში გათავისუფლებული საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველებს სასწაულად გადარჩენილი პატიმრებისთვის ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიზმზე ლექციები რომ წაეკითხათ. რა რეაქცია ექნებოდათ პატიმრებს? ალბათ, ეტყოდნენ იმ ნაწილის სარდალს, რომელმაც ბანაკი გაათავისუფლა _ ან მოგვაშორეთ ეს არაადამიანები ან გაიწიეთ, ჩვენ თვითონ მოვუვლითო. ამ ისტორიას სხვა ფინალი არ აქვს. საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრისა და ზედამხედველის თანაარსებობა და რაიმე ტიპის დისკუსია მათ შორის გამორიცხულია. დაახლოებით ასე მიმართავს დღეს «ქართული ოცნების» ამომრჩეველთა დიდი ნაწილი თავის რჩეულებს: ან მოგვაშორეთ «ნაცები», ან გაიწიეთ!

კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ხელისუფლება ამ ადამიანების შეკავებას? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ მათი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შერბილდება? ყოველივე იმის შემდეგ, რაც საქართველოში ბოლო 9 წელიწადში მოხდა, ფიქრი ამაზე, ალბათ, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. თუ არაფერი არ შეიზვლებოდა მაშინ რას გვაბოლებდენ? ეს გარეწრები კი ჩაიხუტეს და ხალხს ნერვები დააწყვიტეთ..არ გრძხვენია ოცნებავ? პრემიები და თბილი სკამები კი მოირგეთ ოჯახი კმაყოფილები გყავტ…უსუფაშვილოოო კანში არ ეტევი და მათ გადარჩენას გვიკიჟინებ…კი ხართ ღირსები გამოგათრიოს ხალხმა მაგ პარლამენტარიდან და მოგისროლონ სანაგვეზე..გარეწრებო…

  2. კოაბიტაცია …. ნაცები ,ოცნება,რესპები, ნაცები, ოცნება, ნაცები ,რესპები , ოცნება ჩქარა…ქართველებო გამოფხიზლდით დაგვამხეს ქვეყანა თავზე……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here